Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 30 აგვისტო 2013

მგონი ჩვენ ფუნდამენტური საკითხები არასწორად გვესმის. სოფელ ჭელაში მომხდარმა ამბებმა მიბიძგა ამ აზრისაკენ, თუმცა ეს ამბები ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია.

მაგალითად, საკითხი, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბდა აზრის ფორმაში გახვეული განცდა, თითქოს დემოკრატია ხალხის მმართველობა იყოს, რომელიც, თუ ხალხმა ვერ ივარგა, ბრბოს მმართველობაში გადადის.

ეს ასე არაა.

მაგრამ ლაპარაკი ინსტიტუტებზე, რომლებიც ამ ბრბოს შეაჩერებს, არაა ეფექტიანი. ინსტიტუტი აბსტრაქტული წესია, რომელსაც ასრულებ. ამ წესის უკან ვიღაც უნდა იდგეს. ვიღაც, ვინც წესს იცავს.

რადგანაც წესებს არ იცავენ, პოლიტიკოსებმა ადვილი გამოსავალი მონახეს - ქართველ ხალხს აბრალებენ. დაბალი პოლიტიკური კულტურა ჰქონია და ჩვენ რა ვქნათო.

ბოდიში, მაგრამ დემოკრატია ასე არ მუშაობს.

იმიტომ, რომ პირველ რიგში ინსტიტუტებს იცავს ელიტა და უკვე მეორე რიგში - ხალხი.

მაგალითი განვითარებული დემოკრატიის ქვეყნიდან: თქვენ იცით, ვინ იყო ენოქ პაუელი?

1968 წელს ბრიტანელმა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან და ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა წარმოთქვა სიტყვა, სადაც ემიგრანტების მიერ გამოწვეულ პრობლემებსა და „სისხლის მდინარეებს“ წინასწარმეტყველებდა. ჩვენ გიჟები უნდა ვიყოთ, უფლებას რომ ვაძლევთ სხვა რასის წარმომადგენლებს, უკონტროლოდ შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაშიო.

სიტყვის წარმოთქმიდან მეორე დღესვე პაუელმა დაკარგა თავისი პოზიცია პარტიაში, რადგან მის მიერ წარმოთქმული სიტყვა განხილულ იქნა როგორც „წამქეზებლური და საზიანო რასობრივი ურთიერთობებისათვის“. ამის შემდეგ ის ვეღარასოდეს დაიკავებს წამყვან პოლიტიკურ თანამდებობას. რამდენიმე წელიწადში პაუელს მოუხდება, პარტიიდან გავიდეს.

პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც, მოგეხსენებათ, ბრიტანეთში, ძირითადად, ორი დაპირისპირებული პარტიისაგან შედგება, თითქოს პირი შეკრა: პაუელის პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის. მას ჰქონდა ხალხის მხარდაჭერა: გამოკითხვების მიხედვით, პაუელის პოზიციას ემხრობოდა მოსახლეობის 74%; მის მხარდასაჭერად პროფკავშირები დემონსტრაციებსა და მსვლელობებს აწყობდნენ, მაგრამ პოლიტელიტამ ჩათვალა, რომ ეს ხალხი უპასუხისმგებლო ლიდერის მიერ იყო აჟიტირებული.

დღეს საქართველო ადგას გზას, რომლის ბოლოსაც ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტა ენოქ პაუელებისგან იქნება შედგენილი.

არა, პაუელსაც დაუმსახურებლად ნუ შეურაცხვყოფთ: კაცი კემბრიჯის უნივერსიტეტში კლასიკური ლიტერატურის სპეციალისტი იყო და ჰეროდოტე დღესაც მისი რედაქციით გამოდის; “სისხლის მდინარეც“ ციტატაა - ვერგილიუსის „ენეიდიდან“, რომელიც, დარწმუნებული იყავით, პაუელს ორიგინალში ჰქონდა წაკითხული. მას, შესაძლოა, პოლიტიკური საღი აზრი არ ეყო, თორემ ასეთი განათლებისა და ზოგადი კულტურის ლიდერი ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, საერთოდ არც გვყავს. მისი ანალოგი ფიგურები საქართველოში წერა-კითხვასთანაც მწყრალად იქნებიან.

ან, პრინციპში, ენოქ პაუელის მაგალითი რად გვინდა? ოცდახუთი წლის წინათ ჩვენ აქ უკვე ვიყავით. ოღონდ, განსხვავებით ბრიტანეთისაგან, ვერაფერი მოვუხერხეთ ამ „პაუელებს“ და ქვეყანაც თავზე დავინგრიეთ.

არადა, რა მარტივი ტესტი არსებობს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტისათვის: შეგეძლოს მაშინაც კი შეთანხმდე საბაზისო საკითხებზე, როცა ეს შენს უშუალო ინტერესებში არ შედის; შეგეძლოს იმასთანაც კი შეთანხმდე საბაზისო საკითხებზე, ვინც შენი მოწინააღმდეგეა.

სხვა შემთხვევაში, სახეზე გვექნება არა ერთი ქვეყანა, არამედ რაღაც სხვა, რაზეც ლაპარაკიც კი სახიფათოა - სიტყვებს საშინელი ძალა აქვთ.

თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.

ვაჟა-ფშაველა

125 წლის წინ ქართველმა პოეტმა ლუკა რაზიკაშვილმა გამოაქვეყნა პოემა „ალუდა ქეთელაური“. ამ პოემის შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, წესით და რიგით, საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს. მეომარმა და მეცხვარე ალუდამ შეძლო იმის გაგება, რომ არსებობს რელიგიურ განსხვავებაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც: ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, / მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი; / ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ / კუპრში მიელის ქშენანი. / ამის თქმით ვწარა-მარაობთ, / ღვთიშვილთ უკეთეს იციან./ ყველანი მართალს ამბობენ / განა, ვინაცა ჰფიციან?!

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კონფესიური განსხვავების გადალახვა XIX საუკუნის საქართველოში შემთხვევითი თემა არ ყოფილა.

“ალუდა ქეთელაურის” გამოქვეყნებამდე 11 წლით ადრე რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად ოსმალეთის იმპერიამ აჭარა რუსეთის იმპერიას დაუთმო. ილია ჭავჭავაძემ და ყველამ, ვისაც კი მაშინ აზროვნება შეეძლო და საქართველოს ბედ-იღბალი აღელვებდა, ეს აჭარის საქართველოში დაბრუნებად აღიქვა. აჭარის დაბრუნებას ილიამ თავის “ივერიაში” მიუძღვნა წერილი, სადაც, სხვათა შორის, წერდა: “ყოველი ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თავისი სულის ღონეს, თავისი სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია.”

ის, რაც სახელმწიფოს აყალიბებს, არა ეთნოსი და არა სარწმუნოებაა, არამედ ერთად ცხოვრების გამოცდილება, საერთო პოლიტიკური სივრცე, რომელიც საერთო ისტორიულ სივრცედ იქცევა. ეს საერთო სივრცე ერთმანეთის განსხვავებების პატივისცემაზეა აგებული და ამ განსხვავებების ძალით ამოძირკვას კი არა, მათ ჰარმონიულ შენახვასა და შენარჩუნებას ნიშნავს. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი აზრი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისთვის ფუძემდებლურია ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს, დღეს, ბევრისათვის, როგორც ჩანს, სრულიად გაუგებარი გახდა.

რისი გააზრებაც ქართველებმა XIX საუკუნეში შეძლეს, XXI საუკუნეში პირწმინდად დაივიწყეს. ქრისტიანობა დღეს ბევრს ის ჰგონია, რომ „ცხონდები“, თუ მუსლიმს ქრისტეს რჯულზე მოაქცევ, თუ არ მოექცა, მეჩეთს დაუნგრევ, მინარეთს მოუნგრევ, ლოცვას აუკრძალავ ან სულაც ფიზიკურად გაუსწორდები.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის „დემონტაჟი მოხდა“. ეს „დემონტაჟი მოხდა“ დანგრევის კორექტული სინონიმია.

მინარეთის მოხსნის გასაპროტესტებლად მისულ მოქალაქეებს პოლიცია 7 ნოემბრის და 26 მაისის საუკეთესო ტრადიციებში უმოწყალოდ გაუსწორდა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია, ზოგი სასტიკადაა ნაცემი.

საქართველოს მთავრობის რეაქცია, ისევე, როგორც ნიგვზიანში და სამთაწყაროში, რბილად რომ ვთქვათ, უსუსური აღმოჩნდა. ასე მაგალითად, რეინტეგრაციის მინისტრი ზაქარეიშვილი რელიგიურ მოტივს გამორიცხავს: „რელიგიური მოტივი ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი უკანონო მშენებლობა... ნებისმიერ ადგილზე (თბილისი იქნება ეს თუ რეგიონები) გვინახავს, როგორ ხდება უკანონო შენობის დემონტაჟი.”

როგორც გაირკვა, მინისტრი ზაქარეიშვილი, მისთვის უკეთეს შემთხვევაში, სათანადოდ ინფორმირებული არ აღმოჩნდა. ბრძანება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ კი არა, ფინანსთა მინისტრის მიერაა გაცემული, ისიც უკანონოდ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მინარეთის „დემონტაჟი“ თითქოს „შესამოწმებლად“ სჭირდებოდა. ეს შემოწმების აუცილებლობა დიდი დამაჯრებლობით არ გამოირჩევა“. სრულიად გაუგებარია, რატომ იყო საჭირო „ექსპერტიზის ჩასატარებლად“ მინარეთის მოხსნა. გარდა ამისა, მკითხველს დააინტერესებს, რომ „ექსპერტიზის ჩასატარებლად“ გააგზავნეს ვერტმფრენი, 45-მდე ჯიპი, ამწე, სატვირთო ტრაილერი, 200-მდე სამართალდამცავი (მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმი).

აბა, რა შუაშია რელიგიური მოტივი და მუსლიმთა შევიწროებაო, იკითხავს მკითხველი.

თუკი მინისტრი ზაქარეიშვილი კატეგორიულად გამორიცხვას რაიმე რელიგიურ მოტივს და ხელს თვითმმართველობისაკენ იშვერს, რომელიც, ამ შემთხვევაში, როგორც გაირკვა, არაფერ შუაშია, არასწორად გაგებული მართლმადიდებლობისა და საჯარო მოხელეობის აღრევაში არაერთხელ შემჩნეული მისი კოლეგა წულუკიანი რელიგიურ მოტივზე პირდაპირ მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის „ამ ფორმით“ დანგრევა მისთვის „მიუღებელია“, იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ “არ არის გამორიცხული, მსგავსი შემთხვევები [მინარეთის] სხვაგანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა და საქართველოს საზოგადოებას უნდა შეეძლოს ისტერიის და დაპირისპირების გარეშე გადაწვიტოს, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები.” ლაიცისტურ საფრანგეთში განათლებული ქ-ნი წულუკიანის იურიდიული შეგნება, როგორც ჩანს, ვაჟა ფშაველას კონფესიური განსხვავების გადალახვისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი პოემის, “სტუმარ-მასპინძლის” პერსონაჟების დონეზა. წულუკიანს, როგორც ჩანს ჰგონია, რომ დემოკრატიაა, როდესაც “თემს რას სწადიან, მას იზამს თავის თემობის წესითა”. განათლებით იურისტს, უნდა მოეხსენებოდეს, რომ “მინარეთების” არსებობა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ აღმსარებლობის თავისუფლებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველოს პარლამენტში რელიგიური ფაშისტები მოიპოვებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და საქართველოს კონსტიტუციის შეცვლას მოინდომებენ, მინარეთების აკრძალვა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის ხარჯზე იქნება შესაძლებელი, რადგანაც აღმსარებლობის თავისუფლებისა და, შესაბამისად, საკულტო შენობების (მეჩეთი იქნება, ეკლესია თუ არტემიდას ტაძარი) აკრძალვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და თავისუფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა.

საქართველოში ბოლო 9 თვის განმავლობაში სისტემატურად ირღვევა მუსლიმთა უფლებები. საქართველოს მთავრობა ან უმოქმედოა და პასუხისმგებლობას არ აღიარებს, ან ამ შევიწროებას სიტყვით და საქმით ხელს უწყობს.

მინისტრებს წულუკიანს, ზაქარეიშვილს და ხადურს შევახსენებ, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთი (თუნდაც მცირე) ნაწილის უფლებების შეზღუდვის ან იგნორირების ხარჯზე მეორე ნაწილის გულის მოგება სწორედ ის იყო, რასაც მათი პარტიები და კოალიცია თითქოს ებრძოდა. საქართველოს მოქალაქეებს შორის აქამდე არარსებული შუღლის ჩამოგდება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, არა მარტო მათი პოლიტიკური გუნდის, არამედ მათი პირადი პასუხისმგებლობაცაა.

საქართველოს მთავრობას და ყველას, ვინც მუსლიმების დევნას ღიად თუ ფარულად თანაუგრძნობს, უნდა ესმოდეს, რომ XX საუკუნის 90-იანი წლების მწარე გამოცდილება, როდესაც ასევე უპასუხისმგებლო ავანტიურისტების და ყალბი ნაციონალური სიამაყით შეპყრობილი ბრბოს უგუნურმა მოქმედებამ არა მარტო აფხაზეთი და ოსეთი, არამედ აფხაზები და ოსები მოგვწყვიტა, დღესაც შეიძლება განმეორდეს, ოღონდ ამჯერად არა ეთნიკურ, არამედ რელიგიურ ნიადაგზე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG