Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 1 ნოემბერი 2018

28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საკვირველი შედეგით დასრულდა. გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ფორმალურად საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს, ბოლო მონაცემებით, ხმების 37.73% აიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა - 38.64%. ამომრჩეველთა აქტივობა ამ არჩევნებზე, ისევე, როგორც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დაახლოებით 46 % იყო. მოულოდნელი იყო, როგორც ხელისუფლების კანდიდატის წარუმატებლობა, რაც მეორე ტურის დანიშვნაში გამოიხატა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის წარმატება. ქვემოთ თითოეულ ამ მოულოდნელობას ცალ-ცალკე განვიხილავ, მაგრამ ყველაზე მეტად, ვაშაძის წარმატებით დავინტერესდები.

დავიწყებ იმის განხილვით, თუ რას შეიძლება მივაწეროთ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ამგვარი წარუმატებლობა (ცხადია, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვების ვერმოპოვებას, რაც წინა წლებთან შედარებით „ქართული ოცნებისთვის“ საგრძნობი ჩავარდნაა). პირველ რიგში, მოვლენების ამგვარ შემობრუნებაში გადამწყვეტი როლი მთავრობის მიერ დაშვებულმა მძიმე შეცდომებმა ითამაშა, დაწყებული სარალიძის საქმის გამოუძიებლობით (დავით სარალიძის მკვლელი დღემდე უცნობია) და დამთავრებული ბიზნესმენ ოქუაშვილის საქმით. ხელისუფლებამ ყველა ეტაპზე თავი წარმოაჩინა კლანურ, არაკომპეტენტურ და ავტორიტარულ ძალად. „ქართული ოცნების“ არაფორმალურმა ლიდერმა, იმის ნაცვლად, რომ წამოეწყო სისტემური რეფორმები, მაგალითად, პროკურატურასა და ძალოვან უწყებებში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საჯაროდ დაცვას მიჰყო ხელი. ყველაფერმა ამან აშკარაა, რომ ამომრჩეველთა განწყობაზე დადებითად არ იმოქმედა.

ხელისუფლების კანდიდატის წარუმატებლობის მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დრამატულად გაიზარდა, რომ არაფერი ვთქვათ ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რადიკალურად გაუმჯობესებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების ფინანსურ და ორგანიზაციულ გაძლიერებაზე და უმაღლესი განათლების რეფორმაზე. „ქართულ ოცნებას“ ამგვარი სოციოეკონომიკური სასწაული არ მოუხდენია, მიუხედავად გაცემული დაპირებებისა. ამომრჩეველთა ნაწილს ამ მიმართულებით მოლოდინი კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეექვსე წელსაც გაუცრუვდა.

ამავე დროს, ერთია ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის წარუმატებლობა, მაგრამ მეორეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმატება. პირველი მეორეს აუცილებლად არ უდრის. ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებზე, სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს თეორიულად მაინც შეეძლოთ ხელისუფლების ჩავარდნების სათავისოდ გამოყენება. ის, რომ მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიაღწია წარმატებას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაცვიფრებელია. ვაშაძის წარმატება გასაკვირია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა ავტორიტარიზმით და რეპრესიებით გამოირჩეოდა.

ისმის კითხვა, თუ რატომ არ დააბრკოლა ამომრჩევლები იმ ფაქტებმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო დაკავებული იყო კრიმინალური და რეპრესიული ქმედებებით. საუბარია პირველ რიგში გახმაურებულ კრიმინალურ შემთხვევებზე, როგორებიცაა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და რობაქიძის საქმეები, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი (რაზეც მიხეილ სააკაშვილს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ან ე.წ. კასრების საქმე, ასევე, ზოგადად, ავტორიტარული, ძალადობრივი პოლიტიკური სისტემის შექმნა. ამომრჩეველთა საკმაოდ დიდმა რაოდენობამ, დაახლოებით 600 000-მა ადამიანმა ან მთლიანად უგულებელყო წინა მთავრობის დროს მომხდარი დანაშაულებები და „ნაციონალური მოძრაობის“ რეპრესიული პოლიტიკა იმ ცხრა წლის პერიოდში, ან უბრალოდ ჩათვალა, რომ იგივე რამეები მომავალში აღარ განმეორდება. ამომრჩევლის ამგვარი ქცევის მიზეზების ახსნას ქვემოთ შევეცდები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ „ქართული ოცნება“ წინა მთავრობის დროს მომხდარი დანაშაულებების გამოძიებას სერიოზულად არ მიუდგა. ამის ნაცვლად, წინა მთავრობის გმობა ივანიშვილის გუნდმა პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად აქცია. ახალი მთავრობა თავისი ყოველი გადაცდომის გადაფარვას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებების გახსენებით ცდილობს, რაც ამ დანაშაულებების თემას, ბევრის თვალში, სერიოზულობას უკარგავს. ბევრ ადამიანს ისედაც არ აქვს სათანადო ინფორმაცია იმ ცხრა წლის განმავლობაში მომხდარ დანაშაულებებზე და „ქართული ოცნების“ ამგვარი პოპულისტური საქციელი მათ აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ბრალდებები რეალური არც იყოს და პოლიტიკურად იყოს შეთითხნილი. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ წარმატებას უწყობს ხელს. სააკაშვილმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას არც ერთი დანაშაული არ მიუძღვის საქართველოს წინაშე და მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ქართული სახელმწიფო ააშენა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი ერთპიროვნული ლიდერი დღემდე უარყოფენ მათი ხელისუფლების მიერ ჩადენილ კრიმინალურ გადაცდომებს და არც იმაში ტყდებიან ბოლომდე, რომ ცხრაწლიანი მმართველობა დემოკრატიულობისგან ძალიან შორს იყო.

მეორე მიზეზი, რატომაც ამომრჩეველთა ნაწილი, როგორც ჩანს, თვალს ხუჭავს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულ და ახლანდელ რეპუტაციაზე, ის არის, რომ მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. ქართველი ამომრჩევლის ნაწილი იმდენად სასოწარკვეთილია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობით, რომ როგორც ჩანს, ყველაზე მცირე იმედსაც კი ებღაუჭება. „ნაციონალური მოძრაობა“, მართალია, წარსულ შეცდომებს არ აღიარებს და არც ერთპიროვნული ბელადის კულტის მოშორებას გეგმავს, მაგრამ პარტიის შიგნით გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს მაინც ახორციელებს. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კოალიცია „ძალა ერთობაშიამ“ წარადგინა საპრეზიდენტო კანდიდატად და არა უშუალოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რამაც თითქოს კოლექტიური დემოკრატიული მმართველობის ილუზია შექმნა.

ერთი სიტყვით, იმის გამო, რომ სხვადასხვა მიზეზით ზოგიერთმა ამომრჩეველმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული ცოდვები უგულებელყო, ვაშაძემ, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით, შესამჩნევ წარმატებას მიაღწია. მეორე ტურში მას მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატთან დაპირისპირება მოუწევს, რისთვისაც სხვა პარტიების ამომრჩევლების ხმები დასჭირდება. ახლა უკვე რეალურად გამოჩნდება ის, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი.

რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამ ეტაპზე უკვე ცხადია, რომ ქვეყანა ახალი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას: ორი არსებითად ავტორიტარული მიდრეკილების ძალის დაპირისპირების გამწვავებამ შესაძლოა ეროვნულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ის, თუ რანაირად არის შესაძლებელი ასეთ ვითარებაში გადარჩენა და დემოკრატიული ცვლილებების ინიცირება, ამაზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამსჯელო და საფიქრალი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად იქნება ორი ძალა მზად ცივილიზებული თამაშის წესებით ითამაშოს.

„ღმერთო, მალე ჩატარდებოდეს ეს არჩევნები“ - თქვენი არ ვიცი და მე ბოლო კვირებში მხოლოდ ამას ვნატრობდი.

საშინლად დამღლელი და მოქალაქეობრივად დამამცირებელი იყო ისევ იმავე წრეზე ტრიალი - ფარული ჩანაწერებისთვის ფარული ჩანაწერების დაპირისპირება, ზედაპირზე ამოტივტივებული პოლიტიკური ჭუჭყი, ისტერიული და უკიდურესად პოლარიზებული გარემო, რომელშიც თუ სალომე ზურაბიშვილს და ოცნებას უჭერ მხარს „მოღალატე“ და „პუტინოიდი“ ხარ, ოპოზიციის მიმართ სიმპათიის შემთხვევაში კი „სადისტების“ და „მკვლელების“ მხარდამჭერი. ხოლო თუ ორივე “დიდ ძალას“ უარყოფ და მორცხვად წარმოთქვამ მაგალითად დავით უსუფაშვილის სახელს - არაფრის მაქნისი შუაშისტი, რომელიც, როგორც ყოველთვის, უპასუხისმგებლოდ იქცევა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გაუთავებლად და გაუთავებლად.

ამის გაძლება მართლა რთული იყო. ფეისბუკის გათიშვაზე და სადმე შემოდგომის ტყეში, ქოხში ცხოვრებაზე ვოცნებობდი და ვიცი, რომ ამ განცდაში ნამდვილად არ ვიყავი მარტო.

მერე გამოცხადდა არჩევნების შედეგი. ბევრი ელოდა, რომ პირველივე ტურით პრეზიდენტი ვერც ერთი კანდიდატი ვერ გახდებოდა - და ეს ასეც მოხდა, ამაში არაფერია გასაკვირი. მაგრამ ეს პირველი ტური მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ცხადია იმ წარმატებით იყო, რომელიც მოიპოვა „გაერთიანებულ ოპოზიციად“ წოდებული და რეალურად მიხეილ სააკაშვილის ფიგურაზე დაფუძნებული ძალის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. მისი 37,74 პროცენტით, რომელიც სულ ოდნავ ჩამოუვარდება მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი „დამოუკიდებელი“ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის 38,64 პროცენტს (ეს მაშინ, როცა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობის - თანაც ჯერ კიდევ გაუყოფელი ნაცმოძრაობის - კანდიდატ დავით ბაქრაძეს ამომრჩევლის მხოლოდ 21,73 პროცენტი უჭერდა მხარს).

რა მოხდა? ხალხს ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული მიდრეკილებები, სისასტიკე, უსამართლობა დაავიწყდა? „მიშა მოენატრა“? თუ მართლაც გრიგოლ ვაშაძემ შთაუნერგა ნათელი მომავლის იმედები?

არა. არც ერთი ზემოთჩამოთვლილი. ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობისთვის მიმატებული ხმების დიდი ნაწილი უწინარესად ხელისუფლების მიმართ ბრაზით, იმედგაცრუებით, დაღლით, პროტესტით გამოწვეული ხმებია. მთავრობის ქედმაღლობით, არაადეკვატურობით, სარკაზმით, ხალხთან წარბაწეული ლაპარაკით პროვოცირებული ხმები. იმით, რომ „კეთილი უნიათოების“ იარლიყს ამოფარულები უდრტვინველად სარგებლობენ წინა ხელისუფლების დანატოვარი მანკიერი სისტემებით; იმით, რომ სამართლის მაძიებელ შვილმოკლულ მამებს გამორჩეული სისასტიკით დასცინიან, ხან ტერორიზმთან აკავშირებენ და ხანაც ნაცმოძრაობის კოორდინატორებად აცხადებენ; იმით, რომ მართლმსაჯულების სისტემაში აყვავდა „ფარცხალაძეების“, „შოთაძეების“, „სუბელიანების“ და „მურუსიძეების“ ეპოქა, ხელისუფლებაში კი მერამდენე წელია ივანიშვილის სულ უფრო და უფრო უსახური მსახურების მოსვლას ვადევნებთ თვალს; და იმით, რომ მოსახლეობას, რომლის ყოველი მეხუთე ბავშვიც შიმშილში იზრდება, ქვეყნის მულტიმილიარდერი „დირექტორი“ ჭკუას არიგებს - გაჭირვებაში რომ ცხოვრობ, ეს პირველ რიგში შენი ბრალია და იმდენად უგუნური ხარ, ამასაც კი ვერ აღიარებო.

დიახ - ამომრჩეველი დაღლილია და გაბრაზებული. ბევრი სახლში დარჩა და საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. მისულების დიდმა ნაწილმა კი ხმა იმ ძალას მისცა, რომელიც მთავრობას ყველაზე რადიკალურად, ისტერიულად და პოპულისტურად ლანძღავს და საამისოდ თავისი გავლენიანი ტელეარხიც აქვს. როცა მმართველი ძალის უტიფრობა დღევანდელი „ოცნების“ სიმაღლეებს იპყრობს, მოქალაქეს ლეგიტიმური სიბრაზე ახრჩობს. ასეთ დროს მთავარი ამ სიბრაზის გამოხატვა, ხელისუფლების დასჯა ხდება - ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი არსებული სისტემის, რეალობის შეგინების ფუნქციასაც კი ასრულებს. დღევანდელი ხელისუფლების „შეგინება“ კი სწორედ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის შემოხაზვით იყო ყველაზე ეფექტური. და ასეც მოიქცნენ.

ისტერია შობს ისტერიას, აგრესია - აგრესიას, რადიკალიზმი - რადიკალიზმს. ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველა ოპონენტს (მოქალაქეს, ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციას...) „სადისტებს“, „მკვლელებს“ ან მათ მხარდამჭერებს უწოდებს; რომლის მმართველი ფიგურა ტოტალურადაა მოწყვეტილი რეალობას, თვლის, რომ ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტი არაფერი ხდება და ამას თუ ვერ ვხედავთ, ესე იგი ჩვენი გონება რუსთავი 2-ის სიცრუის მზაკვრულ მარწუხებშია მოქცეული, შეუწყნარებელია განსხვავებული აზრის მიმართ და წინ „ჟურნალისტის“ სტატუსის მატარებელი, მაამებელი და მწყაზარად მომღიმარი ბუტაფორია თუ არ უზის, ორიოდე კრიტიკულ კითხვაში კარგავს სახეს. მეორე მხარეს კი პოპულიზმის ფსკერზე დაშვებული ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ეკლესიაში სანთლის დანთების და საქართველოს „ნარკოჰაბად“ გადაქცევაზე დარდის შუალედებში გამოდის სიტყვებით „ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი... იმყოფება უბრალოდ ჩოქბჯენში. ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი. და ავადმყოფი, რომელიც არის ჩოქბჯენში ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას მე მგონი ყველამ ყველაფერი ვიცით“ (სტილი დაცულია).

ხმაურისა და მძვინვარების ამ ორ, ერთმანეთის სიძულვილით მკვებავ პოლუსებს შორის სადღაც ჰორიზონტზე თუ ლივლივებენ სხვა ოპოზიციური ძალები. „ევროპული საქართველოს“ იდენტობა სააკაშვილისგან დისტანცირების სურვილის და, ამდენად, კვლავაც მაინც სააკაშვილთან პიროვნული უთანხმოების გარშემო ტრიალებს. „ევროპული“ პარტიის როლის თამაშში, „ზომიერი ოპოზიციის“ ნიღბის მორგებაში და საკუთარ მძიმე წარსულზე - მათივე ტერმინოლოგიით, სისტემურ „ჩავარდნებზე“, „შეცდომებზე“ თუ „გადაცდომებზე“ - მორცხვად რეფლექსირებაში ამ პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად შემოგვთავაზა დავით ბაქრაძე, რომლის ერთადერთი ღირსება, უკვე წლებია, „ბუნჩულა“ და უწყინარი იმიჯის ქონაა თანაპარტიელებთან შედარებით. სიბუნჩულესა და უსახურობას შორის კი ზღვარი ძალიან მკრთალია - და შედეგიც შესაბამისი. ბაქრაძემ ქვეყნის მასშტაბით ხმების თერთმეტი პროცენტიც კი ვერ მიიღო, დედაქალაქში კი თავმდაბალ 7,99 პროცენტს დასჯერდა.

აღარაფერს ვამბობ დავით უსუფაშვილზე - „ლიბერალების“, „შუაშისტების“, „მესამე ძალის“ მაძიებლების უკვე მარადიულ ტკივილზე, რომლის სამართლებრივი დისკურსი, რაციონალურობა და უნივერსიტეტის ლექტორის იერი საერთოდ ამოვარდნილია ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური კლიმატიდან. ამას ის ბევრი შეცდომა და კიდევ უფრო მეტი კომპრომისი ემატება, რომელიც მან და მისმა ყოფილმა პარტიამ, რესპუბლიკელებმა დაუშვეს ქართულ ოცნებასთან კოალიციაში ყოფნისას - მარტო მთავარი პროკურორების, იმავე შოთაძის პოსტზე დამტკიცება რად ღირდა. კანდიდატი აღარაა და უკვე შემიძლია გავამხილო, რომ მოცემულ არჩევანში ჩემთვისაც სწორედ უსუფაშვილი იქნებოდა ყველაზე მისაღები - ყველაფრის მიუხედავად, მაინც მექნებოდა მისი სახელმწიფოებრივი აზროვნების, კონსტიტუციისა თუ სამართლის ცოდნის იმედი, რაც ასე ძალიანაა საჭირო პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, მისი ფუნქციის სწორად შესასრულებლად. მაგრამ არის ის, რაც არის. პოლარიზებულ, რადიკალურ და ხმაურიან ატმოსფეროში მას ამომრჩევლის ორ პროცენტზე ცოტა მეტმა თუ დაუჭირა მხარი.

შედეგად კი მივიღეთ მძიმე სურათი, რომელშიც მოსაჭიდებელ ხავსად ფორმალური ნიშნებიღა თუ გვაქვს. ცხადია, კარგია ის, რომ არჩევნების და მოქალაქეთა ნების ძალა დავინახეთ - სიბრაზის, პროტესტის, თუნდაც არსებული ხელისუფლების შეგინების ფუნქციის მატარებელი ხმა მაინც ხმაა, სრულფასოვანი და ლეგიტიმური; კარგია, რომ მმართველმა ძალამ დამსახურებული ალიყური იწვნია, თავისი ქედმაღლობის, უტიფრობის და დამკვიდრებული უსამართლობის გამო. ფორმალურად ისიც კარგია, თუ „ოცნებას“ პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოეცლება და ძალაუფლების ამ ბერკეტს დაკარგავს. და ისიც, რომ ჩვენი პოლიტიკური სივრცე კონკურენტული და, როგორც გამოჩნდა, მოულოდნელობებით სავსე რჩება.

ფორმალურ ნიშნებზე თეორიული საუბარი ადვილია და მშვენივრადაც ჟღერს - თუმცა, მათ მიღმა დამდგარი სახიფათო რეალობაც უნდა დავინახოთ. ის რეალობა, რომელშიც ქართული ოცნების მონოპოლიით მოყირჭებული ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას მისცემს კაცს, რომელიც, უდიდესი ალბათობით, გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც პოლარიზაციის მომტან, აგრესიულ ფიგურად დარჩება. გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისასაც კი ვერ იაზრებდა საკუთარ პასუხისმგებლობას, როგორც სახელმწიფო მოხელე - 2011 წელს ჩვენს რადიოსთან, ჩემთან საუბარში გაბრაზებული ამტკიცებდა, რუსეთის პასპორტის ქონა ჩემი პირადი საქმეა და არავისი აზრი არ მაინტერესებს ამის თაობაზეო. კიდევ ერთხელ - აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს „პირად საქმედ“ მიაჩნდა აგრესორი ქვეყნის მოქალაქეობის ქონა (ეს კარგად გახსოვდეთ განსაკუთრებით მათ, ვინც საარჩევნო ყუთებთან მოდაში შემოსული პოლიტიკური აქსესუარით დამშვენებული მიხვალთ - მაგალითად, მხარზე გადაკიდებულ ჩანთაზე დატანილი, უხერხული ინგლისურით შეთხზული წარწერით „Russia is an Occupant” ან „Putin Khuilo“). და რა გასაკვირია, რომ მან პრეზიდენტის პოსტიც სწორედ „პირადი“, ამ შემთხვევაში ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს და ორიენტირებული იყოს არა პოლიტიკური სისტემის არბიტრობაზე, არამედ მის საბოტაჟზე, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

ამ სცენარით დაშინებული ამომრჩეველი კი სალომე ზურაბიშვილს მიემხრობა - ამბიციურ, ქედმაღალ და ექსცენტრიულ ფიგურას, რომელიც, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ ძალაუფლების ერთ-ერთი დამატება იქნება. ამ ვარაუდის საფუძველს „დამოუკიდებელი დეპუტატის“ რანგში მისი მოღვაწეობა გვაძლევს. არ მახსენდება მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ქვეყანაში არსებული პრობლემების, უსამართლობის, მანკიერების შესახებ - არც კონკრეტულ ფაქტებზე და არც ზოგად ტენდენციებზე. დღევანდელ პრობლემებზე მეტად მისთვის წინა ხელისუფლების კრიტიკაა აქტუალური - და სააკაშვილის სიძულვილით ის კიდევ და კიდევ იმეორებს რუსეთისთვის ხელსაყრელ განცხადებებს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მიერ დაშვებული შეცდომების შესახებ. ხოლო პოლიტიკოსი, რომლისთვისაც პიროვნული სიძულვილი გადაწონის სახელმწიფოს ინტერესებს, პრეზიდენტის რანგში მძიმე შედეგებს მოიმკის, ყველა ჩვენგანისთვის.

მოკლედ, დღევანდელი მდგომარეობიდან რეალური გამოსავალი არ ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნები როგორც უნდა დამთავრდეს, სიტუაცია ნებისმიერ შემთხვევაში დამძიმდება და ჩვენ - მოქალაქეებს - კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქართული ოცნება-ნაციონალური მოძრაობის ტოქსიკურ, პოლარიზებულ, რევანშისტულ და სიძულვილით დამუხტულ ტანდემში ცხოვრება.

მთავარი სირთულე კი ალბათ მაინც წინ, საპარლამენტო არჩევნებზე გველის. როგორც ბევრს, არც მე მჯერა კახა კალაძის და სხვების სენტიმენტებისა ოცნების „საზოგადოებისგან მოწყვეტის“ თუ „აუცილებელი ცვლილებების“ მოხდენის თაობაზე - ღიმილისმომგვრელია იმის წარმოდგენაც კი, რომ ოცნება ახლა დატრიალდება და გაატარებს პროკურატურის თვისებრივ რეფორმას, მოშლის კლანურ გავლენებს ბიზნესში თუ სასამართლო ხელისუფლებაში, შეცვლის მოსმენების სისტემას, აღკვეთს სუსის პოლიტიზებას, გამოიძიებს გამოუძიებელ საქმეებს და ადამიანებს ღირსეული და სოციალურად დაცული ცხოვრების საშუალებას მისცემს. პირიქით. პირველი ტურის შემდგომი ორიოდე დღე და ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელი „სამოქალაქო ომის“ შესახებ მათი უსუსური, უბადრუკი და პანიკის დამთესავი განცხადებებიც საკმარისია იმის დასანახად, რომ ოცნება უფრო და უფრო გაბანკროტდება. თან - ვაგლახ - უკვე მათი მთავარი კოზირიც აღარ ჭრის. ბიძინა ივანიშვილის „აურა“ გაფანტულია და ნათელია, რომ ოდესღაც ძლევამოსილ მეცენატად წარმოსახული, იდუმალი ფიგურის ნაცვლად ჩვენს წინაშე ვინმე ფარცხალაძის დამცველობამდე დაწვრილმანებული, ბრაზიანი, ავტორიტარი და ღრმად არაადეკვატური კაცი დგას. 2016 წელს, როცა მე ავიღე მისგან ინტერვიუ, ეს ჯერ კიდევ შოკი იყო - და მაშინ ამიტომაც გავხდი ოცნების ინტერნეტრაზმების შემოსევის სამიზნე. მაგრამ დრო გავიდა, რეალობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ივანიშვილის დღევანდელი ტელეინტერვიუებით ოცნების თავგადაკლული მომხრეებისთვისაც კი რთული ხდება მისი ნამდვილი სახის არდანახვა.

მმართველი ძალის გაბანკროტება კი, ცხადია, საპროტესტო ტალღას გაზრდის. თან არც ის არის გამორიცხული, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად გაეზარდოს ავტორიტარული ინსტინქტები. არსებულ რეალობაში, როცა ხელისუფლების ალტერნატივად „ახალი ძალის“ გამოჩენაზე ოცნებას არ უწერია ახდენა - მით უმეტეს 2020 წლამდე - არსებულებს კი კარგად ვიცნობთ, ამ საპროტესტო მუხტით, მოქალაქეების სიბრაზით, იმავე ბიულეტენის შეგინებად გამოყენების სურვილით იხეირებს ის, ვინც ყველაზე ოსტატურად გამოავლენს პოპულისტურ, რადიკალურ და რევანშისტულ მიდრეკილებებს. ხოლო საარჩევნო სისტემა თუ უცვლელად დაგვრჩა, ადვილი წარმოსადგენია 2020-ში სწორედ ეს რევანშისტული ძალა მოგვევლინოს ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად.

ამდენად, ეს საპრეზიდენტო არჩევნები როგორც უნდა დამთავრდეს და რა რთულ ვითარებაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, მთავარი გაკვეთილი სწორედ ამ ძალიან რეალისტური საფრთხის გააზრება უნდა იყოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ შეცვალოს საარჩევნო სისტემა და კენჭისყრა 2020 წელშივე ჩატარდეს პროპორციული პრინციპით, რომელიც უფრო სამართლიანად ასახავდა მოქალაქეების ნებას, ქვეყანას წაიყვანდა კოალიციური მმართველობისკენ და დაიცავდა რომელიმე ძალის თავნება დომინაციისგან (აქვე მაინც შეგახსენებთ - ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 51,6-მა პროცენტმა; ხოლო მათგან, ვინც არჩევნებზე მივიდა, ქართულ ოცნებას მიემხრო მხოლოდ 48 პროცენტი, ანუ ნახევარიც არა. მაგრამ ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა - მაჟორიტარების ხარჯზე. ასეთია არსებული სისტემა - მოგებულს ყველაფერი მიაქვს, მაჟორიტარებიანად).

ახლა მართლა ეს არის მთავარი. თორემ, შესაძლოა, ახლო მომავალში „წრეზე სიარულიც“ მოგვენატროს. რევანშის რევანში და ახალი ერთპიროვნული მმართველობა იქნება ისეთი პოლიტიკური ჩიხი, რომლიდანაც გამოსვლას, არც ვიცი, საერთოდ თუ შევძლებთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG