Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

70 წლის წინ, 1948 წლის 3 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი ხელს მოაწერს კანონს, რომელიც ჯორჯ მარშალის გეგმას აამოქმედებს. ასე დაიწყება ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ძალიან მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის დაარსებით.

და, მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ენაზე რომ დაგუგლოთ „ევროკავშირის დამაარსებლები“ (The founding fathers of the European Union), ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ნახავთ გუგლის საპასუხო სიაში ჯორჯ მარშალს. არადა, სავარაუდოდ, სწორედ მან შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირის დაარსებაში.

მარშალის გეგმა, ისტორიის ეს მართლაც რომ წარმტაცი, მაგრამ ძალზე სარისკო წამოწყება, დაიწყება 1947 წლის გაზაფხულზე მოსკოვში, სადაც სრული ფიასკოთი დასრულება სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრა. როგორც ჟურნალ „ნიუსუიკი“ დაწერს შეხვედრის დამთავრებისას, „ვაშინგტონში ოფიციალური პირები თვლიან, რომ დღეს არსებული საოკუპაციო ოთხი ქვეყნის რეჟიმის გაგრძელება გერმანიის მთელ ტერიტორიაზე კომუნიზმის გამარჯვებამდე მიგვიყვანს“. სინამდვილეში, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ მარშალს ეშინოდა, რომ გაუსაძლისი ეკონომიური სიტუაცია არათუ გერმანიას, არამედ მთლიანად ევროპას მიიყვანდა შიმშილამდე და გაწითლებამდე. უკვე თვითმფრინავში ყოფნისას (რომელსაც მარშალი მოსკოვიდან ვაშიგტონისკენ მიჰყავდა), აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრს მოუვა უსასყიდლო ფინანსური დახმარების იდეა. „მომდევნო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში ევროპის საჭიროება საკვებისა და სხვა საარსებო პროდუქტებზე (...) იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გარეშე იგი იძულებული იქნება გაუმკლავდეს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურეს გაუარესებას“ - განაცხადებს მარშალი ამერიკაში დაბრუნებისთანავე.

1947 წლის ივლისში დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს შორის, რის შედეგადაც, დახმარების ყულაბა 19 მილიარდი დოლარის ოდენობით იქნება განსაზღვრული. 19 მილიარდი წარმოადგენდა ამერიკის ბიუჯეტის 15 %-ს და ამ ასტრონომიული თანხის გაცემაზე კონგრესის დათანხმება ჯორჯ მარშალის ყველაზე დიდ სიძნელეს წარმოადგენდა - დაწყებული მემარცხენე ჰენრი უოლასიდან, დამთავრებული მემარჯვენე რობერტ ტაფტით, მარშალს ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება კაპიტოლიუმზე. თუმცა აქ მარშალს “მოკავშირედ” გამოუჩნდება სტალინი - 1948 წლის თებერვალში, პრაღაში, კრემლის მიერ ორკესტრირებული გადატრიალება საბოლოოდ გაუქარწყლებს ამერიკელ კანონმდებლებს ყოველგვარ ილუზიებსა თუ ეჭვებს.

მიუხედავად ჯორჯ მარშალის ურყევი რწმენისა, ევროპის ყველა ქვეყანა (მათ შორის საბჭოთა კავშირი), ჩაერთო დახმარების პროგრამაში, ვაშინგტონი სტალინისგან ცივ უარს მიიღებს. 1947 წლის ოქტომბერში მოსკოვი და მისი სატელიტი სახელმწიფოები გამოწვდილ „ოქროს ხელს“ კომინფორმის შექმნით დაუპირისპირდებიან (ისე, როგორც დღეს პუტინი ევროკავშირს უპირისპირებს ევრაზიულ პროექტს).

კომინფორმის შექმნით სტალინი შეძლებს, ერთი მხრივ, ევროპის ორ ბანაკად გაყოფას და, მეორეს მხრივ, ადგილობრივი კომუნისტური პარტიების საშუალებით - იტალიური, ფრანგული და ა.შ. - დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტში ტროის ცხენების შეყვანას. (დაახლოებით ისე, როგორც დღეს საქართველოში, ზოგიერთ რელიგიურ თუ პოლიტიკურ წრეებზე დაყრდნობით, კრემლი თბილისში ხსნის „ტროის საჯინიბოს“).

ტრუმანსა და მარშალს კარგად ახსოვდათ 30-იანი წლების დეპრესია და ყველაზე მეტად ეშინოდათ ევროპაში ეკონომიური ნაციონალისტური რეფლექსების გამოღვიძებისა (ისეთი პროტექციონისტულისა, როგორიც დღეს ამერიკაში იღვიძებს). ასე რომ, პირველ რიგში ჯორჯ მარშალი შეეცდება ევროპის ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას. ეკონომიკის ლიბერალიზაციასთან ერთად, ამერიკა დაარწმუნებს ძველ კონტინენტს პროფკავშირების გაძლირების აუცილებლობაში. ამერიკელების აზრით, მხოლოდ დამსაქმებლებსა და მუშებს შორის მჭიდრო ალიანსი, მხოლოდ მიღებული შემოსავლის სამართლიანი გადანაწილება ამ ორ ძალას შორის, იქნებოდა მომავალი წარმატების საწინდარი. ამ ალიანსის შედეგად, მარშალის გეგმა შექმნის გარემოს, რომელიც ევროპის სოციალისტურ პარტიებს კომუნისტური უტოპიის მარწუხებისგან გამოგლიჯავს.

მარშალის გეგმას არ ექნება ვარდებით მოფენილი გზა: თუ ინგლისელები შეშინებული იქნებიან (ისე, როგორც დღეს ბევრი ქართველი), რომ ამერიკელების დახმარება ძირს უთხრის მათ ეკონომიკურ სუვერენიტეტს, ფრანგებს აღაშფოთებს მარშალის გეგმაში გერმანიის ჩართვა.

ფინანსური დახმარების სანაცვლოდ მარშალის პროგრამაში მონაწილე ქვეყნები ხელს მოაწერენ კონვენციას, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის ევროპულ ორგანიზაციას ჩაუყრის საფუძველს. ეს უკანასკნელი კი, ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების „გავლით“, ევროკავშირამდე მიიყვანს ძველ კონტინენტს.

ამგვარად, მარშალის დახმარებით, გუშინდელ მოსისხლე მტრებს შორის ნამდვილი თანამშრომლობა დამყარდება და ძველი კონტინენტის ბინადარნი ამერიკული დახმარების „გემოს“ ძალზე სწრაფად იგრძნობენ. 1951 წელს, ევროპის სამრეწველო წარმოება უკვე 35%-ით გაუსწრებს ომამდელ ეკონომიკას.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მარშალის გეგმა წარმოჩინდება როგორც ნაზავი საღი აზრისა და უსაზღვრო ხელგაშლილობისა, ანუ როგორც ჭეშმარიტი აქტი პოლიტიკური კეთილშობილებისა (სავარაუდოდ იგივე შეიძლება ითქვას დასავლეთის მიერ დღესდღეისობით საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე).

უინსტონ ჩერჩილი მარშალის გეგმას მსოფლიო ისტორიის ყველაზე უანგარო აქტად მონათლავს. როგორც ხშირად, არც ამჯერად შეცდება ის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მეოცე საუკუნის დიდ ადამიანთა პანთეონში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.

პირველად იყო მათრახი და მერეც სულ იყო მათრახი და ხიშტი, თუმცა შიგადაშიგ თაფლაკვერიც გამოერეოდა ხოლმე. კავკასიაში გამოგზავნილი მეფისნაცვლებიც ასეთივე პრინციპით შეირჩეოდნენ ხოლმე. ერმოლოვებსა და პასკევიჩებში გამოურევდნენ ვორონცოვებსაც, რომლებიც გულში იკრავდნენ ჩვენს თავადაზნაურობას, ინათესავებდნენ, ჩინებს აძლევდნენ, მამულებს უმშვენებდნენ, ოპერის თეატრს უშენებდნენ, წყალსადენი გაჰყავდათ, ქუჩებს უკირწყლავდნენ... და სანაცვლოდ იღებდნენ ყველაფერს, რასაც მოისურვებდნენ. აკი, პირველი ძეგლიც მიხეილ ვორონცოვს დაუდგეს მადლიერმა ქართველებმა, მაღალ კვარცხლბეკზე შეაყენეს, ბრინჯაოსგან ჩამოასხეს. ოქროსგანაც ჩამოასხამდნენ, რომ ჰქონოდათ, უთუოდ გაიმეტებდნენ, მაგრამ სულ ალმასისგანაც რომ გამოეკვეთათ, მაინც ვერ აჯობებდა იმ სხვა ძეგლს, რომელზეც ხუთი დღით ნამეფისნაცვალმა გრიგოლ ორბელიანმა თქვა:

„არის კიდევ სხვა ძეგლი ვარანცოვისა... ეს ძეგლი დიდი ხანია, რაც აღმართულია ჩვენს გულშიო“.

ვორონცოვის ძეგლი
ვორონცოვის ძეგლი

ეს ძეგლი დღესაც დგას ბევრი ქართველის გულში. ამ ძეგლს ვერაფერი დააკლო ვერც 1921 წლის თებერვალმა, ვერც 1924 წლის აგვისტომ, ვერც 1930-იანი წლების წითელმა ტერორმა, ვერც 1989 წლის 9 აპრილმა, ვერც 2008 წლის აგვისტომ... მადლიერი ქართველები არ უკარგავენ „უგანათლებულესსა კნიაზსა მ. ს. ვორონცოვსა“ უშურველად გადმოყრილ ტკბილსა და მსუყე „პრიანიკებს“. არ იყო იმპერიალისტიო, ამბობენ და, თუ ვინმე იმსახურებს თბილისში ძეგლის დადგმასო, პირველ რიგში ვორონცოვიო, ასეთებსაც გაიგონებთ.

რა შეიძლება ამოძრავებდეს დამპყრობელს, როცა არნახულ გულმოწყალებას იჩენს „ტუზემცების“ მიმართ?

დავესესხოთ ჯემალ ქარჩხაძეს, რომელმაც თავისი მოთხრობის ("რაჰათ-ლუხუმი“) პერსონაჟის პირით თქვა: „ოქრო წაიღეთ გურჯისტანში, ბევრი ოქრო წაიღეთ, გურჯი ოქროს დახარბდება და მონად გაგიხდება, ხოლო რაკი მონად გაგიხდება, არც ოქროს დაკარგავ, რადგან შენი მონის ოქრო იგივე შენი ოქროა“.

თუ ვორონცოვი თბილისზე ზრუნავდა, ზრუნავდა როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილზე; თუ ვორონცოვი ქართველი თავად-აზნაურების განათლებაზე ზრუნავდა, ზრუნავდა როგორც რუსეთის იმპერიის მომავალ ჯარისკაცებზე. ნამდვილ პატრიოტებს კი, ისეთებს, როგორიც ალექსანდრე ორბელიანი იყო, ღვარძლიანად ებრძოდა.აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ვეფხისტყაოსნის ერთი ძველი ხელნაწერის ისტორია, რომელზეც გიორგი ლეონიძე წერდა 1935 წელს.

გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე

„ხელნაწერი 1853 წელს გაუტანიათ საქართველოდან. მწერალს ალექსანდრე ორბელიანს მაშინდელ მთავარმართებელ მ. ს. ვორონცოვისათვის ძღვნად მიურთმევია. ასე გვიამბობს მის დროისათვის გამოცვლილი ყდის რუსული წარწერა, პლატონ იოსელიანის ხელით შესრულებული. Книга эта „Барсова кожа“ принесена в дар князю М. С. Воронцову князем Александром Орбелиановым. 1 сентября 1853 года. Тифлис. ეტყობა ალექსანდრე ორბელიანს იოსელიანის ხელით და, შეიძლება მისივე რჩევითაც, მიუძღვნია იგი ვორონცოვისათვის (პ. იოსელიანი ვორონცოვის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ ითვლებოდა). ა. ორბელიანი, პატრიოტი, 1832 წლის შეთქმულების ლიდერი, რუსეთის ხელისუფლების სასტიკი მოძულე მწვავე განწყობილებაში იყო ვორონცოვთან, რომელიც ძველ შეთქმულს საიდუმლო მიმოწერას აბრალებდა შამილთან. შეშინებული ორბელიანი ყოველნაირად ცდილობდა ვორონცოვის რისხვის დაწყნარებას და ვფიქრობთ, ჩვენი ხელნაწერი - სწორედ ამ ხანებში გასაჩუქრებული - ა. ორბელიანმა გულისმოსაგებად მიუძღვნა მთავარმართებელს“, - დაასკვნის გიორგი ლეონიძე.

ზოგადადაც ცნობილია, რომ ბევრი წარჩინებული ქართველი ზრუნავდა მეფისნაცვლის გულის მოგებას. ვინ იარაღით ასაჩუქრებდა, ვინ - ძვირფასი ნივთებით და ვინ კიდევ - ძველი ქართული ხელნაწერებით. იმავე პლატონ იოსელიანის ცნობით, ვორონცოვისათვის „უსაჩუქრებიათ [თვით] ერეკლე მეორის შესანიშნავი, მეტად მიმსგავსებული პორტრეტი, პერგამენტზე ნახატი“.

დამპყრობლის გულის მოგებას კიდევ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება, მაგრამ - მადლიერებას?

შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის ჯარისკაცი თეატრის სცენაზე გამოტანილი იმ თოფივითაა, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაისვრის. დამპყრობელი იარაღის გარეშეც სასიკვდილო საფრთხის მატარებელია.

ვასილ ბარნოვი (ქეთევან მაღალაშვილის ნახატი)
ვასილ ბარნოვი (ქეთევან მაღალაშვილის ნახატი)

ვასილ ბარნოვი მოგონებების წიგნში „სამწუხრო ღიმი“ იხსენებს ერთ ამბავს, რომელიც ასე აქვს დასათაურებული: „ბებერიც რუსის წერა ყოფილა!“

ბარნოვის მშობლიურ სოფელ კოდაში უცხოვრია მათუსალას ტოლ ბებერს. „ცხოვრებაში ერთხელ-ორჯერ ჩაეხედა მისთვის სულთამხუთავს ცეცხლიანი თვალებით, მაგრამ გასცდენიყო, არ წაეყვანა, მემრე სულ დაჰვიწყებოდა. ცხოვრობდა უტკივარი, თანდათანა ხმებოდა, ილეოდა. კიდეც დაჰვიწყებოდათ მისი წლოვანებაო“.

ამ ბებერს მიწური ერდო ჰქონია. ფრთებჩამოშვებული, საიდანაც გინდოდა იქიდან ახვიდოდი ბანზეო. წინა მხრიდან მაღალი იყო და ამ კედლის ძირში უყვარდა თურმე ჩამოჯდომა და ძილი.

„ერთხელ რუსის ჯარი იდგა სოფელში“, - იხსენებს მწერალი. - „ერთი რუსი ასცდენოდა ჯარს და დახეტიალობდა სოფელში. ასულიყო ერდოზე, დადიოდა, ხან ერთ ბანში ჩაიხედებდა, ხან მეორეში. მიაღწია დერეფანს, გადადგა ნაბიჯი მოუფიქრებლად და ჩავარდა, ზედ იმ ბებერს დაეცა და გასრისა სიფრიფანა დედაკაცი. რომ დახედეს, თქვეს, ეს ბებერიც რუსის წერა ყოფილაო. რუსი უვნებლად გადარჩა. ადგა და იძახდა: ეშმაკმა ჭამოს ამ ბებრის თავი, აქ რა უნდოდაო!“

გაგონილა? თავის სახლში რა უნდოდაო!

სხვების გამოცდილება იქით იყოს, ჩვენი საკუთარიც გვეუბნება, რომ, რაც უნდა ტკბილი თაფლაკვერი გამოგვიცხოს, რაც უნდა „რბილად“ და თავაზიანად შემოგვთავაზოს და ჩვენც რაც უნდა მადიანად გავულოკოთ თითები, მფარველ ანგელოზად მიღებული მტერი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგვსრესს და მერე, ჩვენსავე ქვეყანაში, გულუბრყვილოდ იკითხავს, აქ რა უნდოდაო?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG