Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019

მე შეიძლება არ ვიყო ის ადამიანი, რომელსაც შეშვენის ევროკავშირის საბჭოს მიმავალი თავმჯდომარის, დონალდ ტუსკისთვის ხოტბის შესხმა. სხვა თუ არაფერი, მიკერძოებული ვარ. ჩვენ ორივენი პოლონეთის ქალაქ გდანსკიდან ვართ, ორივე შეპყრობილი ვართ ფეხბურთის ავადმყოფური ვნებით და ორივეს იოლად შეიძლება დაგვედოს ბრალი იმის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებაში, რასაც „აღმოსავლეთ ევროპას“ უწოდებენ. მაგრამ სწორედ ტუსკის ამ განსაკუთრებულ ყურადღებაზე მინდა ყურადღების გამახვილება.

მას მერე, რაც ტუსკი მიმდინარე კვირის ბოლოს დატოვებს თავის თანამდებობას, რომელიც ხუთი წელი ეკავა, ბრიუსელში შესუსტდება ევროკავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელი წევრების, ასევე ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლების ხმა.

ტუსკი, რა თქმა უნდა, ბელგიის დედაქალაქში დარჩება, როგორც ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ახალარჩეული თავმჯდომარე. მართალია, ეს თანამდებობა არაა ხელწამოსაკრავი, მაგრამ ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში იგი დატოვებს სიცარიელეს, რომლის შევსებას, სავარაუდოდ, ვერავინ შეძლებს.

დონალდ ტუსკი
დონალდ ტუსკი

ტუსკი ყოველთვის უცნაური არჩევანი იყო, როცა მან ევროკავშირის არაქარიზმატული ინსაიდერი, ჰერმან ვან რუმპე შეცვალა 2014 წელს. მართალია, მანამდე პოლონეთის საკმაოდ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო შვიდი წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ცუდად ფლობდა ინგლისურს, ასევე იყო მისი გერმანული, ფრანგული კი საერთოდ არ იცოდა. მაგრამ მალე მოიგო პრესის წარმომადგენლების გული, როცა ირონიული სიტყვების თამაშით დადო პირობა, რომ თავის ინგლისურს დახვეწდა, მის „პოლირებას“ („Polish“) მოახდენდა.

მისი ინგლისური სწრაფად გაუმჯობესდა, მაგრამ პირველ წლებში დაზეპირებული განცხადებებით გამოდიოდა. ცოტა უხეშად ჟღერდა, მაგრამ როგორც მისი თანაშემწეებისგან ვიცი, განცვიფრებული იყვნენ, რომ სამწუთიანი განცხადებისას ერთ შეცდომასაც კი არ უშვებდა.

ის საკუთარ თავს ხშირად უწოდებდა ხოლმე ევროპის მთავარ ბიუროკრატს, მაგრამ მალე გახდა ნათელი, რომ წყნარად არ იჯდებოდა თავის სკამზე და არ მიმართავდა ფარულ გარიგებებს. მან მრავალჯერ გააკრიტიკა ბრექსიტი და არ მორიდებია მისი მომხრეების დაცინვას. ბრექსიტის თაობაზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები ამის გამო ხშირად იყვნენ ხოლმე უკმაყოფილო, ვინაიდან ისინი ცდილობდნენ, მაქსიმალურად დიპლომატიურები ყოფილიყვნენ.

ევროკავშირის დონეზე ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამბობდა, რომ 2015 წლის მიგრანტთა კრიზისმა შესაძლოა კლუბი დაშალოს, და აღნიშნავდა, რომ „არ არსებობს ბუნებრივი წინააღმდეგობა ლიბერალურ დემოკრატიასა და ჩვენი გარე საზღვრების კონტროლს შორის“. ლტოლვილებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ არ უნდა უგულებელვყოთ „ჩვენი უმთავრესი მოვალეობა, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია.“

ეს რთული პოზიცია იყო. ერთი მხრივ ის აკრიტიკებდა ევროკავშირის სამხრეთელ და დასავლელ წევრებს, რომლებიც ჯავრობენ ევროკავშირის რამდენიმე აღმოსავლელ წევრის გამო, მიგრანტების კვოტებზე უარის გამო. მეორე მხრივ, მან თქვა, რომ ქრისტიანობის მისეული ინტერპრეტაცია განსხვავდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ანდა მისი დაუძინებელი მტრების, პოლონეთის კონსერვატიული მთავრობის ინტერპრეტაციისგან.

მერე იყო ტუსკის დიდი დაინტერესება ევროკავშირის ახლო სამეზობლოთი, სფეროთი, რომელსაც ის ყურადღების ცენტრში აქცევდა, როცა კი ამის საშუალება ეძლეოდა. დაუღალავად იმეორებდა, რომ „არ იქნება სუვერენული ევროპა დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე“ და პირდაპირ ამბობდა, რომ პუტინის რუსეთი არის ევროკავშირის „სტრატეგიული პრობლემა“ და არა „სტრატეგიული პარტნიორი“, როგორც ამას ზოგიერთები იმეორებენ ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში.

ის, რომ თანამდებობაზე მისი ყოფნის პერიოდში ევროკავშირი მოსკოვის მიმართ ეკონომიკური სანქციების გაგრძელებას ახერხებდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ, დიდწილად არის ტუსკის დამსახურება.

დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებით მან პირად მარცხად აღიქვა ის, რომ ჩრდილოეთმა მაკედონიამ და ალბანეთმა მისი ზედამხედველობის პირობებში მწვანე შუქი ვერ მიიღეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ახლახან თქვა, რომ ისტორიკოსობა არ არის აუცილებელი იმის გასაგებად, რომ სტაბილური ევროპა დამოკიდებულია დანარჩენ კონტინენტში ინტეგრირებულ სტაბილურ დასავლეთ ბალკანეთზე.

თუმცა მის უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მისი მცდელობა, ეშველა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბზარისთვის, რომელმაც დაიწყო ბლოკში გაჩენა. ახლახან ბელგიის ქალაქ ბრიუგეში სტუდენტების წინაშე გამოსვლისას მან თქვა: „ნახევარი ცხოვრება რკინის ფარდის მიღმა გავატარე, საბჭოთა გავლენის სფეროში, კომუნისტურ რეჟიმში. ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს სინამდვილეში ორი სხვადასხვა სიჩქარით მოძრავი ევროპა.“

მისი ნაბიჯები ზოგჯერ სიმბოლური უფრო იყო, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენელი ძალით აღსავსეც. როცა რუმინეთში ან ბულგარეთში, ხორვატიაში ან უკრაინაში გამოდიოდა, ის დამსწრეთ მათ საკუთარ ენაზე მიმართავდა. როცა ამ ქვეყნების გმირებს ადიდებდა, - ისტორიულ პირებს, კულტურისა თუ სპორტის წარმომადგენლებს, - ის მსმენელებს ახსენებდა, რომ ისინიც ევროპელები არიან, თანაბრად ევროპელები. ჯერ ერთი, ბრიუსელი მათ ფრანგულად, ინგლისურად ან გერმანულად არ უკითხავდა ლექციას რეფორმების და ეკონომიკის დაჩქარების შესახებ, რაც ყველამ იცის, რომ აუცილებელია. უფრო მეტად ის მათ მსუბუქი მინიშნებით აგრძნობინებდა იმის აღიარებას, რაც ამ ქვეყნებს მოჰქონდათ საერთო მაგიდაზე და რა მსხვერპლის ფასად უწევდათ მათ ამის გაკეთება.

ასეთი რამეების დავიწყება არასოდეს არ შეიძლება. და ტუსკს ესმოდა ეს.

მოკლე პასუხი: წმინდა სახით გერმანული საარჩევნო მოდელი საქართველოს არსებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული (უფრო უარესი) ვარიანტი კი, რომელიც ოპოზიციამ მმართველ პარტიას შესთავაზა, არსებულ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და მისი გადმოტანა სავსებით შესაძლებელია. ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი შესთავაზა. ეს შეთავაზება მმართველმა პარტიამ უარყო. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ვარიანტი მთლად „გერმანული მოდელი“ არ არის, კობახიძის პასუხი დამაკმაყოფილებელი არ არის. კობახიძემ უნდა ახსნას არა ის, ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას, არამედ ის, თუ რაში ხედავს პრობლემას ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდიფიცირებულ ვარიანტში (რომელიც, როგორც აღვნიშნე, მთლად ბოლომდე გერმანული მოდელი არ არის).

ქვემოთ ჯერ განვიხილავ იმას, თუ რატომ ეწინააღმდეგება წმინდა გერმანული მოდელი საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციას. შემდეგ გადავალ იმის განხილვაზე, თუ როგორ იხსნება ეს წინააღმდეგობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდიფიცირებული ვარიანტით.

1. წმინდა გერმანული მოდელი

„გერმანული მოდელი“ არჩევნების ისეთი სისტემაა, რომელშიც პარტიის მიერ მაჟორიტარულ არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა პროპორციულით მიღებული ხმებით „სწორდება“. მაგალითის გამოყენებით ავხსნი, თუ რას ნიშნავს ეს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ საქართველოს პარლამენტი, სადაც ვირჩევთ 150 დეპუტატს: 73-ს მაჟორიტარული სიით, ხოლო 77-ს - პროპორციულით. დავუშვათ, რომელიმე პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიყვანა 73-დან 60 დეპუტატი, ხოლო პროპორციულ არჩევნებში მიიღო მხოლოდ 20 მანდატი. წმინდა გერმანული მოდელის მიხედვით, მაჟორიტარული სიით გაყვანილი დეპუტატები ავტომატურად ხვდებიან პარლამენტში. ამავე დროს, იმისათვის, რომ დაცული იყოს პროპორციულობა (და ეს პროპორციულობა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის, რადგან მოცემულმა პარტიამ მაჟორიტარულში ბევრად მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე პროპორციულში), სხვა პარტიებს ემატებათ მანდატები.

ასეთ შემთხვევაში, გამოვა, რომ პარლამენტში შევა არა 150 დეპუტატი, როგორც ახლაა, არამედ უფრო მეტი. როდესაც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, იგი სწორედ ამას გულისხმობს. საქართველოს კონსტიტუციით მიხედვით, პარლამენტი აუცილებლად უნდა შედგებოდეს 150 დეპუტატისგან. აქედან 73 მაჟორიტარული წესით უნდა იყოს არჩეული, ხოლო 77 - პროპორციულით. წმინდა გერმანული მოდელი ზრდის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობას, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

2. მოდიფიცირებული გერმანული მოდელი

ახლა ვნახოთ, ეწინააღმდეგება თუ არა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდიფიცირებული გერმანული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას. ამ ვარიანტის მიხედვით, საპარლამენტო მანდატების საერთო რაოდენობა - 150 მანდატი უცვლელი რჩება; იცვლება მხოლოდ მანდატების განაწილების წესი. მაგალითად, თუკი ერთმა პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო 40 მანდატით მეტი, ვიდრე პროპორციულში, ის საერთო ჯამში, იმაზე მეტ მანდატს ვეღარ მიიღებს, რაც მიიღო მაჟორიტარული წესით. ეს არ არის წმინდა გერმანული მოდელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სრულიად არ ბათილდება მაჟორიტარული არჩევნებით მიღებული უპირატესობა. მაგალითად, თუ პარტიამ პროპორციულ არჩევნებში მიიღო 20 მანდატი, ხოლო მაჟორიტარულში - 60, გამოდის, რომ მის მიერ პროპორციული მანდატების რაოდენობა მხოლოდ განულდება; ამ შემთხვევაში, ამ პარტიის მიერ მაჟორიტარული წესით მიღებული მანდატები ბოლომდე ვერ „სწორდება“ პროპორციულად მიღებული ხმების შესაბამისად.

მართალია, ეს არასრული გერმანული მოდელი მაინც უტოვებს გარკვეულ უპირატესობას მმართველ პარტიას, რომელსაც მაჟორიტარულ არჩევნებში ტრადიციული უპირატესობა აქვს, მაგრამ ის ამცირებს არაპროპორციული წესით მიღებულ მანდატებს. აქედან გამომდინარე, ესეთი არასრულყოფილი გერმანული მოდელი არსებულ სისტემას სჯობია. არსებული სისტემა, როგორც იცით, აძლევს საკმაოდ დიდ უპირატესობას მმართველ პარტიას. მისი მეშვეობით, ქართულ ოცნებას ბევრად მარტივად შეუძლია მიიღოს, მაგალითად, საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი.

იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდიფიცირებული გერმანული მოდელი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ახლა მმართველმა გუნდმა უნდა ახსნას ის, თუ რატომ არ სურს მისი მიღება. ვინაიდან კონსტიტუციის ცვლილება არ სჭირდება ასეთი ცვლილებების მიღებას, არც ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატების თანხმობაა აუცილებელი მის მისაღებად აუცილებელი.

აქამდე, ქართული ოცნება გვთავაზობდა ნაკლებად დამაჯერებელ ვერსიას, რომლის მიხედვითაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა „ამბოხებულმა“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩააგდეს. ახლა დროა, რომ ან რეალური ვერსია გვითხრან და ფორმალურადაც უარი განაცხადონ ცვლილებებზე, ან ეს არასრულყოფილი, მაგრამ კომპრომისული მოდელი მიიღონ (რითიც მათ მაინც დარჩებათ გარკვეული უპირატესობა ოპოზიციასთან შედარებით, მაგრამ არა ისეთი კოლოსალური, როგორიც ახლა აქვთ).

ჯერჯერობით, ქართული ოცნება არ აჩენს იმის მზაობას, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანოს. ეს კრიზისი დაპირების არშესრულებამ წარმოშვა. მომავლისთვის, თუ ასეთი მზაობა იქნება, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოდიფიცირებული გერმანული მოდელი ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტია, რომელზეც ფართო პოლიტიკური კონსენსუსი უკვე არსებობს - მას ოპოზიცია უჭერს მხარს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG