Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 8 იანვარი 2019

ექსარხოსი სწირავდა ფორმად სლავენურადა, მლოცველებს არ ესმოდათ, ქონდათ სანანურადა“, - აკაკი წერეთელი, „ვორონცოვი“

საქართველოს ეკლესია და სამწყსო, „ქრისტიანობის მმოსავი თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში“, მთელი 106 წელი (1811-1917 წწ) დამონებული ჰყავდა ერთმორწმუნე რუსეთის ეკლესიას.

„არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას"
ივანე ჯავახიშვილი

რუსეთის იმპერიამ 1811 წელს დაასრულა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დათრგუნვის პროცესი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატში ვერაგულად ჩადებული მე-8 არტიკულით:

"კათალიკოსსა ანუ უმთავრესსა არქიეპისკოპოსსა მათსა აქუნდეს ადგილი რიცხვთა შორის რუსეთის მღვდელმთავართასა მერვესა შინა ხარისხსა".

ანუ ტრაქტატის მე-8 მუხლით ქართული ეკლესიის მეთაური ცხადდებოდა რუსეთის სინოდის წევრად, მაგრამ ტრაქტატი (მით უფრო კანონიკურად არასწორად შედგენილი) არ წარმოადგენდა იურიდიული დატვირთვის აქტს. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით რუსეთმა დაარღვია მოციქულთა 34-ე კანონი: "ყველა ერის ეკლესია უნდა იმართებოდეს საკუთარი ეპისკოპოსების მიერ".

„არც სპარსელებმა, არც მონღოლებმა, არც თურქებმა...“

​ივ. ჯავახიშვილის მიხედვით (თხზ. VII ტომი), შუა საუკუნეების საქართველოში „ხალხი ორ ნაწილად იყოფოდა, რომელთაგან ერთს, უმცირეს ნაწილს, „მოწესენი“ - სამღვდელოება და ბერმონაზვნები, მეორე და უმთავრეს ნაწილს „ერისკაცნი“ შეადგენდნენ“. რუსეთის იმპერიამ საქართველოს ყველა სხვა დამპყრობელს გადაასწრო ქართველი ხალხის ორივე ნაწილის დევნასა და განადგურებაში, რამაც 1819 წელს იმერეთში საეკლესიო აჯანყებაც კი გამოიწვია. შემზარავია ამ აჯანყების ფინალი.​

„არც სპარსელებს, არაბებს, მონღოლებსა და თურქებს არ გაუკეთებიათ ის, რაც რუსულმა ხელისუფლებამ და მისმა ეგსარქოსებმა გაუკეთეს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას", - ასე შეაფასა საქართველოს ეკლესიის „რუსული პერიოდი“ ივანე ჯავახიშვილმა 1906 წელს გამოცემულ ნაშრომში "სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა XIX საუკუნის საქართველოში“.

„რუსულმა მმართველობამ მეტად აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვიტეს საკათალიკოსოს გამგებელ ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისა და გაენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს სიკვდილით დასჯა." "ყველაზე საშიშია, რომ არ გაიგონ მიტროპოლიტების სიკვდილი, რომელთა მკვლელობაც ააღელვებს ხალხს, სამღვდელოებას და თავადებს. ასევე ცუდად იმოქმედებს ეს ფაქტი ჩვენს ჯარისკაცებზეც, რომელთაც რწმენა აქვთ სამღვდელოებისა. არავითარ შემთხვევაში არც ერთის სხეული არ დატოვოთ იმერეთში, არ დამარხოთ. ასევე არ ჩააგდოთ გვამები მდინარეში, თორემ სწრაფ მდინარეს შეუძლია სხეული ზემოთ ამოიტანოს. აუცილებლად მიიტანეთ სხეულები კაიშაურამდე, სადაც შეიძლება ისინი მიაბაროთ მიწას" (Акты, VI. ч I:582).


1820 წლის 4 მარტს დიდმარხვაში მღვდელმთავრები შეიპყრეს, თავზე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები შეუკრეს და ნაცემნაგვემი ასაკოვანი მიტროპოლიტები რუსეთის გზას გაუყენეს. რუსის ხიშტებით დაჩხვლეტილი მიტროპოლიტი დოსითეოსი სურამსა და გორს შორის გზაზე გარდაიცვალა. ეგზარქოს თეოფილაქტე რუსანოვის ბრძანებით, მიტროპოლიტი დოსითეოსი პირველივე ეკლესიაში ქრისტიანული წესით ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე უნდა დაეკრძალათ (Русская старина 1895:121). გარდაცვლილი, სისხლისაგან დაცლილი ნატანჯი მიტროპოლიტი დოსითეოსი ანანურის ეკლესიამდე ატარეს ისე, რომ ხალხს მისი სიკვდილის შესახებ არაფერი გაუგია”, - ვკითხულობთ ისტორიკოს ლევან ტყეშელაშვილის ნაშრომში
.

მიტროპოლიტი დისითეოსი „საეკლესიო აჯანყების“ გამო დასაჯეს, მაგრამ რის გამო მოკლეს დიმიტრი ყიფიანი - მაღალი რანგის მოხელე (მისი ჩინი „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკისა“ შეესაბამებოდა გენერალ-მაიორის ჩინს), რომელიც, აკაკი ბაქრაძის თქმით, ცდილობდა ყოფილიყო ქართველი პატრიოტიც და რუსი მოქალაქეც?

„მე რუსი ვარ ჩემი სამსახურით, ლუკმა პურით, რომელსაც ვსჭამ, და ჩემის აზრის მიმართულებით. მე ქართველი ვარ გვარტომობით და მოძმეთა ენით. საჭიროა წაშლა იმ ლარისა, რომელიც ამ ორ სიტყვას შორის არის გადებული. საჭიროა, ამ ორი სიტყვიდან - რუსი და ქართველი - ერთი სიტყვის შემუშავება, მათის მნიშვნელობის შედუღაბება ერთს ცნებაში სიტყვით და საქმით“, - აი, ასეთ კაცს ვერ აპატიეს საყვედური, რომელიც შეჰკადრა ეგზარქოს პავლე ლებედევს საქართველოს დაწყევლის პასუხად.

„დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა ის, ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა მკვლელი“, - ამ წყევლის (შეჩვენების) ადრესატები იყვნენ სასულიერო სემინარიის რექტორის, პავლე ჩუდეცკის, მკვლელი იოსებ ლაღიაშვილი და მთელი საქართველო.

რუსი ეგზარქოსის დამუნათების გამო 73 წლის დიმიტრი ყიფიანი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც 1887 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, მძინარეს თავში ურო ჩაარტყს და მოკლეს.

აი, ასეთი ამბები ხდებოდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობის ქვეშ აყვანილ საქართველოში.

...და რა ხდებოდა, მაგალითად, მონღოლების მიერ დაპყრობილ ქვეყანაში?

„მონღოლთა ბატონობის დროს ეკლესია შეღავათებით სარგებლობდა. მონღოლებმა ეკლესია გაათავისუფლეს სამონღოლო გადასახადებისაგან. სწორედ ამით აიხსნება, რომ მონღოლთა ბატონობის მთელ სიგრძეზე ეკლესია აქტიურად არასოდეს არ გამოსულა მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ. სწორედ მონღოლების დროს ააშენა დემეტრემ მეტეხის ეკლესია, რაზეც ჟამთააღმწერელი წერს: „აღაშენა პალატასა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა და ღვთისმშობლისა და შეამკო განგებითა დიდითა...“ (შ. მესხიას რედაქტრობით 1958 წელს გამოცემული „თბილისის ისტორია“).

ნადავლად ქცეული ხატები და ჯვრები

რუსეთმა კი აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 13 ეპარქიის ნაცვლად მხოლოდ 2, ხოლო დასავლეთ საქართველოს 12 ეპარქიიდან 3 დატოვა. ამასთან, რუსეთის ბიუროკრატიამ და რუსმა ეგზარქოსებმა ხალხს მოუსპეს მთავარი - ღვთისმსახურება და ლოცვა მშობლიურ ენაზე; დაუკეტეს, შეუღებეს და დაუნგრიეს ტაძრები; გააუქმეს ეპარქიები; შეამცირეს სამრევლოები; გარეკეს უმრევლოდ დარჩენილი მღვდლები; მოსახლეობას წაართვეს ხატები და ჯვრები. დაიწყო საეკლესიო საგანძურის უკონტროლო გატანა, რაც რუსეთის იმპერიის დაშლამდე გაგრძელდა.

2006 წელს საქართველოს პარლამენტს ჰქონდა მცდელობა მუშაობა დაეწყო საქართველოდან გატანილი საეკლესიო საგანძურის დაბრუნების საკითხზე. ისტორიკოსმა ელდარ ბუბულაშვილმა მაშინ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსი ეგზარქოსების გარდა საგანძურს სხვა ადამიანებიც იტაცებდნენ, მაგალითად, მოგზაურები ან მეცნიერები:

„არა მარტო საქართველოს ეკლესიის სიწმინდეებია დაკარგული, არამედ იკარგებოდა ხელნაწერებიც. არაფერს ვამბობ ღვთისმშობლის ვედრების (ხახულის) ხატზე, რომელიც 1859 წელს მოიპარეს“.

საქართველოს ისტორიიდანაც ცნობილია რუსი ბიუროკრატების გვარები (კოვალენსკი, ლევაშოვი და სხვ.), რომლებმაც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი ამ საქმეში: გაძარცვეს ქართული ეკლესიები, დაანგრიეს ანდა გადააკეთეს ისინი რუსული არქიტექტურის ყაიდაზე, ჩამოფხიკეს ან საერთოდ მოსპეს უნიკალური ფრესკები და მოზაიკები.

მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ შეძლო საქართველოს საეკლესიო საგანძურის გადინების შეჩერება. 1920 წლის 28 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ გამოსცა დეკრეტი საისტორიო, საარქეოლოგიო, სამხატვრო და სხვა საკულტო ნივთების საქართველოს რესპუბლიკიდან გატანის აკრძალვის თაობაზე. ამ დეკრეტის მეორე პუნქტით, რესპუბლიკის განათლების მინისტრის ნებართვის გარეშე იკრძალებოდა გაეტანათ შემდეგი ნივთები: ყოველგვარი საეკლესიო ნივთი და სამკაული, ხატი, ჯვარი, ჭურჭელი, შესამოსელი, ნაკერ-ნაქარგი ნივთები, ხელნაწერი და ძველი ნაბეჭდი წიგნები, სიგელ- გუჯარნი, ქანდაკებანი, ჩუქურთმიანი ქვები და სხვა ჩუქურთმიანი ნივთები.

ზნეშეცვლილი სამღვდელოება

შალვა დადიანი
შალვა დადიანი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საეგზარქოსოს სახით სხვა ეკლესიის შემადგენლობაში ხანგრძლივმა ყოფნამ კვალი დაამჩნია ქართველი სასულიერო პირების ცხოვრების წესსაც. დავით კლდიაშვილის მიერ აღწერილი („მრევლში“) ზოსიმე მღვდლის ტიპი(„მქადაგებელი სიყვარულისა მოყვასისადმი, განმანათლებელი სულისა, გამწმენდი გულისა ყოველივე მძულვარებისა და ბოროტებისაგან“) ნელ-ნელა ჩაანაცვლა ანგარებიანი, „ჩინოვნიკი მღვდელმსახურის“ ტიპმა, როგორსაც მწერალი შალვა დადიანი თავისი მამის, ნიკო დადიანისა, და მღვდელ მაქსიმე გოგინავას სიტყვებით აღწერს მოგონებების წიგნში „რაც გამახსენდა“:

„...ნაღვლობდნენ, რომ ბოლო ხანებში მღვდლები იქცნენ „ჩინოვნიკებად“ და მეფის რუსეთის მთავრობის აგენტებად, რომ უკვე მოწოდების და ხალხის სამსახურისათვის კი არ მიდიოდნენ მღვდლად, არამედ ანგარებისა და კეთილმოწყობის მიზნით, და მღვდლადაც მომზადების შეფარდებით კი აღარ აკურთხებდნენ, არამედ ქრთამის გაღებისა და სხვადასხვა ხასიათის შეძღვნათა გამო“.

შალვა დადიანი ასევე აღწერს ქართველი მღდვლის გარუსებამდელ, მოკრძალებულ შესამოსელს, რომელიც ბავშვობიდან შემორჩა მწერლის მეხსიერებას:

„მღვდლები ანაფორებით იყვნენ და არც ჯვრები ჰქონდათ გულ-მკერდზე ჩამოკიდებული. ჯვარი შემდეგში დაჰკიდა ჩვენებურ მღვდლებსაც რუსეთის მეფემ“.

ავტოკეფალისტთა გამარჯვება და სიხარული

რუსეთის მეფემ გადაბირებულ ქართველ „მოწესეებს“ (სამღვდელოებას) მდიდრული ჯვრები, ხოლო „ერისკაცებს“ ჩინ-მედლები დაჰკიდა, თუმცა ამან მაინც ვერ შეაჩერა ქართველი ერის სწრაფვა აღედგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოს მართლადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (25 მარტი, 1917 წელი) შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილენი. 1917 წელი.
საქართველოს მართლადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის (25 მარტი, 1917 წელი) შემდეგ გამართული სრულიად საქართველოს პირველი საეკლესიო კრების მონაწილენი. 1917 წელი.

​დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 1917 წლის 12 მარტს, მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) თბილისის ქართული სამღვდელოების, საქართველოს საგუბერნიო და სამაზრო მარშლების, თავადაზნაურობისა და წირვაზე მოსული მორწმუნე ხალხის წინაშე, წირვისა და პარაკლისის აღსრულების შემდეგ, წაიკითხა უდიდესი მნიშვნელობის, თუმცა მეტად ლაკონიური გადაწყვეტილება:

„დღეიდან, ე.ი. 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია”.

​12 მარტსვე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაგრძელების საფუძველი ასე იყო აღწერილი:

„ვინაიდან საქართველოს ეკლესია არსებობდა დამოუკიდებლად, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, რომლის მოსპობა, ანუ გაუქმება, არ ექვემდებარებოდა არავითარ ძალას, გარდა მსოფლიო კრებათა, და სრულიად არაკანონიკურად შეაჩერეს მისი ავტოკეფალიური მართვა-გამგეობა“.

როგორ შეხვდა ქართული საზოგადოება ამ მნიშვნელოვან მოვლენას?

ცნობილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის, პუბლიკაციის („ავტოკეფალისტები“, გაზეთი „საქართველო“, 1917 წ., 27 აპრილი, N 90) ტონი და სულისკვეთება ნათლად გამოხატავს ქართველი ხალხის ამაღლებულ განწყობას.

„არ ვიცი, ბევრ ჩვენგანს უნახავს ქართველი ავტოკეფალისტები თუ არა? მე ვნახე ჩვენი ეპისკოპოსები, რომელთაც ისე მაღლა ჯერ არასოდეს უზიდიათ ჯვარი, როგორც ეხლა, და მღვდლები, რომელთაც არასოდეს არ უთქვამთ ისეთი ქადაგება, როგორიც ეხლა“.

შალვა ამირეჯიბი
შალვა ამირეჯიბი

​შალვა ამირეჯიბი ასევე საუბრობს ეკლესიის კულტურულ როლზე და ეკლესიის დატყვევებით გამოწვეულ საქართველოს კულტურის დატყვევებაზე:

„რამდენადაც საქართველოს ეკლესია ძველი ქართული კულტურის წარმომადგენელი იყო და რამდენადაც ეს ეკლესია ტყვეობას განიცდიდა, ტყვეობასვე განიცდიდა მთელი ქართული კულტურა. ეკლესიასთან ერთად ტყვეობას განიცდიდა მთელი ქართული არქიტექტურა ჩვენი ეკლესია-მონასტრების სახით, ქართული მხატვრობა ამ ეკლესიებში, ხატები, როგორც უმაღლესი ნიმუშნი ხელოვნებისა, და ყოველი წვრილმანი ნივთი, რომელზედაც ისტორიამ ხალხის შემოქმედება აღბეჭდა. ნუთუ ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს, რომ სინდისთან ერთად ვანთავისუფლებთ ამ ხელოვნებას და მთელ ჩვენ ცოცხალ ისტორიას?

...ჩვენი ეკლესია იმ ლამაზს ჰგავდა, რომელიც ყველა თავის სამკაულებით ტყვედ იყო წაყვანილი.

დღეს ეს ლამაზი თავისუფალია!

დღეს ეს სამკაულები დახსნილია!

და საჭიროა სიფხიზლე, რომ თავისუფლების მტრებმა ისევ არ დაატყვევონ ისინი!“

დატყვევების საფრთხე კი ყოველთვის არსებობს, მით უფრო მაშინ, როცა პატარა ქვეყანას რუსეთის მსგავსი მეზობელი ჰყავს. უახლოესი წარსულის გათვალისწინებით, ძნელია არ დაეთანხმო მიხეილ ჯავახიშვილს, რომელიც ამბობდა, რუსული ნაციონალიზმი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვსო.

აკაკი ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე

​ამ მხეცს ერთნაირად კვებავს იმპერიის როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლება, რომლებიც, როგორც აკაკი ბაქრაძე შენიშნავდა, ერთმანეთში არიან შეზრდილი და რუსული მართლმადიდებლობით ქადაგებენ კაცობრიობის გადარჩენას. ამ ქადაგების ნაწილია.

რუსეთის განსაკუთრებულობისა და უსაზღვროების მითი, რომ რუსეთი გამუდმებით უნდა ფართოვდებოდეს ლაზარე მღვდლის (ყაშას) ფორმულით: „სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია!“ (მ.ჯავახიშვილი „ლამბალო და ყაშა“).

რუს ჯარისკაცს ბევრგან აქვს სისხლი დაღვრილი. რუსეთი არც ყაშათა ნაკლებობას განიცდის. ამის დასტურად თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ამბები გამოდგება. დღეს ყველა ქართველი ავტოკეფალისტი უნდა ხარობდეს, რადგან უკრაინელი ავტოკეფალისტები ხარობენ სწორედ იმ სიხარულით, როგორითაც ჩვენ გავიხარეთ ასი წლის წინ - 1917 წლის 12 მარტს, როცა მტკიცედ ვთქვით: გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

კინოკრიტიკოსებს განსაკუთრებით უყვართ ყველანაირი ათეულებისა და ასეულების შედგენა - “საუკეთესო ფილმები”, “ყველაზე ცუდი ფილმები”, “ყველაზე დაუფასებელი ფილმები” და ა.შ. ასეთი სიების მოფიქრება ადვილია მათთვის, ვინც კინოს ლეპტოპებში უყურებს, ანდა, ვისაც “ნეტფლიქსის” ხარისხი აკმაყოფილებს, მაგრამ ჩემნაირი პრეტენზიული კაცისთვის, ვისაც ფილმის ყურება მხოლოდ კინოთეატრში, სხვასთან ერთად უყვარს... უყვარს კარგი ხარისხის კინოპროექცია, კარგი ხმით და გამოსახულებით, ასეთი სიის შედგენა ნამდვილი ტანჯვაა. რამდენი რამე შეიძლება გამოგრჩეს, რამდენი კარგი ფილმი შეიძლება არ დააფასო მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნახვა კინოთეატრში ვერ მოახერხე. ამიტომაცაა, თავს დავიზღვევ და წინასწარ განვაცხადებ “გოგი გვახარიას სია” თავად გოგი გვახარიამ შეიძლება შეცვალოს მას შემდეგ, რაც 2018 წელს დასრულებულ სხვა ფილმებს ნახავს დიდ ეკრანზე. განსაკუთრებით ამერიკულ “ოსკარზე” წარდგენილ ფილმებს, რომელთა ნაწილის პრემიერა დიდ კინოდარბაზებში ჯერ არ გამართულა.

და მაინც, გავბედავ და შემოგთავაზებთ ჩემს ათეულს, 2018 წლის საუკეთესო ფილმებს, რომელთა ნახვას ვურჩევ ჩემი ბლოგის მკითხველებს, კინოს მოყვარულებს. დიდ ეკრანზე ნახვას, ცხადია.

პრინციპში ამ ფილმების უმრავლესობა უკვე უჩვენეს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მით უფრო საინტერესოა ჩემთვის, რამდენად დამეთანხმებიან კინოს მოყვარულები, რამდენად ფასეულია მათთვის ეს ათეული

მაშ ასე, მივყვეთ ბოლოდან:

10. “მეკბუტი, ჩემი სიყვარული” (რეჟისორი: აბდელათიფ ქეშიში, საფრანგეთი)

90-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთი, დრო, რომელსაც აღადგენს კანის ფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატი, აბდელათიფ ქეშიში დღევანდელთან შედარებით სამოთხეს ჰგავს: ქვეყანა ჯერ კიდევ არ ცხოვრობს მუსლიმი ტერორისტებისა და დევნილების უკონტროლო ნაკადის შიშით, ცხოვრობს სექსით, დისკოთეკებით, პლაჟებზე გაშლილი სუფრებით და მომავლის იმედით. არაბული კულტურა, როგორც ქეშიშის სხვა ფილმებში, როგორღაც ორგანულად თანაარსებობს ფრანგულთან... არა, არც თანაარსებობს. ეს კულტურა უკვე თავადაა “ფრანგული” და ქეშიშიც, მისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმით, კინემატოგრაფიული წესების პრინციპული უარყოფით, გვიხატავს სამხრეთ საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქს, როგორც “ნეტარების სივრცეს”, სადაც კულტურათა ომს და სოციალურ დაპირისპირებას მთლიანად გადაფარავს სექსი და მზის სხივები, პირდაპირ კამერაში რომ იჭრება და გვაბრმავებს.

9. “ზაფხული” (რეჟისორი: კირილ სერებრენიკოვი, რუსეთი)

დისტანციიდან დანახული ჩვენი წარსული, ყოველგვარი ნოსტალგიის გარეშე, და პუბლიცისტური პათოსის გარეშეც (გვახსოვს ქართული “მძევლები”, რომელიც სხვათა შორის “ზაფხულის” ოპერატორის, ვლადისლავ ოპელიანცის გადაღებულია). ეს უკვე ახალი თაობის სურვილია აღადგინოს დრო, რომელიც ლეგენდების და მითების სახით არსებობს, მაგრამ ისევ ბევრს ენატრება, აღადგინოს პოსტსაბჭოთა კინოსთვის უჩვეულო, როკ-მიუზიკლის ჟანრში. მე პირადად ძალიან მომწონს “ზაფხულის” ავტორის (პუტინის პირადი პატიმრის) სურვილი გააცოცხლოს “ზასტოის” სამყარო იმ ადამიანებით, რომლებიც შემოქმედებით ცდილობდნენ გადაერჩინათ თავი საბჭოთა ჭაობისგან. არა, ისინი არანაირი გმირები არ არიან (არადა, ვიქტორ ცოის მოყვარულები, ვეჭვობ, სწორედ ამას მოითხოვდნენ ფილმის ავტორებისგან - ამ არტისტების ლამის გენიოსებად წარმოდგენას), არც განსაკუთრებით ახალს ქმნიან რამეს. მათ ჯერ არ იციან მნიშვნელობა სიტყვებისა “კონკურენცია”, “შოუ-ბიზნესი”, “ბაზარი”... ერთმანეთს ეხმარებიან, რათა სხვაც გადაარჩინონ და თავადაც გადარჩნენ.

8. “ასაკო 1 და 2” (რეჟისორი: რიუსუკე ჰამაგუტი, იაპონია)

წლევანდელი კანის ფესტივალის ყველაზე დაუფასებელი და ყველაზე დახვეწილი ფილმი. მე ვიტყოდი “რაფინირებული”, ნაზი, გამჭვირვალე, კინემატოგრაფიული ფორმალიზმის ნამდვილი ფეირვერკი, გამოხატული უბადლო იუმორითა და თვითირონიით. “ორეულის თემა”, არაერთხელ გათამაშებულა კინოს ისტორიაში, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არა “გაორებული ყმაწვილია”, რომელშიც თავდავიწყებითაა შეყვარებული სურათის გმირი ასაკო, არამედ თავად სიცოცხლე, რომელშიც რეალური და წარმოსახვითი ისეა გაერთიანებული, რომ სიმართლის ძიების გზაზე შეიძლება მაგრად მოვტყუვდეთ, მერე კი ვინანოთ. ესაა ერიკ რომერი იაპონიაში! ასაკო იზრდება, ემშვიდობება სიჭაბუკეს და ნელ-ნელა, ჩვენ თვალწინ “ქალად” იქცევა. შესაბამისად, იცვლება სინამდვილე, რომელსაც ის ხედავს, მათ შორის ყმაწვილი, რომელსაც ფაქტობრივად მთელი თავისი ახალგაზრდობა მიუძღვნა... და რომელ ხელოვნებას შეუძლია გამოხატოს ყველაზე უკეთ გაზრდის, თუ “დაქალების” ეს პროცესი, თუ არა კინემატოგრაფს?

7. “დონბასი” (რეჟისორი: სერგეი ლოზნიცა, უკრაინა)

ბევრს უკვირს, რომ “დონბასის” სტრუქტურას საფუძვლად დაედო ლუის ბუნუელის უკანასკნელი ფილმის, “თავისუფლების აჩრდილის” კომპოზიცია. სად ბუნუელი და სად დოკუმენტური კინო, სად სიურრეალიზმი და სად ქრონიკაო, კითხულობს ხალხი. საქმეც ისაა, რომ “დონბასი” ის რეალობაა, რომლის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერათ ვიღაც-ვიღაცებს. შესაბამისად, სერგეი ლოზნიცას ან ტენდენციურობაში სდებენ ბრალს, ან სწორხაზოვნებაში... დიახ, რუსეთი რომ ოკუპანტია და უკრაინის მიწები მიტაცებული აქვს, ამას სერგეი ლოზნიცა ცალმხრივად აღიარებს. ესაა ფაქტი, რომლის მიმართ ეჭვს ვერ იგრძნობთ ფილმში (“დონბასის” ოპონენტებს, ჩემი დაკვირვებით, რეჟისორის სწორედ ეს პოზიცია აღიზიანებთ). ამას აღიარებს და ბოროტების ანატომიას შეისწავლის კინოხელოვნების ენით, შეიძლება ითქვას “ანათებს” ბოროტებას, რათა ბოლომდე გააშიშვლოს. შედის მის ჩონჩხში და ცდილობს გაერკვეს, საიდან იბადება ეს ძალადობა, რაღაც ბუნებრივია თუ ისტორიამ მოიტანა? რაღაც ადამიანურია, თუ ოკუპანტის პოლიტიკის შედეგია?

6. “მეურვეობა” (რეჟისორი: ქსავიე ლეგრანი, საფრანგეთი)

ზოგს სტენლი კუბრიკის “ნათება” გაახსენა “მეურვეობამ”, ზოგს “მონადირის ღამე” და ზოგსაც მიხაელ ჰანეკეს, ძმები დარდენების ფილმები. ფაქტია, რომ ლეგრანის დებიუტი კინოში იმაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე თავად რეჟისორი (პირველი პროფესიით მსახიობი) ელოდა ამას; მცირებიუჯეტიანი “მეურვეობა” ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორია. ლეგრანს, როგორც თეატრის მსახიობს, ანტიკურ ტრაგედიებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა სწორედ ამ ჟანრში “აეყვანა” კამერული ფსიქოლოგიური დრამა მამაზე, რომელსაც სასამართლო მხოლოდ შაბათ-კვირას აძლევს თავისი მცირეწლოვანი ვაჟის ნახვის უფლებას. დიახ, “მეურვეობა” ნამდვილი თანამედროვე ტრაგედიაა, რომელშიც ტრაგიკულს არა სოციალური უსამართლობა, არა “ცუდი მთავრობა”, არა სისტემა (კაპიტალისტური!) ქმნის, არამედ თავად ადამიანი, მისი ბუნება, მარტოობის შიში, რომელიც მუდმივად თან ახლავს მის სიცოცხლეს. სიყვარული ასეთ შემთხვევაში კი არ “აგვამაღლებს”, არამედ ანადგურებს ყველას და ყველაფერს, სიყვარული, უბრალოდ, კლავს! ნამდვილად არაა სასიამოვნო ამის აღიარება, არა? ზვიაგინცევის ფილმებისა არ იყოს (“უსიყვარულოს” ხშირად იხსენებენ ქსავიე ლეგრანის ფილმის გვერდით) აუცილებელი არაა დიდმა ხელოვნებამ მხოლოდ გვასიამოვნოს.

5. “შავი კლანის კაცი” (რეჟისორი: სპაიკ ლი, აშშ)

სპაიკ ლისგან ნამდვილად არ მოველოდი ასეთ სიღრმეს და ობიექტურობის მიღწევის სურვილს რასიზმის თემის ინტერპრეტაციის პროცესში. ყოველთვის მაღიზიანებდა ამ რეჟისორის თამაში სიძულვილით, მისი აგრესიულობა და ცალმხრივობა. მაგრამ აქ სულ სხვანაირი სპაიკ ლი ვიხილეთ - ისეთივე გაბრაზებული, როგორც ადრე (განსაკუთრებით დონალდ ტრამპზე, რომლის შესახებ კანში თქვა “უნდა გამოვაძევოთ ეგ ბიჭი თეთრი სახლიდან. მას ატომურ იარაღზე მოუწვდება ხელიო”), მაგრამ ამავე დროს დასევდიანებული და ცოტა არ იყოს დაღლილი. აღადგენს რა გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკას, სპაიკ ლი მსჯელობს ტრამპის ამერიკაზე და აღიარებს, რამდენჯერმე აღიარებს ფილმში, რომ მას შემდეგ ქვეყანაში არც არაფერი შეცვლილა - თეთრებს ისევე სძულთ შავები, როგორც ადრე.. და შავებს ზუსტად ისე სძულთ თეთრები, როგორც იმ 70-იან წლებში. ეს ანალოგია ისეთი აშკარაა, რომ ავტორს... ეცინება. ისტორია კომიკური ხდება, გამოსავალი კი ცალკეულ ადამიანებშია, რომლებიც მზად არიან შესწირონ თავი ამერიკულ იდეალებს, რომლისაც, როგორც ჩანს, სპაიკ ლის ჯერ კიდევ სწამს.

4. “კაპერნაუმი” (რეჟისორი: ნადინ ლაბაქი, ლიბანი)

დიდებული, ეპიკური კინოფრესკა ბავშვზე, რომელმაც თავის მშობლებს სასამართლოში უჩივლა, ფაქტობრივად, იმის გამო რომ... ამ ქვეყანას მოავლინეს. ძალიან დიდი იყო ცდუნება უსახლკარო ბავშვების თემაზე გადაღებულ ფილმში გაძლიერებულიყო ემოციები, “გაორკესტრებულიყო” ამბავი, მაგრამ ლაბაქი ბოლომდე გადის ამ ბეწვის ხიდს, ინარჩუნებს ზომიერებას, დისტანციას და ხანდახან იუმორსაც კი. თუმცა წესით იუმორისთვის აქ ადგილი არ უნდა ყოფილიყო - უსასტიკესია ის ყოფა, რომელშიც უხდება ცხოვრება ფილმის 12 წლის გმირს, თავზარდამცემია გამოუვალობის ატმოსფერო, რომელსაც გამოხატავს რეჟისორი. ვაღიარებ, ფილმის ყურების პროცესში ეჭვიც კი შემეპარა, რომ ღმერთის მიერ უსამართლოდ მიტოვებული სამყაროს ეს შთამბეჭდავი სურათი არცთუ ისე ცნობილმა და წარმატებულმა რეჟისორმა შექმნა (და მას არავინ დაეხმარა). ბევრი არაა კინოს მოყვარული, ვისაც ლაბაქის ფილმები უნახავს და ბევრიც სკეპტიკურად უყურებს “კაპერნაუმის” ტრიუმფს კანში. გარწმუნებთ, ცდებით! ეს ძალიან დიდი კინოა.

3. “ჩემი პროვინციალები” (რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი, საფრანგეთი)

წლის ყველაზე მოულოდნელი ფილმი, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის კონკურსშიც კი არ ჩართეს (ალბათ, ყველაზე სუსტ საკონკურსო პროგრამაში “ბერლინალეს” ისტორიაში), ფილმი სინეფილებისთვის, მათი გულების გასახარად და ფილმი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ილუზიებით ცხოვრობენ, რომ ქვეყანას გადმოატრიალებენ, მთებს დაძრავენ და ზღვაზე გაივლიან... არა, სივეირაკი მათ უიმედოდ არ ტოვებს და კონფორმიზმის გზას არ უწინასწარმეტყველებს, უბრალოდ ახსენებს, რომ ცხოვრება შავ-თეთრი ფილმი არაა, როგორც “ჩემი პროვინციალები”, სადაც მთავარი გმირის, სტუდენტი-კინორეჟისორის ცხოვრებიდან ნელ-ნელა ქრება კინო და სილამაზე, ზღვაზე ფეხით გავლის სურვილი და ლამაზი გოგოები. ამ ყველაფერს მოსაწყენი რეალობა ჩაანაცვლებს. სხვათა შორის, არა შავ-თეთრი რეალობა, არამედ ერთფეროვანი, ბანალური, უსახო! კინოც მოკვდება. კარგი კინო მხოლოდ მუზეუმებში და სინეფილების პატარა კინოდარბაზებში დარჩება.

​2. “მაღაზიის ქურდები” (რეჟისორი: ჰიროკაძუ კორეედა, იაპონია)

რატომღაც კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმით” აღნიშნულ ამ ფილმს იასუძირო ოძუს “ოჯახურ კინოს” ადარებენ ხოლმე, თუმცა მე “მაღაზიის ქურდები” უფრო მეორე იაპონელის შედევრს მახსენებს, აკირა კუროსავას სურათს “ტრამვაის ბორბლების ხმაურში”... იქაც, ის, რასაც “ინსტიტუტები” ჰქვია, კანონი, სახელმწიფო, ოჯახი (აგებული სისხლით ნათესაობაზე), იცვლებოდა ადამიანთა უფრო მაღალი ერთობით, ერთგვარი ჰორიზონტული ურთიერთობით, რომელსაც სწორედ ტრადიციული ინსტიტუტები ემტერებიან და შლიან ხოლმე. ასეა, “მაღაზიის ქურდებშიც” ოჯახს, რომელიც უფრო კომუნაა, ვიდრე ოჯახი, სადაც ყველა თანასწორია, სადაც არავინ ძალადობს და რაც მთავარია, სადაც “ამ წუთით”, თუ “ამ წამით” ცხოვრობენ, ბოლოს მაინც დაშლიან, მაგრამ კინო, კორეედას კინო დააფიქსირებს და შეინახავს ამ სამოთხეს, “პირველადი ბედნიერების”, ადამიანთა სოლიდარობის კერას... და, აბა, რა არის კინო, თუ არა “შენახვა” არა მარტო სევდისა და სასოწარკვეთისა, არამედ სიხარულისა, მზის სხივებისა, ზღვის ტალღებისა, რომლებიც ყველას ეკუთვნის, მათ შორის იმათაც, ვინც თანამედროვე ცივილიზაციამ მოისროლა და ყველაფრის გარეშე დატოვა.

1. “ალმოდებული” (რეჟისორი: ლი ჩან დონი, სამხრეთი კორეა)

ლი ჩან დონის ფილმზე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ ახალს იმ რეცენზიებს ვერაფერს დავუმატებ. ჩემთვის ეს კორეული ფილმი უფრო მეტია, ვიდრე “ფილმი”, იშვიათი შემთხვევა კინოს ისტორიაში, როცა მხატვრული ნაწარმოები იმდენად გაჯადოებს, რომ დროდადრო გიჩნდება სურვილი ხელახლა ნახო და ყოველი ნახვის შემდეგ დაუბრუნდე კითხვას - რა ხდება მაინც “ალმოდებულში”? რამდენად რეალურია ამბავი, რომელსაც ჰყვება რეჟისორი, საერთოდ, რა არის მისთვის რეალობა და რა არის სიზმარი, ხილვა, შეთხზული ტექსტი? მოუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული ბუნტის თემა უაღრესად აქტუალურია თანამედროვე კორეისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბუნტი არა იმდენად მამის, რამდენადაც, პირველ რიგში, მომხმარებლური საზოგადოების მიმართ სერიოზულად და ღრმადაა გაანალიზებული ავტორის მიერ. “ალმოდებულის” ხიბლი მაინც ეს წარმოსახვითი რეალობაა, “მიღმა სამყარო”, რომელსაც მართლაც რომ ფიზიკურად შეიგრძნობს მაყურებელი, როცა ლი ჩან დონის ფილმს დიდ ეკრანზე უყურებს. ეს ფილმი-გამოცანა უსასრულობას გვაზიარებს - დამწყები მწერალი ჯონსუ, მე მჯერა, მაინც მიუჯდება თავის ლეპტოპს და დაწერს რომანს, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რა დაგვემართება ჩვენ - ჩვენც მოვინდომებთ რაღაც შევქმნათ! “ალმოდებული” ხომ, ისევე როგორც დიდი კორეელი მაესტროს ყველა ფილმი, არის თანაშემოქმედებაზე, სილამაზის კოლექტიურად შექმნის პროცესზე, შესაძლებელია ერთადერთზე, რის გამოც ნამდვილად ღირს ცხოვრება

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG