Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015

1921 წლის მარტში მოსკოვში გახსნილი ბოლშევიკური პარტიის მეათე ყრილობა სერგო ორჯონიკიძეს კარგს არაფერს უქადდა: ყრილობის დელეგატების ნაწილი მოითხოვდა, აღარ აერჩიათ ორჯონიკიძე ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში. დელეგატები ორჯონიკიძეს აბრალებდნენ უხეშობას, ბოლშევიკების რეგიონალური ლიდერების შეურაცხყოფას, მათი აზრის უგულებელყოფას და ა. შ. ორჯონიკიძისათვის სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ იგი ყრილობას ვერ ესწრებოდა: სერგო ამ დროს წითელი არმიის საშუალებით საქართველოს ოკუპაციით იყო დაკავებული.

მოსკოვში ორჯონიკიძეს ერთადერთ ადვოკატად სტალინი ეგულებოდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა: სტალინი ყრილობაზე გამოსვლისას ვერ დაარწმუნებს დელეგატებს, რომ ორჯონიკიძე ცენტრალური კომიტეტის ღირსეული წევრი იყო. ორჯონიკიძის გადარჩევა-არგადარჩევის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტს ლენინი, რომელიც ყრილობაზე იუმორნარევი სიტყვით - ორჯონიკიძე მარცხენა ყურით ყრუ ყოფილა და ამიტომ სჩვეოდა თურმე ყვირილი - დაიცავს სერგოს (ორჯონიკიძეს მართლა ჰქონდა სმენის პრობლემები). სერგოს სასარგებლოდ ლენინის მიერ წარმოთქმული სიტყვა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ცენტრალურ კომიტეტში ორჯონიკიძის დარჩენაში.

ყრილობის დელეგატების ნაწილი ჩათვლის, რომ ლენინი ამ მხრივ გამოხატავდა მადლიერებას ორჯონიკიძის და სტალინის მიმართ, რომლებიც სწრაფად შეძლებენ საქართველოს ოკუპაციას. შეგახსენებთ, რომ 1921 წლის ზამთარში ლენინი საქართველოზე თავდასხმის წინააღმდეგი გახლდათ და მხოლოდ სტალინის და ორჯონიკიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ულიანოვი დათანხმდება მათ სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე. ლენინის გეგმებში დამოუკიდებელი საქართველო არასდროს შედიოდა, უბრალოდ, მაშინ, როცა ბოლშევიკური რუსეთი პოლონეთთან ომს აგებდა და იძულებული იყო, ვარშავასთან დამამცირებელ შეთანხმებაზე მოეწერა ხელი (რიგის ხელშეკრულება); მაშინ, როდესაც რუსეთის გლეხობა აჯანყებული იყო ბოლშევიკების წინააღმდეგ; როდესაც პეტროგრადის ქარხნის მუშები საყოველთაო გაფიცვას აწყობდნენ (რომელიც მალე კრონშტადტის აჯანყებაში გადაიზრდება), ულიანოვის აზრით, ამ დროს სამხრეთით ახალი ფრონტის გახსნა მოსკოვისათვის სარისკო იყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დაპყრობა ერთადერთი სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომელიც სტალინმა და ორჯონიკიძემ ლენინს მიართვეს 1921 წლის ზამთარში, მეათე ყრილობაზე ულიანოვის პოზიცია სულ სხვა რამით იყო განპირობებული: 1920 წლის ბოლოს ტროცკი მოახერხებს ბოლშევიკური პარტიის აპარატის დიდი ნაწილის საკუთარი თავის გარშემო მობილიზებას და ამგვარად შეძლებს ხელში დიდი ძალაუფლების კონცენტრირებას. ფიზიკურად დასუსტებულ ულიანოვს ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური დასუსტება სჭირდებოდა. ამიტომაც ლენინი ომს გამოუცხადებს ტროცკის. ამ ბრძოლაში ულიანოვისთვის სტალინი ის ადამიანი იქნება, ვისაც დაეყრდნობა, და ეს ლენინს გამარჯვებას მოუტანს: მეათე ყრილობის შემდეგ ძალაუფლება პოლიტბიუროში ისევ ლენინის სასარგებლოდ გადანაწილდება, რაც ბელად ულიანოვთან ერთად სტალინსაც გააძლიერებს.

მაგრამ ლენინ-სტალინის ალიანსი დიდხანს არ გასტანს: ლენინის განუწყვეტელი ავადმოყოფობა და პარალელურად 1922 წელს სტალინის გენერალურ მდივნად დანიშვნა იმდენად გააძლიერებს ამ უკანასკნელს, რომ ძალაუფლებაში ძალთა თანაფარდობის შესანარჩუნებლად ამჯერად ულიანოვი იძულებული იქნება, ტროცკი მოიხმოს მოკავშირედ და ჯუღაშვილს ბრძოლა გამოუცხადოს. 1922 წლის ბოლოს ორჯონიკიძის მიერ პროვოცირებული ე.წ. „საქართველოს საქმე“ ამის მშვენიერ საბაბს მისცემს ლენინს.

კონფლიქტის მიზეზი გახდება უთანხმოება თბილისელ და მოსკოველ ბოლშევიკებს შორის იმაზე, თუ რა პრინციპით უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთიან სახელმწიფოში კრემლის მიერ სოვიეტიზირებული რესპუბლიკები. სტალინი, რომელიც ბოლშევიკებს შორის „ეროვნულ საკითხებში ექსპერტის“ ავტორიტეტით სარგებლობდა და ნაციონალურ საკითხებში სახალხო კომისრის (მინისტრის) პოსტიც ეკავა, თვლიდა, რომ მას უნდა გადაეწყვიტა, ფორმალურად როგორი იქნებოდა ეს გაერთიანება. სტალინის პროექტის მიხედვით, საქართველო (ისევე როგორც სხვა რესპუბლიკები) უნდა შესულიყო რუსეთის ფედერაციაში ავტონომიის სახით. სტალინის ეს პოზიცია ახალი არ იყო: იგი იმეორებდა 1913 წელს ვენაში ყოფნისას მის მიერ ნაციონალურ საკითხებზე დაწერილ სტატიაში ჩამოყალიბებულ ხედვას, რომელსაც ლენინი მაშინ სრულად იზიარებდა.

1922 წელს თბილისში ორჯონიკიძეს (რომელიც „ნაციონალურ საკითხში“ მთლიანად მხარს უჭერდა სტალინს) მწვავე კონფლიქტი მოუვა ქართველი ბოლშევიკების ლიდერ ბუდუ მდივანთან, რომელიც სსრკ-ში საქართველოს ცალკე რესპუბლიკად შესვლას მოითხოვდა. თბილისელი ბოლშევიკებისათვის, რომლებიც ისედავ განაწყენებული იყვნენ მოსკოველ კოლეგებზე (რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ნაწილს თურქეთს გადასცემენ, ხოლო აზერბაიჯანთან და სომხეთთან საკამათო ტერიტორიებს ამ უკანსკნელ რესპუბლიკებს დაუკანონებენ), სტალინის პროექტი ის უკანასკნელი წვეთი იქნება, რომელიც ქართული ბოლშევიზმის ფიალას აავსებს. კამათის დროს ორჯონიკიძეს ერთ-ერთი თბილისელი ბოლშევიკი „სტალინის ტრაკს“ უწოდებს, რაც პოლიტიკურ კონფლიქტს ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანს. ულიანოვი „ხელზე დაიხვევს“ თბილისში მომხდარ ამ ინციდენტს და სტალინის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ამჯერად მოკავშირედ ტროცკის მოიხმობს: „ჩემი გადაუდებელი თხოვნაა, შენ თავზე აიღო ქართული საქმის დაცვა ცენტრალურ კომიტეტში“ - მისწერს ულიანოვი ბრონშტეინს. ლენინი მხარს დაუჭერს ქართველი ბოლშევიკების ლიდერ ბუდუ მდივანს და მოითხოვს ფორმალურად დამოუკიდებელი (რომელსაც რეალურ დამოუკიდებლობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა) რესპუბლიკების კავშირის შექმნას. ამასთან ერთად, მისი მოთხოვნით, პოლიტბიურო შექმნის კომისიას, რომლის მიზანიც „ქართულ საქმის“ შესწავლა გახლდათ.

28 სექტემბერს პოლიტბიუროს სხდომაზე კამენევსა და სტალინს შორის ნიშანდობლივი წერილების გაცვლა მოხდება:

კამენევი: „დამოუკიდებლობის (საქართველოს - ლ.ო.) დასაცავად ილიჩმა (ლენინმა - ლ. ო.) გადაწყვიტა ომი გამოაცხადოს. მთავაზობს, რომ ქართველებს შევხვდე“.

სტალინი: „ჩემის აზრით, ილიჩის წინააღმდეგ სიმტკიცის გამოჩენა გვმართებს“.

კამენევი: „ვინაიდან ილიჩი თავისას არ იშლის, მე მგონი, წინააღმდეგობის გაწევა უარესი იქნება“.

სტალინი: „არ ვიცი. გააკეთოს ისე, როგორც ფიქრობს“.

ამის პარალელურად ლენინი ქართველ ბოლშევიკებს მისწერს წერილს, რომელსაც კამენევი პირადად წაუღებს მათ თბილისში. ლენინის უსტარი იწყებოდა ღირსშესანიშნავი ფრაზით: „ძვირფასო მეგობრებო! აღშფოთებული ვარ ორჯონიკიძის უხეშობით და სტალინის წაქეზებით“. კულუარულ ბრძოლებს მიჩვეული კამენევი არ დააყოვნებს, რომ ზინოვიევს გაუზიაროს საკუთარი დასკვნები: „ლენინს არა მარტო შერიგება სურს კავკასიაში, არამედ მას გარკვეული ორგანიზაციული დასკვნების გამოტანა სწადია ზევით.“ (კამენევის პუნქტუაცია შენარჩუნებულია - ლ.ო.). სიმბირსკში დაბადებული ლენინის მიერ დიდმპყრობელურ, ველიკოდერჟავნიკულ, რუსულ შოვინიზმში დადანაშაულებული გორში დაბადებული სტალინი უკან დაიხევს: 1923 წლის 7 მარტს იგი ორჯონიკიძეს წერილს გაუგზავნის და მას კომპრომისზე წასვლას მოსთხოვს. პარალელურად სტალინი ბოდიშს მოუხდის ლენინს.

ეჭვს არ იწვევს, რომ ლენინის მიერ „ორგანიზაციული დასკვნების გამოტანა“ არ ნიშნავდა სტალინის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას: ავადმყოფობით სულ უფრო და უფრო დასუსტებული ლენინის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ მორიგ პოლიტიკურ მანევრს, რათა საკუთარი ქვეშევრდომების მოპაექრე ჯგუფებს შორის ძალთა თანაფარდობა აღედგინა. საეჭვოდ შეიძლება მკითხველისათვის რჩებოდეს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს საქართველოსთან. ამასთან დაკავშირებით ძირითადად მოჰყავთ ხოლმე სტალინის შვილის, ვასილის მიერ საკუთარი დის, სვეტლანასთვის ნათქვამი საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა: „მამაჩვენი ადრე ქართველი ყოფილა“. ნაკლებად ცნობილია სტალინის მიერ იაპონელი ჟურნალისტისათვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც ჯუღაშვილი ამბობს: „მე გარუსებული ქართველი ვარ“. მე კი მკითხველისათვის მიმინდვია, თვითონ გადაწყვიტოს, თუ ვინ იყო სტალინი: „ყოფილი“ ქართველი, გარუსებული ქართველი, თუ უბრალოდ ბოლშევიკი, ოღონდ საქართველოს მტერი ბოლშევიკი...

მთავრობა რომ სრულმასშტაბიან ნეპოტიზმში არის ჩართული, ამის შესახებ ბევრმა ვიცით და ეს უკვე მივიღეთ კიდეც, როგორც გარდაუვალი მოცემულობა, რომელზეც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და ენთუზიასტი უფლედამცველის გარდა ხმას არავინ იღებს. ამის ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ნეპოტიზმის დამტკიცება ყოველთვის ადვილი არ არის. მაშინაც კი, როდესაც პირადად ვართ მომსწრენი ნეპოტიზმის ფაქტების, ასეთი ფაქტების საჯაროდ გამოტანა და დამნაშავეების გამოვლენა ყოველთვის ადვილი საქმე არ არის. პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების ყველაზე უსინდისო ნაწილი ჩვენი უმოქმედობით და სათანადო მექანიზმების არარსებობით ნაყოფიერად სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო...

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული შეწყალების კომისიის ყოფილმა და ამჟამინდელმა თავმჯდომარეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს კომისიაზე ზეწოლაში და კორუფციაში დასდეს ბრალი. 10 დეკემბერს, შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა პროკურატურაში, სადაც დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსების გვარები, რომლებიც ითხოვდნენ კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას, როგორც მისი თავმჯდომარეობის, ასევე კომისიის წინა თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დროს.

წინა დღეს, 9 დეკემბერს, კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა, თავის მხრივ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იგი აპირებდა, პროკურატურაში დაესახელებინა ასევე კონკრეტული გვარები გავლენიანი ადამიანებისა, რომლებსაც იგი კორუფციაში და ზეწოლაში სდებს ბრალს. მან აღნიშნა, რომ საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ მის სიცოცხლეს ამის გამო შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების ერთი ნაწილისგან ელისაშვილის და ქორიძის განცხადებებს უმალ საპირისპირო ბრალდებები მოჰყვა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა თამაზ მეჭიაურმა ელისაშვილი ასევე ცილისწამებაში დაადანაშაულა და იუმორისტულ ნოტაზე აღნიშნა, რომ „ამას მისი ცხვირის ზომაც ადასტურებს“.

ელისაშვილს „ქართული ოცნების“ წევრებისგან წამოსული ბრალდებების არ შეშინებია. 12 დეკემბერს მან განაცხადა, რომ მამამისს ერთი მსჯავრდებულის გათავისუფლებაში 20 000 დოლარი შესთავაზეს. ასევე, მისივე თქმით, სხვადასხვა მსჯავრდებულების საქმეებზე პოლიტიკოსები აქტიურად ახორციელებდნენ მასზე, როგორც კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლას. ზეწოლის ასეთ ფაქტებს იგი შემდეგნაირად აღწერს:

„ერთ საქმეზე ზედმეტი ინტერესი იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს ვითომც არაფერი, მაგრამ მეორე შეწყალებაზე ზედმეტი ინტერესი გაგრძელდა. მესამე შეწყალებაზე იყო პირდაპირი ისტერიკა რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან, რომ გინდა თუ არა, ეს საქმე რატომ არ გაგაქვს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმე გაიტანე განსაკუთრებული წესითო. ვეუბნებოდი, რომ ის არ ჯდებოდა კრიტერიუმებში. მპასუხობდნენ, რომ ვიცით, რომ არ ჯდება კრიტერიუმებში, მაგრამ მაინც უნდა გაიტანოო. კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი. ბოლო მესიჯი მივიღე პირდაპირ ძახილის ნიშნებით, როგორ ბედავ და არ გაგაქვს შეწყალებაზეო.“

ამ საქმის გამოძიება დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მმართველი კოალიციის ბედი დიდწილად ამ გამოძიებაზე არის დამოკიდებული. ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, რომლებიც არ არიან ეჭვმიტანილი კორუფციაში, ზეწოლასა და შანტაჟში ღიად დაუჭირონ მხარი ელისაშვილის და ქორიძის მიერ წამოყენებული ბრალდებების სამართლიანად გამოძიებას. თავად პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა გავლენიანი წევრები ამ საქმეზე ჯერჯერობით დუმან, ან საუბარი სხვა თემებზე გადააქვთ. მომავალში, ასეთმა საქციელმა შეიძლება უარესი დარტყმა მიაყენოს მმართველ კოალიციას.

სამართლიანად გამოძიებასა და გამოძიების ბოლომდე მიყვანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახლა უზრუნველყოთ ელისაშვილის და ქორიძის უსაფრთხოება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საეჭვო ვითარებებში საჯარო პირებს მოუკლავთ თავი, ან გაზით გაგუდულან; ასევე, ქვეყანა, სადაც უახლოეს წარსულში უკვე მოუკლავთ, უცემიათ, დაუშანტაჟებიათ, უკანონოდ ციხეში ჩაუსვამთ ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ხელისუფლების მაკრიტიკებელი მოქალაქეები. დღეს თუ უფლება მივეცით, ამ საქმის სამართლიანი გამოძიების ნაცვლად, ჯოხი ელისაშვილზე და ქორიძეზე გადატეხონ, ე.ი. თავისუფლების ღირსები არ ვყოფილვართ. ამიტომ, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, მივადევნოთ თვალი მოვლენებს და არ მივცეთ არავის უფლება, გადაკვეთოს წითელი ხაზი.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG