Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შეთქმულების თეორიას რომ ვაღიარებდე, უსათუოდ თბილისისა და კიევის ფარულ პოლიტიკურ გარიგებას მივაწერდი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნას, რაც, კაცმა რომ თქვას, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მიხეილ სააკაშვილის განეიტრალებას ნიშნავს.

პირველ ყოვლისა, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე სააკაშვილის მოულოდნელი დანიშვნით წერტილი დაესვა იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინას იყენებდა პლაცდარმად საქართველოში ვითარების ასარევად და დესტაბილიზაციის ტალღაზე ქვეყნის სათავეში დასაბრუნებლად.

უკრაინის მოქალაქეობის მიღებისა და, უფრო მეტად, ოდესის ადმინისტრაციაში საქმეების გადაბარების შემდეგ, სააკაშვილს არც დრო ექნება და აღარც უფლება, საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს ან თუნდაც მხოლოდ გამოთქვას ისეთი არადიპლომატიური და მკვახე შეფასებები, როგორიც ბოლოს 26 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, კიევიდან ტელეხიდის დროს გააკეთა.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას ოსტატურად ჩამოაშორა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი. მეტიც, პეტრო პოროშენკომ, რომელიც უკმაყოფილოა მის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ტემპით, საბედისწერო არჩევნის წინაშე დააყენა თავისი სტუდენტობის მეგობარი: თუ ოდესაში ხელი მოეცარა, მაშინ სააკაშვილის სახელი სამუდამოდ ჩაბარდება ისტორიას. საქართველოში რაიმე პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნებაზე ფიქრი სააკაშვილისთვის მაშინაც დაკარგავს აზრს, თუ მან ოდესაში ივარგა: ალაგმა კლანური მმართველობა, გაატარა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები, დაამყარა წესრიგი და მოიზიდა უცხოური ინვესტიციები.

ასეთ შემთხვევაში, ოდესის გუბერნატორს თავად უკრაინის პოლიტიკური ელიტა მოსთხოვს, მიღწეული არ იკმაროს და წარმატებული მაგალითი ახლა მთელ უკრაინაზე გაავრცელოს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს გზა გაეხსნება უკრაინის პოლიტიკური ოლიმპოსკენ და არ არის გამორიცხული, რომ მან პრემიერ-მინისტრის სავარძელიც დაიკავოს ფართომასშტაბიანი რეფორმების მთელ ქვეყანაში გატარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, სააკაშვილი კიდევ უფრო დაშორდება საქართველოს და მთლიანად გადაერთვება უკრაინის საქმეებზე.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორად წარადგენს (30.05.2015)
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო (მარცხნივ) მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორად წარადგენს (30.05.2015)

არადა, უკრაინაში საქმე კარგად ვერ მიდის. აშშ და კიევის ევროპელი მოკავშირეები თვლიან, რომ უკრაინას პრორუსულ სეპარატიზმზე არანაკლებ საფრთხეს უქადის ამ ქვეყანაში ფესვგადგმული კორუფცია, ოლიგარქების გავლენა, დემოკრატიული და არჩევითი ინსტიტუტების სისუსტე და ეკონომიკური დესტაბილიზაცია.

პრინციპში, ეს სწორედ ისაა, რისკენაც მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლებას; მეტიც, არა მხოლოდ მოუწოდებდა, არამედ ყველა ტრიბუნიდან დაუფარავად საყვედურობდა მას ყოყმანისა და პოლიტიკური ნების უქონლობის გამო.

თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, რომ უკრაინაში ჯერჯერობით არც მიხეილ სააკაშვილის კადრებს გამოუჩენიათ თავი. ჩემი კიეველი კოლეგები, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ აღტაცებით შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლებაში „ქართველი რეფორმატორების“ მისვლას, დღეს იმედგაცრუებული არიან. თუმცა, საქართველოსადმი პატივისცემის გამო, ცდილობენ, უაღრესად კორუმპირებული ლანდშაფტითა და პოლიტიკური კლანების შიდა ბრძოლით ახსნან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის, გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძისა თუ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის მიერ წამოწყებული რეფორმების დამუხრუჭება.

ამიტომ ოდესის გუბერნატორის სავარძლის დაკავებით, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, გადაარჩინოს თავისი გუნდის იმიჯი და თუნდაც ერთი ოლქის მაგალითზე აჩვენოს, რომ რეფორმები უკრაინაში შესაძლებელია. „საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი, გზები და ა.შ. მაგრამ ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოვიტეხავ... ამიტომაც დავთანხმდი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა.

ვფიქრობ, სააკაშვილს ოდესაში მართლაც უფრო დიდი შანსი აქვს, თავად „მოიტეხოს კისერი“, ვიდრე კისერი მოუგრიხოს იქ მოქმედი ოლიგარქიული კლანების წარმომადგენლებსა თუ პოლიტიკურ მაფიას. მით უფრო, რომ სააკაშვილს ოდესაში არ ექნება განუსაზღვრელი უფლებები, არ ეყოლება მორჩილი წარმომადგენლობითი ორგანო, პროკურატურა და პოლიცია, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტობის განმავლობაში იოლად იშორებდა გზიდან მისთვის მიუღებელ „ანტირეფორმისტულ“ და „ანტიდასავლურ“ ძალებს და საამისოდ არ ერიდებოდა თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა თუ ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას.

საქართველოსგან განსხვავებით, სადაც სააკაშვილი მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერითაც სარგებლობდა, უკრაინაში ოდესის ახალ გუბერნატორს, სხვა სირთულეებთან ერთად, საქმიანობა უშეღავათო და პოლიტიკური სიმპათიების მხრივ მეტად პოლარიზებულ მედიაგარემოში მოუწევს.

ამგვარად, ერთგვარად შიშისმომგვრელიც კია ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს ამ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ოლქის მართვას მიხეილ სააკაშვილი, კაცი, რომელიც თავისი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებას მიჩვეული ავტოკრატი უფროა, ვიდრე კომრომისებისთვის მზად მყოფი, პოლიტიკურად მოქნილი და ფრთხილი დემოკრატი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ცნობამ, ნაციონალური მოძრაობის სხვა მოღვაწეთა საზღვარგარეთ, განსაკუთრებით უკრაინაში, წარმატებული დასაქმების შემთხვევების არ იყოს, მთლიანად მოიცვა შეფასებების ემოციური რეგისტრი – აღფრთოვანებიდან აღშფოთებამდე.
შევეცდები, ამ საკითხს ოდნავ უჩვეულო კუთხით შევხედო და ის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ამასწინანდელ სამიტს დავუკავშირო. რიგის სამიტმა საქართველო და უკრაინა კვლავ მკაფიო ევროპული პერსპექტივის გარეშე დატოვა და ბევრ უკრაინელსა და ქართველს, რომელიც ევროპელი პარტნიორებისაგან, სულ ცოტა, უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებას მაინც ელოდა, გული იმდენად ატკინა, რომ, ზოგადად, ევროპული პერსპექტივის ავ-კარგზე დააფიქრა.
ჩემთვის საქართველოს (და უკრაინის) ევროპული ინტეგრაცია ეჭვქვეშ არ დამდგარა, მაგრამ (ეს ის „მაგრამ“ არ არის, თქვენ რომ შეიძლება გეგონოთ), მაინც შევეცდები, რიგის სამიტიდან გარკვეული დასკვნები გამოვიტანო. აქვე დავამატებ, რომ საგარეო პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, ამიტომაც რასაც ვწერ, დილეტანტურ მოსაზრებაზე მეტი ვერ იქნება. თავს იმით ვიმართლებ, რომ ბლოგი მაინც დილეტანტის სამშობლოა.

არავის გავაკვირვებ, თუ ვიტყვი, რომ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებად მალე არ მიგვიღებენ. საკითხავია, რა შეიძლება იყოს გონიერი რეაქცია ასეთ ვითარებაში. ყველაზე პრიმიტიული და უგუნური რეაქციაა: „ამათ თუ არ ვუნდივართ, რუსეთი მიგვიღებს!“ რუსეთის (და ევრაზიული კავშირის) სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს.

მეორე პოზიცია (რომელსაც საქართველოს მთავრობის და მმართველი პარტიის ევროპაზე ორიენტირებული ნაწილი ემხრობა, და რომელსაც ოპოზიცია მაინც რუსეთის ფარულად მხარდაჭერაში ადანაშაულებს) შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „მართალია, ჩვენ გვინდა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ არავის შეწუხება არ გვსურს“. თავისთავად ცხადია, რომ ეს პოზიცია პასიურია და მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოგვცეს, ადგილზე ტკეპნაა.

მესამე, შედარებით უფრო გონიერი პოზიცია, რომელსაც ახლა, ძირითადად, ოპოზიციისგან მოისმენთ, ასეთია: „გავაგრძელოთ აქტიური ძალისხმევა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის!“ ამ პოზიციის დამცველები უფრო აქტიურ დიპლომატიასა და საქართველოს პრობლემებზე უფრო საჯაროდ და უფრო „ხმამაღლა“ ლაპარაკს გულისხმობენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს სტრატეგია ინტეგრაციის მხრივ უფრო წარმატებული გამოდგა, თუმცა პასიურობას, ალბათ, ჯობია.

პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი (ყოველ შემთხვევაში, მისი წამყვანი წევრები) საქართველოსაც და უკრაინასაც, საბოლოო ანგარიშით, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე რუსეთს. მათი პოლიტიკის საბოლოო მიზანი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა და, მართალია, ისინი ვერ და არ დათმობენ ევროპული უსაფრთხოების ძირითად ფასეულობებს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნები ევროპული პოლიტიკისათვის ჯერჯერობით მაინც მეორეხარისხოვანია.

დიდ ქვეყნებს შორის გარიგება პატარების ხარჯზე ნაშთია XIX საუკუნის იმ ევროპული პოლიტიკისა, რომელსაც „რეალპოლიტიკის“ სახელით ვიცნობთ. ამ მიდგომის შეცვლა მხოლოდ ინტელექტუალური დისკუსიებისა და ევროპულ ფასეულობებზე აპელირების მეშვეობით ძნელი იქნება. სააკაშვილის მთავრობის მცდელობა, ევროპაზე გავლენა აშშ-ის საშუალებით მოეხდინა, ასევე წარუმატებელი გამოდგა. გვაქვს თუ არა ამ მდგომარეობის შეცვლის პოტენციალი? როგორც აღმოჩნდა, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოტენციალი საიმისოდ, რომ რუსეთის ფაქტორი გადაეწონა. არსებობს გამოსავალი, რომელსაც შექმნილი მდგომარეობა გვიკარნახებს.

ამ გამოსავლის ძალიან სპონტანური და ჯერჯერობით იქნებ გაუაზრებელი გამოვლინება იყო უკრაინის მთავრობაში საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრთა მიწვევა არა მარტო კონსულტანტებად, არამედ სამთავრობო გუნდის წევრებად. ამ გადაწყვეტილებამ, რამდენად გამაღიზიანებელიც უნდა იყოს ეს საქართველოს დღევანდელი მთავრობისათვის, აჩვენა, რომ, საერთო გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებობს უფრო მჭირდო თანამშრომლობის პოტენციალი, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.

მოხელეების დასაქმება ამ თანამშრომლობის მხოლოდ ზედაპირული ასპექტია, რომელიც, უფრო სიღრმისეული ფორმით, ინტეგრაციად შეგვიძლია გადავთარგმნოთ. რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ დაანაწევრა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნები. ერთ მხარეს დარჩნენ ევრაზიული კავშირის წევრები ან ისეთი ქვეყნები, რომლებისთვისაც ევროატლანტიკური დიდად მომხიბვლელი არ არის, ხოლო მეორე მხარეს „ინტეგრისტები“: მოლდავეთი, საქართველო და უკრაინა. ეს მდგომარეობა საქართველოსთვის, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ერთგვარად მოგებიანიც გამოდგა: მან საქართველო ამოაგდო კლიშედ ქცეული კავკასიის რეგიონული კონტექსტიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ახალი, გეოპოლიტიკურად ევროპასთან უფრო ახლო კონტექსტის ნაწილად აქცია (მოლდავეთი, უკრაინა, საქართველო).

ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში სამივე ქვეყანა მიზნად ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ისახავს, ერთი და იგივე პრობლემები და გამოცდილება აკავშირებს (სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიები), და ეკონომიკურადაც მსგავსი სტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, უფრო ადვილია ამ ქვეყნებს შორის ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმის მოძებნა – ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სხვა სფეროებში.

ამ სამი ქვეყნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მათ მეტ წონას შესძენს და ნაკლებად შესაძლებელს გახდის მათ იგნორირებას. გარდა ამისა, სამი ქვეყნის მჭიდრო ალიანსს საშუალება ექნება ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმა გამონახოს, ვთქვათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან, რომლებიც, თავიანთი ფასეულობებითა და გამოცდილებით, ჩვენთან უფრო ახლოს დგანან, ვიდრე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები.

ცხადია, ეს ინტეგრაცია არ გულისხმობს ერთი ხელის დაკვრით და მოუმზადებლად გადასვლას თანამშრომლობის იმ ხარისხზე, როგორიც დღეს ევროკავშირში მოქმედებს. ინტეგრაციული პროექტები შეიძლება შედარებით მცირე მასშტაბისა იყოს. ევროკავშირიც, როგორც გახსოვთ, ბელგიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, იტალიას, ლუქსემბურგსა და გერმანიას შორის „ქვანახშირისა და ფოლადის კავშირით“ დაიწყო. ამგვარი ინტეგრაციისათვის ეს ქვეყნები დღეს ბევრად უფრო ბუნებრივად არიან მზად, ვიდრე თავის დროს, სუამის მხოლოდ ქაღალდზე შექმნილი პროექტი იყო. ის, რაც ინდივიდუალურ და საკადრო დონეზეა შესაძლებელი, თავისუფლად შეიძლება, ინსტიტუციურ დონეზეც არსებობდეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG