Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

გერმანელმა ფეხბურთელმა იენს ლემანმა საქართველო-გერმანიის საფეხბურთო მატჩის წინ თავის ფეისბუკის გვერდზე დადო თბილისის ფოტო, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: „თბილისი -ყველაფერი ნაცრისფერია, ერთი გამონაკლისის გარდა.“ ის, რაც ამ ფოტოს მოჰყვა, ფაქტობრივად, ფეისბუკში წარმოდგენილი ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო: ერთნი ლემანს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და სამშობლოს ღირსების დაცვას ამ გზით ცდილობენ, მეორენი, პირიქით, ექომაგებიან გულუბრყვილო უცხოელს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ აბსოლუტური ჭეშმარიტების დადგენა აინტერესებს. ორივე პოზიცია საფუძველშივე მცდარია.

მსჯელობის კრიტიკულ ნაწილზე სანამ გადავალ, წინასწარ ორი შენიშვნით დავიზღვევ თავს. პირველი: არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ამ ორის გარდა, სხვა პოზიციები არ გაჩენილა. გამოხმაურებები ორ პოზიციად განგებ, გაზვიადებულად დავყავი იმისთვის, რომ საქმე გავიმარტივო. ვინც არც ერთ პოზიციას არ იზიარებთ, დაგამშვიდებთ, რომ ეს პოსტი თქვენ არ გეხებათ.

მეორე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რა განზრახვა ჰქონდა ლემანს სინამდვილეში - იმაზე კამათს, რისი დამტკიცებაც ფიზიკურად შეუძლებელია, აზრი არ აქვს. ჩემი პოსტი ლემანს და მის მსოფლმხედველობას არ ეხება, არამედ ეხება იმ გამოხმაურებებს, რაც მის პოსტს მოჰყვა და რაც ჩემი აზრით, ასახავს სამშობლოსა და ევროპაზე ჩვენი თანამემამულეების წარმოდგენებს.

პირველი, ნაციონალისტური პოზიციის კრიტიკით დავიწყებ. ერის ნაწილი იმან აღაშფოთა, რომ ლემანმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დედაქალაქს, შესაბამისად, ქართულ კულტურას, ისტორიას და, ზოგადად, ქართველებს. ამ შეხედულების მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი ფორმით კრიტიკა არის ყველა ქართველის დამცირება. უცხოელი, ვინც ამას ბედავს, საქართველოს მტერია. ეროვნებით ქართველი კი, ვინც ქართულ კულტურას აკრიტიკებს, მსგავსი ტიპის ნაციონალისტების აზრით, ქართველი აღარ არის. ამ აბსურდულ ლოგიკას რომ გავყვეთ, ქართველი არ არის არც ეროვნული გმირი და წმინდანი ილია ჭავჭავაძე, რომელიც თავის ცნობილ ლექსში, „ბედნიერი ერი“, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს კულტურას აკრიტიკებს. ამ ლოგიკის მიხედვით, ქართველი არ არის და საქართველოს მტერია ყველა, ვისაც ოდესმე გაუკრიტიკებია ქართული კულტურის ძეგლები. მაგალითად, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, რომელმაც ერთხელ ტელევიზიით თქვა, ილია ჭავჭავაძე ცუდი პოეტიაო (და ამან საყოველთაო, ეროვნული აჟიოტაჟი გამოიწვია), ან მეორე პოეტი, პაატა შამუგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაწერა პოემა „ანტიტყაოსანი“, რომელიც ზოგიერთმა გულანთებულმა პატრიოტმა „ვეფხისტყაოსნის“ და ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად ჩათვალა... აღარაფერს ვამბობ ლაშა ბუღაძის „გიორგი რუსზე“ ატეხილ ვაი-ვიშზე და სხვა შემთხვევებზე უახლოესიწარსულიდან, რომლებიც საქართველოში ასეთი ტიპის ნაციონალიზმის არსებობაზე მიუთითებენ.

ერთი სიტყვით, ნაციონალიზმი, რომელიც კულტურის ან კულტურული ძეგლების კრიტიკას ერის მოღალატეობად აცხადებს, ჩვენი კულტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. შეუძლებელია, თვითკრიტიკის ან სხვებისგან წამოსული კრიტიკის გარეშე ერი (ან ადამიანი) განვითარდეს. ყველა ადამიანი, ვისაც თვითკრიტიკის უნარი არ აქვს, საბოლოოდ თავის მოღვაწეობას სრულ იზოლაციაში ამთავრებს. იგივე ბედი ელის ქართულ კულტურასაც, რომელიც ასეთ შემთხვევაში ერთ ადგილზე გაიყინება და „ვეფხისტყაოსნის“ მსგავსი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრების პოტენციურ ავტორებს ქვებითა და ხელკეტებით გაუმასპინძლდება.კრიტიკის ნაკლებობა ერს, სამშობლოს და ეროვნულ კულტურას ვნებს. რაც მალე გავიაზრებთ ამას, მით უფრო მეტად დავეხმარებით ჩვენს თავსაც და მსოფლიოსაც.

რაც ზემოთ დავწერე, მეტ-ნაკლებად დაღეჭილი ჭეშმარიტებაა და ჩემამდე ამაზე ბევრს დაუწერია. შედარებით ნაკლებად გამოკვლეული ფენომენია ამგვარი ტიპის ნაციონალიზმის სარკისებური ანარეკლი - „ლიბერალური“ კოლონიური მენტალიტეტი. ასეთ მენტალიტეტს „ლიბერალური“ იმიტომ ვუწოდე, რომ ხშირ შემთხვევაში იგი ქართველ ლიბერალებს ახასიათებთ - მათ, ვისაც არ მოსწონთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ხსნას ევროპაში ხედავენ. გარკვეული თვალსაზრისით მეც ლიბერალების რიგებს მივეკუთვნები, მაგრამ არის რაღაცები, რაც ლიბერალების აზროვნებაში არანაკლებ მაღიზიანებს, ვიდრე ურაპატრიოტული გულზე მჯიღის რტყმა. ერთ-ერთი ასეთი გამაღიზიანებელი ელემენტი ქართულ ლიბერალიზმში არის ევროპის და ევროპელების წარმოჩენა, როგორც აპოლიტიკური ზეარსებების, რომლებსაც პირადი ინტერესი არ გააჩნიათ და კაცობრიობის ხსნის ღვთაებრივი მისია აქვთ დაკისრებული.

ასეთი ლიბერალებისთვის გაუგებარია, მაგალითად, რატომ შეიძლება პროგრესულმა ადამიანმა საბერძნეთ-ევროკავშირის დავაში საბერძნეთის მხარე დაიჭიროს - ის, თუ რატომ აკრიტიკებს ევროკავშირს ამერიკელი ლიბერალების ერთ-ერთი მამამთავარი პოლ კრუგმანი, ან ჯონ კესიდი, რომელსაც თავისი სვეტი აქვს ცნობილ ლიბერალურ ჟურნალ „ნიუ-იორკერში“. ასეთი ლიბერალების ნაწილის პრობლემა ის არის, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში არასაკმარისად იცნობენ დასავლეთს და იმ პოლიტიკურ დებატებს, რაც დასავლეთში მიმდინარეობს. უფრო განათლებული და ინფორმირებული ნაწილი კი, გარკვეული მიზეზებით, რომელთა აქ განხილვაც შორს წაგვიყვანს, განგებ ხუჭავს თვალს იმაზე, რომ პოლიტიკური ინტერესები ორივე მხარეს გააჩნია და არა მხოლოდ ერთ მათგანს.

საბოლოო ჯამში, ვიღებთ სურათს, რომელზეც ჩანს მისიონერი ევროპელი და გამოუსვლელი ქართველი. ეს უკანასკნელი ცალმხრივ კომუნიკაციაში „მიმღების“ როლს თამაშობს. იგი უნდა იღებდეს ინფორმაციას, დირექტივებს, რჩევებს და ზოგ შემთხვევაში მზა რაციონალურ განსჯასაც კი. ადამიანის უფლებების დისკურსი, რომელიც დასავლეთიდან მზა სახით მოგვეწოდება, ადგილობრივ დონეზე კრიტიკული განხილვის საგანი იშვიათად ხდება (ერთი საპატიო გამონაკლისი არის დებატები ფემინიზმის ირგვლივ). ერთია, რომ კრიტიკულ განხილვას ნამდვილად სჭირდება სათანადო ინტელექტუალური მომზადება, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის სურვილი მენტალურ დონეზე ნაკლებად ჩნდება.

ზოგიერთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ამაში არანაირი პრობლემა არ არის - „მერე რა მოხდა, სანამ დამოუკიდებლად ვერ ვაზროვნებთ, ჯობია ჩვენზე ჭკვიანებს დავუჯეროთ!“ აქ პრობლემა ის არის, რომ საფრთხის წინაშე აღმოჩნდება ჩვენი ამბიცია, ვიყოთ „ევროპელები“. პარადოქსულია, მაგრამ ჩვენი სურვილი, ვიყოთ „ევროპელები“, ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილს, დავემსგავსოთ ევროპელებს. რაც უფრო მეტად ვეცდებით, დავემსგავსოთ ევროპელებს, მით უფრო მეტად დაგვშორდება ევროპა. მიზეზი ის არის, რომ ევროპის მსოფლმხედელობრივი საფუძველი გაუაზრებელი მიმსგავსება არ არის. დემოკრატიული და ლიბერალური ევროპა, რომელიც ჩვენ ასე გვიზიდავს (და რომელიც ბოლო დროს გარკვეული პრობლემების წინაშე დგას), იმ რწმენაზეა დამყარებული, რომ ყველა ადამიანი თვითონ უნდა იყოს თავისი თავის განმგებელი. ევროპული ფილოსოფიის კლასიკოსი, იმანუელ კანტი თავის ცნობილ ესეს განმანათლებლობის შესახებ შემდეგი სიტყვებით იწყებს:

„განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!

– ესაა განმანათლებლობის ლოზუნგი. სიზარმაცე და სილაჩრე – ესაა მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი, მას შემდეგ, რაც ბუნებამ ისინი კარგა ხნის წინ გაათავისუფლა უცხო ხელმძღვანელობისგან, მიუხედევად ამისა, მთელი ცხოვრება უმწიფრად რჩება; და რომელთა გამოც მათ მეურვეებად ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები. უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემს მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს.“

ამგვარი უმწიფრობა და კოლონიური მენტალიტეტი კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს ევროპას. ეს „ევროპა“ კონკრეტული გეოგრაფიული ტოპონიმი კი არ არის (ან BMW-ს მარკის მანქანები, სოციალური დაზღვევის სისტემა, უზრუნველი კლუბური ცხოვრება ან რამე მსგავსი), არამედ პირველ რიგში თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობაა. ევროპასთან დაახლოების სახელით თავისუფალი აზროვნების უნარის ჩაკვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი იქნება, რაც „თავისუფალი აზროვნების“ სახელით წარმოშობილა.

ნაციონალისტების დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ და ლიბერალების დამოკიდებულებას ევროპის მიმართ ერთი რამ აერთიანებს - კრიტიკის ნაკლებობა. ამ უკანასკნელის დეფიციტი კი საბოლოო ჯამში არის იმ ყველა უბედურების სათავე, რაც ხელს გვიშლის განვითარებაში.

შეიძლება ეს თემა ბევრმა რადიო „თავისუფლების“ ბლოგის ღირსადაც არ მიიჩნიოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ დროა მეცნიერების პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე დავფიქრდეთ. იმისათვის, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს, აუცილებელია არა მხოლოდ ადგილობრივი კომპეტენტური კადრების მომზადება, არამედ სამეცნიერო ინოვაციების, „ნოუ ჰაუების“ შექმნა. სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული - შეუძლებელია სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება წარმატებული მეცნიერების მომზადების გარეშე და პირიქით.

90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცე ე.წ. „ტვინების გადინების“ ტენდენციის მსხვერპლი გახდა. „ტვინების გადინება“ ეწოდება წარმატებული მეცნიერების, სტუდენტებისა და პროფესიონალების ემიგრაციას, როგორც წესი, განვითარებადიდან განვითარებულ ქვეყნებში (ან იქ, სადაც სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის უკეთესი პირობები არის შექმნილი). მოცემულ ეტაპზე იმ ძირითადი სოციალური და ინსტიტუციური ფაქტორების უმეტესობა, რაც „ტვინების გადინებას“ უწყობს ხელს, კვლავ დიდ გავლენას ახდენს ქართულ აკადემიურ სფეროზე. ამავე დროს, სხვადასხვა მიზეზებით მოსალოდნელია ამ პროცესის შენელება, თუ არა შემოტრიალება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც „ტვინების გადინების“ პროცესს შეანელებს, არის ის, რომ საქართველოს კარგა ხანია გაუჩნდა პოლიტიკური მომავალი და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირების შანსი. ეს, ჩემი აზრით, საქართველოთი პროფესიულ დაინტერესებას აუცილებლად გაზრდის, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ემიგრირებულ მეცნიერებს და პროფესიონალებს აქვთ მჭიდრო კულტურული და სოციალური კავშირები თავიანთ სამშობლოსთან, ნაციონალური იდენტობა არ აქვთ შეცვლილი და არ არიან მთლიანად მოწყვეტილი ადგილობრივ პროცესებს (ყველაზე კარგი მაგალითი არის მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი გია დვალი, რომელიც ამ დრომდე აქტიურად არის დაკავებული საზოგადოებრივი მოღვაწეობით საქართველოში).

საქართველოში მიმდინარე პროცესები უბიძგებს აქაურ მეცნიერებსაც, მეტი წვლილი შეიტანონ ადგილზე მეცნიერების განვითარებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ სახელწიფო ყველანაირი საშუალებით ხელს უწყობდეს ქართული აკადემიური სფეროს განვითარება. ამისათვის საჭიროა გაცილებით მეტი ფინანსური რესურსების გამოყოფა მეცნიერებისთვის, პირველ რიგში კი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მიერ შარშან ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ძირითად საქართველოში სოციალური მეცნიერების განვითარების დონეს ეხებოდა, კვლევითი და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის არარსებობა კვლევითი პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. აქ უმთავრესად იგულისხმება სამეცნიერო ბიბლიოთეკების მწირი რესურსები.

სამეცნიერო ბიბლიოთეკები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ელექტრონულ ბიბლიოთეკებად, სადაც ძირითადად აკადემიურ ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიები მოიპოვება, და ტრადიციულ ბიბლიოთეკებად, სადაც სამეცნიერო წიგნები არის დაცული ბეჭდური და ზოგ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ბიბლიოთეკების სიმწირე განსაკუთრებით თვალში საცემია და პირდაპირ მოქმედებს საქართველოში არსებული სამეცნიერო კვლევის ხარისხზე. იმისათვის, რომ მეცნიერმა მაღალი დონის კვლევა ჩაატაროს, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს წვდომა თავის დარგში ჩატარებულ უახლეს კვლევებზე. ქართულ უნივერსიტეტებს კი წვდომა ძირითადად ისეთ ელექტრონულ ბიბლიოთეკებზე აქვთ, სადაც არქივში გადატანილი, შედარებით მოძველებული სტატიებია დაცული. იმისათვის, რომ უახლეს სტატიებზე წვდომა გვქონდეს, საჭიროა თავად საგამომცემლო კომპანიების ლიცენზიის მოპოვება. დღეისათვის მსოფლიო აკადემიურ ბაზარზე სამი ყველაზე დიდი აკადემიური საგამომცემლო კომპანია მუშაობს: Reed Elsevier, Springer და Wiley. ეს სამივე ჯამში მოიცავს გამოცემული აკადემიური სტატიების 42 %-ს.

Elsevier-ის მონაცემთა ბაზებზე წვდომა განათლების სამინისტროს დახმარებით ზოგიერთ საჯარო უნივერსიტეტს უკვე აქვს (Springer-ზე წვდომის ლინკი მოიპოვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებსაიტზე, თუმცა ამ მონაცემთა ბაზის შესახებ არაფერია ნათქვამი ილიას უნივერსიტეტის ვებსაიტზე. საჭიროა ელექტრონული ბიბლიოთეკების ისე შევსება, რომ ადეკვატური რესურსები არსებობდეს ნებისმიერ აქტუალურ დარგში კვლევის ჩასატარებლად. ეს გულისხმობს როგორც უკვე არსებული სერვისების უკეთ გამართვას და კოორდინაციას, ასევე ახალი სერვისების დამატებას (მათ შორის, ზოგიერთი აქტუალური დარგისთვის სპეციფიური გამოცემების გამოწერას). დამატებით, მნიშვნელოვანია არსებული სერვისების განვრცობა აკრედიტირებულ კერძო უნივერსიტეტებზეც, ვინაიდან, საქართველოში ისედაც მწირი ადამიანური რესურსების არსებობის პირობებში, კერძო სექტორის სახელმწიფო პროგრამებიდან გამორიცხვა გამართლებული ვერ იქნება.

რაც შეეხება ტრადიციულ ბიბლიოთეკებს, აქ საქმე გაცილებით უფრო მძიმედ არის. მართალია, არსებობს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მაგრამ მისი რესურსები უაღრესად შეზღუდულია. ამაში დასარწმუნებლად სტუდენტებს და მკვლევრებს მარტივი ექსპერიმენტის ჩატარებას ვთავაზობ: ადექით და ბიბლიოთეკის საძიებო სისტემაში შეიყვანეთ თქვენს დარგში გამოცემული ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო წიგნები. გარწმუნებთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ასეთების პოვნას ვერ შეძლებთ (მაგალითისთვის, მე ვეცადე მომეძებნა პოლიტიკის ფილოსოფიაში ან პოლიტიკის მეცნიერებაში გამოცემული კლასიკად მიჩნეული წიგნები და თითქმის ვერც ერთს ვერ მივაგენი). სამეცნიერო კვლევის ასეთ პირობებში ჩატარება შეუძლებელია, როცა არათუ უახლესი შრომების, არამედ კლასიკად მიჩნეული წიგნების მოპოვების შესაძლებლობაც კი არ არსებობს (ცინიკოსებმა ამაზე შეიძლება მკვლევრებს ურჩიონ, რომ ე.წ. „ტორენტებიდან“, მეკობრულად გადმოწერილი წიგნებით იხელმძღვანელონ).

საქართველოს აქვს ამბიცია, რომ იყოს ქვეყანა, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის წარმატებულად მართვას. ადგილობრივი მეცნიერების განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება ამგვარი ინტელექტუალური დამოუკიდებლობის მოპოვება, რომელიც შემდგომ აუცილებლად გადაითარგმნება სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. თუ სახელმწიფოს ეს ჭეშმარიტება გათავისებული აქვს, აუცილებელია, რომ მან გადადგას ქმედითი ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად - სულ მცირე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ბიბლიოთეკების გასაუმჯობესებლად მაინც.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG