Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რა განასხვავებს კანის კინოფესტივალს ყველა დანარჩენი კინოფორუმისგან?

ოდესღაც ფესტივალის დირექტორმა ჟილ ჟაკობმა რამდენიმე სიტყვით უპასუხა ამ კითხვას. “კანის ფესტივალზე მთავარია არა რაზეა ფილმი, რის შესახებ გვიამბობს მისი ავტორი, არამედ მთავარია როგორი კინოა, როგორაა გაკეთებული!”

ასეთი ფილმი მეორედ ნახვის სურვილს ბადებს, გინდა უჩვენო ფილმი შენს მეგობრებს, მათთან ერთად უყურო, დააკვირდე მათ რეაქციებს. ასეთი კინო რამდენჯერაც უნდა ნახო, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კანის კინოფესტივალი, მსოფლიო კინემატოგრაფისტთა ეს ერთგვარი მექა, თავისუფალია ყოველგვარი კონიუნქტურისგან და აქ მართლაც ასეთ კინოს უჩვენებენ? ცხადია, არა. სურვილი ერთია და რეალობა სხვა. მაგრამ ფაქტია - კინოს სამყაროში არ არსებობს რეჟისორი, რომელიც არ ოცნებობდეს თავისი ფილმის პრემიერაზე სწორედ კანში, საფრანგეთის ამ პატარა ქალაქში, რომელიც ფესტივალის დროს მართლაც კინოთი ცხოვრობს; სადაც პურის გამყიდველი ყოველ დილით ეკითხება კინოკრიტიკოსს, როგორ ჩაიარა წუხელ ფილმის პრემიერამ; ქალაქში, რომლის წლიური ბიუჯეტის ნახევარი სწორედ კანის ფესტივალის დღეებიდან ივსება.

მსოფლიო კინოში, მგონი, ჟან-ლუკ გოდარი დარჩა მარტო, კანის კინოფორუმს “უგემოვნო შოუს”, “სიყალბეს”, “იაფფასიან გლამურს” რომ უწოდებს. 87 წლისაა, მაგრამ მაინც იღებს კინოს. აგერ, წელს კანის კონკურსში ჩართულია მისი ახალი ფილმი “სურათებიანი წიგნი”... დასცინის ფესტივალს, ახლოს არ ეკარება, მაგრამ ესენი მაინც ეპატიჟებიან, მის ფილმებს უჩვენებენ. წელს, საერთოდ, გოდარის ფილმის, “შეშლილი პიეროს” კადრი ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოისახა. მაგრამ გოდარი მაინც არ ჩამოვიდა

დასჯილი რეჟისორების კინოფესტივალი

კანში წელს არ ჩამოვა არც საკონკურსო პროგრამაში ჩართული რუსული ფილმის, “ზაფხულის” რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი. ის შინაპატიმრობაშია. ვიქტორ ცოის ბიოგრაფიის ერთი პატარა ეპიზოდის “ეკრანიზაცია” სერებრენიკოვმა... თავისი ბინიდან დაასრულა. საეჭვოა ჩამოვიდეს კიდევ ერთი საკონკურსო პროგრამის ფილმის, “სამი სახის” რეჟისორი ჯაფარ ფანაჰი. შინაპატიმრობა მას ახლახან დაუმთავრდა. სამაგიეროდ კანში ვიხილავთ კიდევ ერთ “დასჯილ” რეჟისორს, ლარს ფონ ტრიერს, შვიდი წლის წინ თავად კანის დირექციამ რომ აუკრძალა ფესტივალზე ჩამოსვლა, მას შემდეგ, რაც აქ, კანში გამართულ პრესკონფერენციაზე, არც მეტი არც ნაკლები ადოლფ ჰიტლერის მიმართ თავისი სიმპათია გამოხატა. კანში მაშინ გვარწმუნებდნენ, რომ ტრიერი სამუდამოდ დაემშვიდობება მსოფლიოს ნომერ პირველ კინოფორუმს. მაგრამ ბაზარმა, როგორც ჩანს, “დაარეგულირა” - ტრიერმა დაასრულა თავისი ახალი ფილმი “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა”, რომელიც კანის წლევანდელი ფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართეს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი არა იმდენად ტრიერის ფილმს, რამდენადაც მის პრესკონფერენციას უკავშირდება. არაა გამორიცხული, დანიელმა პროვოკატორმა რაღაც ისეთი თქვას, ახალი სასჯელი არ აცდეს.

კანის წლევანდელ ფესტივალზე “ოფიციალურად დაისაჯა” კინოკომპანია “ნეტფლიქსიც”: “ფილმები, რომლებიც “ნეტფლიქსის” ფულით არის გადაღებული, არასდროს იქნება ნაჩვენები კანის ფესტივალის კონკურსში” - გვარწმუნებენ ორგანიზატორები. ესაა კანის კინოფორუმის კიდევ ერთი ცდა, დაუპირისპირდეს სატელევიზიო და ვიდეოინდუსტრიას, ყველას, ვინც შეეცდება დაანგრიოს კინემატოგრაფისტთა სალოცავი ტაძარი - კინოთეატრი და შეცვალოს ის ტელევიზორით, კომპიუტერითა და ლეპტოპებით. მით უფრო უცნაურია, რომ კანის 71-ე კინოფესტივალი გაიხსნა ირანელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმით “ყველამ იცის” - ლათინურ-ამერიკული სერიალების ამ გაუგებარი კინოვარიანტით... სწორედაც რომ გაუგებრით! რატომ გადაიღო ცოტა არ იყოს ზედმეტად ნაქებმა, მაგრამ მაინც ერთი კარგი ფილმის, “გაყრის” ავტორმა (ყველაფერთან ერთად ფარჰადი ამერიკული “ოსკარის” ლაურეატია) ეს ესპანურ-არგენტინული დეტექტივი? საეჭვოა, ამ კითხვაზე თავად რეჟისორს ჰქონდეს დამაჯერებელი პასუხი... რა მოსდით ირანელ რეჟისორებს, როცა დასავლეთში იწყებენ მუშაობას? სად იკარგება მათი ფილმების პოეტურობა, სიღრმე და სილამაზე? ეს ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი რჩება.

ჰოლივუდის ფიასკო და კინოკრიტიკოსები ძალაუფლების გარეშე

წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მხოლოდ ორი ამერიკული ფილმია. დევიდ რობერტ მიჩელი და სპაიკ ლი იმ დონის რეჟისორები არ არიან, რომ დაამარცხონ კანის წლევანდელი კინოფორუმის “აღმოსავლური დესანტი” და პირველ რიგში დიდი ავტორები, ჩინელი ცზია ჯანკე და კორეელი ლი ჩან დონი. ამ უკანასკნელის ახალი სურათის პრემიერას, პირადად მე დიდი ხანია ველოდები. რადგან მისი “პოეზია”, საერთოდ, საუკეთესოდ მიმაჩნია 21- ე საუკუნის კინოში.

ჰოლივუდი კანში უკვე მერამდენედ იჩაგრება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამერიკელებს აქ მხოლოდ იმიტომ ეპატიჟებიან, რომ ხალხმა წითელ ხალიჩაზე კინოვარსკვლავები იხილოს. მაგრამ წელს არტისტებს არა მარტო სელფების გადაღება აუკრძალეს წითელ ხალიჩაზე, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირეს მათი რიცხვიც. დიდი ხანია კანის ფესტივალზე პოპულარული ვარსკვლავების ასეთი დეფიციტი არ ყოფილა. შესაძლოა, ამიტომაც შეავსეს დანაკლისი ჟიურის შემადგენლობით (წლევანდელ ჟიურიში მსახიობების რაოდენობა სარეკორდოა) და კონკურსგარეშე ფილმებით, რომელთა ჩვენებას სავარაუდოდ მათში მონაწილე ვარსკვლავები დაესწრებიან.

ოფიციალური პრემიერები კი წელს კანის ფესტივალზე უფრო საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე წინა წლებში. საქმე ისაა, რომ 71-ე კინოფესტივალი დაარღვევს ტრადიციას, რომელიც თითქმის ყველა დიდ ფესტივალზეა დამკვიდრებული: თითქმის ყველა კინოფორუმზე პრესა, კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები - ფილმებს უყურებენ ოფიციალურ პრემიერამდე ერთი დღით ადრე, რათა პრემიერის დღისთვის გაამზადონ მასალა - რეცენზია, დღიურის ჩანაწერი საპრემიერო ფილმზე. მაგრამ დრო შეიცვალა: კრიტიკოსები არა მარტო გაზეთებისა და ჟურნალებისთვის წერენ, არამედ სოციალურ ქსელებშიც აქტიურობენ. ფილმის დასრულებისთანავე გამოხატავენ თავიანთ აზრს ტვიტერზე და ფეისბუკში - თანაც უკვე მოკლედ, ერთი-ორი სიტყვით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე: “მომეწონა”, “შედევრია”, “ნაგავია”, დამეძინა”... კრიტიკოსი დაწერს “დამეძინას” და ფილმის ოფიციალურ პრემიერამდე - კანში წითელი ხალიჩით, საღამოს კაბებით, მაღალი ქუსლებით და სმოკინგებით, გაღიმებული სახეებით და გამარჯვების მოლოდინით - ვრცელდება ჭორი, რომ “ვიღაცას დაეძინა”... ასეთი ჭორები, როგორც კანის ფესტივალის დირექცია ამტკიცებს, მოქმედებს რეჟისორზე, რომელსაც კრიტიკოსებმა, შესაძლოა, ჩაუშხამონ პრემიერა.. მოქმედებს ჟიურიზეც: რამდენჯერ ყოფილა ჟიურისთან ახლოს ვმჯდარვართ ქართველი კრიტიკოსები და ხმაურით, ხითხითით გამოვსულვართ ფილმიდან. ვინ იცის, რამდენ ფილმს გავუფუჭეთ საქმე!

ჰოდა, მორჩა კინოკრიტიკოსების თავგასულობა. კანის ფესტივალის დირექციამ ძალაუფლება წაგვართვა - ამიერიდან პრესა წინასწარ აღარ ნახავს ფილმს. კინოს ახლა პარალელურად, ორ დარბაზში აჩვენებენ - ოფიციალური პრემიერა ერთ დარბაზში გაიმართება, პრესისთვის ჩვენება კი - მეორეში.

რადიო თავისუფლების მეგობრებს და კინოს მოყვარულებს ვპირდები, რომ მაინც მივაგნებ გამოსავალს და ახლა უკვე ჩვენი პირდაპირი ჩართვებით კანიდან მოგახსენებთ მსოფლიოს მთავარი კინოფორუმის ჩვენებზე. რაც შეიძლება სწრაფად!

С Фронта - Фашисты, с Тыла – Особисты!

შარშან, 8 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, მცირე ამონარიდი გამოვაქვეყნე ჩვენი წიგნიდან, რომელიც ე.წ. დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან ერთად გავაკეთე. წელსაც გადავწყვიტე დავუბრუნდე ამ ჩვენს ნამუშევარს.

მსოფლიოში არც ერთი შეიარაღებული ძალების ჯარისკაცს არ განუცდია ისეთი საშინელი მოპყრობა თავისიანებისგან, როგორსაც წითელარმიელები განიცდიდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. არც ერთ არმიას, არც ერთ რეჟიმს არ დაუხვრეტია ისეთი დიდი რაოდენობით თავისიანი, როგორც ეს წითელმა არმიამ თუ ნკვდ-მ მოიმოქმედეს ე.წ. დიდი სამამულო ომის დროს. არც ერთ არმიაში მტრის მხარეზე გადასვლა არ ყოფილა ისეთი მასობრივი, როგორც ეს საბჭოთა ჯარში იყო მეორე მსოფლიო ომის დროს - სულ ცოტა, 1,5 მილიონი საბჭოთა მოქალაქე მსახურობდა ვერმახტის, SS-ის თუ ნაცისტური პოლიციის რიგებში.

და რა არის ამაში გასაოცარი? არც ერთ რეჟიმს არ მოუკლავს, გადაუსახლებია, შიმშილით სული ამოუწყვეტია არა მარტო საკუთარი გლეხობა (რომელიც წითელი არმიის ქვეითი ჯარის 80%-ს წარმადგენდა), მაგრამ ასევე საკუთარი მუშათა კლასი, რომლის სახელითაც მბრძანებლობდა ბოლშევიკური რეჟიმი.

ამიტომ ერთი კითხვა, რომელსაც ვეტერანებს ვუსვამდი, იყო, თუ რატომ იბრძოდნენ ისინი.

„და მეტი რა გზა გვქონდა? С Фронта - Фашисты, с Тыла – Особисты“, - ასე მოკლედ და გალექსილად მიპასუხა ელენა ბონერმა.

„ჩვენ ნკვდ-ს და სმერშის უფრო გვეშინოდა, ვიდრე გერმანელების - ამიტომაც ვიბრძოდით ალბათ“ - გაიმეორებს ბონერის მსგავსად ლეონიდ კოტლიარი.

„ჩვენ ძალიან გვეშინოდა გერმანელების, მათი ტყვიამფრქვევების, მათი ტანკების, მათი ავიაციის. მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო მეტად გვცემდნენ შიშის ზარს ჩვენი ოსობისტები. იცით თქვენ, რომ ხშირად, შეტევის წინ, ოსობისტები ირჩევდნენ ერთ-ერთ ფიზიკურად და მორალურად დასუსტებულ ჩვენიანს და ჩვენ თვალწინ ხვრეტდენ ერთი გაუფრთხილებელი წინადადების ან ანეკდოტის გამო“ - მიყვებოდა ნიკოლაი ნიკულინი.

„რატომ ვიბრძოდით? ჩვენში ხომ მოკლული იყო ყოველგვარი სიხარული სიცოხლისა. განა ჩვენგან მხვერპლის გაღება უფრო ადვილი არ იყო? რა გვქონდა დასაკარგი? ჩვენ ხომ ბავშვობიდან მომზადებული ვიყავით ამისთვის?!“ - ეს იქნება ბაშკირი მწყემსის, ანატოლი გენატულინის პასუხი.

მეორე კითხვა, რომელსაც მე ვეტერანებს ვუსვამდი, იყო, თუ როგორ მოახერხეს მათ გამარჯვება. ეს კითხვა ყველა ჩემს თანამოსაუბრეს უჩენდა ღრმა საფიქრალს...

„და მოვიგეთ კი ჩვენ მართლა ეს ომი? არა, მართლა არა მგონია, მოგვეგოს“... - მიპასუხებს გენატულინი.

„გერმანიის ჯარი ისე შევიდა ჩვენს ქვეყანაში, როგორც გავარვარებული დანა კარაქში. ეს დანა რომ გაგვეჩერებინა, მოგვიწია ამ დანის ჩვენ სისხლში ჩახრჩობა“ (ნიკოლაი ნიკულინი).

„გერმანელი ჯარისკაცი? ის იყო ასჯერ უკეთესი, ვიდრე ჩვენ! მას უნდა მოეგო ეს ომი. ჩვენ ისე მოვიგეთ ეს ომი, რომ ვერ ვისწავლეთ ომის წარმოება. არც ვიცი, როგორ მოვიგეთ ეს ომი!“ (მარკ ვოლინეცი).

გერმანელები რომ ისე მოგვქცეოდნენ ჩვენ, როგორც ისინი ფრანგებს მოექცნენ, მაშინ ისინი მოიგებდნენ ამ ომს“ (იგორ ტრაპიცინი).

შეიძლება იმიტომაც მოვიგეთ, რომ ჩვენი საქმე სამართლიანი იყო. მით უმეტეს, სამართლიანი და ძნელად დასაცავი, რადგან ეს ომი ჩვენგან მოითხოვდა ჯალათის (სტალინის) და მისი მსხვერპლის ერთსულოვნებას.“ (გრიგორი პომერანცი).

„რატომ გავიმარჯვეთ? იმიტომ, რომ მარტო ჩვენ ვიყავით მომზადებული ამ ომისათვის. ფრანგის ცხოვრება ხომ ძალიან ტკბილი იყო? რა თქმა უნდა, მისთვის ძნელი იყო, რომ ამ სიტკბოზე უარი ეთქვა და სიკვდილზე წასულიყო. მაგრამ ჩვენთვის სიცოცხლეს და სიკვდილს შორის დიდი განსხვავება ხომ არ იყო? ჩვენ არ ვიცოდით, რა არის ოცნება, რა არის ბედნიერება. ჩვენ ხომ ყველა უბედურებისათვის ვიყავით მზად?! შიმშილი ხომ ჯერ კიდევ ომამდე იყო ჩვენი ყოველდღიურობა?! ორი წელი ბანაკში ხუთი წუთით სამსახურში დაგვიანებისათვის - ეს ხომ ჩვენთვის ბანალური რეალობა გახლდათ?! ჩვენ ხომ შიში გენებში გვქონდა?! განკულაკება „ვარონკები“, ბადრაგი ძაღლებით, გულაგი... ეს ხომ ჩვენი მონოტონური ცხოვრების ნაწილი იყო? რას უნდა შევეშინებინეთ უფრო? ჩვენ ხომ ჩვენ თავს ჩვენ თვითონ არაადამიანურად ვეპყრობოდით? ამიტომაც ვიყავით ჩვენ მზად ამ ყველაფრისათვის! ამიტომაც ჩვენ ერთადერთი ვიყავით, ვინც ვერ გათელა გერმანულმა ჩექმამ!“ – (კონსტანტინ ვანშენკინი).

ამ ვეტერანთა ტკივილი მართლაც რომ უზომო იყო. დაბადებიდან მათ არაფერი ჰქონდათ ნანახი გარდა სამოქალაქო ომისა, განკულაკებისა, კოლექტივიზაციისა, საშინელი შიმშილისა, იძულებითი ინდუსტრიალიზაციისა თუ დიდი ტერორისა... ჯარმა ისინი კიდევ უფრო გააუხეშა. 15 მილიონი ამ თაობისა განადგურებულ იქნა ომამდე, კიდევ სულ ცოტა 27 მილიონი - ომის დროს.

„ამ ომმა ჩვენ მონსტრებად გვაქცია“ (გენატულინი).

„იცოდეთ, რომ ღამე არ გადის ისე, რომ ამ საშინელ ომზე არ ვიფიქრო“ (ალექსეი გოვარიოვი).

„თქვენთან საუბრის მერე მე დღეს ღამე ვეღარ დავიძინებ. თქვენ წარმოგიდგენიათ 88 000 გვამი დებლინის (პოლონეთი) ტყვეების ბანაკში? მე ვათრიე ის 88 000 გვამი და დღეს მე თუ ცოცხალი ვარ ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ მე ამ სამუშაოს ვაკეთებდი“ (იგორ ტრაპიცინი).

როგორი იყო მათი ილუზიების მსხვრევა ომის შემდეგ? როგორი იყო ებრაელისათვის ომის შემდგომ სტალინის მიერ წამოწყებული ანტისემიტური კამპანიის ფონზე ცხოვრება?

„ხომ ხედავ გარეგნობით როგორი ტიპური ებრაელი ვარ? ამიტომაც, ომის შემდეგაც, ჩემი სახის გამო მეშინოდა... ეს ჩემი სახე იყო ჩემი წამების წყარო... სულ კომპლექსი მქონდა იმის გამო, რომ სლავს არ ვგავდი“... (კოტლიარი).

„ჩვენი უმეტესობა ვერასდროს დაუბრუნდა ნორმალურ ცხოვრებას. შინაგანი ემიგრაცია გახდა ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი. ჩვენი უმეტესობა როგორც ბოღმა, ისე თვით საკუთარი ცხოვრებაც არაყში ჩაახრჩო. (...) ომის შემდეგ ყველა ჩვენ, ჩვენი გმირობებით, ჩვენი მედლებით და ჯილდოებით, ჩვენ ყველანი ერთად დავემსგავსეთ ერთ დიდ ჩვარს. ჩვარს, რომელზეც როგორც სტალინს, ისე ნებისმიერ მის დამქაშს შეეძლო ფეხების გაწმენდა. რამდენი იყო ჩვენ გარშემო მაგალითი გმირობისა ომის ველზე და არც ერთი სამოქალაქო ასპარეზზე?!“ - აღიარებს გრიგორი პომერანცი.

Смело входили в чужие столицы, / но возвращались в страхе в свою - იტყვის მოგვიანებით მათზე იოსიფ ბროდსკი.

და, მართლაც, ომის შემდეგ სტალინი ამ გატეხილ თაობას ტანჯვას ტანჯვაზე დაუმატებს. ჯერ 9 მაისის უქმე დღით აღნიშვნას გააუქმებს (1948 წელი), შემდეგ უკვე (1950 წელს) უკაცრიელ ვალაამის კუნძულზე გადაასახლებს ე.წ. „სამოვარებს“, ანუ უხელფეხო ვეტერანებს, რათა მათ არსებობით, ქალაქის პეიზაჟები არ გაეფუჭებინათ. მათი უდიდესი ნაწილი პირველივე ზამთარში დაიხოცება.

როგორც ბროდსკი დაწერს,

Мой Tелемак,
Tроянская война
окончена. Кто победил — не помню.
Должно быть, греки: столько мертвецов
вне дома бросить могут только греки…

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG