Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 15 იანვარი 2015

საბედნიეროდ, კარგად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, რომელმაც სიარულის უნარი დაკარგა. “საბედნიეროდ”-მეთქი, ამას ხაზგასმით ვამბობ, რადგან დიდი ხანია მივხვდი, ტკივილი და განსაცდელი მხოლოდ და მხოლოდ მადლი შეიძლება გახდეს ადამიანისთვის, თუკი ფარ-ხმალი არ დაყარა და ეს განსაცდელი კარგად “გამოიყენა”.

22 წლისა საირმის დაღმართზე რომ დავეცი და ვერ მივხვდი, რატომ ვეღარ მემორჩილება ხელ-ფეხი, რატომ არ შემიძლია ფეხზე ადგომა, იმას კი არ განვიცდიდი, რომ რაღაც საშინელება დამემართა, არამედ სირცხვილის და უხერხულობის გრძნობა მტანჯავდა - შუა გზაზე ვიჯექი ჩაკუზული და ვერ ვდგებოდი! მანქანები არ აჩერებდნენ, მხოლოდ ფანჯრიდან ყვიროდნენ: “ჯიგარ, კაიფში ხარ?”. რამდენიმე ფეხითმოსიარულემაც გაიარა. ერთი ბავშვით იყო. ჩამოეფარა სასწრაფოდ და ზიზღით შემომხედა. ეს ზიზღიანი მზერა კაცისა, რომელიც თავის შვილს ეფარება, გაშეშებული და უძლური რომ არ დაანახვოს, კიდევ დიდხანს გამყვა მერე - სიზმარში ვხედავდი ამ მამას და ვერ ვიტანდი ვერავის, ვინც ბავშვს თვალზე ხელს აფარებდა. მერე იყო ხანგრძლივი პერიოდი სახლში ჯდომისა და საზოგადოებისგან დამალვისა, იმის შიშით, რომ ეს სცენა განმეორდება და ისევ შეგრცხვება, შეგეშინდება, ნარკომანი არ ეგონო ვინმეს. მერე იყო გამოჯანმრთელება, მაგრამ დღემდე იმ ადამიანის “შენიანად” აღქმა, რომელსაც ჩვენში “ინვალიდს”, “ხეიბარს”, “უძლურს” უწოდებენ.

ამიტომ ვამბობ მადლია-მეთქი - თავისებური საჩუქარია ეს განსაცდელი. იმ ადამიანებს იხსენებ მუდმივად, ვინც გასაჭირში გვერდზე გედგა. ავტობუსში რომ ვერ ადიოდი, ცდილობდა, შენი ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, ეშაყირა. გაიმედებდა და უყვარდი ისეთი, როგორიც ხარ! მადლია, რადგან ძალიან კარგად იცი, ახლა როგორ უნდა მოიქცე, როცა ქუჩაში დაცემულ ადამიანს დაინახავ, როცა ეტლში მჯდარი კაცი, ქალი, ბავშვი დაგელაპარაკება. იცი, რომ არ უნდა ჩაიკუზო, ენა არ უნდა მოუჩლიქო, არ იძახო ენჯეოშნიკური ტერმინები (“შშმპ”, მაგალითად)... უნდა დარჩე ისეთი, როგორიც ხარ. უბრალოდ მხიარულად ჰკითხო - “დახმარება ხომ არ გინდა?”

ჩვენ ყველას გვჭირდება დახმარება. ამიტომ ვცხოვრობთ ერთად. ამიტომ ვართ ერთ სივრცეში. ვერაფერს ვერ შევძლებთ მარტო, რადგან ყოველი ჩვენგანი - ის, ვინც ეტლში ზის და ვინც არ ზის - ინვალიდია!

დიდი ხნის წინ, როცა “ცხელი შოკოლადის” გამოცემა დაიწყო, ჟურნალის რედაქტორმა, შორენა შავერდაშვილმა მითხრა, “ეს იქნება ჟურნალი წარმატებულ ადამიანებზე, რათა მკითხველს ამ ხალხმა სტიმული მისცესო”. კარგად მახსოვს ეს სცენა. რედაქციაში ვისხედით და ახალ ნომერზე ვფიქრობდით. მახსოვს, როგორ გამიელვა უცბად აზრმა: “მოდი გავაკეთოთ ჟურნალი წარუმატებელ ადამიანებზე, იმათზე, ვისაც უჭირს! ამოვიდა ყელში ამდენი ოპტიმიზმი”.

რუსთავი-2-ის სატელევიზიო შოუს, “ნიჭიერის” ფინალმა გამახსენა ეს დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ ”შეჯიბრი” მომღერლებს, აკრობატებს, მოცეკვავეებს და ილუზიონისტებს შორის სრული უაზრობა მგონია, ვნახე ფინალი და დავრწმუნდი - ეს არხი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც შოუს მოფიქრება, დადგმა, გადაღება შეუძლია... შეუძლია, ტელევიზორს ვერ მოწყვიტოს თუნდაც ისეთი უჟმური მაყურებელი, როგორიც მე ვარ. მაგრამ მთავარი სხვა არის - “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა წყვილი, რომლის გამარჯვება გარკვეული თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების გამარჯვებაცაა, იმის იმედი, რომ 2015 წლის საქართველო მაინც უკეთესია, ვიდრე ის საქართველო, რომელშიც პირადად მე 1978 წელს ვცხოვრობდი.

ქვეყანაში, სადაც განსხვავებული შესაძლებლობების ხალხის გადაადგილებისთვის პირობები ვერა და ვერ იქმნება; სადაც ადამიანებს ეტლში ძალიან ხშირად გარეთ გამოსვლის სურვილი არა აქვთ იმიტომ, რომ მათ უყურებენ, როგორც “ეგზოტიკას”, იმიტომ, რომ ვერ შედიან აფთიქში, ვერ ადიან ავტობუსში, ვერ ესწრებიან კონცერტებს, შეიძლება ითქვას, არც აქვთ არსად წასასვლელი; სადაც “ენჯეოშნიკებიც” კი ამოკლებენ ტერმინებს და მათ “შშმ პირებს” ეძახიან (არ აგერიოთ “შსს”-ში)... აი, ამ ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ შოუში კარგი მომღერლების და აკრობატების მონაწილეობით, იმარჯვებენ ახალგაზრდა მოცეკვავეები - თემო და ქეთი. იმარჯვებს სიარულის შესაძლებლობას მოკლებული თემო და ქეთი, რომელიც კი არ “ატარებს” თემოს, არამედ მასთან ერთად ცეკვავს! ეტლიც კი - ვიღაცისთვის ცხოვრების ტვირთი - თემოს და ქეთის ნომრებში გამოყენებულია, დიახაც, როგორც საჩუქარი, როგორც ახალი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ნიჭი გამოავლინოს.

“ნიჭიერის” ფინალის შესახებ საკმაოდ სკეპტიკური მოსაზრებებიც მოვისმინე. ისიც თქვეს, ქართველმა მაყურებელმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს ხმა იმიტომ მისცა, რომ შეეცოდაო. მე არ მესმის, რატომაა “შეცოდება” დამამცირებელი ქვეყანაში, სადაც შეცოდება, თუ თანაგრძნობა დიდი ხანია, დეფიციტია. შეცოდების თუ თანაგრძნობის უნარი რომ ჰქონდეს ქვეყანას, მაშინ იმაზეც იფიქრებდა, რომ ასიათასობით ეტლზე მიჯაჭვული ადამიანისთვის სიცოცხლის ელემენტარული პირობები შეექმნა. და თუ თემომ და ქეთიმ - ცრემლი რომ ვერ შეიკავეს სცენაზე და აქვითინდნენ - ამ ქვეყანას შეცოდების, სიბრალულის თუ თანაგრძნობის უნარი გაუღვიძა, ეს სწორედ მათი ნიჭის წყალობით მოხდა! ე.ი. მათ დაიმსახურეს გამარჯვება.

ის, რომ რუსთავი-2-ის შოუს 12 ფინალისტს შორის 3 ნომერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა წარმოადგინეს, ასევე ამტკიცებს იმას, რომ ქვეყანაში რაღაცები შეიცვალა - ის ხალხი, ვისაც ჩვენში “ინვალიდებს” უწოდებდნენ, არა მარტო გარეთ გამოვიდა, არა მარტო სცენაზე დადგა, არამედ კამერებშიც გაუსწორა თვალი მაყურებელს. თანაც, ეს მოხდა იმ არხზე, რომელიც დიდი ხანია უკვე, მინიმუმ კვირაში ორჯერ, ეპატიჟება “ტუჩდაბერილ პოპვარსკვლავებს” კითხვით - “ახლა მითხარი, პირადში რა ხდება?” და საუკეთესო დროს უთმობს უნიჭობის, ზედაპირულობის, მეშჩანობის ტირაჟირებას იმ მოტივით, რომ “ასეთია ტელემაყურებლის დაკვეთა”. ჰოდა აღმოჩნდა რა? აღმოჩნდა, რომ სატელევიზიო პროექტის, “ნიჭიერის” რეიტინგი მნიშვნელოვნად მაღალია ამ შოუებთან შედარებით. აღმოჩნდა, რომ მაყურებელი მზადაა, გაიცნოს ახალი სახეები, ახალი ხალხი, სხვანაირი ხალხი, მათ შორის ის ხალხი, ვის დანახვასაც უკრძალავდნენ ბავშვებს - ხელს აფარებდნენ თვალებზე...

არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, პირველი შოკი, რომელიც ევროპაში განვიცადე, სწორედ ეტლიანი ადამიანის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება იყო. ბერლინში ავტობუსი რომ დავინახე, რომლის კარზე პანდუსი იყო დამონტაჟებული, გამახსენდა, როგორი წვალებით (თანაც, შაყირ-შაყირით) ცდილობდა უხსოვარ დროს ჩემს აყვანას ავტობუსში დათო ბადრიძე - ძველი მეგობარი და ჩემი ფიქრებიც გამახსენდა - რა მეშველებოდა ასეთი მეგობრები რომ არ მყავდეს!

ევროპაში ასეთი მეგობრის როლს სახელმწიფო ასრულებს. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანებზე, რომელთაც დახმარება სჭირდება. სახელმწიფო და საზოგადოება. ამიტომაც ბევრისგან გამიგია - ქვეყნის სიძლიერე იმაშიც ჩანს, თუ როგორია ამ ქვეყანაში უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება! ესაა პირველ რიგში ევროპა და არა “კოფი-შოპები” და “სექს-შოპები”, როგორც ბევრს ჰგონია საქართველოში.

“ნიჭიერის” ფინალი იმის იმედს იძლევა, რომ ჩვენ ძნელად, მაგრამ მაინც ვუახლოვდებით ამ სივრცეს. ჯანდაბას, იყოს დღეს მხოლოდ შეცოდება! გული თუ აგიჩუყდა, არის შანსი აგიჩუყდეს ტვინიც. აი მაშინ შეიძლება გვეშველოს კიდეც.

და ეს არაა “ოპტიმიზმი, რომელიც ყელში ამოვიდა”. უბრალოდ, პატარა საახალწლო იმედია. მეტი არაფერი.

2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი. შეიარაღებული პირები გაჰყვიროდნენ „ალაჰუ აკბარ“, ანუ „ღმერთი დიდია“, რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირს „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებსა და მომხდარს შორის. გამოცემის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე, იგივე „შარბი“ იქამდე უკვე შეტანილი იყო „ალ-ყაიდის“ მთავარი სამიზნეების სიაში და მას სპეციალურად მიჩენილი პოლიციელი იცავდა. ტერაქტამდე შარბი წერდა, რომ მისთვის სულერთია, მოკლავენ თუ არა და ურჩევნია მოკვდეს ფეხზე მდგომი, ვიდრე დაჩოქილი. თავდასხმა არც დანარჩენი ოთხი სატირიკოსისთვის - კაბიუსთვის, ვოლინსკისთვის, ონორესთვის და ტინიუსთვის - ყოფილა მოულოდნელი.

„შარლი ებდო“ საფრანგეთში ცნობილია თავისი სკანდალური კარიკატურებით და სრული უპატივცემულობით ისტებლიშმენტის მიმართ. ჟურნალი ქვეყანაში ორჯერ აიკრძალა, მეორედ მაშინ, როდესაც 1970 წელს ცნობილი ნაციონალისტი პრეზიდენტის, მეორე მსოფლიო ომის გმირის, შარლ დე გოლის სიკვდილზე იქილიკა. ამის მიუხედავად, 90-იანი წლებიდან „შარლი ებდო“ რეგულარულად გამოდიოდა. მისმა კარიკატურისტებმა 1996 წელს ცნობილი ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიის „ნაციონალურ ფრონტის“ აკრძალვა მოითხოვეს და ამისთვის 170 000 ხელმოწერა შეაგროვეს. ჟურნალი აგრძელებდა პოლიტიკოსების, რელიგიების, ბანკირების ულმობელ და უკომპრომისო კრიტიკას. თავიანთი იმიჯიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი ადრე თუ გვიან შეეჩეხებოდნენ ფრანგული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას: დამოკიდებულებას ისლამთან და, განსაკუთრებით, მის ყველაზე რადიკალურ ფორმებთან.

მტკივნეული თემა ეს ფრანგებისთვის რამდენიმე მიზეზით არის. ბევრი პროგრესული ფრანგისთვის მუსლიმი იმიგრანტების მიღება და ინტეგრაცია ერთგვარი ხარკია, რომელსაც საფრანგეთი იმპერიალისტური წარსულისთვის იხდის. წარსულში საფრანგეთის კოლონიები იყო ჩრდილოეთ აფრიკის მუსლიმური ქვეყნები: მაროკო, ალჟირი და ტუნისი. ამ და სხვა მუსლიმური ქვეყნებიდან წამოსული იმიგრანტები ძირითადად სიღარიბეში, პარიზის და საფრანგეთის სხვა ქალაქების გაღატაკებულ, გარესამყაროსგან იზოლირებულ გეტოებში ცხოვრობენ. უმუშევრობის მაღალი დონე და იზოლაცია ბევრ მათგანს კრიმინალისკენ უბიძგებს. ისლამის ნებისმიერი ფორმით კრიტიკა პარალელურად ამ ადამიანებზე შეტევად განიხილება და, ზოგიერთის აზრით, მათ რადიკალიზაციას გამოიწვევს. კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ისლამის კრიტიკა მტკივნეული თემაა, ისაა, რომ ზემოხსენებული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დღეს უკვე არნახული პოპულარობით სარგებლობს. 2014 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, ლე პენს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში დღეს რომ ჩატარდეს, მას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს. ლე პენი ყველა არალეგალი იმიგრანტის დეპორტაციას, ხოლო ლეგალური იმიგრანტების მიღების დროებით შეჩერებას ითხოვს. იგი ამაზე გაცილებით შორსაც მიდის და მოქალაქეობის ჩამორთმევასაც უჭერს მხარს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საფრანგეთში სისხლის სამართლის სერიოზულ დანაშაულს ჩაიდენენ. ერთი სიტყვით, მისი ზოგიერთი შეხედულება ახლოს არის რასიზმთან და ეს კიდევ დამატებითი მიზეზია სინდისის ქენჯნისთვის ბევრი ფრანგისთვის, რომლებიც მის არჩევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ასეთ პოლიტიკურ კლიმატში „შარლი ებდოს“ ინციდენტმა ბუნებრივად გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ზოგიერთი კომენტატორი ისე შორსაც წავიდა, რომ ფრანგული გამოცემის კარიკატურებს რასისტული უწოდა. მაგალითად, ბრიტანეთის მუსლიმური საჯარო საქმეების კომიტეტის დამფუძნებელი ასღარ ბუხარი წერს, რომ „მუსლიმები საფრანგეთში არის დემონიზებული ქვეკლასი. ადამიანები, რომლებსაც შეურაცხყოფენ და თავს ესხმიან ძალაუფლების სტრუქტურები; ღარიბი ხალხი, რომლებსაც არანაირი ძალაუფლებრივი ბერკეტი არ გააჩნიათ და ამ საზიზღარმა კარიკატურებმა მათი ცხოვრება კიდევ უფრო გააუარესა. რასისტული სტერეოტიპები მათ შესახებ კიდევ უფრო გამყარდა.“ ამგვარ დამოკიდებულებას იზიარებენ სხვა ადამიანებიც, მათ შორის არამუსლიმები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისლამის ნებისმიერი სახის კრიტიკა ღარიბ მუსლიმ იმიგრანტებზე განხორციელებული კულტურული ძალადობის ტოლფასია. ზოგიერთმა ლიბერალმა (მემარცხენემ) ამერიკაში და სხვადასხვა ჯურის სოციალისტმა ევროპაში, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში რელიგიურ ფუნდამენტალისტებს ებრძვიან, ამ შემთხვევაში რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, პირიქით, ხელი დააფარეს. მიზეზი, რატომაც ისინი ასე იქცევიან, ნაწილობრივ ის სინდისის ქენჯნაა, რასაც დასავლური იმპერიალიზმისა და სოციალური უთანასწორობის გამო გრძნობენ.

ისლამის კრიტიკოსების წინააღმდეგ ამგვარი არგუმენტებით გალაშქრება ახლადშექმნილი ფენომენი არ არის. ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იან წლებში, ცნობილი ინდოელი მწერლის, სალმან რუშდის რომანის, „სატანური ლექსების“ გამოქვეყნებას მოჰყვა ირანის მაშინდელი უზენაესი ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის მიერ გამოცემული ფატვა, რომელშიც ხომეინი მწერლის ფიზიკურ განადგურებას ითხოვდა. დასავლელ პოლიტიკოსებს ამაზე არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ. ზოგიერთმა მათგანმა (იდეოლოგიური შეხედულებებისგან განურჩევლად) ხომეინის საქციელზე მეტად თავად რუშდის რომანი დაგმო. ხომეინი ცდილობდა, რომ თავისი გავლენა ირანში და მის საზღვრებს გარეთ - მუსლიმურ და არამუსლიმურ სამყაროში - სწორედ ამ გზით, საყოველთაო შიშისა და ტერორის დათესვით განემტკიცებინა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მან თავის მიზანს მიაღწია - სალმან რუშდი მრავალი წლის მანძილზე საზოგადოებისგან იმალებოდა, მისი რომანის რამდენიმე მთარგმნელი კი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ ინციდენტის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა საჯაროდ ისლამისთვის მტკივნეულ თემებზე ხმის ამოღებას. დანიურმა გამოცემა Jyllands-Posten-მა როდესაც 2005 წელს მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა, ბევრმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ დაგმო ისევ თავად გამოცემა, რომელმაც, მათი აზრით, უგულებელყო დასავლური იმპერიალიზმისა და სოციალური უთანასწორობის ისტორია და შეურაცხყოფა მიაყენა მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს.

კარიკატურისტებისა და სატირიკოსების კრიტიკოსთა არგუმენტები რომ არ იცვლება, ეს მხოლოდ სინდისის ქენჯნით განპირობებული არ არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი შიშიცაა - ის შიში და ტერორი, რომელიც მთელი ისლამური სამყაროს სახელით მოლაპარაკე რადიკალმა მუსლიმმა კლერიკალებმა დანერგეს. რადიკალების ისე წარმოდგენა, თითქოს ისინი დასავლეთისგან მთლიანად დაუცველები არიან, რეალობას არ შეესაბამება. ისლამურ ფუნდამენტალიზმს კვებავს მილიონები, რომლებიც საუდის არაბეთის შეიხების, შიიტი აიათოლების და დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ფონდებიდან მოედინება. აგრესიაც, რომელიც ამ ჯგუფებს ახასიათებთ, მხოლოდ დასავლეთისკენ მიმართული არ არის. ერაყის სამოქალაქო ომის დროს შიიტ და სუნიტ ექსტრემისტებს შორის დაპირისპირებას არანაკლებ სისხლიანი ხასიათი ჰქონდა, ვიდრე რადიკალი ისლამისტების მიერ დასავლეთში მოწყობილ ტერაქტებს. ზემოხსენებული „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელწიფო“, დასავლურ მედიაში ცნობილი თავისი ინგლისური აბრევიატურით ISIS, სასტიკად უსწორდება ტყვეებს და სამოქალაქო პირებს. „ისლამური სახელმწიფო“ მონაწილეობს უპრეცედენტო მასშტაბის ეთნოწმენდაში და შიშისა და ტერორის ქვეშ ამყოფებს თავის კონტროლქვეშ მყოფ მუსლიმ მოსახლეობას. წინასწარი ცნობებით, „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ მოწყობილ ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირი დიდი ხანია, რაც ტერორისტულ საქმიანობაში იყო ჩაბმული და საყოველთაოდ ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ყაიდის“ ქსელის წევრი იყო.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მუდმივად თავს არიდებენ მოძალადეების დადანაშაულებას და ამის საპირისპიროდ, მათ ვიქტიმიზაციას ახდენენ, არის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის ქცევა მთლიანად იხსნება სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებით. სოციალური გარემო უდავოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მაგრამ იმ კულტურული კონტექსტის გაუთვალისწინებლად, რომელშიც ადამიანი ყალიბდება, ინდივიდუალური ქცევის ახსნა შეუძლებელია. რადიკალური ისლამის კრიტიკის გარეშე აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება სოციალური ჩაგვრის შეჩერება და საბოლოო ჯამში იმაზე მძიმე ფორმის ექსპლუატაციას მივიღებთ, ვიდრე თანამედროვე სეკულარულ და დემოკრატიულ სამყაროში არსებობს. ისლამისტი რადიკალების წინააღმდეგ მიმართული საყოველთაო კრიტიკა პირველ რიგში თავად ისლამის შიგნით უნდა გაჩნდეს. „შარლი ებდოზე“ განხორციელებული შეტევა ბევრმა ზომიერმა მუსლიმმა დაგმო, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. თუ სალმან რუშდის წინააღმდეგ გამოცემული ფატვა გავლენიან მუსლიმთა შორის თითქმის არავის გაუპროტესტებია (პირიქით, სუნიტური საუდის არაბეთი და შიიტური ირანი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო უკომპრომისოდ დაიცავდა ისლამს), დღეს სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა. სუნიტური სამყაროს ყველაზე გავლენიანმა სასწავლო ცენტრმა, ალ-აჟარმა მომხდარი ერთმნიშვნელოვნად დაგმო. ალ-აჟარის წარმომადგენელმა აბას შომანმა განაცხადა, რომ ინსტიტუტი „არ უჭერს მხარს ძალადობის გამოყენებას, მაშინაც კი, როდესაც საქმე მუსლიმების წმინდა გრძნობების შეურაცხყოფას ეხება.“ „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი ასევე დაგმო „არაბულმა ლიგამ“ - 22 არაბული სახელმწიფოსგან შემდგარმა რეგიონულმა ორგანიზაციამ.

ყველაზე კარგად ხელოვანები და იუმორისტები გრძნობენ იმას, რომ სოციალური ემანსიპაციისთვის კულტურული პრაქტიკების და, მათ შორის, რელიგიის კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელოვანები პოლიტიკოსებისგან განსხვავებით უფრო მეტად მიდრეკილები არიან ამგვარი აზროვნებისკენ და, შესაბამისად, მთავარი დარტყმაც ახლა სწორედ მათზე მოდის. ამავე დროს, პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორიაში სიტყვის თავისუფლების და სინდისის თავისუფლების დაცვის დასაბუთებული არგუმენტების ნაკლებობა არ არის. განსაკუთრებით ყურადსაღებია ორი ტექსტი - ჰეგელის „სამართლის ფილოსოფია“ და ისაია ბერლინის „თავისუფლების ორი გაგება“. დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ლიბერალური ნეგატიური თავისუფლებების (მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების) ერთ-ერთი ყველაზე ულმობელი კრიტიკოსი იყო, ამავე დროს მიიჩნევდა, რომ საკუთარი თავის, როგორც ინდივიდის კოლექტივიდან გამოყოფის/აბსტრაჰირების გარეშე შეუძლებელია რეალური თავისუფლების მიღწევა. რეალური თავისუფლება ჰეგელს ესმოდა, როგორც ლიბერალური ნეგატიური თავისუფლების ერთგვარი კრიტიკა. იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვის თავისუფლება გულისხმობს გარკვეული დოზით უპასუხისმგებლობასაც (პასუხს არ აგებ იმაზე, რაც მოჰყვება შენს ნათქვამს), იგი თავისუფლების სრულყოფილი ფორმა არ არის და მას რეალური თავისუფლებით შევსება ესაჭიროება. ამავე დროს, ჰეგელის აზრით, ვერც რეალური თავისუფლება იარსებებს ლიბერალური თავისუფლების გარეშე (სწორედ ამიტომ ჰეგელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საფრანგეთის რევოლუციას). ამ ლიბერალური უპასუხისმგებლობის გარეშე პიროვნების, როგორც თავისუფალი ინდივიდის ფორმირება ვერ მოხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ფორმალურად თავისუფალი არ ხარ, კოლექტიური პასუხისმგებლობა ვერ გექნება. ის, რასაც ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიების და რელიგიური ფუნდამენტალიზმის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ერთმანეთის მიმართ განიცდიან, არა სოლიდარობა, არამედ შიშით და ტერორით განპირობებული მოვალეობაა, რომელსაც სოლიდარობის ნამდვილ იდეალთან კავშირი არ აქვს.

ჰეგელის მსგავსად, ისაია ბერლინი მიიჩნევდა, რომ ნეგატიური ლიბერალური თავისუფლების გარეშე ადამიანი არ შეიძლება თავისუფლად ჩაითვალოს. ამას მოწმობს ისიც, რომ დასავლეთში ლიბერალური დემოკრატიის სოციალისტური კრიტიკა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ლიბერალური თავისუფლებების საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებული იყო. ცნობილი ბრიტანელი სოციოლოგი თომას ჰამფრი მარშალი წერდა, რომ დასავლეთში ხალხმა ჯერ მოითხოვა სამოქალაქო, შემდეგ პოლიტიკური და სულ ბოლოს - სოციალური უფლებები. ამგვარი თანმიმდევრობის ლოგიკა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ სოციალური უფლებები სხვებზე ნაკლებად მნიშვნელოვანია (თვითონ მარშალი, ფაქტობრივად, სოციალ-დემოკრატი იყო), არამედ საქმე უფრო იმაშია, რომ საკუთარი თავის, როგორც ცალკე მდგომი ინდივიდის გააზრების გარეშე ადამიანებს უჭირთ სოციალური სოლიდარობის და კოლექტიური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ იმ ქვეყნებში, რომლებსაც განმანათლებლობის ტრადიცია არ აქვთ, ძლიერი მემარცხენე მოძრაობები ფაქტობრივად არ არსებობს, ან თუ არსებობს, მათი მოღვაწეობა ავტორიტარული რეჟიმებით გვირგვინდება (საბჭოთა კავშირი, კამბოჯა, ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი).

ეს ყველაფერი, ცხადია, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სოციალურ და სტრუქტურულ ფაქტორებს ხაზი უნდა გადავუსვათ. ლე პენის პოპულარობა საფრანგეთში იმას მოწმობს, რომ დასავლურ საზოგადოებებში ქსენოფობია ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა. სოციალური უთანასწორობა და „გეტოიზაცია“ კი იმაზე მიუთითებს, რომ საფრანგეთს სოციალური პრობლემები უხვად აქვს. ამის მიუხედავად, რადიკალურ ისლამზე პასუხი მაინც არ შეიძლება იყოს მხოლოდ ამ ფაქტორებით იდეოლოგიური, მათ შორის, რელიგიური ფაქტორების გადაფარვა. აღნიშნული ეხებათ ქართველ ინტელექტუალებსაც, რომელთა ნაწილი სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში სოციალური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებები ან გენდერული თანასწორობა. ჩვენ, უფრო მეტად, ვიდრე სხვებს, კარგად მოგვეხსენება, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებებზე მაღლა სოციალური თანასწორობის დაყენებას. „შარლი ებდოზე“ განხორციელებულმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის, თუ რამდენად მყიფეა თავისუფლების მდგომარეობა თანამედროვე საზოგადოებაში და რამდენად სჭირდება მის შენარჩუნებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა. თავისუფლების გარეშე შეუძლებელი და ამაოა ყველა სხვა პოლიტიკური და სოციალური ბრძოლა. სწორედ ამიტომ

Je suis Charlie!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG