Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018

ბიძინა ივანიშვილი ბევრი რამით ჰგავს ზღაპრის პერსონაჟს. ზღაპრულად მდიდარია და ზღაპრულად დიდ ძალაუფლებას ფლობს; როცა საქმეს სჭირდება, ზღაპრულად გულუხვია და ზღაპრულად მოწყალე ან მრისხანე. ზღაპრულია მისი ჩანაფიქრების მასშტაბი: ზღვით გადაიტანოს გიგანტური ხეები, იყოლიოს საქართველოს კლიმატისთვის შეუსაბამო ფაუნა და სოლოლაკის კლდოვან ქედზე მოაშენოს ზვიგენები. ეწევა ასევე ზღაპრის გმირივით კარჩაკეტილ ცხოვრებას და არ ტოვებს თავის ზღაპრულ შუშის სასახლეს. არ ტოვებს ისევე, როგორც არ ტოვებდა ქართული ზღაპრების ცნობილი პერსონაჟი ნაცარქექია, თუმცა ნაცარქექიასავით ივანიშვილსაც მოუწია ერთხელ კერიის მიტოვება და დევთან შებრძოლება: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა! დაამარცხა და მალევე უკან დაბრუნდა, კერიასთან, სადაც, ამ დროიდან მოყოლებული, იქექება ხელისუფლებიდან გასტუმრებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცარში. ასეთი, გარეშე თვალისთვის აზრისაგან დაცლილი ნაცრის ქექვაა ბიძინა ივანიშვილის ყველა პრესკონფერენცია, ყველა საჯარო გამოსვლა. ქვეყნის ფორმალურ მართვას, თანამდებობის დაკავებას, პასუხისმგებლობის აღებას ურჩევნია კერიასთან ჯდომა და ნაცრის ქექვა. როგორც ნამდვილი ნაცრის მჩხრეკელი მბჟუტავ ნაკვერჩხალს, ისე ეძებს ბიძინა ივანიშვილი მთავარი ოპონენტის ნაკვალევს - ნაციონალებს და მათ მხარდამჭერ ტელევიზიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველას არწმუნებს, რომ პოულობს კიდეც.

როცა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე ეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა შემოიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოში.

როცა ლარის კურსის ვარდნაზე, ფასების მატებაზე, სოციალურ გაჭირვებაზე, სიღარიბის მასშტაბის გაზრდაზე ეკითხებიან, ის პასუხად იწყებს „ნაცების“ გულმოდგინე ქექვას და ამბობს, „რუსთავი 2“ რომ გამორთო, ქვეყანაში აღმავლობის მეტს ვერაფერს ნახავო.

როცა ზაზა სარალიძეზე ეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანის ამბავს შორის პარალელის გავლება უზნეობა და ცინიზმია, რადგან, მისი აზრით, სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ დააფარა ხელი მკვლელებს, ხოლო ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის მიმართ სახელმწიფოს არანაირი ინტერესი არ ჰქონია. ბიძინა ივანიშვილს ჯიუტად არ სჯერა, რომ დავით სარალიძის მკვლელსაც აფარებს ხელს სახელმწიფო (შსს-ს, პროკურატურისა და საპარლამენტო უმრავლესობის სახით), რაც გამოჩნდა კიდეც დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომებიდან, თუმცა ბიძინა ივანიშვილისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მოვლენის არსს, არამედ დროს - იმას, თუ როდის მოხდა ამბავი: „ნაციონალების“ დროს მომხდარ კანონდარღვევას არანაირი გამართლება არ აქვს, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ დროს მომხდარი უკანონობა „ნაციონალების ტელევიზიის“ მიერ არის გაბუქებული და, კაცმა რომ თქვას, არც არის უკანონობა!

როცა სახელმწიფო მოხელეების კორუფციაზე ეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ელიტურ კორუფციაზე იწყებს საუბარს. ივანიშვილს უპირობოდ სჯერა თავისი მინისტრების, დეპუტატებისა და თანაპარტიელების უმწიკვლობისა, სჯერა სახელმწიფო სამსახურში გამდიდრებული მოხელეებისა, სჯერა 37 ათას დოლარად აშენებული სამსართულიანი სახლების კანონიერებისა.

როცა ჟურნალისტი ძალადობაში მრავალჯერ შემჩნეულ ყოფილ მთავარ პროკურორზე ეკითხება, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტს შეახსენებს, რომ მისი მეუღლე „ნაცების“ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

როცა ოთარ ფარცხალაძის სარდაფსა და ლევან ყიფიანის ცემაზე ეკითხებიან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალების“ დროს იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ.

როცა არასამთავრობო ორგანიზაცია აკრიტიკებს, ბიძინა ივანიშვილი იმის გაქექვას იწყებს, თუ რას საქმით იყო დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2012 წლამდე, 2007 წლის 7 ნოემბერს...

ასე, დაუსრულებლად, იქექება ივანიშვილი ნაცარში („ნაცებში“) და ყველა საჭირო მომენტში გამოჩხრეკს ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყოფილი ხელისუფლების წევრების მხარდამჭერებს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ნაცქექიას (ნაცების მქექავს), ზღაპრის პერსონაჟივით ყველა საჭირო ნივთი აქვს: საჩხრეკი ნაცარი - ნაცების სახით, დევების დასათრგუნი სადგისი - ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, სახით და წვენის გამოსადენი, მალეფუჭებადი ჭყინტი ყველი პრემიერ-მინისტრების სახით (აკი, ხშირადაც ცვლის).

ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ხელს აძლევდეს კიდეც ამგვარ ზღაპრულ სამყაროში ზღაპრის უკვდავ პერსონაჟად დარჩენა, მაგრამ, ალბათ, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ ცხოვრება არ არის ზღაპარი, სადაც უსასრულოდ შეიძლება ქექო ნაცარი და გარშემო ყველა ბედნიერი იყოს.

ნაცარს ქექავს თუ ნაცებს, ბიძინა ივანიშვილი მაინც პოლიტიკოსია და უნდა დარდობდეს იმაზე, თუ რას დატოვებს თავის შემდეგ, რის მიხედვით შეაფასებენ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას.

მწერალი რომ იყოს, წიგნებს დატოვებდა, მხატვარი რომ იყოს - ნახატებს, ინჟინერი - აშენებულ სახლებს, კომპოზიტორი რომ იყოს - მუსიკას და ა.შ. მაგრამ რას დატოვებს პოლიტიკოსი ივანიშვილი? ნაცარს, რომელსაც ხან თვითონ იყრიდა თავზე და ხან სხვა აყრიდა თვალებში? თუ თვითონ იქცევა ახალ საჩხრეკ ნაცრად მომდევნო ხელისუფლებისთვის?

წინა ბლოგში, გრიგოლ უბირიას კვლევაზე დაყრდნობით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს ვუწოდე „მართული დემოკრატია“. ამ ბლოგში მინდა დავამატო, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სცდება ტრადიციულ პოლიტიკურ კატეგორიებს. სინამდვილეში ეს არის დაუსრულებელი ქუჩური გარჩევა, რომელიც ღირებულებათა სისტემის სრულ კოლაფსზე მიგვანიშნებს. სახეზეა არა მხოლოდ ხელისუფლების სრული მორალური გაკოტრება (განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერების სკანდალის შემდეგ), არამედ მისი მთავარი მოწინააღმდეგის - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოუდგენელი რადიკალიზაცია ისედაც დიდი ხნით ადრე დაწყებული მორალური დეგრადაციის ფონზე. თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვები აქამდე შეიძლებოდა ნაწილობრივ მაინც იმ მონსტრული სისტემის იმპერატივებით აგვეხსნა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შექმნა სააკაშვილმა, ახლა უკვე ნათელია, რომ ამ პოლიტიკური ძალის პრობლემა ბევრად უფრო ღრმა მენტალურ შრეებში უნდა ვეძებოთ. ამის საილუსტრაციოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული ლიდერის ბოლოდროინდელი გამოსვლიდან ერთ ციტატას შემოგთავაზებთ. სააკაშვილი ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოგამოსვლაში აღნიშნავს:

"ახლა ივანიშვილი იმყოფება, უბრალოდ, ჩოქბჯენში. ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი და ავადმყოფი, რომელიც არის ჩოქბჯენში… ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მე მგონი, ყველამ ყველაფერი ვიცით...”

სააკაშვილის მიერ თავისი რევანშისტული მიდრეკილებების ასეთი სადისტურ-პორნოგრაფიული გამოხატვა, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად რადიკალურს ხდის ხელისუფლებას, რომელიც უკვე არის დადანაშაულებული სადისტურ-პორნოგრაფიულ ქმედებებში. დღესდღეობით, ეს ორი პოლიტიკური პოლუსი თითქოს ერთმანეთით იკვებება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე, ჯერჯერობით, სისასტიკეში და ავტორიტარიზმში ჩამორჩება თავის წინამორბედს.

„ქართული ოცნება“ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც თანმიმდევრულად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ „გამეორებას“. რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხელისუფლების დაკვეთით ადამიანების ცემასა და წამებაზე საუბრობს, ხელისუფლებამ დაუპირისპირა საკუთარი ფარული ჩანაწერი, რომელშიც სუბელიანი ყველა აღნიშნულ ფაქტს ერთი ხელის მოსმით უარყოფს. ფარული ჩანაწერების ტელეეთერში გასვლიდან ცოტა ხანში პროკურატურამ, ორი წლის წინანდელი მტკიცებულებებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებისთვის წაუყენა ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორ ყოფილ თანამშრომელს. ამ უაღრესად საეჭვო ჩანაწერებისა და მოულოდნელი დაკავებების ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი გაუგებარი და საეჭვო ნაბიჯიც გადადგა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოთხოვნას, მთავრობის სხდომაზე განხილულიყო ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი კრიზისული ვითარება, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ პოლიტიკური არგუმენტები დაუპირისპირა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე შენიშნავს, მთავრობა კონსტიტუციით ვალდებულია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხიც კი დადგეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აინტერესებს, კონსტიტუციაში რა წერია, ისევე, როგორც არ აინტერესებს კანონდარღვევების ან ბრალდებების დროულად გამოძიება. ხელისუფლების ყოველი მომდევნო ნაბიჯი უფრო და უფრო მეტ დარტყმას აყენებს მის უკვე ლაფში ამოსვრილ სახელს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არც ერთ მთავარ პოლიტიკურ აქტორს არ აინტერესებს თამაშის ყველაზე საბაზისო წესების დაცვაც კი. ეს ჰგავს თავზეხელაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე ქუჩურ გარჩევას, რომელშიც ყველა მხარე ცდილობს ნებისმიერი საშუალებით მოიპოვოს უპირატესობა. მართალია, საბედნიეროდ, სამოქალაქო ომში ეს დაპირისპირება ჯერ არ გადაზრდილა, მაგრამ მხარეთა დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და რიტორიკის ფონზე, ამის საფრთხე მუდმივად არსებობს. ნებისმიერმა მორიგმა სკანდალმა შეიძლება ქვეყანა ისეთ უფსკრულში გადატყორცნოს, საიდან ამოსვლასაც შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს (და ეს შეიძლება, საერთოდ, ჩვენი სუვერენიტეტის გაუქმებითაც კი დასრულდეს).

იმის გამო, რომ ჯერჯერობით ღირსეული მესამე ძალა არ ჩანს, რომელიც შეძლებს ამ ორი გავეშებული აქტორის პოლიტიკური სივრციდან განდევნას და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნებას, თავად ამ მოთარეშე ძალებმა უნდა მოუხმონ გონიერებას. „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიაზრონ, თუ რამხელა საფრთხის წინაშე აყენებენ ქვეყანას. თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან თამაშის მინიმალურ წესებზე და გააგრძელებენ დამანგრეველი ნაბიჯების გადადგმას, ჩვენს საზოგადოებას არათუ ევროპული დემოკრატიული მომავალი, არამედ აღარანაირი მომავალი აღარ ექნება.

ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ცივილიზებულად ჩავატარებთ მომდევნო არჩევნებს და რამდენად შეძლებენ ერთმანეთის სისხლს მოწყურებული პოლიტიკური ძალები ვნებების დაოკებას. თუკი მართლა გვინდა, რომ ოდესმე მაინც ჯანსაღი მულტიპარტიული დემოკრატია შევქმნათ, ძალადობის და რეპრესიების ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ და ძალაუფლების განაწილების ქმედით მექანიზმებზე შევთანხმდეთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG