Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

1945 წლის 30 აპრილს, თვითმკვლელობამდე ერთი საათით ადრე, ჰიტლერი გამოემშვიდობება ვიცე-ადმირალ ჰანს-ერიხ ფოსს. გამოთხოვებისას ჰიტლერმა სთხოვა ფოსს, შემდეგი სიტყვები გადაეცა ფიურერის მემკვიდრედ დანიშნულ ადმირალ კარლ დიონიცისათვის: „გადაეცით გროს-ადმირალ დიონიცს, რომ მე ძალზე ამაყი ვარ მის მიერ საზღვაო ძალების მეთაურობით. გადაეცით მას ჩემი დიდი მადლიერება გაწეული სამსახურისათვის და სთხოვეთ მას, რომ შეინარჩუნოს ეს დიდი საბრძოლო ტრადიციები და სისხლის ბოლო წვეთამდე მედგრად იდგეს. მე მივხვდი, თუ რა ფატალური შეცდომა დავუშვი, როცა რუსეთს დავესხი თავს. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სტალინს შეეძლო ბოლშევიკური აზრები თავის ხალხში ამ დონემდე ჩაენერგა. უნდა იყო ნამდვილად გენიალური ადამიანი, გენიალური პოლიტიკოსი და გენიალური სტრატეგი, რომ შეძლო შენი ხალხის ორგანიზება ისეთ არახელსაყრელ მდგომარეობაში, რომ დარაზმო შენი ხალხი ისეთი უბადლო თავგანწირვისთვის, როგორიც რუსებმა აჩვენეს სამშობლოს დაცვისას... განსაკუთრებით სტალინგრადის, მოსკოვის და ლენინგრადისთვის ბრძოლებში. მე რომ ცოცხალი დავრჩენილიყავი და განმეგრძო ქვეყნის მართვა, მე სტალინისგან ავიღებდი მაგალითს. ამას გარდა, გადაეცით გროს-ადმირალ დიონიცს, რომ ჰიტლერი და მისი ცოლი სიცოცხლის ბოლო წუთამდე მხნედ იყვნენ“.

ჰიტლერის ზეპირსიტყვიერი ანდერძის ას ოციოდე სიტყვიდან ნახევარზე მეტი სტალინს ეხება... ფიურერის ეს უკანასკნელი მონოლოგი დღესაც გაოცებულს ტოვებს ადამიანს.

როგორ მოხდა, რომ ჰიტლერი, რომელიც სტალინს ქვეადამიანად და იუდეველ-ბოლშევიკების მარიონეტად მიიჩნევდა, უცბად გახდა ფიურერისთვის მიბაძვის ობიექტი?

ჰიტლერის მიერ სტალინში ძმური სულის პოვნა ერთ დღეში არ მომხდარა. ბუნკერში გამოკეტილი ჰიტლერის ფსიქიკა სულ უფრო და უფრო ირყეოდა. როგორც ალბერტ შპეერი, „ბუნკერის პერიოდის“ ჰიტლერის ხშირი თვითმხილველი დაწერს: „თუ შეიძლება შენობა სიმბოლოს წარმოადგენდეს, ბუნკერი ამ მხრივ ყოვლისმთქმელი იყო. (...) ამ სამარხში, რომელიც გარეგნულად ანტიკურ ეგვიპტურ აკლდამას წააგავდა, ჰიტლერი მუშაობდა, ცხოვრობდა და ეძინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბუნკერის 5 მეტრის სისქის ბეტონის კედლები ჰიტლერს გარე სამყაროსგან აცალკევებდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. და ეს კედლები მას უფრო და უფრო ამწყვდევდა მას მისსავე სიგიჟეში“.

სწორედ ომის ამ უკანასკნელ თვეებში, როცა აგონიაში ჩავარდნილი ჰიტლერი იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოაბრუნებს (ისე, როგორც ამას სტალინი აკეთებდა 1941-42 წლებში), დაიწყება ფიურერის მიერ ბელადში ძმური სულის ძიება. სწორედ წითელი კომისარი სტალინის იმიტაციასთან ერთად დაიწყება ფიურერის მიერ ბელადით აღფრთოვანება: „ჩვენ ისე ფანატიკურად უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ ზემო სილეზია, როგორც ამას სტალინი აკეთებდა მოსკოვის კართან!“ (1945 წლის 23 იანვარი)

თუმცა, მიუხედავად ამ აღფრთოვანებისა, ფიურერის აზრით, სტალინს მაინც ჰქონდა ერთი დიდი ნაკლი - იგი ებრაელების მარიონეტი იყო: „სტალინს დიდ პატივს ვცემ, იგი დიდი ფორმაციის პოლიტიკოსია (...). თუმცა იგი იუდაურ-ბოლშევიკური შეთქმულების თავშია. ბოლშევიკები მთლიანად ებრაელების მიერ არიან მართული. სტალინის მესამე ქორწინებაც ამის დასტურია. ამჟამად ხომ მისი ცოლი სახალხო კომისართა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ კაგანოვიჩის და არის. და ეს ქალი ყურადღებით ადევნებს თვალს, რომ ბოლშევიზმმა არ გადაუხვიოს იუდეველობის გზას.“ (1945 წლის 6 თებერვალი)

სტალინის იმიტაციის ვნებით მოცული ჰიტლერი 28 თებერვალს გამოსცემს ბრძანებას ქალთა ბატალიონების ჩამოყალიბების შესახებ. ხოლო 8 მარტს ჰიტლერი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც იქნება სრული ასლი სტალინის ავადსახსენებელი ცნობილი N°270 ბრძანებისა. ფიურერის ამ განკარგულებით, „უბრძოლველად“ ტყვედ ჩავარდნილი ყველა სამხედროს ოჯახის წევრები უნდა დაპატიმრებულიყვნენ. ხოლო 19 მარტს ჰიტლერი ხელს მოაწერს ე.წ. „ნერონის დეკრეტს“, რომელიც ასევე იმიტაცია იქნება სტალინის „გადამწვარი მიწის პოლიტიკისა“ და რომელიც ვერმახტისგან ითხოვდა უკან დახევის დროს გერმანული ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას.

ფიურერის მიერ ბელადით აღფრთოვანება ყველა მოლოდინს გადააჭარბებს, როცა ჰიტლერი წითელი გენერალიტეტის განდიდებას დაიწყებს: „ჩემი გენერლები არიან ბებრები, დასუსტებულნი, რომელთათვისაც ნაციონალურ-სოციალისტური აზროვნება სრულიად უცხოა. ეჰ, ჩვენ რომ გვყოლოდა იმ დონის გენერლები, როგორიც სტალინს ჰყავს.“ (1945 წლის 15 მარტი).

და ზუსტად ისე, როგორც წითელი კომისარი სტალინი 1941 წელს პროფესიონალ სამხედროებს წითელი კომისრებით ანაცვლებდა, ასევე 1945-ში ჰიტლერი ჩაანაცვლებს საკუთარ სამხედროებს ნაცრისფერი კომისრებით: გუდერიანს - კრებსით, რაინჰარდტს - შერნერით, ჰოსბახს - რენდულიჩით და ა.შ...

1937 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ალბერტ შპეერი აღნიშნავს, რომ „გერმანულ და საბჭოთა პავილიონების შორის ჩუმი დიალოგი“ მიმდინარეობდა. 1945 წლის გაზაფხულზე მას არ გამოეპარება, რომ ეს „ჩუმი დიალოგი“ უკვე ჭეშმარიტ სასიყვარულო არიაში იყო გადაზრდილი...

გასული კვირის ბოლოს ესპანეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები გამოდგება იმის ინდიკატორად, თუ რა მოხდება მაისში ევროპარლამენტის არჩევნებზე - პოპულისტი ულტრამემარჯვენეების გაძლიერებისა და პოლიტიკური ლანდშაფტის ფრაგმენტაციის ფონზე. თუმცა სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის, წარმატებით ესპანეთი, შესაძლოა, გეზს აძლევდეს ევროპის დასუსტებულ მემარცხენე ცენტრისტებს. სანჩესს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს არა მარტო მოძრაობის ახალი სახე, არამედ გადამწყვეტი სიტყვა თქვას, როცა წლის ბოლოს ბრიუსელში მთავარი თანამდებობები განაწილდება.

ესპანეთი ყოველთვის რჩებოდა, რაღაცნაირად, ევროპის განაპირას. ასე გრძელდებოდა, ვიდრე ევროპაში ძალაუფლება ნაწილდებოდა მემარჯვენე ცენტრისტებსა (ესპანეთში „სახალხო პარტია“ PP) და მემარცხენე ცენტრისტებს (ესპანეთის შემთხვევაში, სოციალისტური მუშათა პარტია PSOE) შორის. ეს მოდელი, ისევე როგორც დასავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილში, ბოლო წლებში თანდათან შეარყია სხვა პარტიების - მათ შორის ულტრა-მემარცხენე „უნიდოს პოდემოსის“ („ერთად შევძლებთ“) და ლიბერალური „სიუდედანოს“ („მოქალაქეთა“) - გაძლიერებამ, თუმცა კვირას ჩატარებულ არჩევნებამდე ესპანეთისთვის უცხო რჩებოდა ულტრამემარჯვენე ტალღა, რომელიც ასეა გაძლიერებული ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. მაგრამ „ვოქსით“, რომელსაც არჩევნებში ხმების 10 % ერგო, ქვეყანაში დაბრუნდა ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის აჩრდილი - აჩრდილი რეჟიმისა, რომელიც ესპანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბატონობდა.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ესპანელი ულტრამემარჯვენეები განსხვავდებიან თავიანთი ევროპელი ნათესავებისაგან. „ვოქსს“ ჰომოფობიურს, მულტიკულტურული საზოგადოების მოძულესა და ისლამოფობიურსაც კი უწოდებენ, თუმცა ის არ არის მკაფიოდ ევროკავშირის მოწინააღმდეგე. ქვეყანაში, სადაც ევროკავშირ ძირითადად დადებითად ახასიათებენ და მის წევრობას ბოლო ათწლეულების დიდ წინსვლას უკავშირებენ, ასეთი პოზიცია საარჩევნო თვითმკვლელობის ტოლფასი იქნეოდა.

ამდენად, „ესპექსიტი“ - ბრექსიტის ანალოგიით - მოსალოდნელი არ არის.

ბრიუსელის ნაცვლად, „ვოქსის“ სიძულვილი ბარსელონისაკენ არის მიმართული. 2017 წელს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა ჯერაც არ კარგავს პოლიტიკურ აქტუალობას და ვოქსელი ქორები ესპანეთში რეგიონებისთვის დათმობილ უფლებამოსილებათა შესაკვეცად იბრძვიან. ამდენად, თუ არ ჩავთვლით სეპარატიზმით გამოწვეულ შიშებს, პარტიად, რომელიც ევროპაში ყველაზე მეტად წააგავს „ვოქსს“, უნდა მივიჩნიოთ პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტია“, კათოლიციზმსა და ტრადიციულ ფასეულობებზე აქცენტით - პარტია, რომლისთვისაც, ამავე დროს, მისაღებია ბრიუსელი (არცთუ დიდი ენთუზიამზით).

ორი რამ, რაც ესპანეთის არჩევნებში ვიხილეთ, სავარაუდოდ, განმეორდება სამი კვირის შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნების დროს. პირველია მემარჯვენე ცენტრისტების მოყოლა საბედისწერო ხაფანგში: მათი სახიფათო კონკურენცია მემარცხენე ცენტრისტებთან. PP და PSOE ერთად ჯერ კიდევ ფლობენ უმრავლესობას ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, მაგრამ ევროპის პარლამენტში 2019 წლის შემდგომ ალბათ ვნახავთ, რომ პარტიული ოჯახები, რომელთაც ისინი ევროპაში მიეკუთვნებიან, - ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალისტები და დემოკრატები (S&D), - ერთად აღებული, პირველად ვერ მოიპოვებენ 50 %-ს. მეორეც, მემარჯვენე-პოპულისტების გაძლიერების მიუხედავად, ტრადიციული პარტიები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ უმრავლესობას. ასეა მადრიდში და, სავარაუდოდ, ასე იქნება ევროპული არჩევნების შედეგადაც. მაგრამ ეს მოასწავებს პოტენციურად უხერხულ და ფართო ალიანსებს დაქუცმაცებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში. მადრიდში ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება სოციალისტების კოალიცია ულტრამემარცხენეებსა და კატალანელ და ბასკ სეპარატისტებთან.

ჯერ არ არის ნათელი, როგორ მორიგდებიან მაისის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში თანამდებობების განაწილებაზე ქრისტიან-დემოკრატები, სოციალისტები, ლიბერალები და მწვანეები, მაგრამ რახან, სავარაუდოდ, ვერც ერთი ფრაქცია ვერ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, სამი სხვადასხვა პარტიული „ოჯახი“ გაინაწილებს სამ მთავარ თანამდებობას: ევროკომისიის პრეზიდენტის, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის პოსტებს. კვირას არჩევნებში წარმატებით გამხნევებული ტელეგენური პედრო სანჩესი უთუოდ შეეცდება ესპანეთის ინტერესების გატანას. თუ იტალიელმა მემარცხენე-ცენტრისტმა პრემიერ-მინისტრმა მათეო რენციმ 2014 წელს გამოიყენა საარჩევნო წარმატებები ევროკავშირის დიპლომატიის სათავეში თავისი პროტეჟეს, ფედერიკა მოგერინის, დასაყენებლად, ახლა, შესაძლოა, ასე მოიქცეს სანჩესიც. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოგერინის შემცვლელად ნოემბერში ესპანელ სოციალისტს იხილავთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG