Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 29 იანვარი 2019

საქმე გვაქვს უხერხული წყვილის მიერ ორგანიზებულ ვალენტინობის დღესასწაულთან, რომელზე დასწრების სურვილიც ბევრს არა აქვს. ის ეძღვნება თემას, რომელიც ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ეს გახლავთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი მინისტერიალი ვარშავაში 13-14 თებერვალს - ან, როგორც ევროპის ოფიციალური პირები ამბობენ ხოლმე, „ანტიირანული სამიტი“.

როცა ამ თვის დამდეგს პოლონეთმა და აშშ-მა გამოაცხადეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, ევროპის ბევრი ქვეყანა მოიცვა ეჭვებმა. არის თუ არა ეს ამერიკის მცდელობა, ირანის საკითხზე უთანხმოება შეიტანოს ევროკავშირში?

ევროპის მხრიდან დიდი იყო წინააღმდეგობა, როცა გასული წლის მაისში აშშ-მა გამოაცხადა, რომ გადის 2015 წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული ხელშეკრულებიდან, რომელმაც შეასუსტა თეირანის მიმართ მოქმედი ზოგიერთი ეკონომიკური სანქცია ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში განახლდა აშშ-ის სანქციები, ძველ კონტინენტზე ბზარებმა იწყო გაჩენა. ევროპულმა კომპანიებმა ირანის დატოვება დაიწყეს ამერიკული ჯარიმების შიშით. ე.წ. „საგანგებო დანიშნულების კომპანია“, რომელმაც ევროპულ კომპანიებს დახმარება უნდა გაუწიოს სანქციებისთვის გვერდის ავლასა და თეირანთან ვაჭრობის გაგრძელებაში, ჯერჯერობით არსად ჩანს, თუმცა მან თითქოს ვარშავის შეხვედრამდე უნდა მოასწროს საფრანგეთში რეგისტრაცია.

ევროკავშირის სამეულმა - გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა - დიდი შრომა გაწიეს შემოვლითი მექანიზმის შექმნაზე. სხვები, მათ შორის ევროკავშირის ბევრი აღმოსავლელი წევრი, სიამოვნებით რჩებიან განზე და არ სურთ აშშ-სთან დაპირისპირება.

საკითხავი ახლა ისაა, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს ვარშავის მინისტერიალზე, რომელიც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, შეეხება ექსტრემიზმს, რეგიონში რაკეტების გავრცელებას და მოქმედების უფლებამოსილებით აღჭურვილი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს - ყველაფერს, რაშიც ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, რომელიც გასულ კვირაში შეეცადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მოეწონებინა ეს ღონისძიება, მოიგერია ბრალდებები, რომ პოლონეთი ამერიკული ტროის ცხენია, და დაარწმუნა ყველა, რომ პოლონეთის დედაქალაქში ევროკავშირის პოზიციები „შეუზღუდავი წესით“ იქნება წარმოდგენილი. მაგრამ დასძინა, რომ „მშვიდი სჯა-ბაასისთვის“ პირობების შესაქმნელად შეხვედრაზე არ მიუწვევიათ ირანი.

ფრანგებსა და გერმანელებს ჯერჯერობით საჯაროდ ბევრი არაფერი უთქვამთ კონფერენციის შესახებ, მაგრამ კერძო საუბრებში ორი ქვეყნის დიპლომატები ბუზღუნებენ, რომ ვარშავის წვეულება „ცუდი იდეაა“. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი შეიძლება წავიდეს, მაგრამ ბრექსიტთან დაკავშირებულმა ვითარებამ შეიძლება ლონდონში დარჩენა აიძულოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ბოდიში მოიხადა, რომ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე აფრიკული კავშირის სამიტს დაესწრება ადის-აბებაში და შემდეგ გააგრძელებს „რამდენიმე სხვა ვიზიტით სომალის ნახევარკუნძულზე.“

ეს სია გრძელდება: ნიდერლანდელი დიპლომატების თანახმად, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ალბათ ჰააგაში იქნება საპარლამენტო დებატებსა და კენჭისყრაზე. მისმა ესპანელმა კოლეგამ, ხოსეპ ბორელმა აღნიშნა, რომ „ყველა ინიციატივა მისასალმებელია“, მაგრამ დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, წავა თუ არა ვარშავაში, ვინაიდან „ფიქრობს, რომ იმ დროისთვის რაღაც სხვა აქვს დღის წესრიგში.“ შვედურმა წყაროებმა უბრალოდ აღნიშნეს, რომ სტოკჰოლმი დაელოდება სხვების რეაქციებს და რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

აღმოსავლურ ბანაკშიც ფართოდაა სახეზე თავის არიდება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა თქვა, რომ მისი მთავრობა ჯერ უნდა გადაურჩეს უნდობლობის ვოტუმს (რაც მან მოახერხა), სანამ რამის დაგეგმვას დაიწყებდეს, ჩეხები და სლოვაკები კი წარმოდგენილი იქნებიან - მაგრამ არა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ფაქტობრივად, ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრიის, უნგრეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიანიშნეს, რომ კონფერენციაზე დასწრებას აპირებენ.

მას შემდეგ, რაც ამერიკელები ცდილობენ გააფართოვონ კონფერენციის საკითხები და დაუმატონ კიბერუსაფრთხოება, იემენისთვის ჰუმანიტარული დახმარება და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოოდ შეიძლება მეტმა მიიღოს მონაწილეობა.

ევროკავშირის არაწევრი დიდი სახელმწიფოებიდან რუსეთმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. ჩინეთის მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

ამ დღეებში გამოცხადდნენ ამერიკის კინოაკადემიის პრემიის, ”ოსკარის” ნომინანტები, ან, როგორც ბოლო დროს ამბობენ ხოლმე, ”ფინალისტები”. პრინციპში უკვე ამ ფილმებით შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რა არის მოდური მთლიანად კინოში თუ არა, ამერიკულ კინოში ნამდვილად, რა მოსწონს და რა აღელვებს ამერიკელ კინოაკადემიკოსებს. კიდევ უფრო საინტერესოა, თუ რამდენად ასახავენ ეს ფილმები დღევანდელი ამერიკის სახეს, რამდენად გამოხატავენ ამერიკელთა წუხილს.

რომ არ დაიზაროთ და ერთ დღეს გადახედოთ ”ოსკარების” დაჯილდოვების ცერემონიალებს ”ოსკარის” დაბადებიდან, ე.ი. 1929 წლიდან დღემდე, დაინახავთ არა მარტო ”ოსკარის”, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასაც. თანაც, დაინახავთ ისტორიას არა მარტო ნომინანტების დაჯილდოვების სტილში, სამადლობელ სიტყვებში, არამედ, პირველ რიგში, ფილმებში - რამდენიმე გამონაკლისის გარდა ”ოსკარებზე” იმარჯვებს ის, რაც აქტუალურია სწორედ იმ დროის ამერიკისთვის

2019 წლის ნომინანტებს თუ შევხედავთ, მაშინვე დავასკვნით - ჰოლივუდი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ვერაფერს უხერხებს თემების, პრობლემების, გამომსახველობითი საშუალებების დეფიციტს. მით უფრო სამწუხაროა ეს იმ კარგი ფილმების ფონზე, რომლებიც 2018 წელს გამოვიდა ევროპის და აზიის ეკრანებზე.

წლევანდელი ნომინანტების თაიგულმა მოსკოვის კინოფესტივალის დევიზი გამახსენა საბჭოთა ეპოქაში - ”კინოხელოვნების ჰუმანიზმისთვის, ხალხთა შორის მეგობრობისთვის!”... ისეთი კარგი ფილმიც კი, როგორიც ”მწვანე წიგნია” ვერ გადაურჩა გაცვეთილ კლიშეს, ჯერ კიდევ კლასიკურ ამერიკულ ფილმებში ოსტატურად რომ გათამაშდა - ხელოვნებამ (ამ შემთხვევაში მუსიკამ) უნდა გააერთიანოს დაპირისპირებული ადამიანები და დაამარცხოს სიძულვილი!

ნომინაციების გამოცხადების დღეებში პრობლემაა ხოლმე მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ნახვა, ამიტომ თქვენი ნებართვით ამ ნომინაციებს გამოვტოვებ... ისევე როგორც ნომინაციებს - გრიმისთვის, კოსტიუმებისთვის, ხმის ეფექტებისთვის...

საუკეთესო ფილმი

Black Panther ”შავი პანტერა”
BlacKkKlansman ”შავი კლანის კაცი”
Bohemian Rhapsody ”ბოჰემური რაფსოდია”
The Favourite ”ფავორიტი”
Green Book ”მწვანე წიგნი”
Roma ”რომა”
A Star Is Born ”ვარსკვლავი დაიბადა”
Vice ”მანკიერება”

ალფონსო კუარონის ფილმი ”რომა”, რომელიც კიდევ 10 ნომინაციაზეა წარდგენილი, ”მთავარი ოსკარის” ყველაზე რეალური კანდიდატია. ცხადია, პირველ რიგში ფილმის მაღალი მხატვრული ღირებულების გამო - ”კერძო ისტორიის” და ”დიდი ისტორიის” ასეთი გამთლიანება მხოლოდ დიდ ოსტატებს შეუძლიათ. თუმცა ამერიკელ კინოაკადემიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას თუ გავიხსენებთ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიმართ, ისიც უნდა დავუშვათ, რომ მექსიკის თემა უბრალოდ ”ცხელია” ჰოლივუდში, ამიტომ ”რომას” გამარჯვება” იქნება ლიბერალური ჰოლივუდის მკაფიო პოზიცია - არავითარი კედელი არ უნდა აშენდეს და საერთოდ, კუარონი კი არის მექსიკელი რეჟისორი და ”რომა” წესით მხოლოდ უცხოენოვანი ნომინაციის ფილმებს შორის უნდა განეხილათ, მაგრამ ჰოლივუდი საზღვრებსა და კედლებს არ ცნობს (აქვე გაგახსენებთ, რომ უკანასკნელ 5 წელიწადში მექსიკელმა რეჟისორებმა 4 ”ოსკარი” მოიპოვეს)

ამ ნომინაციაში ჩემი არჩევანი სპაიკ ლის ფილმია. ბოლო დროს ჰოლივუდში რასიზმის თემაზე რამდენიმე კარგი ფილმი გადაიღეს, მაგრამ ”შავი კლანის კაცი” მართლაც რომ გამორჩეულია - მთელი ფილმის მსვლელობისას იცვლება ავტორის განწყობა, სიბრაზეს ცვლის სასოწარკვეთა და დაღლა, ტრაგიკულს სახალისო და მხიარული. სპაიკ ლი ჰოლივუდსაც ახსენებს, რომ სეგრეგაციის ეპოქის დასრულების მიუხედავად ამერიკული კინოს შედევრად აღიარებული გრიფიტის ”ნაციის დაბადება” დღემდე სახელმძღვანელოდ ითვლება კინორეჟისურაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ღიად მხარს უჭერს და ამართლებს რასიზმს.

სხვათა შორის, კრიტიკოსთა მაღალ შეფასებას თუ გავიხსენებთ, ამ ნომინაციაში გამარჯვების მცირე შანსი აქვს ”მწვანე წიგნსაც” . მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ცოტა არ იყოს ”მეტკბილება” სურათის მეტისმეტად საყვარელი პერსონაჟები, საშობაო განწყობას, რომელიც ჯერ კიდევ არის კინოაკადემიაში, ფარელის ფილმი უფრო მოუხდება, ვიდრე სპაიკ ლის სერიოზული განსჯა რასიზმის თემაზე

მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი

კრისტიან ბეილი - Vice
ბრედლი კუპერი - A Star Is Born
უილემ დაფო - At Eternity’s Gate
რამი მალექი - Bohemian Rhapsody
ვიგო მორტენსენი - Green Book

რამი მალექის ”ტექნიკური თამაში” არ მომწონს, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორედ იგი გახდება ”ოსკარის” მფლობელი ფრედი მერკურის როლის შესრულებისთვის. კინოაკადემიკოსებს უყვართ ”ოსტატობა” და არ აღიზიანებთ გამოჩენილი ადამიანების კოპირება, თუკი მსახიობი ამას დამაჯერებლად აკეთებს

ვფიქრობ, წარმოდგენილ ნომინანტებს შორის, ვიგო მორტენსენი საუკეთესოა. მსახიობი, რომელსაც ესმის მუსიკა და ცდილობს იცხოვროს და არა ითამაშოს კამერის წინ! ბოლო დროს ჰოლივუდში იშვიათია ასეთი არტისტები

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

იალიცა აპარიციო - Roma
გლენ კლოუზი - The Wife
ოლივია კოლმანი - The Favourite
Lady Gaga - A Star Is Born
მელისა მაკარტი - Can You Ever Forgive Me?

ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩემი სიმპატია დაემთხვევა კინოაკადემიკოსების გადაწყვეტილებას - წესით ”ოსკარით” უნდა დაჯილდოვდეს ოლივია კოლმანი - დედოფალი ანას როლით თუ ვიმსჯელებთ მართლაც რომ შექსპირის თეატრის დონის მსახიობით, ხასიათს რომ ნიუანსებზე ქმნის და რომ არ ეშინია მაყურებელს დაუტოვოს ბოლო მონახაზი თავისი გმირის პორტრეტის შესასრულებლად.

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი

მაჰერშალა ალი - Green Book
ადამ დრაივერი - BlacKkKlansman
სემ ელიოტი - A Star Is Born
რიჩარდ ი. გრანტი - Can You Ever Forgive Me?
სემ როკველი - Vice

რა თქმა უნდა, ადამ დრაივერი უნდა იყოს ამ ”ოსკარის” მფლობელი. კინოაკადემიამ, და, საერთოდ, კინოს სამყარომ ის ერთხელ უკვე დაჩაგრა, როცა არ დაუფასა ნამუშევარი ჯიმ ჯარმუშის ”პატერსონში”. მისი ეს როლი სულ მახსენდებოდა, როცა ”შავი კლანის კაცს” ვუყურებდი. იშვიათია ამერიკელი მსახიობი ასეთი ძუნწი გამომსახველობითი ხერხებით. სადღაც წავიკითხე ”ახალი ბესტერ კიტონიაო” და ვეთანხმები ამ მოსაზრებას. თუმცა, სამწუხაროდ, ჰოლივუდში თამაშის ასეთ სტილს ხშირად არ ცნობენ. ამიტომ არაა გამორიცხული ეს ”ოსკარი” სხვებმა, უფრო მეტად მაჰერშალა ალიმ, ან, თუნდაც, სემ ელიოტმა მოიპოვონ

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი

ეიმი ადამსი - Vice
მარინა დე ტავირა - Roma
რეჯინა კინგი - If Beale Street Could Talk
ემა სტოუნი - The Favourite
რეიჩელ უეისი - The Favourite

მარინა დე ტავირა მშვენიერი მსახიობია, მაგრამ არა მგონია მექსიკელი არტისტი ”ოსკარით” დააჯილდოონ. როგორც ჩანს, ”ოსკარს” მიიღებს რომელიმე ვარსკვლავი ”ფავორიტიდან” - კინოაკადემიკოსებს ყოველთვის მოსწონდათ კარიკატურა, განსაკუთრებით სატირული ჟანრის ფილმებში (”ფავორიტი” კი, ცხადია, უფრო სატირაა, ვიდრე, უბრალოდ, კოსტიუმირებული ფილმი)

საუკეთესო რეჟისორი

სპაიკ ლი - “BlacKkKlansman”
პაველ პავლიკოვსკი - “Cold War”
იორგოს ლანთიმოსი - “The Favourite”
ალფონსო კუარონი - “Roma”
ადამ მაკკეი - “Vice”

ალფონსო კუარონს ამ ნომინაციაშიც დიდი შანსები აქვს. სპაიკ ლი, რომელსაც დაუფიქრებლად გადავცემდი ”ოსკარს”, მეტისმეტად კამერულია უფრო პრეტენზიული და უფრო მასშტაბური კონკურენტების გვერდით. მეცინება ნომინაციაში ”საუკეთესო რეჟისორი” პაველ პავლიკოვსკის რომ ვხედავ... ამ ახალ ნიკიტა მიხალკოვს, ერთ საშუალო სტილისტს, რომელმაც, უბრალოდ, კარგად გაუგო კონიუქტურას (ისევე როგორც თავის დროზე მიხალკოვმა და მისმა ძმამ მიხალკოვ-კონჩალოვსკიმ) და კინემატოგრაფიულ სამყაროს მიართვა ის, რაც გულს აუჩუყებდა.

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

The Favourite
First Reformed
Green Book
Roma
Vice

ეჭვგარეშეა, ამ ”ოსკარს” ყველაზე მეტად იმსახურებს ”პირველი რეფორმირებული ეკლესია”. უფრო სწორად სცენარის ავტორი - პოლ შრედერი. მოვა დრო და კინემატოგრაფისტები ძეგლს დაუდგამენ შრედერს წიგნისთვის ”ტრანსცენდენტალური კინო”, ალბათ, მაინც საუკეთესო წიგნისთვის, რაც ამერიკელებს კინოზე დაუწერიათ. შრედერი იკვლევს რეჟისორებს, რომლებიც კინოსახეების დახმარებით მაყურებელს ეკრანულ გამოსახულებაზე უფრო მაღალ რეალობაში შეღწევას სთავაზობენ - ერთგვარ ”ზერეალობასთან” ზიარებას. რელიგია მთავარი თემაა ”რეფორმირებულ ეკლესიაშიც”. სურათის მეორე ნაწილში ავტორი ”უღმერთოდ” ტოვებს მორწმუნე ადამიანს, თითქოს გვეკითხება, რამდენად გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი ცხოვრება რწმენის თუ ილუზიების გარეშე? გავუძლებდით განსაცდელს?

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

The Ballad of Buster Scruggs
BlacKkKlansman
Can You Ever Forgive Me?
If Beale Street Could Talk
A Star Is Born

”ბიილ სტრიტს რომ ენა ჰქონოდა” - ჯეიმს ბოლდუინის ეს ტექსტი ძალიან მიყვარს. რასიზმის და სიღარიბის თემა ამ პატარა რომანში მნიშვნელოვანია, თუმცა ეს წიგნი სიყვარულზეა, პირველ რიგში. ბოლდუინის წიგნის ატმოსფერო - შიში და სიცრუე, რომელშიც ცხოვრობენ გმირები, აბსოლუტურად ზუსტადაა გამოხატული ფილმში. ბარი ჯენკინსს უკვე აქვს ”ოსკარი” შესანიშნავი ფილმისთვის ”მთვარის შუქი”, რაც მის გამარჯვებას ართულებს. თუმცა, ვფიქრობ, ამ ნომინაციაში მას კონკურენტი არ უნდა ჰყავდეს.

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის

Black Panther
BlacKkKlansman
If Beale Street Could Talk
Isle of Dogs
Mary Poppins Returns

უყოყმანოდ ტერენს ბლანშარის მუსიკა ”შავი კლანის კაცისთვის”! მსუბუქი ნაზავი კლასიკური ჰოლივუდისა, 70-იანი წლების, როცა ხდება ფილმის მოქმედება და დღევანდელი მუსიკალური ”ტექნოლოგიებისა”. იმ ფილმებს შორის, რომლებიც ამ ნომინაციაზეა დასახელებული(თუ გამოვტოვებთ გერმანულ სურათს) ბლანშარის მუსიკა ერთადერთია, რომელიც ფილმის დასრულების შემდეგ დიდხანს გრჩება. თუმცა ”ოსკარს”, ალბათ, მაინც ”მერი პოპინსს” გადასცემენ. ჰოლივუდში უყვართ კარგი კომპილაციები!

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

“All the Stars,” Black Panther
“I’ll Fight,” RBG
“The Place Where Lost Things Go,” Mary Poppins Returns
“Shallow,” A Star Is Born
“When a Cowboy Trades His Spurs for Wings,” The Ballad of Buster Scruggs

”ბასტერ სკრაგსის ბალადა” - ეს სიმღერა ნამდვილად მოუხდება ”ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიალს. თან მართლაც კინოსთვის დაწერილი სიმღერაა. მიუხედავად ამისა წარმომიდგენია, როგორ გაღიზიანდნენ ძმები კოენების ფილმის თაყვანისმცემლები მათი რჩეული რომ არა მთავარ, არამედ ამ ნომინაციაში იხილეს

საუკეთესო მხატვრობა

Black Panther
The Favourite
First Man
Mary Poppins Returns
Roma

ვფიქრობ, ”ფავორიტს” უკვე აქვს ეს ”ოსკარი”! მართლაც შესანიშნავი ნამუშევარია. კოსტიუმები იქ ზოგჯერ უკეთ ახასიათებენ პერსონაჟებს, ვიდრე მსახიობები

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი

Cold War
The Favourite
Never Look Away
Roma
A Star Is Born

ირლანდიელ ოპერატორს, რობი რაიანს აქვს ყველა შანსი გახდეს ”ოსკარის” ლაურეატი და ის ამას ნამდვილად დაიმსახურებს. ”ფავორიტში” ლანტიმოსმა რომ ერთგვარი თამაში შემოგვთავაზა, თამაში ისტორიით და კულტურული კლიშეებით, ეს ჩანს უფრო მეტად არა ფილმის რეჟისურაში, არა სცენარში, არამედ გამოსახულებაში; იმაში, თუ როგორ ეპყრობა რობი რაიანი კამერას და გამოსახულებას. აი, ”ავტორი თვალს გვიკრავსო” რომ ამბობენ ფრანგები კარგ ფილმებზე, ეგ გაგახსენდებათ, თუკი რაიანის ნამუშევარს კარგად დააკვირდებით.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

Capernaum (ლიბანი)
Cold War (პოლონეთი)
Never Look Away (გერმანია)
Roma (მექსიკა)
Shoplifters (იაპონია)

კორეული ფილმი 1962 წლიდან არ დაუსახელებიათ ”ოსკარის” ნომინანტებს შორის. ეს მაშინ, როდესაც კორეული ფილმები მუდმივად იმარჯვებენ დიდ კინოფესტივალებზე, როცა გასული წლის საუკეთესო სურათი (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა), ”ალმოდებული” უამრავ გამოკითხვაში ლიდერობს. არა, ჰოლივუდი კვლავ არ ცნობს კორეულ კინოს!

სამაგიეროდ ვერ ელევა პაველ პავლიკოვსკის (რომლის ”იდამ” ერთხელ უკვე მოიპოვა ”ოსკარი”) და მის უხამს, ვულგარულ პრიმიტივიზმს, ფილმს ”ცივი ომი” ასახელებს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს შორის.

ამ ნომინაციაში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ”რომას” აქვს. სასიხარულოა, რომ ამერიკელმა კინემატოგრაფისტებმა უყურადღებოდ არ დატოვეს, გასული წლის ერთ-ერთი საუკეთესო სურათი ”კაპერნაუმი”. ნამდვილად გამიხარდება ამ ლიბანური ფილმის გამარჯვება. თუმცა ჩემი ფავორიტი უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში ჰირაკაძუ კორეედას ”მაღაზიის ქურდებია” - ერთგვარი ალტერნატივა იმ ”წვინტლიანი ჰუმანიზმისა”, რომელიც უხვად ვიხილეთ 2018 წლის ჰოლივუდში და სავარაუდოდ კიდევ მოგვიწევს ხილვა ”ოსკარებით” დაჯილდოვების ცერემონიალზე, 25 თებერვალს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG