Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 22 იანვარი 2016

1933 წლის 3 თებერვალს საღამოს, ხელისუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლიდან 72 საათის შემდეგ, გერმანიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, კურტ ფონ ჰამერშტაინის ოფიციალურ რეზიდენციაში, აღელვება სუფევდა. რვა საათის შესრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როცა კურტ ფონ ჰამერშტაინი უკანასკნელად შეავლებს თვალს გაშლილ მაგიდას და შემოსასვლელისკენ გაემართება. ზუსტად რვა საათზე სახლის ზღურბლთან ლიმუზინების დეფილე დაიწყება. ამ საღამოს ჰამერშტაინების ოჯახში მოწვეული იყო გერმანული შეიარაღებული ძალების ელიტა: თავდაცვის მინისტრი ვერნერ ფონ ბლომბერგი, გენერალი ლუდვიგ ბეკი და მომავალი მარშლები, რომლებიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისას გადამწყვეტ როლს ითამაშებენ - ფონ ბრაუხიჩი, ფონ ლეები, ფონ ბოკი, ფონ რუნდშტეტი და ფონ რაიხენაუ. მოწვეულთა შორის ერთადერთი მოულოდნელი სტუმარი (და კურტ ფონ ჰამერშტაინის აღელვების მიზეზი) გახლდათ ადოლფ ჰიტლერი, ყოფილი კაპრალი და გერმანიის ახლადგამომცხვარი კანცლერი, რომელიც ამ სადილზე თავს თვითონ დაიპატიჟებს და ჰამერშტაინის რეზიდენციაში მხოლოდ ერთი თანხმლები ადიუტანტის ამარა გამოცხადდება.

თვითმხილველების ცნობით, ჰიტლერს სადილის დროს ხმა არ ამოუღია: ადვილი წარმოსადგენია, რომ ყოფილმა კაპრალმა თავი უხერხულად იგრძნო გერმანული არისტოკრატიის და სამხედრო ელიტის გარემოცვაში. ეს მით უმეტეს გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთ იქ დამსწრეს არ ჰქონდა მანამდე გამომჟღავნებული არანაირი სიმპათია ნაციონალ-სოციალისტების მიმართ. ვახშმის დამთავრებისას ოჯახის დიასახლისი მარია ფონ ჰამერშტაინი გამოემშვიდობება დამსწრეთ და ავა მეორე სართულზე, სადაც თავის ქალიშვილებს შეუერთდება. როგორც კი გერმანული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მეუღლე დატოვებს სუფრას, ჰიტლერი პირველად დაარღვევს სიჩუმეს: ფეხზე მდგარი, პაუზის გარეშე, იგი ორსაათიან სიტყვას წარმოთქვამს. ჩვენ ამ ხანგრძლივი მონოლოგის სამი ვერსია გაგვაჩნია, რაც მისი ზუსტი რეკონსტრუქციის საშუალებას გვაძლევს.

ჰიტლერი თავის სიტყვას დაიწყებს საყვარელი თემით: ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ბრძოლა რასებს შორის; რჩეული რასის ხვედრია ბატონობდეს სხვა რასებზე და აშ. ამ ზოგადი შესავლიდან ჰიტლერი მალე გადავა კონკრეტული გეგმის ფორმულირებაზე: „უკვე 14 წელია, რაც მე ვწინასწარმეტყველებ. (...) ექვსიდან რვა წლის განმავლობაში მარქსიზმი იქნება განადგურებული (გერმანიაში - ლ.ო.), ხოლო ხალხი (გერმანელები - ლ.ო.) იქნება ნაციონალ-სოციალიზმის სულისკვეთებით განათლებული. აი, მაშინ არმია იქნება მზად აქტიური საგარეო პოლიტიკა გააგრძელოს იარაღის საშუალებით, რათა მოიპოვოს გერმანული სასიცოცხლო სივრცე. ეს სასიცოცხლო სივრცე აღმოსავლეთითაა. იქ, აღმოსავლეთით (საბჭოთა კავშირი - ლ.ო.) დაპყრობილი ხალხის გერმანიზება შეუძლებელია. ჩვენ შევძლებთ მხოლოდ მიწის გერმანიზებას. (...) ჩვენ მოგვიწევს, განვდევნოთ რამდენიმე მილიონი ადამიანი ამ დაპყრობილი მიწებიდან. (...) ჩვენ (ნაცისტები - ლ.ო.) ყოველთვის ვიდგებით არმიის გვერდით, ჩვენ ვიმუშავებთ არმიის გვერდით და არმიასთან ერთად. (...) ბატონო გენერლებო, მე თქვენ მოგმართავთ ერთადერთი თხოვნით: მხარში ამომიდექით მე და იბრძოლეთ ჩემთან ერთად ამ დიადი მიზნისათვის. ოღონდ დამეხმარეთ არა მარტო იარაღით, არამედ მორალურად. ჩემს გარდა თქვენ ვერასდროს ვერ იპოვით სხვა ადამიანს, რომელიც ყველაფერს ჩააყენებს ერთადერთი მიზნის სამსახურში, მიზნისა, რომლის სახელი გერმანიის გადარჩენაა!“

არც ერთი ამ გენერალთაგანი (რომლებიც საკუთარ თავს ევროპული ცივილიზაციის და ფასეულობების ფორპოსტად თვლიდნენ) არ შეაჩერებს ორატორს, არ გამოთქვამს გაოცებას ჰიტლერის ამ აბსურდული პროგრამის გამო, რომელიც უბრალოდ მთელ ევროპულ პოლიტიკურ ტრადიციას უარყოფდა. არც ერთს არ გაუკვირდება იმის აღმოჩენა, რომ „მაინ კამპფში“ განცხადებული პროგრამა არ იყო საარჩევნო დემაგოგია. პირიქით, ეს იქნება პირველი დღე, როდესაც ეს გენერალიტეტი (ამაყი საკუთარი პრუსიული ღირსების კოდექსით), უხმოდ დადებს პაქტს ჰიტლერთან. 1933 წლის 3 თებერვლიდან მოყოლებული 1939 წლამდე ჰიტლერის დიპლომატიური და ეკონომიკური მიღწევების გამო, ჰიტლერსა და მის გენერალიტეტს შორის ეს პაქტი მხოლოდ და მხოლოდ განმტკიცებული იქნება. ხოლო 1939 წლიდან მოყოლებული, როდესაც ამ წარმატებებს დაემატება გერმანიის სამხედრო მიღწევები (რომლებშიც ჰიტლერის როლი დიდი იყო), ისინი საბოლოოდ გააქარწყლებენ სამხედროებში უკანასკნელ ეჭვებს.

ამ პერიოდიდან დაწყებული ეს გენერალიტეტი საბოლოოდ დაიჯერებს, რომ ჰიტლერი წინასწარმეტყველია. თუ 1938-1940 წლებში ჰიტლერის ყოველ სამხედრო ავანტიურას კიდევ ჰყავდა ერთი-ორი მოწინააღმდეგე გერმანულ გენერალიტეტს შორის, ბარბაროსას ოპერაციის შემუშავებისას ყველა გენერალი ერთსულოვნად დაირაზმება ჰიტლერის უკან. არადა საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმამდე მსოფლიო სამხედრო ისტორიაში არასდროს არ დასახულა ისეთი ამბიციური პოლიტიკური და სამხედრო გეგმები და არასდროს სამხედრო ოპერაცია არ ყოფილა შემუშავებული ისეთი დიდი დილეტანტიზმით და მეტოქის ზიზღით, როგორც ეს ბარბაროსას ოპერაციის შემთხვევაში გახლდათ.

რწმენა, რომ ჰიტლერი წინასწარმეტყველია, ამ გენერლებს აიძულებს, ერთი ხელის მოსმით გადახაზონ ყველა არსებული ტაბუ და გახდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ და სისტემურ მკვლელებად.

1933 წლის 3 თებერვალს დამსწრე გენერლებს შორის ერთადერთი, რომელიც შემდგომში შეეცდება ჰიტლერის შეჩერებას, იქნება გერმანული გენშტაბის მომავალი ხელმძღვანელი ლუდვიგ ბეკი. ბედის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ 1944 წლის 20 ივლისის შეთქმულებას ჰიტლერის წინააღმდეგ ბეკი გაუძღვება ზუსტად იმ სახლის იმ სასადილო ოთახიდან, სადაც 1933 წლის 3 თებერვალს ჰიტლერი დაუდებს გენერალიტეტს პაქტს...

1933 წლის 4 თებერვალს წინადღით შეხვედრაზე მყოფი ერთ-ერთი ვიცე-ადმირალი გადასცემს კურტ ფონ ჰამერშტაინს წინა ღამის შეხვედრის არაოფიციალურ პროტოკოლს ჰიტლერის გამოსვლის სტენოგრამით. იმავე საღამოს, გენერალ ჰამერშტაინის 20 წლის ქალშვილი ჰელგა, მამისგან უჩუმრად გადაიწერს ამ 1700 სიტყვიან პროტოკოლს და გადასცემს თავის შეყვარებულ ლეო როტს, გერმანიის კომუნისტური პარტიის დაზვერვის ერთ-ერთ ხელმძღვანელს. 1933 წლის 6 თებერვალს გენერალიტეტთან შეხვედრისას ჰიტლერის მიერ წარმოთქმული მონოლოგის სტენოგრამა უკვე სტალინის მაგიდაზე იდება.

ხელისუფლების სათავეში ჰიტლერის მოსვლიდან ექვს დღეში სტალინის ხელში იქნება არა ნაცისტების საარჩევნო პროგრამა, ან ფიურერის მიტინგზე წარმოთქმული სიტყვა, არამედ ჰიტლერის ის სტრატეგიული მიზნები, რომელთა რეალიზებასაც გერმანიის კანცლერი მოსთხოვს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს. ჰიტლერის კანცლერად გახდომის ექვს დღეში სტალინის ხელში აღმოჩნდება ტექსტი, რომელშიც ჰიტლერი პირდაპირ საუბრობს საბჭოთა კავშირის განადგურებაზე. 7 თვის შემდეგ, ჰიტლერის მონოლოგის სტენოგრამას დაემატება რუსულად ნათარგმნი „მაინ კამპფის“ ეგზემპლარი.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ბევრად უფრო მეტი იცოდა ჰიტლერზე და გერმანიაზე, ვიდრე ფიურერმა საბჭოთა კავშირზე ან მის ბელადზე, 1933 წლიდან მოყოლებული სტალინი ჰიტლერთან ორთაბრძოლაში მუდმივად „ერთი სვლით უკან“ იქნება: 1933 წლიდან მოყოლებული ბელადი მუდმივად იქნება იძულებული, ითამაშოს ფიურერის მიერ არჩეულ დროს და ჰიტლერის მიერ დადგენილი წესების მიხედვით.

ერთ-ერთ ძველ ბლოგში მე უკვე ვისაუბრე იმ საბედისწერო შეცდომაზე, რომელსაც სტალინი 1941 წელს დაუშვებს და რომელიც საბჭოთა კავშირს მილიონობით ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდება. დღეს უბრალოდ დავამატებ, რომ სტალინი, საბჭოთა კავშირზე ჰიტლერის თავდასხმიდან ორი წლის თავზეც ვერ მიხვდება, ვინ იყო ან რა სახის ომს აწარმოებდა ფიურერი და 1943 წლის ივლისამდე, ანუ სტალინგრადში გამარჯვებიდან კიდევ თითქმის ექვსი თვე, შეეცდება ჰიტლერთან სეპარატული ზავის დადებას.

სადარბაზოდან გამოვედი. გვიანი საღამო იყო. იქვე, გვერდით, სადარბაზოს კიბეზე, ახალგაზრდები ჩამომსხდარიყვნენ. მშვიდად საუბრობდნენ. მგონი, თითო ბოთლი ლუდიც ეჭირათ ხელში. სანამ დანახვა მოვასწარი, მივუახლოვდი კიდეც. მანქანები ისე მჭიდროდ იყო ჩამწკრივებული, გზის გასაგრძელებლად ბიჭებს შორის უნდა გამევლო.

„გამარჯობა“ - ვუთხარი და გავუღიმე. ღიმილი, ალბათ, არ დაუნახავთ, ბნელოდა მაინც. მაგრამ „გამარჯობას“ გაიგონებდნენ.

არ მიპასუხეს.

„უკაცრავად“ - ვუთხარი, როცა მათ შორის მომიხდა გავლა.

გაჩუმდნენ და შემომხედეს. ასე, სიჩუმეში გამატარეს. მე კი ისევ ვთქვი: „გამარჯობა!“ და მთელი სითბო ჩავაყოლე, რადგან ვიგრძენი, რომ კარგი ბიჭები იყვნენ. ისხდნენ და საუბრობდნენ რაღაცაზე მშვიდად.

არ მიპასუხეს... უბრალოდ მიყურებდნენ გაკვირვებული.

რა ვიცი, აბა? შეიძლება, არც არაფერი. მაგრამ მე მაინც ჩამწყდა გული. რაღაცნაირი გრძნობაა, არა, სალამზე რომ არ გიპასუხებენ?

...იმ დღეს ქუჩაზე გადავდიოდი და ძველი ნაცნობი დავინახე. გამარჯობა-მეთქი, შორიდანვე გავუღიმე. უცნაურად მიყურა და ისე ჩამიარა, არ მიპასუხა. ალბათ, შემეშალა და სხვა იყო...

ერთხელაც მაღაზიაში შევედი და, გამარჯობა-მეთქი, ხმამაღლა ვთქვი. ეს ისეთი მაღაზია არ იყო, თვითონ რომ გასწრებენ „გამარჯობას“ და ისე რომ ჟღერს, როგორც „ნახვამდის“, და „ეს მაჩვენეთ“-ზე რომ გპასუხობენ, თქვენ პატარა გექნებათო. ისეთი მაღაზია იყო, რომ „გამარჯობა“ მე უნდა მეთქვა. ჰოდა, გავიღიმე ფართოდ და გულთბილად. გამყიდველებმა კი შემომხედეს და თვალი გაუშტერდათ. მიყურებდნენ დიდხანს და სერიოზულად. მერე კიდევ ერთხელ ვთქვი „გამარჯობა“... მაინც არ მიპასუხეს. თუმცა მკითხეს, რით დაგეხმაროთო.

ბავშვობიდან ვიცოდი ეს ამბავი: როცა მაღაზიაში შევიდოდი, ბრძოლისათვის უნდა მოვმზადებულიყავი, რადგან საბჭოთა გამყიდველი გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო. მას ჰქონდა დაბალი ხელფასი და „ჰეგემონის“ ღირსება. ეს არც არავის უკვირდა და მინახავს, როგორ ცდილობდნენ დახლზე გადაწოლილი ადამიანები მაღალ თაროზე შემოდებული კოლოფის ფასი თავად დაენახათ. ალბათ, ამ გოგოებსაც დაბალი ხელფასი აქვთ. მაგრამ მათ ხომ არ იციან, რამდენი აქვს ხელფასი იმას, ვისაც გამარჯობაზე არ უპასუხეს.

...მეგობარმა მიამბო: ტაქსიში ჩავჯექი და მძღოლს ინსტინქტურად გამარჯობა რომ ვუთხარი, რაღაც უცნაურად დამიწყო თვალიერებაო. ეტყობოდა, ცდილობდა გაეხსენებინა, საიდან ვიცნობდი და, როცა დარწმუნდა, რომ არ ვიცნობ, ეშმაკურად გამიღიმაო. არ დაუწყია: იმ დღეს ერთი თქვენნაირი ქალბატონი ჩამიჯდაო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მიღიმოდა, ძალიან დავიძაბე და დიდხანს გამყვა უხერხულობის გრძნობაო.

ამას წინათ ერთმა კოლეგამ დაწერა ფეისბუკზე, როგორ შევიდა ნაქები ფუნთუშების გასასინჯად ერთი პრესტიჟული სასტუმროს კაფეში; როგორ დახვდა იქ ორი ახალგაზრდა მიმტანი თუ მუშაკი და სალამზე არ უპასუხა; როგორ მისდევდა მათ იმ თავისი „გამარჯობით“, და როგორ გარბოდნენ ისინი... ალბათ, მენეჯერისთვის უნდა ეკითხათ ნებართვა, „გამარჯობაზე“ რომ ეპასუხათ. სხვათა შორის, მისი პოსტის წაკითხვის შემდეგ სასტუმრომ მოიბოდიშა. ახალგაზრდებს კი, ალბათ, დღესაც უკვირთ, რას უჩიოდნენ: „რა გამარჯობა? ვიცნობდით, თუ რა?!“

უცნობის ამბავია, თორემ საქართველოში ნაცნობებს როგორ ხვდებიან, ისედაც ვიცით.

...იმ დღეს გიჟივით გამოვვარდი ლექციიდან, რადიოში ჩაწერა მეწყებოდა და წუთები მქონდა დათვლილი. გული ცუდს მიგრძნობდა და ასეც მოხდა: მანქანა ხაზებში ვერ დავაყენე (ან კი სად არის ადგილი ამ ხაზებში, ამ ტროტუარებზე?). ლექციას ხომ არ გავაცდენდი? მანქანა „სტაიანშჩიკს“ ჩავაბარე და გავვარდი. მოკლედ, რომ დავბრუნდი, აღარც მანქანა დამხვდა, და აღარც „სტაიანშჩიკი“. ამ დროს ახალგაზრდების ჯგუფი მომიახლოვდა. გამიღიმეს და, გამარჯობაო, მითხრეს. მე დავიბენი და მივაშტერდი. „ჩემები არიან? თუ იქნებ ისინი, შარშან მოხალისეებად რომ შემოდიოდნენ ლექციებზე?“ მოკლედ, ვერ ვიცანი. ამასობაში ჩამიარეს კიდეც. გაგიმარჯოთ-მეთქი, მივაძახე, მაგრამ აღარ გაუგონიათ. „სითი პარკის“ ბრალი იყო, მაგათ მომიშალეს ნერვები.

დღეს კი ბლოგი, თუ რაღაც ამგვარი დავწერე. გამახსენდა, რომ ასეთი ჟურნალისტიკაც არსებობს. მე არასოდეს დამიწერია, ახლა კი რაღაცნაირად მომინდა. ალბათ კიდევ დავწერ...

მოკლედ, გამარჯობა!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG