Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ზუსტად ერთი წლის წინ ვწერდი, თუ რამდენად სწორი ან არასწორი იყო ნაცისტების მიერ ებრაელების განადგურების მემორიალზე ოსვენციმის დაწერა. ნება მომეცით, ამ თემას ისევ დავუბრუნდე.

1941 წლის 22 ივნისს, თითქმის მილიონიანი კიევის მოსახლეობის ერთ მეოთხედს ებრაელები წარმოადგენდნენ. 1941 წლის 19 სექტემბერს კიევში ნაცისტების შესვლის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში კიდევ რჩებოდა 40 ათასამდე ებრაელი. კიევის აღებიდან 9 დღის შემდეგ ნაცისტების საოკუპაციო რეჟიმი კიევის ქუჩებში გამოაკრავს განცხადებას, რომელიც მოუწოდებდა ყველა ებრაელს, შემდეგ დღეს დილის რვა საათზე შეკრებილიყვნენ ბაბი იართან მდებარე ებრაული სასაფლაოს სიახლოვეს. განცხადების თანახმად შეკრების მიზეზი ებრაელების სხვა ტერიტორიაზე გადასახლება იყო. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ებრაელებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

ამგვარად ვერმახტის სარდლობა (კიევის ებრაელობის გაწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს ვერმახტი და არა SS-ი) იმედოვნებდა 5-6 ათასი ებრაელის დახვრეტას. მაგრამ 29 სექტემბრის დილის სურათი მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს: მათ ხელში აღმოჩნდება დაახლოებით ექვსჯერ მეტი ადამიანი. სექტემბრის თვის ბოლო ორი დღის განმავლობაში გერმანელები დახვრეტენ 33 771 ებრაელს.

ბაბი იარში ნაცისტების მიერ ებრაელი კაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივი დახოცვა პირველ რიგში გამოირჩევა თავისი მაშტაბით: 22 ათასი ებრაელის განადგურება 12 საათზე ნაკლებ პერიოდში, თითქმის 34 ათასი ებრაელის განადგურება 36 საათის განმავლობაში. არც ადრე და არც მერე, არც ოსვენციმის და არც ტრებლინკის სიკვდილის ბანაკში ამდენი ებრაელი არ დაუხოცავთ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.

ბაბი იარში ებრაელების განადგურება ასევე გამოირჩეოდა „პროცედურული სიმარტივით“: არც მსხვერპლის აღრიცხვა, არც მათი წინასწარი იზოლაცია გეტოში (ანუ ნაცისტების ჩვეული პროცედურა) არ უძღოდა წინ ბაბი იარში ებრაელების დახვრეტას.

ელენა კნიში, ერთ-ერთი შემთხვევით გადარჩენილი ებრაელი 1944 მარტში მიცემულ ჩვენებაში ასე აღწერს ამ „პროცედურულ სიმარტივეს“: „გერმანელები ჯერ გვართმევდნენ ყველაფერს: ოქროს ბეჭდებს, საყურეებს, გულსამაგრებს, საათებს და ა.შ. (...) შემდეგ გერმანელები არჩევდნენ ჩვენგან 100-150 ადამიანს და მივყავდით ე.წ. ბაბი იარის ხრამისკენ, სადაც ტყვიამფრქვევით ხოცავდნენ ხალხს. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მოვხვდი მეც ჩემს ოთხიწლინახევრის ქალიშვილ ლუდმილასთან ერთად. როდესაც ჩვენი ჯგუფი გაიყვანეს დასახვრეტად მე ამ ჯგუფის შუაში აღმოვჩნდი. დაგვაყენეს. ქალებს ართმევდნენ ძუძუთა ბავშვებს და მათ შეშასავით ისროდნენ ხრამში. ვინაიდან მე ჯგუფის შუაში ვიყავი და უკვე საღამოს ხანი იყო, მე არ დავუცადე ჩვენს ჯერს და ბავშვთან ერთად გადავხტი ხრამში. ხრამში ჩემს ბავშვს დავაწექი ზემოდან და ასე დავიცავი“.

ბაბი იარში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა არ იყო დროში ან სივრცეში იზოლირებული შემთხვევა. 1941 წლის 14 სექტემბერს 3 500 ებრაელი (მათ შორის ქალი და ბავშვი) იქნება დახოცილი ნიკოლაევში. ნიკოლაევის შემდეგ დადგება ხერსონის (ოთხი ათასამდე ებრაელი), მელიტოპოლის (ორი ათასამდე ებრაელი), მარიუპოლის (რვა ათასამდე ებრაელი) ჯერი. 18 სექტემბერს ჟიტომირში აინზაცჯგუფი გაანადგურებს 3 145 ებრაელს, 19-ში, უკვე ვინიცაში, - 15 ათას ებრაელს. 26 სექტემბერს, ბაბი იარამდე სამი დღით ადრე, ნაცისტები სამი დღის განმავლობაში კამენეცკ-პოდოლსკში დახოცავენ 23 600 ებრაელს. მათ შორის იქნება 16 ათასი უნგრელი და 2 ათასი რუმინელი ებრაელი, რომლებსაც რუმინეთის და უნგრეთის პრონაცისტური რეჟიმები გააძევებენ ქვეყნიდან. 23 ოქტომბერს უკვე რუმინელები (ჰიტლერის ეს დავიწყებული მოკავშირეები) დახოცავენ დაახლოებით 19 400 რუმინელ და საბჭოთა ებრაელს ოდესაში. (სხვათა შორის რუმინულ მართმადიდებელ ეკლესიას „დიდი ღვაწლი“ მიუძღვის თანამემამულეებში გენოციდური ანტისემიტიზმის გაღვივებაში).

სექტემბრის შუაში 12 000 ებრაელი იქნება დახვრეტილი ბერდიჩევში. ამ 12 000 ებრაელს შორის იქნება მწერალ ვასილი გროსმანის დედა. დახვრეტამდე რამდენიმე დღით ადრე ეკატერინა გროსმანის მიერ ბერდიჩევის გეტოდან შვილისადმი მიწერილი უკანასკნელი წერილი ნიმუშია იმისა, რომ ზოგჯერ დოკუმენტურ პროზას უფრო ძალუძს ადამიანის სულის ყველა შუქ-ჩრდილის აღწერა, ვიდრე მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს (მკითხველს შეუძლია გაეცნოს ამ წერილს ვასილი გროსმანის რომანში „ცხოვრება და ბედი“: პირველი ნაწილის XVIII თავი, გვერდები 35-41).

კიევში ებრაელების დახოცვა 30 სექტემბერს არ შემწყდარა. ებრაელების დახვრეტა ან ზოგჯერ ცოცხლად დამარხვა შემდგომ თვეებში გრძელდებოდა არა მარტო ბაბი იარის ტერიტორიაზე, არამედ კიევის ქუჩებშიც. 1943 წლის დეკემბერში გასამართლებული ერთი კიეველი გვარად უსტინოვი აღიარებდა: „საღამო იყო. სახლში ვბრუნდებოდი ერთი ვედრო ღვინით. მეზობლად ბაღში აურზაურის ხმა გავიგე. როცა მივუახლოვდი, დავინახე, რომ ხალხი ცდილობდა ებრაელების ცოცხლად დამარხვას. (...) მე ჩემს შვილ ნიკოლაის ვედრო გადავეცი და გავიქეცი ნიჩბის მოსატანად. (...) სულ 6 ან 7 ებრაელი დავმარხეთ. რამდენიმე მათგანი ცოცხლად“. უსტონოვის მიერ აღწერილი სცენის თვითმხილველი ვინმე გერასიმოვა წერდა თავის ჩვენებაში: „კაცებიმიწით ავსებდნენ თხრილს, რომელშიც ცოცხალი ადამიანები იყვნენ. სავარაუდოდ 6-7 იქნებოდა. ძირითადად ხანში შესული ქალები იყვნენ. კიდევ იყო ერთი კაცი, ეტყობოდა, ჯანსაღი. (...) მე რომ მივუახლოვდი, თხრილი უკვე ნახევრად სავსე იყო მიწით, მაგრამ შიგნით ხალხს კიდევ შეეძლოთ გადაადგილება. (...) ისინი ერთმანეთს ეხვეოდნენ და ტიროდნენ. კაცები, რომლებიც მათ მიწას აყრიდნენ, იქვე მდგომ ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ქვები დაეშინათ ებრაელთათვის, რათა ცოცხლად არ დაემარხათ და მანამდე მოეკლათ“.

ზუსტად იმ მომენტში, როცა უკრაინაში ნაცისტები ებრაელებს ტყვიამფრქვევით ხოცავდნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის XI ბლოკის სარდაფში 3 600 არაებრაელ წითელარმიელსა და 250 პოლონელ ავადმყოფზე პირველად შეამოწმებენ ციკლონ ბ-ს ეფექტიანობას. 16 სექტემბერს კიდევ 900 წითელარმიელი იქნება მოკლული ამ მომწავლელი გაზით ოსვენციმის ბანაკის ძველ კრემატორიუმში. (სულ 1941 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში ნაცისტების მიერ მიზანმიმართულად დახოცილი საბჭოთა ტყვეების რიცხვი, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება ამ პერიოდში განადგურებული ებრაელების რაოდენობას). ეს ორი ცდა საშუალებას მისცემს ნაცისტებს, ზუსტად დაედგინათ, როგორც ციკლონ ბ-ს ლეტალური დოზა, ასევე სხვა პროცედურული დეტალები: ჰაერის იდეალური ტემპერატურა, აერიზაცია და აშ.

„ამ პროცედურამ ჩემზე დამაწყნარებელი ეფექტი იქონია, რადგან ებრაელების მასობრივი გაწყვეტა უნდა დაგვეწყო ცოტა ხანში და არც მე და არც აიხმანს წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ განგვეხორციელებინა ასეთი დიდი რაოდენობით ებრაელების განადგურება“ - დაწერს თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში ოსვენციმის ბანაკის ხელმძღვანელი.

1941 წლის 7-14 ოქტომბერს, 5 059 საბჭოთა ტყვე იქნება გადაყვანილი ნოიჰამერის ტყვეთა ბანაკიდან ოსვენციმში 100 000-კაციანი ახალი ბანაკის ასაშენებლად... ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო...

ვინაიდან ომის შემდეგ საბჭოთა ებრაული ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბება ნაწილობრივ ბაბი იარის ტრაგედიის გარშემო ხდებოდა, კომუნისტები ყველაფერს გააკეთებენ ბაბი იარის კოლექტიური მეხსიერებიდან წასაშლელად. დამოუკიდებელი უკრაინის პირობებში კი უკვე პირიქით - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ნამდვილ შეჯიბრს მოაწყობენ, ვინ როგორ მოახერხებდა ამ ტრაგედიის ინსტრუმენტალიზებას. ეს ინსტრუმენტალიზება დასავლეთ ევროპას ბაბი იარის „აღმოჩენამდე“ მიიყვანს... ეს აღმოჩენა დასავლეთში მოინათლება ტერმინით „შოა ტყვიით“ (ან ჰოლოკოსტი ტყვიით). არადა „შოა გაზით“ ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა. მაგრამ არა - ამგვარად აუხსნიან ჯორდანო ბრუნოს, რომ დედამიწა ბრუნავს...

თუ „შოა ტყვიით“ საბოლოოდ ოსვენციმის მკრთალ ჩრდილად დამკვიდრდება დასავლეთის კოლექტიურ მეხსიერებაში, დაღუპული საბჭოთა ტყვეებისათვის იქ საერთოდ არ აღმოჩნდება ადგილი. ყოველ ცივილიზაციას საკუთარი ხუშტურები თუ კაპრიზები აქვს...

ქართული ეროვნული ბალეტის („სუხიშვილების“) ანსამბლმა 13 იანვარს კლუბ „რესპუბლიკაში“ შეასრულა ცეკვა, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამ ცეკვაში ქართული ფოლკლორული ცეკვის ელემენტები შერწყმულია იმ მოძრაობებთან, რომლებსაც, როგორც წესი, ელექტრონულ მუსიკაზე მოცეკვავეები ასრულებენ ხოლმე. „სუხიშვილები“, ისევე, როგორც პოპულარული ტრადიციული ცეკვების ანსამბი „ერისიონი“ დროდადრო ქართული ფოლკლორული ცეკვების სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობენ ხოლმე (გაიხსენეთ „ერისიონის“ ცნობილი ვიდეოკლიპი „შატილის ასულო“ და „სუხიშვილების“ „ასა ფართი“). იმის მიუხედავად, რომ მათი მაყურებელი და გულშემატკივარი თითქოს უკვე მიჩვეულია იმას, რომ ისინი ქართული ფოლკლორული ცეკვების მუდმივ რეინტერპრეტაციას ეწევიან, ელექტრონული მუსიკის ელემენტებთან ქართული ფოლკლორის შერწყმამ ზოგიერთ მათგანში მაინც მწვავედ უარყოფითი რეაქცია გამოიქვია. ქვემოთ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რატომ არის საჭირო ტრადიციული კულტურის რეინტერპრეტაცია თანამედროვე დროში და რატომ არის ეს ერთადერთი გზა ამ კულტურის შემოსანახად.

პირველ რიგში, იმას აღვნიშნავ, რომ ამ სტატიაში არ ვეხები იმას, თუ რამდენად კარგი ან ცუდი იყო, ესთეტიკური თვალსაზრისით, „სუხიშვილების“ მიერ შესრულებული ცეკვა. მე პირადად მომეწონა და საინტერესოდ მეჩვენა, მაგრამ რომც არ მომწონებოდა, არ ვფიქრობ, რომ ეს ტრადიციებზე შეტევად უნდა აღმექვა. სანამ ჩემს მთავარ არგუმენტამდე მივალ, იმას განვიხილავ, თუ ზოგადად, რას ვგულისხმობ „ტრადიციებში“. როგორც წესი, როდესაც „ტრადიციებზე“ საუბრობენ ხოლმე, გულისხმობენ ისტორიულ წარსულში არსებულ გარკვეულ წესებსა და რიტუალებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მისდევდნენ. ამ აზრით თუ გავიგებთ ტრადიციებს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ წმინდა სახით ტრადიციები არ არსებობს. პირველ რიგში, ეს ასეა იმიტომ, რომ სოციალური ფორმაციები იცვლება, რასაც ტრადიციების ცვლილებაც მოსდევს თან. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ბოლო 1000 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიაში ოთხი სხვადასხვა სოციალური ფორმაცია შეგვიძლია გამოვყოთ: პირველი - ფეოდალური საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიაში ბატონყმობის გაუქმებამდე არსებობდა; მეორე - პერიოდი ბატონყმობის გაუქმებიდან საბჭოთა ანექსიამდე (ცხადია, აქ ცალკე გამოსაყოფია 1918-1921 წლების სოციალ-დემოკრატიული ექსპერიმენტიც); მესამე - საბჭოთა მმართველობა; და მეოთხე - კაპიტალისტური დემოკრატიული (ან უფრო სწორად, დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე) საქართველო. ეს ოთხი ფორმაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. შეუძლებელია, რომ რაღაც ტრადიცია, რომელიც, მაგალითად, ფეოდალურ საქართველოში არსებობდა, წმინდა სახით გადასულიყო მომდევნო ფორმაციაში. ამ აზრით, ტრადიციები მუდმივად იცვლება და სხვანაირად შეუძლებელია რომ იყოს.

როგორც ზემოთ ხედავთ, აქ იმას კი არ ვამტკიცებ, რომ ტრადიციები არ არსებობს (ეს მეორე უკიდურესობა იქნებოდა და სისულელეც) არამედ იმას, რომ ეს ტრადიციები მუდმივად იცვლება და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეროვნული კულტურა სწორედ ასეთი ცვლილებით ინახავს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში, სწორედ ცვლილებების შედეგად ხდება ტრადიციების შენარჩუნება. ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია ავიღოთ ქართული სუფრის მაგალითი. შუა საუკუნეების არც ერთ ისტორიულ წყაროში არ გვხვდება ის მიმდევრობა და ფორმა სადღეგრძელოებისა, რომელიც დღეს ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა (დედმამიშვილების, მშობლების, წასულების და ა.შ. სადღეგრძელოები). სავარაუდოდ, ამ ფორმით ეს სადღეგრძელოები საბჭოთა დროს გაჩნდა და ეროვნულმა კულტურამ სწორედ ასეთი ტრანსფორმაციით შეძლო თავის გადარჩენა.

თანამედროვე დროში, როდესაც კულტურული და ეკონომიკური გლობალიზაციის შედეგად ერთგვარი მსოფლიო მასკულტურა ყალიბდება, ქართული ეროვნული ცეკვებისთვის თავის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა სწორედ თანამედროვე მუსიკისა და ქორეოგრაფიის ელემენტებთან ფოლკლორის შეხამებაა. კლუბური მუსიკა და ცხოვრების სტილი თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისის კლუბებმა, განსაკუთრებით, „ბასიანმა“, „მტკვარზემ“ და „კაფე-გალერეამ“ მსოფლიოში გაითქვეს სახელები.

თანამედროვე ცეკვები პოპულარულია ქართულ ტელეშოუებში, სადაც დამწყებ და პროფესიონალ მოცეკვავეებს უამრავი მაყურებელი გულშემატკივრობს. ამ ფონზე იმის თქმა, რომ ქართული ფოლკლორული ხელოვნება დომინანტურია, თავის მოტყუება იქნება. ამ თავის მოტყუებით საბოლოოდ ისევ ეროვნული კულტურა და ხელოვნება ზარალდება. სუხიშვილები ამ თამამი ექსპერიმენტებით სწორედ თანამედროვე დროში ქართული ფოლკლორის აქტუალობას უსვამენ ხაზს და არც ერთ შემთხვევაში სასაცილოდ არ იგდებენ ან შეურაცხყოფას არ აყენებენ მას.

ის შიში, რომ ჩვენ კულტურას და თვითმყოფადობას დავკარგავთ, რეალობად იქცევა, თუკი უარს ვიტყვით ტრადიციების რეინტერპრეტაციაზე. ამით ჩვენი მდიდარი კულტურიდან ხელოვნურად მოვახდენთ ადამიანების განცალკევებას - იმ ადამიანებისა, ვინც წესით სწორედ ამ კულტურის განვითარებას უნდა მოახმაროს თავისი ნიჭი და ენერგია. თავის დროზე როკმუსიკაზე რომ უარი გვეთქვა, ქართული როკი ვერ განვითარდებოდა, აღარაფერს ვამბობ რუსულ რომანსზე, ოპერაზე, ბალეტზე და ა.შ. ყველაზე საინტერესო და მდიდარი კულტურა არის ის, რომელსაც სიახლეების არ ეშინია. ჩვენს კულტურას აქვს პოტენციალი, რომ მუდმივად ასეთი იყოს და კიდევ ბევრჯერ გააოცოს სამყარო თავისი განსაკუთრებულობით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG