Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

კვირა, 7 ოქტომბერი 2018

გრიგოლ უბირიას კვლევა სახელწოდებით „მართული დემოკრატიის ტყვეობაში: რატომ ვერ შედგა ქართული დემოკრატია?“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია, რომელიც საქართველოში შიდა პოლიტიკის შესახებაა დაწერილი. სამწუხაროდ, კვალიფიციური აკადემიური ან ნახევრად აკადემიური პოლიტიკის კვლევები ქართულ ენაზე ნაკლებად იწერება. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს კვლევა სწორედ ერთ-ერთი საპატიო გამონაკლისია. ამ სტატიაში ვისაუბრებ სწორედ მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე, რომლებსაც დიდწილად ვეთანხები.

უბირია სავსებით მართებულად ამტკიცებს, რომ საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს ე.წ. მართულ დემოკრატიას, ანუ ისეთ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც გარეგნულად შეიძლება დემოკრატიას ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში, ავტორიტარულად იმართება. უბირიას შეფასება თანხმობაში მოდის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ შეფასებებთან. მაგალითად, „ფრიდომ ჰაუსის“ 2017 წლის რეიტინგში, საქართველო დასახელებულია „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად, ხოლო ჟურნალ „ეკონომისტის“ 2017 წლის „დემოკრატიის ინდექსში“ ჩვენი ქვეყანა „ჰიბრიდულ რეჟიმად“ არის მიჩნეული. (ამავე რეიტინგში ჩვენზე წინ არიან ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორებიცაა მექსიკა, ინდონეზია, ტუნისი, ნამიბია, პარაგვაი და ა.შ.)

ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველო მართულ დემოკრატიად ბოლო დროს კი არ ჩამოყალიბდა, არამედ ასეთი იყო ყოველთვის - დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე. ავტორი კრიტიკულად აფასებს შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდებს. მაგალითად, მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობამ კორუფციის აღმოსაფხვრელად მართლაც გადადგა გარკვეული ნაბიჯები მმართველობის ადრეულ პერიოდში, საბოლოო ჯამში, საქართველოში კორუფცია და ნეპოტიზმი, ისევე, როგორც, ზოგადად, მართული დემოკრატია - მაინც მოურჩენელ სენად დარჩა. უბირია 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაბარებას აფასებს „მართული დემოკრატიის სისტემაში მომხდარ გაუთვალისწინებელ ხარვეზად“ და არა ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის მაგალითად.

იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებშიც მართულ დემოკრატიაში ვცხოვრობთ, ანგარიშის ავტორის აზრით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება მიანიშნებს.

პირველი გარემოება ის არის, რომ მმართველი პარტია თითქმის ყოველთვის იმარჯვებს მაჟორიტარულ არჩევნებში. მაგალითად, ამჟამად პარლამენტში მყოფი 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან 71 „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარმოდგენილი. დანარჩენი ორი კი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ან მის მიმართ ლოიალურად განწყობილი კანდიდატები არიან (მათგან ერთს, სალომე ზურაბიშვილს, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის რაიონში ღიად დაუჭირა მხარი; მეორემ,სიმონ ნოზაძემ კი ხაშურში „ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიის, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ სახელით იყარა კენჭი).იგივე მდგომარეობაა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებშიც - თითქმის ყველა რაიონულ საკრებულოსა და მერიას „ქართული ოცნება“ აკონტროლებს. უბირია მართებულად აღნიშნავს, რომ არც ერთ თანამედროვე დემოკრატიაში ასეთი შედეგი არასდროს დაფიქსირებულა. დემოკრატიული რეჟიმისთვის ასეთი შედეგები ანომალიურია.ჩვენს შემთხვევაში, ეს უმთავრესად იმაზე მიანიშნებს, რომ არჩევნები სამართლიანად არ ტარდება. უსამართლობის მთავარი წყარო კი ის არის, რომ ხელისუფლება ბოროტად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს და შეფარული ავტორიტარიზმით შეშინებული ბიზნესებიც ავტომატურად ხელისუფლებას უჭერენ მხარს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ანგარიშში უბირია შესაძლოა ცოტა აჭარბებდეს მაჟორიტარული სისტემის მნიშვნელობას მართული დემოკრატიისთვის. ამას 2024 წლამდე დანამდვილებით მაინც ვერ გავიგებთ, რადგან მანამდე ძალაში არ შევა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარლამენტი მხოლოდ პროპორციული წესით უნდა აირჩეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსებით მანიპულირების პრობლემას ვერ მოაგვარებს. როგორც უბირია თავადვე აღნიშნავს, მმართველი პარტია საკუთარი აქტივისტებისა და მომხრეების ერთგულებას მათი ადგილობრივ და ცენტრალურ აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებით ინარჩუნებს. ამას სამწუხაროდ, ალბათ, მხოლოდ საჯარო სამსახურის სრული დეპოლიტიზაცია თუ უშველის, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში თითქმის შეუძლებელი ამოცანაა.

კვლევის მიხედვით, დემოკრატიის კუთხით მეორე მთავარი პრობლემა ის არის,რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა. იმას, რომ მთავრობა არაფორმალურად იმართება, ზოგჯერ არც თავად ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების წევრები უარყოფენ. უბირია აღნიშნავს, რომ როგორც „ქართული ოცნება“, ასევე, სხვა პარტიებიც (მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“) ლენინისეული ე.წ. „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ პრინციპით მუშაობენ. ქართული ოცნების შიგნით არ ხდება სხვადასხვა საკითხის კრიტიკული განხილვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ერთპიროვნული ლიდერის - ივანიშვილის მოსაზრებები უკვე ცნობილია. შიდაპარტიული დემოკრატიის არარსებობა მთლიანად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ დეფიციტს უფრო მეტად ამწვავებს.

არაფორმალური მმართველობის ყველაზე ბნელი მხარე, რაზეც კვლევაში ნაკლები აქცენტია გაკეთებული, ის არის, რომ ქართველი ძალოვანები ჯერ კიდევ თვითნებურად, კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ. ამის საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ ბოლოდროინდელი სკანდალი, რომელიც კომპანია „ომეგა ჯგუფს“ და ტელეკომპანია „იბერიას“ უკავშირდება, არამედ, მაგალითად, ისიც, რომ დღემდე არ არის სათანადოდ გამოძიებული ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიასა, და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, შორის მომხდარი დაპირისპირება. თორდია მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება განზრახ ჭიანურდება.

საბოლოო ჯამში, როგორც კვლევის ავტორი მართებულად შენიშნავს, ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი ოპონენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არსებული მწირი მატერიალური რესურსების ხელში ჩაგდებისთვის იბრძვიან ისე, რომ რეალურად,დემოკრატია არც აინტერესებს. ამ ეჭვს განსაკუთრებით ამყარებს ისიც, რომ კრიტიკულ საკითხებზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პოზიციები დღემდე უცვლელია. მაგალითად, სააკაშვილი დღემდე თვლის, რომ მისი მთავარი შეცდომა ივანიშვილის ხელისუფლებაში მიშვებაა და არა ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება. “ნაციონალური მოძრაობა“, თუკი ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებს, სავარაუდოდ, უფრო რეპრესიული მეთოდებით შეეცდება მის შენარჩუნებას.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩაკეტილი წრიდან თავი დავაღწიოთ, ამაზე კვლევაში, რომლის მიზანიც ძირითადად, სიტუაციის აღწერაა, ბევრი არაფერია ნათქვამი. ამავე დროს, თუკი უბირია მართალია და პრობლემის სათავე ავტორიტარული განწყობების მქონე პოლიტიკურ ელიტებში უნდა ვეძებოთ, მაშინ ლოგიკურად, ამ ელიტების მოშორება დღესდღეობით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს. ის, თუ რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება ახლა, როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე დაფუძნებული სახელმწიფო უფრო და უფრო მეტად ავლენს თავის რეპრესიულ ხასიათს, რთული სათქმელია. ასეთ პირობებში, ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, პოლიტიკურ არენაზე უკეთესი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენის იმედიღაა.

დავით კლდიაშვილს რომ მშობლიური ენა დაავიწყდა რუსეთის იმპერიის სამსახურში, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ხელახლა მოუწია დიდ მწერალს ქართულად ენის ამოდგმა. იგივე დაემართა გენერალ გიორგი კვინიტაძესაც, რომელიც მოგონებების წიგნში ასე იხსენებს 1918 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ამბავს: „ლაპარაკობდნენ ქართულად. მე არ ვიცოდი ჩემი მშობლიური ენა და ძლივძლივობით ვიჭერდი აზრს“ (Говорили по-грузински. Я не знал своего родного языка и едва улавливал общий смысл речей). მოკლედ, ორივე რუსეთის სამსახურში იყო (ერთი - პოლკოვნიკი, მეორე - გენერალი) და ორივემ მშობლიური ენა დაივიწყა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ორივე საქართველოს პატრიოტად დარჩა ცხოვრების ყველა ეტაპზე. ენა ვერ მოგიბრუნდება ან ერთს, ან მეორეს რუსეთუმე უწოდო და ის წლები წამოაძახო, რომლებიც რუსეთის სამსახურში გაატარეს. ქართველი პატრიოტისთვის, ალბათ, არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე რუსეთუმეობაში დადანაშაულება. საქმე ისაა, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი (წონიანი) კანდიდატები ერთმანეთს ღალატსა და რუსეთუმეობაში სდებენ ბრალს.

„მოღალატეა!“, „ქართული ენა არ იცის!“ - ასეთია ოპონენტების მიერ დანახული სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს.

პრეზერვატივის დიზაინები შექმნილია "აიისას" პლატფორმის #გაბანტე-ს ფარგლებში
პრეზერვატივის დიზაინები შექმნილია "აიისას" პლატფორმის #გაბანტე-ს ფარგლებში

„Наш кандидат!“ „მე [პუტინი] ვირჩევ გრიგოლ ვაშაძეს! შენ?“ - ეს კიდევ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - კანდიდატის გასაშავებლად დაბეჭდილი პლაკატებია, რომლებითაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხარდამჭერები ფარავენ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერებს.

1 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წლისთავზე, ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია როგორც საქართველოდან რუსეთის ჯარების გამძევებელი, როგორც ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი და ქართული ემიგრაციის პირველი თაობის შთამომავალი, როგორც ქართველი პატრიოტი. პარალელურად, ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი შემოუძღვა ზურაბიშვილის მიერ გაძევებულ რუსულ ჯარს და ამის გამო მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირება. მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომეო, დასძინა ივანიშვილმა

სალომე ზურაბიშვილის ოპონენტების არგუმენტები 2008 წლის ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეყრდნობა (პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო ომი, ქართულმა ავიაციამ დაბომბა წითელუბანი...), გრიგოლ ვაშაძეს კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ კარიერას და რუსეთის მოქალაქეობას აძახებენ.

მთლიანობაში, ამ ბრალდებებში (საფუძვლიანსა თუ უსაფუძვლოში) კარგი თითქმის არაფერია (ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ნებისმიერ შემთხვევაში იფიქრებს, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი ღალატობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს), მაგრამ თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ ღიად რუსეთუმეობას არავინ აღიარებს. რუსეთუმეობა კვლავ სალანძღავ სიტყვად რჩება. მეტიც, რუსეთუმეობა ელექტორალურადაც არ არის გამართლებული. საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს, რომ, რუსული პროპაგანდის გაძლიერების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის 53 პროცენტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთთან დაკავშირებულ ფაქტორებს (სამხედრო აგრესია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ა. შ.) მიიჩნევს. ეს ფაქტორები ერთიათად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ნაციონალისტური ჯგუფების მიერ ბოლო დროს წამოწეულ „საქართველოში თურქეთის ინეტერესებზე“, რასაც საფრთხედ მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 5%.

ფილოსოფოს გია ნოდიას დაკვირვებითაც, ანტირუსული რიტორიკა აღარ არის მხოლოდ ტრადიციულად პროდასავლური პარტიების სავიზიტო ბარათი. „ქართული ოცნების“ ლიდერები და ცალკეული წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში ერიდებოდნენ „რუსეთის გაღიზიანებას“, დღეს თამამად გამოთქვამენ ანტირუსულ აზრებს.

„ცხადია, არსებობენ ღიად ან შეფარულად პრორუსული ძალები, მაგრამ მათი მეინსტრიმიზაცია ვერ მოხერხდა. მაგალითისთვის ავიღოთ „პატრიოტთა ალიანსი“. გვაქვს საფუძველი, „პატრიოტთა ალიანსი“ მივიჩნიოთ პრორუსულ ძალად, მაგრამ ამ პარტიის ლიდერებიც კი არ აღიარებენ, რომ პრორუსულ ძალას წარმოადგენენ“, - ამბობს გია ნოდია.

გადმოწერა

შესაბამისად, ის გარემოება, რომ რომელიმე კანდიდატი (ან კანდიდატის მხარდამჭერი) ოპონენტს რუსეთუმეობაში სდებს ბრალს, არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ ეს კანდიდატი პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსია და რუსეთის ინტერესებთან ახლოს არ ჩაუვლია. ვიღაცის ბრალდებები გულწრფელია, ვიღაცის კი - საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილი; ვიღაც არგუმენტირებულად ამხელს ოპონენტს, ვიღაც კი მოქმედებს პრინციპით, ჩემი შენ გითხარიო ან, როგორც რუსები იტყვიან, Сам дурак-ო. მტყუანი და მართალი ამომრჩეველმა უნდა გაარჩიოს - გაარჩიოს დღევანდელი რთული კონტექსტის გათვალისწინებით, თორემ რუსეთუმეობაში დადანაშაულებისთვის რომ არც ქართული ენის ცუდი ცოდნა კმარა და არც რუსეთის სამსახურში ყოფნა, დავით კლდიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის ბიოგრაფიებიდანაც ნათლად ჩანს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG