Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 19 დეკემბერი 2014

ამ ბლოგში მინდა ერთ ისეთ ყოფით თემაზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, ყველას გვაწუხებს, მაგრამ ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი გვერიდება. ეს არის აგრესია ქართულ საზოგადოებაში. ამ აგრესიის მთავარი წყარო ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში არის უნდობლობა და ეგოიზმი, რაც ერთმანეთის მიმართ გვაქვს. ამავე დროს, მინდა, რომ მკითხველმა სწორად გამიგოს: მე აგრესიის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ, არამედ მის ერთ კონკრეტულ ფორმას ვაპროტესტებ.

აგრესია, გარკვეული თვალსაზრისით, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ხალხს რომ ხელისუფლების მიმართ აგრესია არ ჰქონდეს და ეს აგრესია სხვადასხვა ფორმით არ გამოხატოს, დაწყებული მიტინგებით და დამთავრებული ქუჩის გადაკეტვით და კიდევ უფრო რადიკალური ქმედებებით, ალბათ მმართველები გაცილებით მეტის უფლებას მისცემდნენ თავს. აგრესია, რომელსაც სწორი ადრესატი ჰყავს, სულაც არ არის აუცილებლად ნეგატიური მოვლენა. პირიქით, ეს სწორედ იმ სახის აგრესიაა, რომელიც თანამედროვე საქართველოს და ზოგადად, თანამედროვე ადამიანს აკლია. 2010 წელს ცნობილმა ფრანგმა სამოქალაქო აქტივისტმა სტეფან ესელმა გამოსცა ესე სახელწოდებით „Indignez-Vous!”, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც „განრისხდით!“ ამას შემდეგ მოჰყვა ცნობილი „ინდიგნადოების“ (indignados) მოძრაობა ესპანეთში და ბევრი ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა. ერთი სიტყვით, ამგვარ პოლიტიკური ხასიათის განრისხებაში ცუდი არაფერია (და არ უნდა დავუჯეროთ იმათ, ვინც გვეუბნება, რომ „კარგი“ პოლიტიკური კულტურა ცხვრებივით მორჩილებას გულისხმობს).

აგრესია, რომელიც მე ამჟამად უფრო მეტად მაწუხებს, იმათკენ კი არ არის მიმართული, ვინც ამას იმსახურებს - პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და კრიმინალური ბოსებისკენ, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. უფრო ხშირად, ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები ცდილობენ, რომ აგრესია გამოხატონ თავისზე სუსტის მიმართ და შედეგად ვიღებთ ექსპლუატაციის უსასრულო ჯაჭვს: ძლიერები ჩაგრავენ თავისზე უფრო სუსტებს, სუსტები მათზე უფრო სუსტებს, უფრო სუსტები კიდევ უფრო სუსტებს და ა.შ.

ასეთ საზოგადოებაში ძალა და ძალადობა ითვლება ერთადერთ ლეგიტიმურ არგუმენტად. ამგვარი საზოგადოება მოკლებულია მორალურ განსჯას და სოლიდარობის გრძნობას. დღევანდელი ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, ასეთ საზოგადოებას მეტისმეტად ბევრი მაჩვენებლით ჰგავს.

აგრესია საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრების წესად, გასაგები მიზეზების გამო, 90-იანი წლების დასაწყისიდან იქცა. ეს აგრესია დროთა განმავლობაში ნაკლებად სისხლიანი გახდა, მაგრამ საზოგადოებაში თამაშების წესების განმსაზღვრელად მაინც დარჩა. აგრესიას ვგრძნობთ ყოველ ნაბიჯზე: ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძო ტრანსპორტში (შეხედეთ მანქანების მოძრაობას ქუჩაში), ბარებში და კლუბებში (აქ აგრესია შედარებით უფრო ბუნებრივია ალკოჰოლის მოქმედების გამო, მაგრამ მაინც აგრესიის ის დონე, რაც ქართულ ბარებში და კლუბებშია, შემაშფოთებლად მაღალია), უბნებში და ე.წ. „ბირჟებზე“ („ქურდული მენტალიტეტის“ შესუსტების შედეგად ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც დარჩა), სამსახურებში (ქართველი უფროსების ხელქვეითებთან ურთიერთობა და ურთიერთობის ფორმა ცალკე ნაშრომებს იმსახურებს), საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საშუალო სკოლებიდან დაწყებული უნივერსიტეტებით დამთავრებული), ცოცხალ რიგებში (სადაც ყველა ცდილობს, რომ ყველა საშუალებით სხვას გადაასწროს, სხვას გადაუაროს), მომსახურების სფეროში (როგორც ექცევიან ოფიციანტებს, გამყიდველებს, ტაქსისტებს, მძღოლებს და პირიქით) - საზოგადოებრივი აქტივობის აბსოლუტურად ყველა სფეროში. ეს აგრესია გადადის ფეისბუქზე და სოციალურ ქსელებში და ვიღებთ საზოგადოებას, სადაც ჭრის ყვირილი, მუშტები, გინება და არ ჭრის სიმართლე და საღი აზრი.

ასეთ საზოგადოებაში როცა ცხოვრობ, ბუნებრივია, რომ შენც გიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა შენს ბნელ მხარესთან. ზოგჯერ მეც გამომივლენია აგრესია, ჩემდა უნებურად და შემდეგ შერცხვენილს ბევრი მიფიქრია ამაზე. იმდენად გამჯდარია უკვე ჩვენს კოლექტიურ ცნობიერში აგრესია და სხვების უფლებების და ღირსების შელახვა, რომ გაუცნობიერებლად, ავტომატურად ვაკეთებთ ამას. ზოგჯერ იმდენად ავტომატურად ვაკეთებთ, რომ საერთოდ ვერც ვაანალიზებთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ამას აგრესია შეიძლება დაერქვას. ის, რაც ჩვენ გვახალისებს და ეგოს გვიკმაყოფილებს, სხვებს ამცირებს და მათ ღირსებას ლახავს.

მკითხველების ერთი ნაწილი ალბათ გაიფიქრებს, რა უმიზნოთ მოთქვამსო, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. აგრესიის შემცირებას სჭირდება საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც პრობლემაზე ლაპარაკს დავიწყებთ.

ზოგ შეთხვევაში, ადამიანებს პრობლემა გააზრებული აქვთ, მაგრამ თავიანთი არგუმენტები აქვთ აგრესიის სასარგებლოდ. ისინი გვეტყოდნენ, რომ საყოველთაო უსამართლობების საზოგადოებაში სხვა რა დაგრჩენია, თუ არა ის, რომ შენც აგრესორი იყო; გვეტყოდნენ, რომ ასეთ საზოგადოებაში „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, ანუ ერთმანეთის ტყავები უნდა ვგლიჯოთ და მხოლოდ ასე გადავრჩებით სათითაოდ. იქნებ ამაში არის ინდივიდუალური სიმართლის მარცვალი, მაგრამ კოლექტიური გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ამგვარი „სიბრძნე“ აუცილებლად მიგვიყვანს კატასტროფამდე, ან დაგვტოვებს იქ, სადაც უკვე ვართ. დროა, რომ ჩაკეტილი წრიდან გამოსავლის ძებნა დავიწყოთ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმის, „კრედიტის ლიმიტის“ პრემიერა ლარის კურსის მკვეთრ დაცემას დაემთხვა. იმ ხალხს, ვისაც დოლარებში ბანკებიდან კრედიტი ჰქონდა გამოტანილი, ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულდა. რეალობამ „კრედიტის ლიმიტს“ აქტუალურობა შემატა. ფილმისგან მიღებული შთაბეჭდილება „შეგვენახა“ და ალბათ კიდევ დიდხანს გაგვყვება ქუჩაში დარჩენილი ადამიანების ბედით გამოწვეული შეძრწუნება, რომელსაც ბადებს „კრედიტის ლიმიტის“ ფინალური ტიტრი: „ოფიციალური მონაცემით, 2009-2013 წლებში საქართველოში 179 000 ადამიანმა იპოთეკით დატვირთვის შედეგად დაკარგა ბინა“. შეძრწუნება ძლიერია კიდევ იმიტომ, რომ სახლი - ადამიანებით სავსე სახლი, განსხვავებული თაობების შესაძლებელია ვიღაცისთვის მოჩვენებითი, ვიღაცისთვის კი ბუნებრივი ერთობა, ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმის მთავარი სახეა. უსახლოდ დარჩენას კი, ჩვეულებრივ, ოჯახის დაშლა მოჰყვება. შესაძლებელია, არა მარტო ოჯახის, ქვეყნის დაშლაც.

ოჯახის დაშლა და სახლის ნგრევა ან დაკარგვა, თუკი ნუცა ალექსი-მესხიშვილის წინა ფილმს, „ბედნიერებას“ გავიხსენებთ, როგორც ჩანს, ამ რეჟისორის შემოქმედების მთავარი თემა და წუხილი ხდება. თანაც ნუცა ამ ძველ და კინოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დამუშავებულ თემას წარმოგვიდგენს ყოველგვარი დატკბილული ნოსტალგიების გარეშე. მართლაც რომ ბეწვის ხიდზე გადის: არ აიდეალებს წარსულს და იმის მტკიცებას არ იწყებს, რომ „თბილისი იყო ურთიერთობა“, მაგრამ არც წინა თაობების გასამართლებას ცდილობს. გასამართლება რომ დაეწყო, შესაძლოა, უფრო მეტად დაეფასებინათ, მისი რადიკალიზმით აღფრთოვანებულიყვნენ; მეტი სლენგი, მეტი სისასტიკე, მეტი სიძულვილი რომ ყოფილიყო, უფრო მეტი ამბოხებული თუ გაბრაზებული ხალხის გულს მოიგებდა კიდეც. მაგრამ „კრედიტის ლიმიტი“ არანაირ მოდას არ მიჰყვება. ესაა, თუ გნებავთ, პრინციპულად ძველმოდური და ძალიან კულტურული ფილმი, რომელშიც წონასწორობა მუდმივად დაცულია. ნუცა ალექსი-მესხიშვილის ამოცანა არ იყო ადამიანების მხილება იმ დრამაში, რომელიც თამაშდება ეკრანზე. სრულიად გააზრებულად მიმართავს რა ყოფილი „დელეცის“ ოჯახის სივრცეს, - ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში იპარავდნენ, ჭაღებს და სერვიზებს და ამავე დროს „გუდიაშვილს“ ყიდულობდნენ, - სურათის რეჟისორი ასეთი ხერხით ცდილობს ნოსტალგიური ტონებისგან განთავისუფლებას. მერე რა, რომ ეს არაა „კულტურული ხალხი“... ესენიც ადამიანები არიან, გათამამებულნი და მოუმზადებლები ახალი ცვლილებებისთვის, „მგლური კაპიტალიზმისთვის“. და ისტორია (თუ სისტემა) ვალდებულია, იყოს ადამიანური იმ ხალხის მიმართაც, ვინც, შესაძლოა, სულაც არ ბადებს სიმპათიას მაყურებელში.

ამ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას ნუცა ალექსი-მესხიშვილმა შესაბამისი ფორმაც მოუძებნა. „კრედიტის ლიმიტი“ გადაღებულია საოჯახო ალბომის სტილში. ფაქტობრივად, ჩვენ ვათვალიერებთ ერთი თბილისური ოჯახის სურათებს, წარმოდგენილს გრძელი და დაუნაწევრებელი კადრებით. ქართველი კინორეჟისორები, და ეს უკვე ტენდენციაა, ვერ ელევიან ხოლმე დანაწევრებულ გამოსახულებას (რომელსაც, როგორც წესი, ცუდად ამონტაჟებენ), აქუცმაცებენ სამყაროს სატელევიზიო სიუჟეტის სტილში. არადა, რატომ ვერ ახერხებენ, ხომ ვიცით. ეს გრძელი კადრი მსახიობთან ხანგრძლივ და დამღლელ მუშაობას მოითხოვს. ერთი პატარა სიყალბე (თუ „თეატრალურობა“) კადრში და მთელი ხანგრძლივი მიზანსცენა თავიდან იქნება გადასაღები. ვის აქვს აბა ამდენის თავი და დრო?

ეს პრობლემა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ჯერ კიდევ „ბედნიერებაში“ გადალახა. იმ რუმინელების მსგავსად, რომლებმაც კინოს გადაღებაზე უფრო მნიშვნელოვნად გადაღების წინა პერიოდი აღიარეს, რეპეტიციები და სახეების დამუშავება, ნუცა ალექსი-მესხიშვილმაც გრძელი კადრებით თხრობას მიანიჭა უპირატესობა. ეს ესთეტიკა მაყურებელს საშუალებას აძლევს, ავტორის ჩაურევლად „დაათვალიეროს გამოსახულება“ და თავად გაუჩნდეს დამოკიდებულება ფილმის სამყაროს მიმართ. ამ თვალსაზრისით სრულიად არაჩვეულებრივია ფილმის პროლოგი - დაბადების დღე, თავისი „მრავალფიგურიანი სცენებით“ - ერთიანობა, რომელსაც ნგრევა ემუქრება. ერთიანობა, შესაძლოა, ხელოვნური (ის, რასაც ჩემი ერთი კოლეგა „ქართულ ფარისევლობას“ უწოდებს), მაგრამ მაინც ერთიანობა, რომელიც ფილმის მსვლელობის პროცესში სისტემამ უნდა დაანგრიოს. მერე იქნება მთავარი გმირის, ნინოს სასოწარკვეთილი სვლა თბილისის ქუჩებში, ვალის აღება და გასტუმრება, შემდეგ ისევ ვალის აღება, ნივთების გაყიდვა, სახლის დაცარიელება, მკითხავთან ვიზიტი, სახლის კურთხევა, ახალი კრედიტის აღება და ბოლოს უსახლკაროდ დარჩენა. იქნება ზაფხულის თბილისის სურათები - ცხელი, მაგრამ სიცოცხლისგან, გრძნობებისგან თითქოს დაცლილი (თუ დაღლილი) თბილისისა, შესანიშნავად გადაღებული ოპერატორ ჟან-ლუი პადისის მიერ. იქნება ცივი მზე.

ვიმეორებ, „კრედიტის ლიმიტი“ სურათების ალბომია, ამიტომ უსამართლობა იქნებოდა ფილმის ავტორისთვის გმირების ფსიქოლოგიური დამუშავება მოგვეთხოვა. მთავარი ისაა, რომ გვაქვს დასამახსოვრებელი სახეების მთელი გალერეა. დაახლოებით ისეთი, როგორიც გვქონდა ნუცა ალექსი-მესხიშვილის დედის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე“. იმ სურათში პირადად მე სოფიკო ჭიაურელის „საოჯახო ისტორიებზე“ უფრო მეტად ის ქალები დამამახსოვრდნენ, თავიანთ გაჭირვებას რომ გვიყვებიან ეკრანზე. „კრედიტის ლიმიტშიც“ ბევრია ასეთი სახე და იდეაში (!) მთელი ეს გალერეა უნდა შეიკრას მთავარი გმირით, ნინო კასრაძის პერსონაჟით (მასაც ნინო ჰქვია), რომლის თამაშში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სცენაში ჩანს ეკრანზე, სულ პატარა სიყალბესაც ვერ აღმოაჩენთ. ნინო კასრაძე თამაშობს სახეს და არა „ფსიქოლოგიას“, ანუ აკეთებს იმას, რაც ჩაფიქრებული იყო ფილმით. პერსონაჟების ფსიქოლოგიურ დამუშავებაზე უარის თქმა, ცოტა არ იყოს, წინააღმდეგობაში მოდის ფილმის რეალისტურ ენასთან. „კრედიტის ლიმიტში“ გმირები ხშირად იქცევიან მაყურებლისთვის მოულოდნელად - ნინო, რომელიც საშინელ ვალებშია, იქით ცდილობს დაეხმაროს, მაგალითად, მეეზოვე ქალს; ანდა მიმტანი გოგონა, რომელიც ამ ოჯახის „ბიზნესში“ ჩართეს და კაფეში ამუშავებენ, ასევე მოულოდნელად სთავაზობს თავის „შეფს“ დახმარებას, დანაზოგს, რომელსაც დიდი ხანი აგროვებდა. რატომ იქცევიან გმირები ასე? ამაზე არაა პასუხი. პრინციპში, „კრედიტის ლიმიტში“ აღწერილი რეალობა იმდენად ნაცნობია, იმდენად კარგად ვიცით, რომ კრიზისულ სიტუაციაში ყველანაირი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, ერთმანეთსაც კარგად ვიცნობთ და ვიცით, ასეთები ვართ, ფულს ვერ ვითვლით და გაჭირვებულებმა, თუკი ძალიან მოგვინდა, შესაძლებელია ძვირფას ჩანთაში გადავყაროთ უკანასკნელი ფული (როგორც ამას ნინო აკეთებს)... მაგრამ რამდენად იქნება გასაგები ამ ადამიანების საქციელი იმათთვის, ვინც არ გვიცნობს და არ იცნობს საქართველოს? ეს კითხვა, ვფიქრობ, ლეგიტიმურია. პირველ რიგში იმიტომ, რომ პირადად მე ძალიან მინდა „კრედიტის ლიმიტის“ წარმატება არ დასრულდეს მხოლოდ თბილისის კინოფესტივალზე აღნიშნული პრიზით „საუკეთესო რეჟისურისთვის“.

და აქ მივადექით ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმის მთავარ პრობლემას, რომელიც ამ ახალ ქართულ სურათს ართმევს ემოციურობას, უფრო სწორად, არ იძლევა კათარზისის საშუალებას, ტოვებს მაყურებელს მხოლოდ თანაგრძნობის დონეზე. მაყურებელს აბრაზებს ფილმის ფინალური ტიტრი, აბრაზებს სისტემა, რომელმაც ამდენი ადამიანი ქუჩაში დატოვა. მაგრამ არც გულის აჩუყება და არც გაბრაზება არაა საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებლის წარმოდგენაში რეალური ისტორია იქცეს მხატვრულ ისტორიად. ამის მისაღწევად ერთი რამ არის მთავარი - დრამატურგია!

კინოფილმი, მოგეხსენებათ, ვითარდება დროში, ამიტომ ფილმი, როგორც მხატვრული მთლიანობა, როგორც წესი, ვერ ითვისებს ამ წრისებურ დრამატურგიას (“კრედიტის ლიმიტში“ კი თამაშდება სწორედ წრე - ნინო მოძრაობს წრეში და ფინალში წრე იკვრება კიდეც). დაუმუშავებელი დრამატურგია (ვერიდები სიტყვას „სცენარი”, რადგან სცენარი ჩვენში ხშირად დიალოგებთან ასოცირდება. „კრედიტის ლიმიტში“ კი თითქმის ყველა დიალოგი ცოცხალი და ბუნებრივია) ტოვებს ოჯახის ისტორიას ერთ სიბრტყეზე. ადამიანების მონოტონური ცხოვრება ზოგჯერ მონოტონურს ხდის თავად ფილმს და სადღაც მეოცე წუთზე მაყურებელი უკვე გრძნობს, როგორ დასრულდება ისტორია. უბრალოდ იცის, როგორ სრულდება ასეთი ისტორიები ცხოვრებაში და იმიტომ.

მაგრამ მხატვრული ნაწარმოები „ცხოვრება“ არაა და ხელოვანი, თუ გნებათ, ვალდებულიცაა რისკზე წავიდეს. ისე, როგორც რისკზე წავიდა თავის დროზე, მაგალითად, ფრენკ კაპრა ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“, რომელშიც ვალებში ჩავარდნილ და სასოწარკვეთილ გმირს ჯერ ანგელოზი დაეხმარა, შემდეგ კი - მთელი ქალაქი... ისე, როგორც რისკზე მიდის აკი კაურისმიაკი, რისკზე მიდიან ძმები დარდენები - სოციალური კინოს ეს „მონსტრები“, რომლებიც აღწერენ ადამიანების გაჭირვებას, წარმოუდგენელ სოციალურ უსამართლობას, მაგრამ ბოლო ფილმებს სევდიანი „ჰეპი-ენდით“ ასრულებენ. მხოლოდ იმიტომ, რომ სჯერათ, კინოხელოვნება თავიდანვე დაიბადა როგორც სასწაული და ფილმი, - თუკი ავტორს სურს, რომ განზოგადდეს ამბავი, სურს, რომ გმირის ისტორია გასაგები გახდეს არა მარტო იმათთვის, ვინც რეალურ ცხოვრებაში იცნობს ასეთ ადამიანებს, არამედ ყველასთვის; თუკი ავტორს სურს, რომ მოხდეს კათარზისი, - უნდა გარისკოს და ერთი სიბრტყიდან უფრო მაღალ სიბრტყეზე ავიდეს. დრეიერი წერდა, მაყურებელი უნდა ვაიძულოთ, სეანსის დროს ილოცოს ფილმის გმირისთვის და დავარწმუნოთ, რომ მისმა ლოცვამ გაჭრაო. ლოცვა არ ვიცი, მაგრამ იმისათვის, რომ მაყურებელი აქტიურად ჩავრთოთ ფილმში, მხოლოდ აჩუყებული გული არაა საკმარისი. აუცილებელია რეფლექსიაც!

მადლობა ღმერთს, სოციალური თემა ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს ქართულ კინოში. ერთიმეორის მიყოლებით გამოდის კარგი ფილმები, რომელთა ავტორებს სურთ რეალობა დაგვანახვონ. ის, რომ ჩვენს რეჟისორებს ეშინიათ ჰეპი-ენდის (ან როგორც ალმოდოვარი ამბობს ფილმზე „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ - „ანტიჰეპი-ენდის“), ჰგავს ერთგვარ კომპლექსს, რომელიც შესაძლებელია საბჭოთა წარსულისა და სოცრეალიზმის შიშს უკავშირდებოდეს. მაგრამ წარმოვიდგინოთ ახლა, როგორ მოიგებდა „კრედიტის ლიმიტი“, მაგალითად, იმ არაჩვეულებრივი მოხუცი პროფესორის ამბავი რომ გათამაშებულიყო ფილმის ფინალში, რაღაც ისეთი რომ მომხდარიყო, რაც სურათს ფინალური ტიტრის ეკრანიზაციაზე უფრო მაღალ დონეზე აიყვანდა. სასწაული რომ მომხდარიყო და ჩვენი მოლოდინი არ გამართლებულიყო. რამდენ ხანს გაგვყვებოდა შემდეგ „დაკარგული სახლის“ თემა, სად წავიდოდა ჩვენი ფიქრები?

ფიქრი კი უფრო მეტი რომ გვჭირდება, ვიდრე თუნდაც ემპათია, ამას ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი წლებიც ადასტურებს. საქართველოში მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაგრამ „კრედიტის ლიმიტით“ დაზარალებული ადამიანები ისევ ქუჩაში არიან და ახლა უკვე ახალ ხელისუფლებას უწყობენ აქციებს, რატომ მოგვატყუეთო.

სულ ასე მოგვატყუებენ, სანამ ფიქრს და თვლას არ ვისწავლით. დღევანდელ ქართულ სოციალურ კინოს აქვს შანსი, დაეხმაროს მაყურებელს. თუკი გაიხსენებს თბილისის კინოფესტივალზე ჩამოსული მოსკოველი კინომცოდნის, ნაუმ კლეიმანის სიტყვებს: „არსებობს კინო - მესაფლავე, და არსებობს კინო - ექიმი. მე მეორე მირჩევნია“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG