Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016

1970-იანების დასასრულს იოანე-პავლე II-ის სახით კათოლიკურ სამყაროს მოევლინა პოლიტიკური პაპი - ამას ცივი ომის კონტექსტი მოითხოვდა და წარმოშობით პოლონელმა პაპმა ბევრი გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაციისათვის. XXI-ე საუკუნის დასაწყისში პოლონელი იოანე-პავლე II შეცვალა დოგმატურმა პაპმა. არანაირი ისტორიული კონტექსტი არ მოითხოვდა ბენედიქტე XVI-ის დოგმატურობას და მან თავისი განცხადებებით რელიგიათა და კონფესიათა შორის დიალოგში მხოლოდ შუღლი და კონფლიქტი შეიტანა.

დღეს კი კათოლიკურ სამყაროს ჰყავს სოციალური პაპი, რომელიც პირველ რიგში უმწეოთა და დევნილთა პრობლემებითაა დაკავებული - შემთხვევითი არ არის, თუ არგენტინელმა კარდინალმა ხორხე მარიო ბერგოლიომ პაპად ინთრონიზაციისას ფრანცისკე ასიზელის სახელი აირჩია.

მომავლის შემყურე იოან-პავლე II-მ თავისი მოღვაწეობით მეორე სუნთქვა შესძინა დოგმებით, იერარქიით თუ პომპეზურობით დამძიმებულ ვატიკანს. მისგან განსხვავებით, ბენედიქტე XVI-მ კათოლიციზმის უკან, დოგმებით დამძიმებულ წარსულში, წაყვანა სცადა (რაც სამწუხაროდ გამოუვიდა კიდეც ნაწილობრივ). ორი წინამორბედი პაპისგან განსხვავებით პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა პირველ რიგში მზერა აწმყოსკენ და მასში მცხოვრები ყველა უმწეოსა და დაჩაგრულისკენ მიემართა.

ფრანცისკეს მოღვაწეობის სოციალური განზომილება იმდენად დიდია, რომ გადის კონფესიურ-რელიგიური საზღვრებიდან და იგი არა მხოლოდ კათოლიკეების, არამედ ზოგადად უმწეოთა და დაჩაგრულთა მფარველი გახდა. პაპი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ევროპასა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ლტოლვილების შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ლტოლვილების უფლებებს არღვევს; პაპი, რომელსაც საბერძნეთიდან ვატიკანში საკუთარი თვითმფრინავით მიჰყავს მუსულმანი ლტოლვილი სირიელები; პაპი, რომელიც სტრასბურგში ევროპარლამენტარებს უცხადებს, რომ ევროპა არ ასრულებს ჟენევის ხელშეკრულებებს ლტოლვილების შესახებ - ეს პაპი მართლაც, რომ გახდა ყველა დამცირებულისა და შეურაცხყოფილის ქომაგი.

პაპ ფრანცისკეს მიერ ვატიკანში სირიელი მუსულმანი ლტოლვილების წაყვანა არის ასევე ისეთი კათოლიკური ქვეყნების კრიტიკა, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი, რომელთა პოპულისტური მთავრობები კათოლიციზმის სახელით უარს აცხადებენ სირიელი ლტოლვილების მიღებაზე. ხოლო ფოტოსურათი, რომელზეც მუსულმანი ქალი ხელზე ჰკოცნის და დალოცვას სთხოვს პაპს, ან როცა ფრანცისკე ფეხს ჰბანს მუსულმან ქალს, არის ის სიმბოლო, რომლისაც ისლამისტებს უფრო ეშინიათ, ვიდრე ამერიკული დრონებისა, რადგან ეს ხატი ანგრევს მათ პროპაგანდას დასავლეთის მიერ ისლამის წინააღმდეგ მიმართულ ჯვაროსნულ ომზე.

დიდი ხანია უკვე, რაც ღარიბ სამხრეთსა და მდიდარ ჩრდილოეთს შორის დიალოგს სჭირდებოდა პერსონიფიცირებული სახე. ზოგიერთის აზრით ბარაკ ობამა იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც ხელეწიფებოდა, რომ ეს „ჯვარი ეტვირთა“ - გაიხსენეთ 2009 წლის 4 ივნისს ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტში, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა. თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეს ფუნქცია თავის თავზე აეღო.

ბუენოს-აირესში დაბადებული იტალიელი ეკონომიკური ემიგრანტის შვილიშვილი ხორხე მარიო ბერგოლიო მოდის ღარიბი სამხრეთიდან და გაკვეთილს აძლევს მდიდარ ჩრდილოეთს ზუსტად იმ მომენტში, როცა ბევრმა ჩათვალა, რომ მდიდარ ჩრდილოეთსა და ღარიბ სამხრეთს შორის საერთო აღარაფერი იყო დარჩენილი...

XIII საუკუნეში ფრანცისკე ასიზელი იყო ქრისტიანული სამყაროს ყველაზე პოპულარული ფიგურა: მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც ოთხ ათეულ წელიწადში ფრანცისკე ასიზელის შესახებ ექვსი სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული თხზულება დაიწყებს ევროპის ქალაქებში ცირკულირებას. დღეს WIN/Gallup International-ის გამოკითხვების მიხედვით, ფრანცისკე ასიზელის სეხნია რომის პაპი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა. 1228 წელს, ფრანცისკე ასიზელის პირველი ჰაგიოგრაფი წერდა თავის გმირზე: „ის, ვინც წმინდანებს შორის ყველაზე დიდი წმინდანი იყო, ცოდვილთა გვერდით გამოიყურებოდა, როგორც უბრალო ცოდვილი...“. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც პოლიტიკოს ლიდერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილია (და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანს დივიზიები არ გააჩნია), ლტოლვილების გვერდზე გამოიყურება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი და მორჩილი... შეიძლება ზუსტად ამაში იმალებოდეს ბუენოს-აირესში დაბადებული ამ არგენტინელის ის ხიბლი, რომლითაც იგი ძალიან ბევრს - განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა - ნუსხავს...

დიდი და საფუძვლიანი იმედი არსებობს იმისა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩავატარებთ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ტყუილი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ იმედის გაცრუების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საარჩევნო გარემო ახლა ისე თავისუფალია, როგორც არასდროს. ოპოზიციას მეტ-ნაკლებად რეალისტური შანსი აქვს არჩევნებში გამარჯვებისა; არჩევნებს რევოლუციური სენტიმენტები არ უძღვის წინ, რაც იმის მომასწავებელია, რომ 2012 წლისგან განსხვავებით, ამჯერად ამომრჩეველი უფრო მომზადებული იქნება არაემოციური არჩევანის გასაკეთებლად.

თუ ეს მოლოდინები გამართლდა და დემოკრატიული განვითარება არ შეფერხდა, ჩვენი პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკური დისკურსი ფუნდამენტურად გარდაიქმნება. სწორედ ამ შესაძლო გარდაქმნის თავისებურებაზე და დადებით და უარყოფით მხარეებზე მინდა გესაუბროთ. სასურველია ვიცოდეთ ის, თუ საით მივდივართ და რას მოგვიტანს ეს გზა.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, თუ რა იყო აქამდე საქართველოში ძალაუფლების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო არა საზოგადოებრივი შეთანხმება, არამედ უფრო მეტად - ხისტი ძალა. საქართველოში - ისე, როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში - ხელისუფლებას ლეგიტიმურობას განსაზღვრავდა არა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, არამედ უფრო მეტად ამ ხელისუფლების უნარი, გამოეყენებინა ძალადობრივი მეთოდები თავისი მიზნების მისაღწევად. დასახული მიზნების მიღწევაში იგულისხმება არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება, არამედ ასევე კონკრეტული ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაც (მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტების ან ბიუროკრატიული სისტემის რეფორმების განხორციელება).

ჩვენი რეგიონის ბევრ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაციას სწორედ ამგვარი ძალადობრივი ბერკეტების ფლობა და გამოყენება განსაზღვრავს. რეგიონის ამ ქვეყნების მმართველები, ამასთანავე, გაცილებით უფრო ერთპიროვნულად მართავენ თავიანთ ქვეყნებს, ვიდრე მმართველი ძალები მართავდნენ და მართავენ საქართველოში. პუტინის რუსეთი, ალიევის აზერბაიჯანი და ლუკაშენკოს ბელორუსია ამგვარ ხისტ ძალაზე დაფუძნებული მმართველობის კარგი მაგალითებია. ამ სიას ასევე შეგვიძლია დავამატოთ ერდოანის თურქეთიც.

ასეთ ქვეყნებში ხელისუფლება გარკვეული ამოცანების შესრულებას მაინც ახერხებს, მაგრამ უპირველესად - საყოველთაო დაშინებისა და რეპრესიების ხარჯზე. მმართველს ემორჩილებიან არა იმიტომ, რომ მას ლეგიტიმაცია თავისუფალმა სამოქალაქო საზოგადოებამ მისცა (ასეთი საზოგადოებები ამ ქვეყნებში ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან სახელმწიფო თითქმის მთლიანად აკონტროლებს მოქალაქეთა მიერ შექმნილ ნებაყოფლობით ორგანიზაციებს), არამედ იმიტომ, რომ მისი ეშინიათ და მის ძალადობრივი მეთოდებით შექმნილ ავტორიტეტს უპირობოდ აღიარებენ.

ასეთი საზოგადოებები ზოგიერთ დარგებში მაინც ფუნქციონირებენ მეტნაკლებად ეფექტურად (ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ ლიდერი ცოცხალია), მაგრამ მათი საფუძველი მყიფეა და განვითარების პოტენციალი - შეზღუდული. ამ თეზისის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიტანოთ საბჭოთა კავშირის მაგალითი, რომლის მმართველი ელიტაც, სწორედ ძალადობრივი მეთოდებით, ხშირად მართლაც აღწევდა შთამბეჭდავ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს (აგრარული იმპერიის ინდუსტრიალიზაციით დაწყებული, ძირითადი სოციალური სერვისებისა და ურბანული ცხოვრების სტანდარტების განვითარებით დამთავრებული), მაგრამ ასეთ მიღწევებს ზურგს არასდროს უმაგრებდა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. თუ გაინტერესებთ, რატომ მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლას მასში შემავალი რესპუბლიკების უმეტესობაში სოციალური და ეკონომიკური კატაკლიზმები, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ძალაუფლების ლეგიტიმაციის სახალხო წყაროების არარსებობაში უნდა ვეძებოთ.

დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვიგონებთ ახალ, დემოკრატიულ წესრიგს და ვცდილობთ შევქმნათ მისი ინსტიტუციური საფუძვლები. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ, ევროპული დემოკრატიების მსგავსად, საქართველოშიც ძალაუფლება დამყარებული უნდა იყოს არა ხისტ ძალაზე, არამედ, უპირველესად, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე. ეს კონსენსუსი შეიძლება მემარცხენე იყოს, მემარჯვენე ან ცენტრისტული, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა ევროპული დემოკრატიისა ის არის, რომ ამგვარი შეთანხმება - სოციალური კონტრაქტი - უნდა არსებობდეს.

დემოკრატიის გზა მარტივი არ არის. დესპოტი ლიდერის ბრძანებების შესრულება უფრო ადვილია, ვიდრე დემოკრატიული განსჯის, დელიბერაციის გზით გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება. ბრძანებების ერთპიროვნული შესრულება არ მოითხოვს ისეთი დამღლელი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა გადაწყვეტილებების დადებითი და უარყოფითი მხარეების კრიტიკული ანალიზი, განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან დისკუსია, პოლიტიკური იდეის გარშემო თანამოაზრეების გაერთიანება და ზოგჯერ მტკივნეულ პოლიტიკურ დათმობებზე წასვლა. ამის საპირისპიროდ, ერთპიროვნული ლიდერის ბრძანებას, როგორც წესი, ქვეშევრდომები თვალდახუჭული ასრულებენ, ზედმეტი კითხვებისა და შენიშვნების გარეშე.

იმის გამო, რომ დემოკრატიის შენება ამგვარი სირთულეების გადალახვას გულისხმობს, ხშირად მოქალაქეთა ნაწილიც კი განვითარების უფრო მარტივ გზას ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, საქართველოში ხშირად გაიგონებთ რიგითი მოქალაქეებისგან ფრაზას „ამათ სტალინი უნდათ“ (უმრავლეს შემთხვევაში, გაუაზრებლად, ემოციურ ფონზე წამოსროლილს), ძირითადად, წარმოთქმულს მოურჯულებელი ბიუროკრატების ან თავგასული ძალოვანების მისამართით. „სტალინი“, რასაკვირველია, აღნიშნავს დაუნდობელ, სისხლისმსმელ მმართველს, რომელიც ყველაზე სასტიკი მეთოდებით ამყარებს წესრიგს. ასეთ დროს, წამიერად ლეგიტიმური წესრიგის დამყარების სხვა, უფრო ცივილური გზები მეორე პლანზე გადადის.

ჩვენი პოლიტიკური სივრცე სწორედ ავტორიტარულიდან დემოკრატიულ ლეგიტიმაციაზე დაფუძნებულ მმართველობის ფორმაზე გადასვლას ცდილობს. როგორც გვაჩვენებს ბევრ შემთხვევაში წარუმატებელი ქართული სამოქალაქო მოძრაობების ისტორია, ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის. ამის მიუხედავად, რაღაც მიზეზების გამო, მცდელობა ჯერ არ შეგვიწყვეტია, პირიქით, უფრო და უფრო მეტი ენერგიით ვცდილობთ თვისებრივი გარღვევის განხორციელებას.

სწორედ ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტების (რომელთაც სხვა მხრივ, უამრავი ნაკლი და მინუსი აქვთ) ასეთი შემართება მაფიქრებინებს იმას, რომ ამ არჩევნებზე მაინც არის შანსი იმისა, რომ დემოკრატიის გზაზე წინ წავიწიოთ. დემოკრატიული აზროვნების ბუნება კი ისეთია, რომ მან თუ ერთხელ მოიკიდა ფეხი საზოგადოებაში, შემდეგ მისი შეფერხება ავტორიტარული ელემენტების მხრიდან განსაკუთრებულად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. იმედია, 2016 წლის 8 ოქტომბერს და მის შემდგომ პერიოდში ჩვენი ერი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ იდეის მართებულობას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG