Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 7 იანვარი 2014

არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ პატრიარქის საშობაო ქადაგებაში გამოთქმული აზრები სხვა ქრისტიანული ეკლესიების პოზიციების ანალოგიურია. მსგავსება თითქოს არსებობს - მაგალითად, კათოლიკური ეკლესიაც ეწინააღმდგება ხელოვნურ განაყოფიერებას. მაგრამ ეს მსგავსება ზედაპირულია.

კათოლიკური ეკლესია ხელოვნური განაყოფიერების შესახებ გადაწვეტილებას რწმენის საქმედ აქცევს. ცოლ-ქმრის ინდივიდუალური არჩევანია, ეკლესიის მოძღვრება უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, თუ ბავშვის ყოლა. პრობლემატური მათი გადაწყვეტილება იქნება და არა ამ გადაწყვეტილების შედეგი - ანუ ბავშვი.

რა ქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა? მან არ დატოვა არჩევანი. გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილების კი არა, ობიექტური რეალობის საკითხია. პრობლემას წარმოადგენენ არა ის ადამიანები, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ანუ მშობლები. პრობლემას წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების უდანაშაულო შედეგი - ანუ ბავშვი.

განსხვავების მიზეზი მარტივია - კათოლიკურმა ეკლესიამ გაიარა მოდერნიზაციის პერიოდი და მიიღო თანამედროვე ეპოქა. ის შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ ეპოქის ცალკეულ გამოვლინებებს, როგორებიცაა გეების ქორწინება, ხელოვნური განაყოფიერება, კონტრაცეპტივები და ა. შ. მაგრამ კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო ამ ეპოქის ფუნდამენტური დაშვება - რომ რწმენა ინდივიდის საქმეა. შეგიძლია მხოლოდ იმ ინდივიდს მოსთხოვო, ვინც რწმენა აირჩია, ის არაა მოვლენა, რომელიც სტიქიური უბედურებასავით განსაზღვრავს მთელს სივრცეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს მოდერნს მთლიანად. აქედან გამომდინარეობს მისი შესატყვისი ცნობიერების ტიპი - მაგიური. აქედანვე გამომდინარეობს ცრურწმენების მოძალება, რომელმაც ლამის მთლიანად ჩაანაცვლა რაციონალური მსჯელობის უნარი.

არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ ყველანი ცრუმორწმუნეები ვართ და ამიტომ დიდი განსხვავება არ არის, სამჯერ გადავაფურხებთ შავი კატის დანახვისას თუ გაბრიელის საფლავზე ავალთ ორი სურვილის ჩასათქმელად. სინამდვილეში ამ ორ ქმედებას შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

ჩვენს ყოველდღიურ ფეტიშიზმებს ასეთი სტრუქტურა აქვს: „არ მჯერა, მაგრამ მაინც“. მე, ცხადია, არ მჯერა, მაგრამ ხეზე სამჯერ მაინც ვაკაკუნებ, საქმე რომ არ „დაითარსოს“. ამისგან განსხვავებით, ადამიანს, ვინც ფოთიდან მცხეთაში ჩავიდა გაბრიელის საფლავზე, სჯერა, რომ შეიძლება სურვილები აუხდეს.

განსხვავება მარტივია: ფეტიშიზმის მატარებელი ადამიანი არასოდეს შეიწუხებს თავს ძალიან. ხეზე დააკაკუნებს, მაგრამ თუ შავმა კატამ მის მანქანას გადაურბინა, ის ამის გამო უკან ნამდვილად არ მიბრუნდება და საქმეზე ხელს ნაღდად არ აიღებს. და, რაც მთავარია, არასოდეს, არასოდეს ჩავა ფოთიდან მცხეთაში საფლავზე სურვილების ჩასათქმელად.

განსხვავება აქ არსებითია და არა ხარისხობრივი. ფეტიშიზმი და ცრურწმენა სხვადასხვა რაღაცებია. ფეტიშისტს არ სწამს, მაგრამ მაინც აკეთებს. ცრუმორწმუნეს სწამს, ოღონდ ცრუ და არასწორი რაღაცისა.

პრობლემა ცრურწმენების ცნობიერებაა, რომელიც ერთნაირად ახასიათებს ეკლესიის მსახურებსაც და მათ მრევლსაც. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ იმ ადამიანს შორის, ვინც თვლის, რომ ხელოვნურად ჩასახული ბავშვები დაწყევლილები არიან და იმას შორის, ვინც გაბრიელის საფლავზე ადის სურვილების ასასრულებლად. ვინც წყევლის, მას სწამს, რომ სამყაროს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომელზეც შელოცვა გავლენას ახდენს. „ღმერთი დაგსჯის“ არის საკუთარი უძლურების და ბოღმის პროექცია სამყაროზე. როგორც მინიმუმ დავით კლდიაშვილის შესანიშნავი მოთხრობის („შერისხვა“) წაკითხვის შემდეგ ვიცით, რომ რაციონალურ ადამიანს ასეთი წყევლა არ უნდა აშინებდეს. მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვისაც დავით კლდიაშვილი არ აქვს წაკითხული და მხოლოდ პატრიარქის ეპისტოლეებს უსმენს? წავაკითხოთ მას იმავე პატრიარქის მიერ 25 წლის წინათ დაწერილი ეპისტოლეები, სადაც ის შესაშურ ლიბერალიზმს ავლენდა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე საუბრობდა?

არა მგონია, ამან იმუშაოს. დაცინვა? ცრურწმენების დაცინვა კარგია, ოღონდ როდესაც ამას ისინი აკეთებენ, ვისაც იუმორის განსაკუთრებულად კარგი გრძნობა აქვს. ლაშა ბუღაძემ და ქეთი დევდარიანმა შეიძლება სწორედაც რომ დასცინონ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ვინც ამ ნიჭით არ გამოირჩევა? ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტიანი იქნება, სისტემატურად, რაციონალურად და ოდნავ გულგრილად ვაკრიტიკოთ ეკლესიის მესვეურები. სისტემატურად - რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და არ მივცეთ მათ კარტ-ბლანში; რაციონალურად - რათა დავამკვიდროთ მსჯელობის სტანდარტი, რომელთან შეუსაბამობასაც განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობენ რელიგური ფუნდამენტალისტები; ოდნავ გულგრილად - რათა თავადაც კი არ ჩავებათ წყევლა-კრულვის მაგიურ რიტუალში, არამედ გავაქარწყლოთ ამ მაგიის გავლენა.

მე კი ზუსტად ვიცი, როდის გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე და როდის შეგვეძლება ჩვენ, შევასუსტოთ ან საერთოდ შევწყვიტოთ მისი კრიტიკა - როდესაც პატრიარქისა და ეკლესიის სხვა მესვეურების ძირითადი იარაღი აღარ იქნება წყევლა.

რაც შეეხება მაგიას, ის ჩვენს ცხოვრებაში მაინც დარჩება: მეტაფორულად, გადატანითი მნიშვენლობით. როგორც ლიტერატურა, კინო, ფერწერა, მუსიკა, სიყვარული, მოულოდნელი თანაგრძნობა, დაუგეგმავი შეხვედრის სიხარული, პატარა ბავშვის სიცილი. როგორი წესითაც არ უნდა იყოს ის ჩასახული.
შობა-ახალი წელი, ალბათ, ერთადერთი დღესასწაულია საქართველოში, რომელსაც ყველა ოჯახი აღნიშნავს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახებიც კი. ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა მორწმუნე და ყველა ურწმუნო. ცოტა გვერდიდან რომ შევხედოთ, მეტისმეტად კომიკურია ეს 12 საათის მოლოდინი, ეს ნაძვის ხე, ეს გოზინაყი, ეს საჩუქრები, ეს მეკვლე. მთელი ეს რიტუალი. მაგრამ ახალი წლის რიტუალი ერთადერთია, რომელსაც თითქმის ყველა იცავს. უფრო მეტიც, სრულიად სერიოზული ბიძიები და დეიდები, სერიოზულად ინტელექტუალი ხალხი, 2 იანვარს ცდილობს “ბედნიერება დაებედოს”.

ჩვენ ყველას გვინდა, ვიყოთ ბედნიერები და ყველას გვწამს სასწაულის! ვიღაცას წმინდანის ხილვის და ვიღაცას, უბრალოდ, კარგი ფილმის ნახვის. სხვათა შორის, პირადად მე ყველაზე მეტად ვიზიარებ იმ ჩემი კოლეგების მოსაზრებას, რომლებიც დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ კინოხელოვნება სხვა არაფერია, თუ არა სასწაული - ლიუმიერების პირველი სეანსიდან დაწყებული 3D ფორმატში გაშვებული ფილმებით დამთავრებული... სასწაული, რომელსაც აწეული თავებით შესცქერიან ადამიანები... ისე, როგორც ღმერთს!

ჰოდა მე ამიტომაც მიყვარს ჩემი პროფესია - სასწაულზე ვფიქრობ!

ასეთ ფიქრებში შეჩერდა ერთხელ ჩემი ყურადღება ნიკო ლომოურის მოთხრობის ეკრანიზაციაზე, კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმზე “ქაჯანა”, რომლის პრემიერა არც მეტი არც ნაკლები 1940 წელს შედგა, ე.ი. მაშინ, როცა შიშისა და დაბეზღების ატმოსფერო საბჭოთა ცხოვრების წესს განსაზღვრავდა. პიპინაშვილმა შიშისგან მართლაც რომ დამუნჯებულ საზოგადოებას ფსიქოთერაპიის კინემატოგრაფიული სეანსი ჩაუტარა - ხმის ამოღების, თუნდაც ყვირილის სურვილი არა მარტო ქაჯანას, არამედ მაყურებელსაც უნდა გასჩენოდა. გლობუსი, რომელიც ფილმის ფინალში გამოჩნდება, შემეცნების, გადაადგილების, მოძრაობის და ღიაობის ეს თავისებური სიმბოლო, წყვდიადიდან თავის დაღწევის მხატვრული სახე გახდა. ამ წყვდიადში, ამ კარჩაკეტილ სივრცეში, ამ უკიდურეს სიღატაკეში ცრურწმენა გამეფებულა. მაგრამ ბავშვებში სიცოცხლის და განახლების სურვილი მეტია, ვიდრე შეშინებულ უფროსებში. კატო - “შეშინებით შიშის დამთრგუნველი” - მაინც აიძულებს ქაჯანას, ამოიღოს ხმა. თანაც სად? სტალინის ეპოქაში გადაღებულ ფილმში, სადაც არც სტალინია, არც “ხალხის მტრები”, არც ხუთწლედის გმირები. არის მხოლოდ ჭიაკოკონა და გლობუსი! არის სასწაული, რომელიც გაქვავებულ და დამუნჯებულ ყოფას გაანათებს.

ჰოდა, საქართველოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ მგონი 1940 წელს გადაღებული “ქაჯანა” გვჭირდება ისევ და ისევ გლობუსის სახის დასამკვიდრებლად

ვიდრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შობას მოგვილოცავდა, პოსტმოდერნიზმის ბოროტებაზე დაგველაპარაკებოდა, “არაბუნებრივად” ჩასახულ პატარებს, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ ღმერთის და სამყაროს წინაშე, “პრობლემატურებს” უწოდებდა და საშობაო ქადაგების დიდ ნაწილს სექსუალური უმცირესობების მორიგ, რბილად რომ ვთქვათ, “გაკიცხვას” დაუთმობდა, მართლმადიდებელი მრევლის ერთმა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა მამა გაბრიელის საფლავს მიაშურა. ასე უთხრა დედა პარასკევამ, წადით და ორი სურვილი შეგისრულდებათო.

“სერიოზულმა ინტელექტუალურმა ხალხმა”, ცხადია, ბევრი იცინა ქართული ყოველდღიური ცხოვრების ამ მორიგ აბსურდზე. უფრო მეტიც, ამ მორიგ “მსხემობას“ უმალვე გამოეხმაურნენ მღვდლებიც, რომელთა კრიტიკულ მოსაზრებებს განსაკუთრებული სიხშირით ინტერნეტგამოცემა “ტაბულა” გვაცნობდა. ამ შეფასებებით ხალხის ნაწილი დაასკვნიდა, რომ “ყველა მამაო ბნელი არაა”, ანდა თუკი უბრალოდ ყოყმანობდა და ეშინოდა ეღიარებინა, რომ მცხეთის საშობაო ისტორია სრული აბსურდია, უმალვე “ინტელექტუალი მამაოებისკენ” გადაიხრებოდა - იმ ხალხისკენ, რომლებიც აქამდე “წმინდა ძვლებით”, “სოდომის და გომორის ცოდვებით” ცდილობდნენ საზოგადოების ნაწილის მანიპულირებას. ამჯერად ამ “ინტელექტუალმა მამაოებმა” მცხეთისკენ მიმავალი საზოგადოების გაკიცხვა დაიწყეს - “ჯეკპოტის” და “სანტაკლაუსების”, მე თუ მკითხავთ, საკმაოდ უგემოვნო ტერმინოლოგიით.

არავინ ვიცით, რას სთხოვდნენ თავიანთ წმინდანს მცხეთაში რიგში ჩამდგარი ადამიანები გაბრიელის საფლავზე. ზოგს, შესაძლებელია, შვილი ჰყავს ავად, ზოგს მშობლები, ზოგი ვალებს ვერ ისტუმრებს, ზოგსაც დაპატიმრების ეშინია. მაგრამ ერთი რამ ცხადია - ყველა ამ ადამიანს აქვს სერიოზული პრობლემა, რომელიც ვერც ხელისუფლებამ მოუგვარა, ვერც ეკლესიამ და, რაც მთავარია, რომელიც თავად ვერ მოაგვარა.

ასეთი ცრურწმენა მხოლოდ ქართველებს არ ახასიათებთ და მხოლოდ საქართველოში არ ქილიკობენ რელიგიური ფსიქოზის დინების ქვეშ მოქცეულ ადამიანებზე. თუმცა იქ, დასავლეთში, სწორედ ინტელექტუალები, პირველ რიგში ხელოვანი ხალხი ცდილობს გაიგოს, რა შეიძლება გახდეს მიზეზი ადამიანთა ასეთი ზომბირებისა, ასეთი ცრურწმენისა... აბა სხვა რა არის ჰუმანიზმი, თუ არა ისეთი ადამიანის გაგების სურვილი, რომელიც ყველაფრით, აბსოლუტურად ყველაფრით განსხვავედება შენგან?! ამას იმეორებდა ხოლმე „ქაჯანას“ ავტორის, კონსტანტინე პიპინაშვილის მასწავლებელი, სერგეი ეიზენშტეინი: “მე არ ვარ ‘ადამიანური კინოს’ რეჟისორი, მე ხშირად მეცინება ადამიანებზე. მაგრამ ერთი რამ ვიცი - სანამ დავცინებ, ჯერ მათ გაგებას ვცდილობ”.

ძნელია? კი, ძნელია. მაგრამ თუკი იმ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება ვერ მოიწყეს და ახლა საფლავზე ხელის დადების იმედი აქვთ, ვაფასებთ, როგორც ზარმაცებს, უპასუხისმგებლოებს და ინფანტილურებს, ჩვენ ვინღა ვართ მაშინ, როცა შეგვიძლია ამდენი ხალხი ისე დავახასიათოთ, რომ არც კი მოვინდომოთ გავიგოთ, რატომ დგანან სიცივესა და სიბნელეში? რისი იმედი აქვთ? თუკი სასწაულის ხილვის მათ ვნებაზე გვეცინება, ჩვენს თავზე რაღატომ არ გვეცინება, ყოველ წელს რომ ვრთავთ ნაძვის ხეს, ბედობას რომ მარჯვენა ფეხით ვდგებით საწოლიდან. თუკი გაბრიელის საფლავთან მისულ მასებზე ვშფოთავთ, ის რატომ არ გვაშფოთებს, რომ წმინდა ქეთევანის ძვლების ჩამოსატანად თითქმის მთელი საზოგადოება მზადაა, მილიონი გადაიხადოს? და ბოლოს, თუკი იმ “გამოსულ მამაოებს” შეუძლიათ უბრალო ადამიენებზე იქილიკონ და “სანტა კლაუსის” და “ჯეკპოტის” შედარებებს მიმართონ, თავიანთ ლიდერზე რატომ ვერ იღებენ ხმას - იმაზე, ვინც შობა ღამეს, სასწაულების ღამეს, უამრავი დედა ატირა და შესაძლოა ყველაზე უდანაშაულო არსებებს, ბავშვებს ატკინა გული?

ჰო, მე მწამს სასწაულის და სანამ ცოცხალი ვარ გავაგრძელებ იმაზე ფიქრს, თუ რამ შეიძლება აიძულოს ადამიანები, აწიონ თავები და ზევით აიხედონ. იმის იმედიც მაქვს, რომ გამოჩნდებიან ნიკო ლომოურის, კონსტანტინე პიპინაშვილისა და ლეილა აბაშიძის გმირის, კატოს მსგავსი ახალგაზრდები, რომლებიც კოლექტიური ფსიქოზის მსხვერპლთ კი არ დასცინებენ, არამედ გლობუსს მიუტანენ! ვიღაც შეიძლება გაუბრაზდეს და ქვა ესროლოს. შეიძლება მოკლან კიდეც. მაგრამ ადრე თუ გვიან უკვე “ნაოცნებარ”, გულგატეხილ, სასოწარკვეთილ ქაჯეთში სასწაული აუცილებლად მოხდება და დამუნჯებული საზოგადოება ისევ დაიწყებს ლაპარაკს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG