Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 8 დეკემბერი 2017

კინემატოგრაფიული ფაქტურის შეგრძნების თვალსაზრისით გიორგი ოვაშვილს თავისი თაობის ქართველ კინორეჟისორებში ნამდვილად არა ჰყავს ბადალი... და არა მარტო თავისი თაობისა. კონკრეტული საგნის გან-სახიერება და საბოლოო ჯამში ყოველდღიური, რუტინული ყოფის პოეტიზაცია ფილმის მსვლელობის პროცესში (ე.ი. ჩვენს თვალწინ), ყოველთვის უჭირდა ქართულ კინოს. ოვაშვილმა ეს უნარი განსაკუთრებით გამოავლინა თავის ყველაზე წარმატებულ ფილმში ”გაღმა ნაპირი”. შემდეგ სურათში, ”სიმინდის კუნძულში”, გიორგის ხელწერა არ შეცვლილა, თუმცა კინემატოგრაფიული გამოსახულებით ერთგვარმა ტკბობამ (ან თვითტკბობამ) ხელი შეუშალა თხრობას და მაყურებლის ჩართვას მოქმედებაში; ზედაპირული, მე ვიტყოდი, ”დეკორატიული” დატოვა არა მარტო გარემო, არამედ პერსონაჟებიც.

გიორგი ოვაშვილი, როგორც ჩანს, იმეორებს იმ გზას, რომელიც მისმა საყვარელმა ირანულმა კინომ გაირა. დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში ჭარბი პლასტიკურობით, სურათოვანი და სტატიკური გამოსახულებით, რომელიც ირანელი რეჟისორებისთვის ესოდენ ძვირფასი ”ეზოპეს ენისთვის” სრულიად ადეკვატურად აღიქმებოდა (როცა ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეკრანზე, ”რაღაცას სხვას ნიშნავს”, როცა პერსონაჟები თავად წარმოადგენენ ”მეტაფორებს”, ნიშნებს, ზოგჯერ კი, უბრალოდ, ორნამენტულ სამკაულებს, - სურათოვნება ამ შემთხვევაში ძალიან უხდება თხრობის ქარაგმულობას). მაგრამ მოგვიანებით ამ ირანულმა ფერწერულმა კინოილუსტრაციებმა ცოცხალი მუხტი და სიღრმე დაკარგეს. და, რაც მთავარია, მეტისმეტმა პოეტიზაციამ სოციალური და პოლიტიკური სიმძაფრე დაუკარგა თითქმის მთელ ირანულ კინემატოგრაფს.

ირანი და ირანული კინო შემთხვევით არ გამახსენდა. გიორგი ოვაშვილის ახალ ფილმში ”ხიბულა” მთავარ როლს, პრეზიდენტის როლს, ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ასრულებს. მსახიობმა ქართული არ იცის. მას ახმოვანებს სხვა მსახიობი, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობს როგორმე დაამთხვიოს ქართული მეტყველება ირანელი არტისტის მიმიკას. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ წვალობს. იქმნება დისონანსი ხმასა და გამოსახულებას შორის, რომელსაც ისეთი პროფესიონალი, როგორიც გიორგი ოვაშვილია, ცხადია, შეამჩნევდა. მაგრამ როცა ფილმის გადაღება და გახმოვანება დასრულებულია, რა შეიძლება იღონოს ავტორმა? გამოსავალი ერთია - უნდა მოერიდოს მთავარი გმირის ახლო ხედებს, რათა მაყურებელმა ეს სიყალბე ვერ შენიშნოს. მაგრამ ”ხიბულაში” ვერც ეს გამოსავალი შველის საქმეს - მაყურებელს ნაკლებად აინტერესებს მთავარი გმირის გარემოცვა (ანუ ადამიანები, რომელთაც ხშირად გვიჩვენებენ ახლოდან), ”ხიბულას” მშვენიერი, ხანდახან მართლაც იდუმალი პეიზაჟებით კიდევაც შიძლება მოიხიბლოს, მაგრამ არა უსასრულოდ... მაყურებელს აინტერესებს მთავარი გმირი, აინტერესებს პრეზიდენტი, რომლის გარშემოა აწყობილი გიორგი ოვაშვილის ფილმის დრამატურგია. ბოლოს და ბოლოს თავად რეჟისორი ამბობს: „მთელი ეს ამბავი მისტიური უფროა ჩემთვის, აბსურდი, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ერმა ადამიანი, რომელიც თვითონ აირჩია ლიდერად“... მართლაც საინტერესო თემაა! საინტერესოა ხელოვნებისთვის, კინოსთვის. ერთის მხრივ - რეალობა, ისტორიული სიმართლე, კონკრეტული დრო, კონკრეტული სივრცე და, მეორე მხრივ - აბსურდი, ისტორიული პროცესების კოშმარი, ისტორიისთვის დამახასიათებელი სისასტიკე ლიდერის მიმართ. იმ ლიდერისა, რომელიც დღეს გმირია, ხვალ კი დევნილი ხდება გარემოში, სადაც იგი ცოტა ხნის წინ გმირად შერაცხეს.

მაგრამ ”ხიბულა” მაყურებლის ამ ინტერესს არ აკმაყოფილებს. თანაც, არ აკმაყოფილებს პრინციპულად, ჯიუტად, იმ აზრით, რომ ამბავი, რომელსაც გვიამბობს ავტორი, შეიძლება მოხდეს ყველგან და ყოველთვის - საფრანგეთში, რუსეთში, ირანში, საქართველოში... კონკრეტული იკარგება პრინციპულად, ჯიუტად. სახელი ”პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია” იცვლება სახელით ”პრეზიდენტი”;. ასეც მიმართავენ მთავარ გმირს: ”ბატონო პრეზიდენტო”... არა, არ ამბობენ სახელს! სხვა სახელი და კონკრეტიკა, რამდენიც გინდათ, იმდენია ფილმში: ”ელცინი”, ”შევარდნაძე”, ”ხიბულა”... დიახ, იმ სოფლის სახელი, სადაც გარდაიცვალა ზვიად გამსახურდია, მთლად სათაურშია გამოტანილი, მთავარ გმირს კი სახელი არა აქვს. ”ხელისუფლის ზოგადი სახეა”. სამაგიეროდ ადგილია კონკრეტული. ადგილიც, დროც და დანარჩენი პერსონაჟებიც, რომლებიც, თავის მხრივ, დიდი პაუზებით საუბრობენ (სიტყვებს შორის პაუზები - რატომღაც მგონია, თეატრიდან მოვლენილი - საერთოდ, ახალი მოდაა ქართულ კინოში) და ასევე ქმნიან წინააღმდეგობას კონკრეტულს, მე ვიტყოდი ”კინემატოგრაფიულს” და თეატრალურ-ლიტერატურულს შორის... კონკრეტული ზოგადში კი არ ”გადადის”, რეალური, ”ფაქტურული”, ყოფითი ი-რეალურში კი არ გადაიზრდება ფილმის მსვლელობის პროცესში... არა, ისტორიული კონკრეტიკა და მითოლოგიურ-მეტაფორული, ნამდვილი ამბავი, მთელი თავისი დეტალებით და ამაღლებული (ხანდახან, უბრალოდ, პათეტიკური) მთელი ფილმის მსვლელობისას ებრძვიან ერთმანეთს. ამ ბრძოლას და დაპირისპირებას კიდევ აიტანდა მაყურებელი, ამ ესთეტიკურ ”კენტავრს” გავუძლებდით როგორმე, რომ არა მთავარი - დაიკარგა გმირი, რომელსაც ახლა თუ გინდათ ”პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია” უწოდეთ და, თუ გინდათ, უბრალოდ ”პრეზიდენტი”.

”ხიბულას” ნახვის შემდეგ სულ ვფიქრობ, რა მოხდებოდა, გიორგი ოვაშვილს სწორედაც რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაეღო ფილმი? საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლო 50 დღეზე? აი, თუნდაც ლუკინო ვისკონტის ”ლუდვიგის” მსგავსი, ქვეყნის მმართველის კინობიოგრაფია? გახსოვთ ”ლუდვიგი”? ამბავი რომანტიკოს მეფეზე, რომელსაც ლამაზი სასახლეების აშენება და ვაგნერის მუსიკა უყვარდა, ომები სძულდა, ახალგაზრდა, ლამაზ მეფეზე, რომელსაც სიცოცხლის ბოლოს ყველამ შეაქცია ზურგი რამდენიმე მსახურის გარდა. ბავარიის უკანასკნელი მონარქი იქ იმდენად იყო კონკრეტული, ზედმიწევნით კონკრეტული, ზუსტი, რამდენადაც იყო სახე მმართველისა, რომელიც თითქმის სრულიად მარტო რჩება სიკვდილის წინაშე. ლუდვიგი ასეთი გახდა. ასეთი გახდა სიცოცხლეში, როგორც ისტორიული პერსონაჟი. და ასეთად იქცა ფილმში, როგორც მხატვრული ნაწარმოების გმირი.

„ბატონი პრეზიდენტი“ ოვაშვილის ფილმში სულ ცოტა ხნით მაინც რომ ყოფილიყო კონკრეტული პერსონაჟი, ანუ სულ ცოტა ხნით მაინც ყოფილიყო ზვიად გამსახურდია, მაშინ რეჟისორს და მსახიობს მისი ხასიათის შექმნაზეც უნდა ეფიქრათ. „ხიბულას“ ავტორები აქ არა თუ ახლო ხედებს და კონკრეტიკას ვერ აიცილებდნენ თავიდან. ამ შემთხვევაში ისინი ვერ გაექცეოდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მხურვალე მხარდამჭერებს, გამსახურდიას ოპონენტებს, იმას, ვინც ზვიად გამსახურდიას „ტრაგიკულ ფიგურად“ აფასებს და იმასაც, ვინც ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს საქართველოს პირველი პრეზიდენტის რადიკალიზმს. და ყველაზე მთავარი: ფილმის ავტორებს კონკრეტული სახეების მიმართ ნდობა (ანუ რეალობის, თუ ისტორიის მიმართ ნდობა) რომ გამოეხატათ, მაშინ მათ პირდაპირ უნდა ეთქვათ, როგორ დაასრულა სიცოცხლე მათმა გმირმა. გასაგებია, „მიმდინარეობს გამოძიება“... გასაგებია, რომ ამდენი წელია „მომდინარეობს გამოძიება“. მაგრამ ხელოვანისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ მათი ფილმის გმირს არც ჰქვია „ზვიად გამსახურდია“, მათი ფილმის გმირია „ბატონი პრეზიდენტი“.

ყველაფერი ეს კი ქმნის ეჭვს, რომ გიორგი ოვაშვილმა „ხიბულაში“, უბრალოდ, გაიადვილა საქმე, გაემიჯნა რა კონკრეტულს. ქართველი ხელოვანები ისევ ერიდებიან რადიკალიზმს და პროვოკაციას. ეს მეტაფორულ-პოეტური სურათოვნება („ლამაზი ფილმი“) ირანელებისა არ იყოს, არაჩვეულებრივი საშუალებაა მშვიდად, აუღელვებლად, ოპონენტების თავდასხმის გარეშე, „გაატარო“ შენი ლამაზი კინო სამშობლოში და მერე, თუკი ბედი გაგიღიმებს, აჩვენო დასავლეთის რომელიმე კინოფესტივალზეც... სადაც ჯერ კიდევ აფასებენ პოეტურ-სურათოვან კინოს, გადაღებულს „ეგზოიტიკურ ქვეყნებში“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 4 დეკემბერს გაიხსნება, როგორც ყოველთვის, წელსაც მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება. ფესტივალის დაწყებისთანავე ხვდები ხოლმე, რომ თავის დროზე თბილისის კინოფორუმის დირექციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ფესტივალის ჩატარება წლის ბოლოს გადაწყვიტა. დეკემბრის დასაწყისში კინოთეატრები „რუსთაველი“ და „ამირანი“, სადაც ფესტივალის საკონკურსო და კონკურსგარეშე ფილმებს უჩვენებენ, უამრავი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, შეხვედრის ადგილი ხდება. დეკემბრის დასაწყისში კი დედაქალაქის კულტურული ცხოვრება, როგორც წესი, სრულიად მიძინებულია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თბილისი კინოხელოვნებით ცხოვრობს. თუმცა მთავარი ისაა, რომ დეკემბრის დასაწყისში დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმოდგენილი ფილმების თბილისური პრემიერებით უკვე შესაძლებელი ხდება 2017 წლის კინოპროდუქციის შეფასება - რომელი ტენდენციები გამოიკვეთა, რა გააკეთეს სახელოვანმა ავტორებმა და ვინ გაგვაოცა ახალგაზრდებს შორის.

მართალია, ჰოლივუდი ტრადიციულად სუსტადაა ხოლმე წარმოდგენილი თბილისის ფესტივალზე (ან საერთოდ არაა წარმოდგენილი), თუ ვაღიარებთ იმას, რომ ამერიკული კინო - ჰოლივუდიც და დამოუკიდებელი რეჟისორებიც - ცალკე პლანეტაა და, როგორც წესი, განსხვავებული კრიტერიუმებით ფასდება, ვიდრე ევროპული თუ აზიური კინო, 2017 წლის მსოფლიო კინოზე შეგვიძლია მსჯელობა ამერიკული კინოს გარეშეც. თბილისის კინოფესტივალზე პრაქტიკულად ყველა ის ფილმია წარმოდგენილი, რომელიც მონაწილეობდა კანისა და ბერლინის ფესტივალების კონკურსში და, ნაწილობრივ, სექტემბერში დასრულებულ ვენეციის ფესტივალზეც.

რა არის აუცილებლად სანახავი თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე? დავაწყოთ ბოლოდან, მნიშვნელობის და ხარისხის მიხედვით:

10. კანადური რეტროსპექტივა - კანადური კინო არაა მხოლოდ ქსავიე დოლანი. კანადაში, განსაკუთრებით კი კვებეკში, მუშაობენ სხვადასხვა თაობის რეჟისორები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ კანადური კინოს სახე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში რომ ჩამოყალიბდა - სიახლოვე ამერიკულ ჟანრულ კინოსთან და ამავე დროს, ევროპული „საავტორო კინოს“ ტრადიციები, სოციალური სიმძაფრე. ერთ-ერთი კანადელი რეჟისორი, დენი კოტე, ლოკარნოს ფესტივალის გამარჯვებული, კანადურ პროგრამაში რამდენიმე ფილმითაა წარმოდგენილი. კოტე პირველი პროფესიით კინოკრიტიკოსი და კინოს ისტორიკოსია, მისი სურათები არის უფრო „ფილმები კინოზე“. კვებეკში მას ცოცხალ კლასიკოდ მიიჩნევენ.

9. „კვადრატი“ (რეჟ. რუბენ ესტლუნდი) - ამ სურათის ნახვას გირჩევთ მხოლოდ იმიტომ, რომ კანის წლევანდელი კინოფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა და მის ავტორს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში. ესტლუნდი განსაკუთრებით მოსწონთ მათ, ვინც თანამედროვე სამყაროს ლამის ყველა უბედურებას ლიბერალებს და „ლიბერალურ პოლიტკორექტულობას“ აბრალებს. ამიტომაც მოჰყვა ფილმის პრემიერას აღფრთოვანებული რეცენზიები როგორც „გარდიანში“, ასევე, მაგალითად, „მოსკოვსკი კომსომოლეცში“... „ასავალ-დასავალში“ კანის წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული, როგორც ჩანს, ჯერ არ უნახავთ. რაც შეეხება ხალხს, ვისაც კინო უფრო გვიყვარს, ვიდრე საეჭვო მხატვრული დონის პუბლიცისტიკა, „კვადრატში“ დავინახავთ, როგორ ვერ აწყობს რეჟისორი ისევე, როგორც თავის წინა ფილმებში, გადაღებულ მასალას, როგორ იჭედება ფინალში, როცა უბრალოდ არ იცის, რა მოუხერხოს თავის გმირს და ამბავს, რომელსაც ჰყვება. ერთის მხრივ, სურს თანმიმდევრული დარჩეს და შეუტიოს „წესიერ ევროპას“ ყველაფრით, მათ შორის, „მხატვრული უწესობით“... მეორე მხრივ კი, იცის, რას მოითხოვს მისგან მაყურებელი - თხრობის „ორგანულობას“, მთავარ გმირთან დისტანციის გაქრობას, შინაარსის, აზრის განვითარებას... ესტლუნდს ეს არ უნდა. თან უნდა! ამ მხრივ ცოტათი ჰგავს კიდეც თავის გმირს, ახლახან გახსნილი მუზეუმის კურატორს, რომელსაც ერთ ეპიზოდში, გაღიზიანებული კოლეგა ეტყვის: „აუ, ნუ ხარ რა ასეთი შვედი“.

8. „ჰეპი-ენდი“ (რეჟ. მიხაელ ჰანეკე) - მიზანთროპიაში მიხაელ ჰანეკეს ვერანაირი ესტლუნდი ვერ შეედრება. არის კიდევ ერთი განსხვავება ახალგაზრდა ჰანეკისტებსა და თავად ავსტრიელ მაესტროს შორის - ჰანეკეს შავი იუმორი არასდროს არაა სწორხაზოვანი და კარიკატურული, ატმოსფეროს შექმნისა და დაძაბულობის ზრდის თვალსაზრისით კი კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატს თითქმის აღარ დარჩა ბადალი თანამედროვე კინოში. მიხაელ ჰანეკეს წელს ჰქონდა შანსი, მოეხსნა რეკორდი კანში და „ჰეპი-ენდის“ გამარჯვების შემთხვევაში მესამედ მიეღო „პალმა“, მაგრამ ასე არ გამოვიდა - ფილმი, რომლის პრემიერას რამდენიმე წელია ელოდნენ ჰანეკეს თაყვანისმცემლები, მეტისმეტად კამერული, უფრო სატელევიზიო ფილმის ესთეტიკის აღმოჩნდა. ჰანეკეს დააკლდა მასშტაბი, დააკლდა პროვოკაცია. არავინ გააბრაზა და არც არავის აუჩუყა გული. ავსტრიელი მიზანთროპისგან კი სხვას არაფერს ელოდნენ.

7. „წყლის ფორმა“ ( რეჟ. გილერმო დელ ტორო) - ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღნიშნული ეს ფილმი ჯერ არ მინახავს. „წყლის ფორმა“ აუცილებლად სანახავია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან კარგი პრესა აქვს (თუმცა გილერმო დელ ტოროს წინა ფილმების დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ) და მეორეც - „ადამიანი-ამფიბია“, აი ის ძველი, საბჭოთა ფილმი, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა... „წყლის ფორმის“ სიუჟეტი კი ჰგავს „ამფიბიას“. ჰოდა, რატომაც არ უნდა ვნახოთ „ფავნუსის ლაბირინთის“ ავტორის ახალი, ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული მელოდრამა, რომლის თბილისური პრემიერა ამერიკულს ემთხვევა და რომელსაც, როგორც ჩანს, აქვს შანსი „ოსკარის“ მთავარი ნომინანტი გახდეს?

6. „თვინიერი“ (რეჟ. სერგეი ლოზნიცა) - ვფიქრობ, „თვინიერი“ ყველაზე საკამათო ფილმია თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში. ჩემი რჩევაა, ბოლომდე უყუროთ სურათს, სანამ უარყოფითად შეაფასებთ. ხოლო მათ, ვისაც სამართლიანად არ მოეწონება ფილმის მეორე ნაწილში მოულოდნელად გათამაშებული „ფანტასტიკური“ სცენა, ვურჩევ დააფასონ ის, რაც მანამდე წარმოგვიდგინა ლოზნიცამ. თანამედროვე რუსეთი კაფკიანური ხედვით, პუტინის რუსეთი, როგორც კოშმარული სიზმარი ეკრანზე გადაიტანა დოკუმენტალისტმა, რეჟისორმა, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს, რომელსაც რამდენიმე კადრით იცნობ (დამეთანხმებით, ასეთი ბევრი არა გვყავს თანამედროვე კინოში). სულ რომ რუსეთის ზედაპირული, ტენდენციური სურათი წარმოედგინა ლოზნიცას, როგორც ამას ამტკიცებენ ფილმის ოპონენტები, განსაკუთრებით რუსები (საეჭვოა, „თვინიერი“დიდ ეკრანებზე დაუშვას პუტინის ცენზურამ), მხოლოდ ლია ახეჯაკოვას მიერ გენიალურად გათამაშებული ეპიზოდია საკმარისი, რათა ლოზნიცას ფილმი 2017 წლის მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნიოთ.

5. „ნამე“ (რეჟ. ზაზა ხალვაში) - ბევრი თქვენგანი, ალბათ, დაელოდება ახალი ქართული ფილმის პრემიერას ტელევიზიით ან იმ დროს, როცა ფილმს „დადებენ“ ინტერნეტქსელში. არ გირჩევთ! ეს მომნუსხველი ფილმი ზემოქმედების ძალას დაკარგავს... და არა მარტო იმიტომ, რომ ეკრანის ფორმატი შემცირდება და „ფრესკული გამოსახულება“ გადაიქცევა უფრო „ინფორმაციად გამოსახულებაზე“. „ნამე“ განკუთვნილია კოლექტიური აღქმისთვის, შეიძლება ითქვას, კოლექტიური მედიტაციისთვისაც კი. ავტორი თითქოს გვთხოვს, დავეხმაროთ და მივაგნოთ საიდუმლოს ზემო აჭარის ერთი ღარიბი სოფლის სილამაზეში. უფრო სწორად, მივაგნოთ ჰარმონიას ამ ზედმიწევნით დეტალურად ასახულ ყოფასა და მითოლოგიას შორის. ჩაბნელებულ კინოდარბაზში კი ძლიერი შუქი (ოპერატორ გიორგი შველიძის შუქი) გვაზიარებს სამყაროსთან, რომელიც იმდენად კინემატოგრაფიულია, რომ ვერც კი მოჰყვები.

4. „120 დარტყმა წუთში“ (რეჟ. რობინ კამპიო) - 90-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთისთვის შიდსის თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. საპროტესტო ჯგუფებმა, რომლებიც იმხანად შეიქმნა, ბევრი რამ გააკეთეს, რათა ხელისუფლებას შიდსის ეპიდემიისთვის ყურადღება მიექცია და აღარ განეხილა როგორც „ჰომოსექსუალების დაავადება”. კამპიო ბრწყინვალედ გამოხატავს პროტესტის ესთეტიკას. დიახ, ის უფრო პროტესტის ფორმის აღდგენას ცდილობს, ვიდრე ეპოქის დეტალებისა. ამ სურათის მთავარი ღირსება ისაა, რომ ავტორი არ ცდილობს შეგვაცოდოს თავისი პერსონაჟები ან გამოხატოს ისინი, როგორც ისტორიის და უსამართლობის მსხვერპლნი. ესაა ნამდვილად სოციალური კინო, დაცლილი დიდაქტიკისგან და, რაც პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველგვარი მიზანთროპიისგან.

3. „შემდეგი დღე“ (რეჟ. ჰონ სანსუ) - ნამდვილი ბედნიერებაა კინოს მოყვარულისთვის „კორეელი რომერის“ ყველა ახალი ფილმის ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჰონ სანსუ თავისი სტილის ერთგულია ყველა ფილმში - უყვარს ჭარბი დიალოგებით დატვირთული ფილმები, რომლებშიც ტექსტი ნელ-ნელა კარგავს მნიშვნელობას და ადგილს უთმობს გამოსახულების, უფრო სწორად, „მოლაპარაკე ადამიანების“ მიმიკას, ჟესტს... ბოლო დროს ჰონ სანსუ მეტისმეტად იმეორებდა საკუთარ თავს ახალ ფილმებში. გამონაკლისია „შემდეგი დღე“, რომელშიც კორეელმა რეჟისორმა თავისი გასაოცარი იუმორი დაიბრუნა და უკიდურესად დახვეწილი კინოენით გვიამბო სამყაროზე, რომელშიც „არავინაა დახვეწილი“.

2. „მისტერ ლონგი“ ( რეჟ. საბუ) - წელი იწურება და ჩემთვის ჯერ კიდევ თებერვალში, ბერლინის ფესტივალზე ნანახი ეს ფილმი წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად რჩება. ამ დაღლილი და დეზორიენტირებული ევროპული კინოს ფონზე - მით უმეტეს. იაპონელი რეჟისორი სასპენსს აღწევს თავად ჟანრების არევით (სურათის გმირი, პროფესიონალი კილერი, ამავე დროს შესანიშნავი კულინარია), ანუ სურათის მსვლელობის პროცესში მოულოდნელად „შემოიჭრება“ ხოლმე რომელიმე ახალი ჟანრი და მაშინვე შეცვლის ფილმის სტილს - მთელი ფოირვერკი იქმნება კინოხელოვნების ტრადიციული ჟანრებისა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ თითქმის უსიტყვო სურათში საბუ სიყვარულს უხსნის კინოს ისტორიას და პირველ რიგში ჩარლი ჩაპლინს. გარწმუნებთ, სურათის დასრულების შემდეგ თქვენც სიყვარულით სავსენი გამოხვალთ კინოდარბაზიდან.

1. „კინოს მეხსიერება - გერმანული კინო“ - ეს სექცია აუცილებელად სანახავია - აბსოლუტურად ყველა ფილმი, რადგან წელს კინოფესტივალის ამ სექციაში მხოლოდ და მხოლოდ შედევრებია წარმოდგენილი. „დოქტორ კალიგარის კაბინეტისა“ და „ნოსფერატუს“ ფონზე („ცოცხალი“ მუსიკალური გაფორმებით), ვიმ ვენდერსის „პარიზი, ტეხასის“, რაინერ ვერნერ ფასბინდერის, შესაძლებელია, ყველაზე რადიკალური სურათის, „წელიწადი 13 თვით“, ფონზე - ნურავინ მიწყენთ და 2017 წლის მთელი კინოპროდუქცია კინოხელოვნების გადარჩენის საცოდავ მცდელობას ემსგავსება. ჰო, აუცილებლად ნახეთ ამ სექციაში წარმოდგენილი „აღიარება“, კომუნისტური გერმანიის უკანასკნელი შედევრი, რომელშიც ჰაინერ კაროვმა შეინახა დრო, შეინახა გარდასული ეპოქის (და რეჟიმის) ატმოსფერო და გაგვახსენა, რომ არაფერი არ ძველდება კინოში ისე, როგორც პოლიტიკური თუ სოციალური პუბლიცისტიკა და არაფერი არ რჩება ისე დიდხანს, როგორც ფილმი, რომელშიც ავტორი ნდობას უცხადებს სინამდვილეს და ადამიანს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG