Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

კვირა, 17 თებერვალი 2019

ჟულიეტ ბინოშზე, როგორც არტისტზე პირველად სწორედ ბერლინის ფესტივალზე ჩავიქნიე ხელი., აი იმ ისტორიულ “ბერლინალეზე”, რომელიც უკანასკნელი იყო ფესტივალის წინა დირექტორისთვის და რომელიც პატრის შეროს გენიალური სურათის, “ინტიმის” გამარჯვებით დასრულდა.

"ბერლინალე". 5 დღიური - 5. ჟულიეტ ბინოში, როგორც შოკოლადი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

არა, ხელის ჩაქნევვა არ ქვია ამას. უფრო გაბრაზება, გააფთრება ქვია. “შოკოლადი”, რომელშიც იგი ჯონი დეპთან ერთად ვიხილეთ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფილმი მგონია კინოს ისტორიაში - წარმოუდგენელი სიყალბე, ერთგვარი ჰოლივუდურ-ფრანგული კიტჩი, რომელსაც ბინოში უმატებს მისთვის დამახასიათებელ თამაშის პათეთიკურ სტილს და МХАТ ის თეატრალურობას”

მთელი ფილმი ბინოშის გმირი აჯადოებს კაკაოს და ქმნის, როგორც ავტორები გვიმტკიცებენ, კულინარულ შედევრებს, რომლებმაც ადამიანები უნდა გააკეთილშობილონ. უნდა ითქვას რომ ბინოში მშვენივრად მოერგო მანიპულატორის როლს, ისევე როგორც კარგად მოარგეს მისი ფაქტურა და მისი ეს თამაშის მანერა (“მსხვილი მონასმებით”, სწორხაზოვნად) თავის დროზე კიშლოვსკიმ “ლურჯში” ([პათეთიკური რექვიემის მუსიკალური ფონით) და ლუი მალმა “ზარალში” (“შავჩულქიანი” მანიპულატორი ქალი, რომელმაც ბედნიერი ოჯახი დაანგრია)... მაგრამ “შოკოლადი” კიშლოვსკის და მალის შედევრებთან ახლოს ვერ მივა, ეს არის ჩვეულებრივი კინოსპეკულაცია აქტუალურ თემებზე, რომელსაც დასავლური ლიბერალური კინოსამყარო დრო და დრო ქმნის ხოლმე, რათა კინოხელოვნება ისევ გადააქციოს პროპგანდის და აღზრდის საშუალებად.

МХАТ, ანუ მოსკოვის სამხატვრო თეატრი, სტალინსლავკის წიაღი, ჩემმა რუსმა კოლეგამ, ვალერი კიჩინმა გამახსენა ბერლინის ფესტივალზე. «მხატის პაუზებს» შეადარა მან პაუზეები, რომლითაც ერთმანეთს ესაუბრებიან ადამიანები წლევანდელი «ბერლინალეს» ერთ-ერთი გამარჯვებულის, გერმანელი რეჟისორის ანგელა შანელეკის ფილმში «სახლში ვიყავი, მაგრამ» კიჩინი აღწერს ბერლინის «ვერცხლის დათვით» აღნიშნული ფილმის პრემიერას პრესისთვის, ფესტივალის სასახლეში. «აქეთ-იქით ვიხედებოდი და თითქმის მთელ დარბაზს ეძინა. მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ სწორედ ეს ხალხი მიმტკიცებდა, რომ «ბერლინული სკოლის» ერთ-ერთმა ლიდერმა, შანელეკმა, ამ ფილმით თანამედროვე კინოს ენა გაამდიდრაო».

მოწმე ვარ,ვადასტურებ. ბოლომდე ვუყურე ფრანგული კინოს კლასიკოსის, რობერ ბრესონის ამ ფემინისტურ სტილიზაციას. ერთ ეპიზოდში, როცა ყმაწვილს თავისი უმცროსი და მდინარეზე გადაყავს, ტარკოვსკის ამ უხეირო ციტირებამ, გარეთ გასვლის სურვილი მეც გამოჩინა. მაგრამ არა, ბოლომდე გავუძელი და როცა ახლადგამოღვიძებილმა კრიტიკოსებმს ფინალში ტაში დაცხეს, გამოჩნდა ეჭვი, რომ ბინოშის ჟიური აუციებლად დაუფასებდა შანალეკს მედიტაციას ჩემთვის გაურკვეველ თემაზე, ალბათ მაინც, არაკომუნიკაბელურობაზე. დაუფასებდა ამ ნელ კინოს, რომელიც დიდი, დიდი ხნის წინ უკვე აჩუქეს კინოხელოვნებას ანტონიონიმ და იგივე ბრესონმა. უბრალოდ ახალი, ხომ იცით რა არის ხელოვნებაში? ახალი არის «კარგად დავიწყებული ძველი».

ეჰ, ეს შანელეკი იქით იყოს, ბრესონი და ოძუ მაინც უყვარს. მაგრამ აი საიდან გაჩნდა ბერლინის ფესტივალის გამარჯვებულებს შორის ფრანსუა ოზონი, რომელსაც დიდ ფესტივალებზე კარგა ხანია სერიოზულად აღარ აღიქვამენ? ბევრად უკეთესი ფილმებიც აქვს ოზონს, ვიდრე «უფლის ნებით», «გორკის სახელობის კინოსტუდიის» პროდუქციას რომ გავს და ჟულიეტ ბინოშის ჟიურიმ მთლად «ვერცხლის დათვით» რომ აღნიშნა. მაგრამ იმ სურათებს არსად, არც ერთ ფესტივალზე არ გაუმარჯვიათ. რა არის ეს ? ნეპოტიზმი? ცუდი ფრანგული კინოს ლობირება?

ეს ეჭვი ბევრს გაუჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბერლინის 69-ე ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებული გამოაცხადა - ისრაელის სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და ფრანგული «არტეს» დაფინანსებით გადაღებული ფილმი «სინონიმები». ნადავ ლაპიდის სურათის ახალგაზრდა გმირი, ატლეტური აღნაგობის ჭაბუკი პარიზში ჩამოდის საცხოვრებლად და ცდილობს დაივიწყოს ყველაფერი, რაც წარსულთან და პირველ რიგში მამა-პაპის სამშობლოსთან აკავშირებს, სწავლობს ფრანგულს და კატეგორიულ უარს ამბობს ისაუბროს და იფიქროს(!) მშობლიურ ენაზე. ისევ და ისევ პრეტენზიამ «თანამედროვე კინოს ენაზე, გაბმული თხრობის შიშმა (თუ უუნარობამ?), მხოლოდ და მხოლოდ ფაქტურებზე თამაშმა, ისევ და ისევ გაუთავებელმა ციტატებმა (ამჯერად გოდარის ფილმებისა) და ცუდმა იუმორმა მე პირადად კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ არაფერი არ მეჯავრება კინოშ ისე, როგორც პრეტენზიულობა წარმოადგენდე «თანამედროვეს» და ატყუებდე შენს თავსაც და მაყურებელსაც, თითქოს რაღაც ახალს ქმნიდე

სხვათა შორის ეს პრეტენზიულობაა მთავარი, რაც მაგრად მაცინებს ხოლმე, როცა ვუყურებ ჟულიეტ ბინოშის როლებს. ეს სულელური გამოკითხვები რომ არსებობს ხომ იცით? «ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მსახიობი». სულელური კია, მაგრამ შემთხვევითი არაა რომ სულ ჟულიეტ ბინოში იმარჯვებს ხოლმე .. როცა გემოვნების დეფიციტი და პრეტენზიულობა ერთად გვაქვს, ვიღებთ ჟულიეტ ბინოშს, ფრენგ მსახიობს, რომელმაც ბერლინის 69-ე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელა.

წელს პირველად ბერლინის კინოფესტივალის ისტორიაში ჟიური ფილმებს აღარ უყურებდა პრესასთან ერთად. როგორც მითხრეს, ესეც ბინოშის მოთხოვნა იყო. უთქვამს, ჟურნალისტები შუა სეანსის დროს დარბაზიდან რომ გადიან, ეს მოქმედებს ჟიურის საბოლოო გადაწყვტილებაზე, რადგან ჟიურის წევრები მათი გავლენის ქვეშ ექცევიანო.

ჟიურიმ ვერ ნახა დაძინებული დარბაზი ფილმებზე, რომლებმაც გაიმარჯვეს წლევანდელ ბერლინალეზე. სამაგიეროდ ადრე თუ გვიან ამ სურათებს ნახავს მაყურებელი, რომელიც ათასჯერ უფრო გულწრფელია, ვიდრე კინოფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტი. ის არ დაიძინებს, უბრალოდ გამოვა დარბაზიდან და სავარაუდოდ ჟულიეტ ბინოშს და ბერლინის 69-ე ფესტივალის ჟიურის ბარაქიანად შეუკურთხავს.

ხე ვაშლისა გახლდათ და ხაზარულა ერქვა...

ცხადია, ყველაზე დიდი ქართული ბანკი რაღაცით მართლაც ჰგავს დიდ ხეს (ალბათ, ტოტებივით გაშლილი ბევრი ფილიალით და კიდევ უფრო მეტი თანამშრომლითა და კლიენტით) და მისი დამფუძნებლის გვარიც ძალიან ჩამოჰგავს ნოდარ დუმბაძის ხაზარულას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ომონიმურობა არ არის ყველაზე არსებითი მსგავსება ხაზარულასა და ხაზარაძეს შორის:

ალბათ, გახსოვთ, ხაზარულას აშინებდნენ. ხაზარაძესაც აშინებენ.

ხაზარულას სამართებელივით პირალესილ და ალაპლაპებულ ნაჯახს უღერებდნენ. ხაზარაძესაც უღერებენ ეროვნულ ბანკს, სისხლის სამართლის კოდექსს. ორივე შემთხვევაში მიმართავენ ტაქტიკურ ხრიკს: ჯერ შეაშინო, მერე, თუ არ შეშინდა, მოჭრა.

ის, რაც ერთი წელია თი-ბი-სი ბანკის თავს ხდება, სწორედ ამგვარი ტაქტიკური ხრიკის ნაწილია.

იქ ბებია ემართლება ხაზარულას, აქ ბიძინა - ხაზარაძეს.

"ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამოისხამს, ვაშლია იგი?" - ედავება ბებია ხაზარულას და, შესაბამისად, დუმბაძესთან ყველაფერი ნათელია, მაგრამ რას ედავება ბიძინა ივანიშვილი ხაზარაძეს?

საქართველოში, შერჩევითი სამართლის ნაკრძალში, არავის სჯერა, რომ თი-ბი-სი ბანკისა და, შესაბამისად, ხაზარაძის თავზე უკომპრომისო მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი აღიმართა. საქართველოში არ იჭერენ და არ ასამართლებენ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ ადამიანებს, არაფრად აგდებენ მოწმეების ჩვენებებს, დანაშაულის ტოლფას ქმედებებს აპატიებენ მოსამართლეებსა და პროკურორებს, თვალს ხუჭავენ მთავარი აუდიტორისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების ცემაზე... ასეც რომ არ იყოს, განა არ გვახსოვს, საიდან მოვდივართ?! რომ მთავარია ადამიანი იყოს, საჭირო მუხლი კი ყოველთვის მოიძებნება?! აკი, მოიძებნა კიდეც ხაზარაძისთვისაც...

ცხადია, 11 წლის წინანდელი ამბავი ფულის გათეთრებისა საბაბია, მაგრამ რა არის მიზეზი?

დუმბაძესთან ვაშლი არ მოისხა ხემ ("ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამოისხამს, ვაშლია იგი? შეშაა მაგი დღეის იქით!"), მაგრამ რა ვერ "გამოისხა" ხაზარაძემ? რა ვაშლს ითხოვდა მისგან ივანიშვილი - ანაკლიის პორტს? მორჩილებას? საკუთრივ ბანკს?

სიბრიყვე იქნებოდა ივანიშვილისგან ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხის მიღების მოლოდინი, ისევე როგორც სიბრიყვე იქნება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, ხაზარაძის დუმილი. ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, „ტაცენდო ნონ ირიტურ პერიკულუმ“ - ჩუმად ყოფნით საშიშროებას თავს ვერ დააღწევო. მით უმეტეს, თავს ვერ დააღწევს ღარიბი ქვეყნის მსხვილი ბანკირი, რომლის მიმართ ემპათია, გასაგები მიზეზების გამო, ვერ იქნება საკმარისად ძლიერი (კაცმა არ იცის, ბრეხტის ცნობილ კითხვას, რა უფრო დიდი დანაშაულია, ბანკის მართვა თუ ბანკის ძარცვაო, როგორ უპასუხებენ საქართველოს მოქალაქეები). ასევე სიბრიყვე იქნება მხოლოდ მართლმსაჯულების იმედად ყოფნა ქვეყანაში, სადაც თამადის კულტი უფრო ძლიერია, ვიდრე თემიდისა. ასე რომ, დუმილი ვერანაირად ვერ იქნება ხაზარაძის იარაღი. პირიქით, ბევრი უნდა ილაპარაკოს, ყველა კარზე უნდა დააკაკუნოს, სხვანაირად (თუ არ დააკაკუნა) არ გაუღებენ და ვერც მიიღებს საზოგადოების მხარდაჭერას. მოკლედ, ბრძოლაში უნდა შევიდეს და უიმედოდ არ უნდა იყოს. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ იმედის მთავარი წყარო, ისევე როგორც პრობლემებისა, ბიძინა ივანიშვილია - უფრო მდიდარი, უფრო ძლიერი, უფრო გავლენიანი და, შესაბამისად, უფრო უსამართლო.

იმდენად "უფრო", რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის თავზე, შეგვიძლია ბრმად ვამტკიცოთ, რომ ბიძინასთან დავაში ყველა მართალია, ისევე როგორც 2012 წელს ყველა მართალი იყო მიშასთან.

ხაზარაძე არ უნდა დარჩეს მარტო ბიძინასთან პირისპირ. თვითონ არ უნდა დაუშვას ამგვარი რამ. უნდა ახსოვდეს, ხისა და ნაჯახის ჭიდილში, როგორც წესი, გამარჯვება ნაჯახს რჩება. ასე რომ, დიდწილად, ხაზარაძეზეა დამოკიდებული, გაიზიარებს თუ არა ხაზარულას ბედს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG