Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 12 იანვარი 2016

„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა 8 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერით განაცხადა, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანიის, „გაზპრომის“ წარმომადგენელს, ელენა ბურმისტროვას შეხვდა. ცისკარიშვილის თქმით, ლაპარაკია იმაზე, რომ „გაზპრომმა“ საქართველოს იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი უნდა მიაწოდოს, რომ ადგილობრივი მოხმარების 50 % დაფაროს. ცისკარიშვილის ინფორმაცია არ დასტურდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს: ერთი მხრივ, ის აცხადებს, რომ საუბარი წყაროების დივერსიფიკაციაზეა, მეორე მხრივ, ამბობს, რომ თითქოს საუბარი მხოლოდ ანაზღაურების ფორმის ცვლილებაზეა და მეტზე არაფერზე. ხელისუფლების დე ფაქტო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის 27 ოქტომბერს განაცხადა, რუსეთის გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, არაფერი დაშავდებაო. ყველა შემთხვევაში, როგორც ეტყობა, საკითხი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული და გადაწყვეტილი არ არის.

იმის განხილვაზე სანამ გადავალ, თუ რამდენად მავნე იქნება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, გადავხედოთ იმას, თუ რა სიტუაცია გვაქვს ამჟამად ბუნებრივი აირის მიწოდების ბაზარზე.

საქართველო ამჟამად გაზს სამი წყაროდან იღებს: პირველი არის საერთაშორისო კორპორაცია „შაჰდენიზის“ გაზსადენი, რომლისგანაც გაზის გატარების სანაცვლოდ (ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით) საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს იღებს დაბალ ფასად; სურვილის შემთხვევაში, „შაჰდენიზიდან“ საქართველოს შეუძლია მიიღოს იმ რაოდენობის ბუნებრივი აირი, რამდენსაც მოითხოვს, ოღონდ საერთაშორისო ფასის შესაბამისად. მეორე წყარო არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია "სოკარი", რომელიც საქართველოს გაზს აწვდის ორი სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში. ხოლო მესამე თავად „გაზპრომია“, რომელიც საქართველოს ტრანზიტის ღირებულების სახით აწვდის სომხეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობის 10 პროცენტს შეღავათიან ფასად.

საერთო ჯამში, „გაზპრომზე“ საქართველოს საერთო გაზმომარაგების მხოლოდ მცირე წილი მოდის. ხელისუფლებას ამ წილის გაზრდა სურს.

ინტერნეტგამოცემა Кавказ Online-ის ცნობით, „სოკარის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნით ირანთან და რუსეთთან საქართველოს მოლაპარაკებები პოლიტიკურ ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე ეკონომიკურს. ამას ისინი იმით ასაბუთებენ, რომ აზერბაიჯანული კომპანიები სტაბილური მიმწოდებლები არიან, შეუძლიათ დააკმაყოფილონ გაზრდილი მოთხოვნა და მომავალში ფასების გაზრდასაც არ გეგმავენ. „გაზპრომთან“ მოლაპარაკებას რაც შეეხება, იგივე ინტერნეტგამოცემა წერს, რომ, საქართველოს ხელისუფლების ცნობით, „გაზპრომს“ სურს გაზარდოს სომხეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა თბოელექტროსადგურ „რაზდანის“ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ასევე საქართველოსთვის გაზრდილი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდება.

გაზსადენს, რომლითაც რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს აწოდებს, ფლობს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რომლის მფლობელიც არის სახელმწიფო. ამ გაზსადენის შესყიდვის ინტერესი წარსულში რუსეთმა ღიად გამოთქვა. საქართველოს მხრიდანაც, ერთი პერიოდი, იყო საუბარი იმაზე, რომ ეს გაზსადენი რუსეთს მიეყიდა. ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე 2005 წელს აცხადებდა, რომ პრობლემა არ იქნებოდა, თუ გაზსადენი „გაზპრომის“ მფლობელობაში გადავიდოდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით ამერიკის გაღიზიანება რომ არ გამოეწვია, სააკაშვილმა რამდენიმე თვეში განაცხადა, რომ გაზსადენის გაყიდვა არ იგეგმებოდა.

ამის მიუხედავად, რუსეთს გაზსადენის ყიდვისადმი ინტერესი არ დაუკარგავს. 2006 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს გაზის მიწოდების ფასი გაუძვირა. მედვედევმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო გაზრდილი ფასის ღირებულება აქტივებით დაეფარა. კითხვაზე, თუ რომელი აქტივები აინტერესებდა რუსეთს, მედვედევმა შემდეგნაირად უპასუხა: "ეს მათი ამოცანაა. მე მრჩევლად არ გამოვალ. წარსულში ჩვენ მივუთითეთ, რომელი აქტივები გვაინტერესებდა, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერი მოვისმინეთ“. ცხადია, მედვედევი სწორედ ისევ მაგისტრალური გაზსადენის ყიდვას გულისხმობდა.

აშკარაა და დღესავით ნათელია, რომ რუსეთის მოკლევადიანი მიზანი ისევ ამ გაზსადენის ხელში ჩაგდებაა. გრძელვადიანი მიზანი კი რეგიონის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების და პოლიტიკური დამოკიდებულების გაზრდაა. ამას საქართველოს ხელისუფლება ან ვერ იაზრებს, ან ზეწოლის ქვეშ არის, ანაც გამიზნულად პრორუსულ პოზიციას იკავებს. მესამე დროებით გამოვრიცხოთ, რადგან მაშინ რამის განხილვას აზრი საერთოდ დაეკარგება და პირდაპირ ხელისუფლების შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ. პირველი და მეორე შესაძლებლობა განვიხილოთ.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ხელისუფლების დე ფაქტო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის 27 ოქტომბერს განაცხადა, რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, რა დაშავდებაო. დავიწყოთ იმით, რომ ევროპისთვის ამ გაზზე დამოკიდებულება არჩევანი კი არ არის, მოცემულობაა, რომლისგანაც გაქცევას ევროპის ქვეყნები დღემდე ცდილობენ. ჩვენ მაშინ, როცა არჩევანი გვაქვს, მტრულად განწყობილი სახელმწიფოსთვის ზემოქმედების ბერკეტების გაზრდა არაფერში გვჭირდება. რუსეთთან გარიგებით ადვილად შესაძლებელია, რომ გავიფუჭოთ საქმე ძველ და საიმედო პარტნიორთან - აზერბაიჯანთან - და მომავალში დივერსიფიკაციის შესაძლებლობა უფრო შევამციროთ, ფაქტობრივად, პირდაპირ მგლის ხახაში აღმოვჩნდეთ ჩვენივე ნებით. იმის ნაცვლად, რომ ახლა უკვე შემდგარი პოლიტიკური პარტნიორობის გამყარებას ვცდილობდეთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ეგზისტენციალური რისკის წარმომშობ ქვეყანასთან ვიწყებთ კეკლუცობას.

ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მხოლოდ პოლიტიკური კი არა, უბრალოდ მორალური თვალსაზრისით მიუღებელია ასეთი ენერგოკომპანიის ერთი თეთრით მაინც გამდიდრება, როგორც „გაზპრომია“. იმ ფონზე, როდესაც სხვა არჩევანიც გვაქვს, ჩვენ თავად არ უნდა გვინდოდეს ისეთი სახელმწიფოს ერთი თეთრით მაინც გამდიდრება აბსოლუტურად არაფრის ნაცვლად, როგორიც რუსეთია.

თუ რუსეთი გვაშანტაჟებს (ინტერვენციით, საზღვრების გადმოწევით და ა.შ.) და ახლა ჩვენი ხელისუფლება „ჩათრევას ჩაყოლა სჯობს“ ლოგიკით ხელმძღვანელობს, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვინც არ იბრძვის, ის თავისუფლებას არ იმსახურებს. თუ საკითხი ასე დგას, ჯობია, ახლავე ავტეხოთ განგაშის ზარები და საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვიდრე რამდენიმე წელიწადში არსებითად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, საიდანაც თავის დახსნა გაგვიჭირდება.

შეიძლება ვიღაცებისთვის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება პრინციპული საკითხი არც იყოს. საქმე ასე სულაც არ არის. ეს გეოპოლიტიკური საკითხია და ენერგოდამოკიდებულების ხარისხის გაზრდა რუსეთის ინტერესების განმტკიცებას გულისხმობს. რუსული იმპერიალიზმი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს მიზნის მიღწევას, იმ შემთხვევაში, როცა სხვა გზა არ აქვს. ამიტომ, დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გეოპოლიტიკურ თამაშებში მნიშვნელოვანი პოზიციები ჩვენივე ნებით არ დავთმოთ.

8 იანვარს გერმანიაში მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის თაოსნობით გამოდის ჰიტლერის წიგნის, „მაინ კამპფის“ („ჩემი ბრძოლა“) სამეცნიერო გამოცემა.

რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დაწერილი ყველაზე საშინელი წიგნის დღეს გამოქვეყნება? ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც „მაუსის ერთი მოსმით“ შეგიძლია ეს წიგნი პირდაპირ „გადმოქაჩო“ ან შეიძინო, წიგნის არგამოცემა აზრს კარგავს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ იურიდიული ასპექტი: ჰიტლერის სიკვდილიდან 70 წლის შემდეგ (2015 წლის დასასრულიდან), წიგნი საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ხდება და თეორიულად ნებისმიერი ადამიანი შეძლებს „მაინ კამპფის“ გამოქვეყნებას. (2015 წლის ბოლომდე წიგნის საავტორო უფლებები ეკუთვნოდა ბავარიის მთავრობას, რომელიც წიგნს არ გამოსცემდა.)

"მაინ კამპფის" კრიტიკული გამოცემა
"მაინ კამპფის" კრიტიკული გამოცემა

„მაინ კამპფის“ კრიტიკული გამოცემის განსახორციელებლად შეიკრიბა მეცნიერთა დიდი ჯგუფი, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის წამყვან ისტორიკოსებთან ერთად გაერთიანებული არიან ამ კონფლიქტიდან ერთი შეხედვით ისე დაშორებული სპეციალისტები, როგორებიც გახლავან გერმანისტები და გენეტიკოსები. მეცნიერთა ამ ჯგუფის მიერ კომენტირებულია ყველა ის აბსურდული დებულება, რომელიც „მაინ კამპფში“ ჰიტლერის მიერ არის ფორმულირებული. კომენტარების საერთო რაოდენობა 3 700-ზე მეტია.

„მაინ კამპფის“ კრიტიკულ გამოცემაში თავმოყრილია მთელი ის ცოდნა, რაც ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე დააგროვეს ისტორიკოსებმა იმ დანაშაულებების შესახებ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ჰიტლერის წიგნთან. ამ დანაშაულებების უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა ჩადენილი: ვერმახტის მიერ ებრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ქალების და ბავშვების, სისტემური განადგურება პირველად იწყება უკრაინის ტერიტორიაზე 1941 წლის გვიან ზაფხულს-ადრეულ შემოდგომას. შეგახენებთ ასევე, რომ „მაინ კამპფის“ რასისტული იდეოლოგიით გამსჭვალული გერმანელი სამხედროების კისერზეა 2,8-2,9 მილიონი საბჭოთა სამხედრო ტყვის სიკვდილი 1941-1942 წლის ზამთარში.

ჰიტლერმა „მაინ კამპფის“ ძირითადი ნაწილი 1924 წელს დაწერა ციხეში ჯდომისას. წიგნის პირველ ტომში არის ავტობიოგრაფიული ჩანაწერენი, რომლებიც მას საშუალებას აძლევს საკუთარი მსოფლმხედველობა - რასიზმი, ანტისემიტიზმი, - წარმოაჩინოს. წიგნის მეორე ტომი წარმოადგენს ჰიტლერის პოლიტიკურ რეცეპტებს გერმანიის ასაღორძინებლად. ერთი საინტერესო დეტალი: მიუხედავად ებრაელების სრული დიაბოლიზაციისა, მკითხველი ამ ორტომეულში ვერ ნახავს მათი მასობრივი განადგურებისაკენ პირდაპირ მოწოდებას. სამაგიეროდ საბჭოთა კავშირის (რომელსაც ჰიტლერი წიგნში რუსეთად მოიხსენიებს) სრული კოლონიზება, როგორც საშუალება გერმანიის აღორძინებისა, პირდაპირ არის განცხადებული „მაინ კამპფში“.

"მაინ კამპფის" 1940 წლის გამოცემა
"მაინ კამპფის" 1940 წლის გამოცემა

ეს წიგნი ხშირად განიხილება ჰიტლერის პოლიტიკურ პროგრამად. სინამდვილეში, როცა ჰიტლერი „მაინ კამპფს“ წერდა, იგი დარწმუნებული იყო, რომ როგორც პოლიტიკოსს, მას მომავალი არ გააჩნდა: ჰიტლერს მისჯილი ჰქონდა ხუთწლიანი პატიმრობა (და არ იცოდა, რომ 9 თვის პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებდნენ), ხოლო მისი პარტია აკრძალული იყო. 1924 წლის 7 ივლისს ჰიტლერი ოფიციალურადაც კი გამოაცხადებს, რომ ტოვებს პოლიტიკურ ცხოვრებას და რომ მისი მიზანი „მაინ კამპფზე“ მუშაობაა. ასე რომ, „მაინ კამპფი“ ჰიტლერის პოლიტიკური ანდერძი უფრო არის, ვიდრე სამომავლო პოლიტიკური პროგრამა: „1924 წელს მე რომ მცოდნოდა, რომ ერთ დღეს კანცლერი გავხდებოდი, არასდროს არ დავწერდი ამ წიგნს“ - ეტყვის ჰიტლერი მოგვიანებით თავის თანამებრძოლ ჰანს ფრანკს. ჰიტლერი რომ გულწრფელი იყო, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისი 1928 წელს დაწერილი „მეორე წიგნი“ (წიგნი უსათაუროა და ცნობილია „მეორე წიგნის“ სახელწოდებით), მას არასდროს გამოუქვეყნებია.

1945 წლამდე „მაინ კამპფის“ საერთო ტირაჟმა მარტო გერმანულ ენაზე 12,5 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. რამდენად პოპულარული იყო ეს წიგნი გერმანელებს შორის? 1946 წლის თებერვალში და 1947 წლის ნოემბერში, გერმანიაში ამერიკის საოკუპაციო ჯარებმა ჩაატარეს ორი სოციოლოგიური კვლევა. პირველი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 7%, ხოლო მეორე კვლევის მიხედვით, მხოლოდ 5%-მა აღიარა, რომ წიგნი სრულად ჰქონდა წაკითხული. 14% და 16%-ს კი წიგნის მხოლოდ ნაწილის წაკითხვა მოუხერხებია. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ 800-გვერდიანი ეს წიგნი ძალიან აბდაუბდად და მძიმე ენით არის დაწერილი.

ნაცისტურმა იდეოლოგიამ ძალიან ცოტა ლიტერატურა შექმნა. ნაციონალ-სოციალისტებს უნდოდათ, რომ ბიბლია „მაინ კამპფით“ ჩაენაცვლებინათ და დღესაც ეს წიგნი საზოგადოებაში ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ბიბლიად აღიქმება. მაშინ, როცა წიგნის შინაარსი ფაქტობრივად უცნობია მკითხველისათვის, ამ წიგნის კრიტიკული გამოცემა შეძლებს დაანგრიოს ის მითები და სიმბოლოები, რომლებიც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დაწერილი ყველაზე საშინელი წიგნის გარშემო არსებობს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG