Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

„დასაბამიდან მოყოლებული დღემდე არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში არ ყოფილა მტერი, რომელიც შეძლებდა ჩვენი ნების სიმაღლეზე დამდგარიყო. იმ ნებისა, რომელსაც გამარჯვება ჰქვია.“ აი, ასეთი პათეტიკური სიტყვებით მიმართავს იოჰან პფლუგბაილი, ვერმახტის ერთ-ერთი მესამეხარისხოვანი დივიზიის მეთაური, თავის ჯარისკაცებს 1941 წლის 21 ივნისს. 22 ივნისს ვერმახტის ეს დივიზია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შეიჭრება. 27 ივნისს, ერთი გასროლის გარეშე, პფლუგბაილის დივიზია ბელოსტოკში შევა. ადგილობრივი მოსახლეობა პფლუგბაილს პურით და მარილით შეეგებება სასტუმრო „რიცის“ წინ. 28 ივნისს პფლუგბაილი მადლობას გამოუცხადებს თავის დივიზიას და რამდენიმე სამხედროს დააჯილდოებს. დააჯილდოებს არა რაიმე სამხედრო გმირობის გამო (ქალაქი ხომ გასროლის გარეშე აიღეს!), არამედ წინა დღეს ქალაქის ქუჩებსა და სინაგოგაში ორი ათასი ებრაელის დახოცვისათვის.

1941 წლის 22 ივნისს, პფლუგბაილის დივიზიის მსგავსად, სამი მილიონი გერმანელი ჯარისკაცი დაადგება სისხლით, სიცხითა და ოფლით გაჟღენთილ გზას. როგორც ჯოზეფ კონრადის ცნობილი რომანის გმირი ჩარლზ მარლოუ აღმა აუყვება მდინარე კონგოს, რომელიც მას ჯოჯოხეთის სამეფომდე მიიყვანს, ისე გაეშურება სამი მილიონი ჯარისკაცი წყვდიადის შუაგულისკენ. და როგორც პფლუგბაილის დივიზია, ეს სამი მილიონი ჯარისკაცი სულ რამდენიმე კვირაში გადაიქცევა ისეთი დანაშაულებრივი არმიის წევრად, როგორიც კაცობრიობის ისტორიას ჯერ არ ენახა.

ბელოსტოკში ებრაელების ხოცვა-ჟლეტიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, ნკვდ-ს ოფიცრები დააპატიმრებენ დასავლეთის ფრონტის მთავარსარდალ დმიტრი პავლოვსა და მის გენერლებს. ორდღიანი საშინელი წამების შემდეგ, ერთ დროს გმირად ცნობილი პავლოვი აღიარებს ყველაფერს, რასაც მას ლევ მეხლისი, სტალინის ეს წითელი ტორკემადა მოსთხოვს - რომ ფრონტი „გაუხსნა გერმანელებს“, რომ ე.წ. „ფაშისტურ-ტროცკისტული შეთქმულების“ წევრი იყო და აშ. დაპატიმრებიდან სულ რამდენიმე დღეში პავლოვს და მის გენერლებს დახვრეტენ. მათ ოჯახის წევრებს კი ციმბირში გადაასახლებენ.

ბელოსტოკში პფლუგბაილის დივიზიის მოქმედება და მოსკოვში პავლოვისა და მისი გენერლების დახვრეტა იქნება ის ორი ფერი, რომლითაც ოპერაცია „ბარბაროსას“ ფრესკა დაიხატება: 22 ივნისს ერთის მხრივ ვერმახტი მისცემს დასაბამს კოლონიზაციისა და განადგურების ომს; მეორე მხრივ კი ვერმახტისა და სტალინის ტერორს შორის მოქცეული საბჭოთა კავშირის მოსახლეობა დაიწყებს სისხლისგან დაცლას.

ოპერაცია „ბარბაროსას“ ექვსთვე-ნახევრის განმავლობაში ხუთ მილიონზე მეტი ბავშვი, ქალი და მამაკაცი იქნება მოკლული. ათასი ადამიანი ყოველ საათში, განუწყვეტლივ, დღე და ღამე, იქნება განადგურებული ორასი დღის განმავლობაში. ოპერაცია „ბარბაროსას“ ეს ორასი დღე იქნება არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ მთელი ომების ისტორიის ყველაზე ლეტალური დღეები. ამ ორასი დღის ფონზე დანტეს საკუთარი ჯოჯოხეთი სამოთხედ მოეჩვენებოდა.

მაგრამ ოპერაცია „ბარბაროსას“ განსაკუთრებულობა ამით არ ამოიწურება: რელიგიური ომების შემდეგ სამხედრო კონფლიქტი არასდროს ყოფილა ასე იდეოლოგიზებული. მოწინააღმდეგეების პოლიტიკური ხედვა არასდროს ყოფილა ასე მძაფრად მითოლოგიზებული. იუდაურ-ბოლშევიკური მითის დაპირისპირება კაპიტალისტური სამყაროს შეთქმულებასთან პირდაპირ განაპირობებს როგორც სამხედრო ოპერაციების ბუნებას, ისე დიპლომატიასა და ომის საბოლოო მიზნებს.

თუმცა, შესაძლებელია, რომ ბარბაროსას ოპერაციის ყველაზე საშინელი პარადოქსი სულ სხვაგან იძებნება... 1941 წლის 22 ივნისამდე სტალინის საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა ისეთ სუიციდურ სისტემას, რომლის დღეები დათვლილი იყო. მხოლოდ ჰიტლერს და მის არმიას შეეძლო სტალინისა და ბოლშევიკების მიერ შექმნილი სუიციდური სახელმწიფოსთვის სიცოცხლის გახანგრძლივება, მხოლოდ ნაცისტების მიერ წარმოებულ რასობრივ ომს შეეძლო საბჭოთა კავშირში არსებული უთვალავი ანტიბოლშევიკური „ნაღმის“ განეიტრალება.

ოპერაცია „ბარბაროსას“ ყველაზე დიდი და საშინელი პარადოქსი სწორედ ეს არის: მხოლოდ ჰიტლერის ტიპის მტრის წინააღმდეგ იყო სტალინის რეჟიმი მომზადებული. მხოლოდ ნაცისტების მიერ მართულ ასეთ ბარბაროსულ ომს შეეძლო სტალინური ტირანიის გადარჩენა. როგორც ვასილი გროსმანის ცნობილი რომანის ერთი გმირი იტყვის: „ჩვენი ბედი, რომ გერმანელებმა მუჟიკს ერთ წელიწადში უფრო შეაძულეს თავი, ვიდრე კომუნისტებმა 25 წლის განმავლობაში“.

ალბათ ამიტომ უკავია ოპერაცია „ბარბაროსას“ განსაკუთრებული ადგილი მსოფლიოს ისტორიაში. ალბათ ამიტომ არ ჰყავს ბადალი წყვდიადის შუაგულისკენ მოგზაურობას.

„რუსეთის ფედერაციის სათათბიროს კომუნისტი წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში!“ - ეს წინადადება თითქმის ისევე ძნელად გამოსათქმელია, როგორც: თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!

კი, ძნელად გამოსათქმელიცაა და ძნელად დასაჯერებელიც, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, როგორ იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი! იჯდა და, რომ დავფიქრდეთ, სხვაგვარად არც შეეძლო! დაჯდა იქ, სადაც უნდა დამჯდარიყო! გააკეთა ის, რასაც სულ აკეთებდნენ რუსი მოხელეები: თავზე დაგვაჯდა!

ბოლოს ყველა აღშფოთდა (ემზარის და ადას გარდა) სტუმრად მოწვეული ოკუპანტის ამ საქციელით, მაგრამ ვინც გულწრფელად აღშფოთდა, ვნახეთ ტრიბუნაზე! სხვების ნელ-თბილი, ნაძალადევი აღშფოთება ნაკლებად დამაჯერებელი იყო! არადა, ვინ არიან ეს „სხვები“?

საქართველოს პრეზიდენტი, თბილისის მერი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლამის ყველა ლიდერი და თვით ბატონი ბიძინა ანუ, რომ შევკრიბოთ, მთელი მოქმედი ხელისუფლება! ხელისუფლება, რომელმაც დაუშვა საქართველოს პარლამენტის გაწევრიანება ამ საეჭვო ორგანიზაციაში - მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, სადაც გრავიტაციის ცენტრი პუტინის რუსეთია; ხელისუფლება, რომელმაც კარი გაუღო და პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა ოკუპანტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციას; ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს დედაქალაქის ქუჩები სათარეშოდ დაუთმო დუგინის იდეოლოგიით მოწამლულ ხისცხენიან რაინდებსა და იასე ფალავანდიშვილის სულიერ მემკვიდრეებს; ხელისუფლება, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის ერთმორწმუნეობა იმ მნიშვნელოვან კაპიტალად მიაჩნია, რომლიდანაც რამე სახეირო შეიძლება ამოიზარდოს; ხელისუფლება, რომელსაც არც მომავლის ხედვა აქვს და არც წარსულის გაგება, წარსულისა, რომელიც სავსეა ერთმორწმუნე რუსეთთან დაკავშირებული იმედგაცრუებებით! სამაგალითოდ აკაკი წერეთელიც გამოდგება, ცოლიც რუსი რომ ჰყავდა, შვილიც და თვითონაც რომ რუსეთში დაჭაღარავდა, ახალგაზრდოდაში ძალიანაც რომ სჯეროდა რუსეთისა, მაგრამ მალევე რომ დაასკვნა, რუსეთმა საქართველოს დამხსნელ-მფარველად ვერ ივარგაო:

„რუსებს ეჭირათ სუყოველგვარი
ჩვენი ცხოვრების ასპარეზები,
გვაჯდენ კისერზედ, როგორც სახედრებს
და გვერდებს გვჭრიდა მათი დეზები...
...გარეგნად მღვდლები, შინაგნად მგლები,
თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე
და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ ,
როგორც ჟანდრები, გარუსებაზე.“

უკეთესად როგორ უნდა დაეწერა და აეხსანა?

საქმეც ის არის, რომ ასეთ რუსეთსს ვერ ხედავს ხელისუფლება! ვერ ხედავდა ვერც 2012 წელს, როცა ე.წ. „არგაღიზიანების პოლიტიკა“ წამოიწყო და ვერ ხედავს დღეს, როცა გულითადად მასპინძლობს საქართველოს დედაქალაქში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს...

ალბათ, თვითონ ხელისუფლებაშიც არ სჯერათ თავიანთი აღშფოთების გულწრფელობისა, არ სჯერათ იმისა, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია, რომელმაც, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯერ რუსი დეპუტატები ჩამოიყვანა საქართველოში, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა აღშფოთება იმის გამო, რომ რუსმა კომუნისტმა გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის საჯდომი ადგილი დაიკავა, ძალიან ჰგავს ჩასვრილი კაცის მოჩვენებით აღშფოთებას: ვინ ჩამი...ვა შარვალში?!

ყველა ხვდება, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ამ სკანდალში ფორმალური ფიგურაა, რომ რეალურად ის არაფერს წყვეტს და, შესაბამისად, არანაიარად არ გამოდგება განტევების ვაცად!

20 ივნისის სირცხვილი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, საქართველოს ხელისუფლების კისერზეა: ეს მან დაისვა თავზე ოკუპუნტი ქვეყნის პარლამენტის წევრი! ეს მან გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში შესაძლებელი ყოფილიყო ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსების, პროპაგანდისტული მედიისა და პრორუსული ძალების ღიად მოქმედება! ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ 20 ივნისის სირცხვილი არც პირველია და არც უკანასკნელი! როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რომ ქვეყანა ჯერ ისევ დიდ ბრძოლაში იმყოფება და, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გულისხმობს, რომ ომში დამარაცხებაზე მეტად დამამცირებელი დიპლომატიური და კულტურული მარცხია. 20 ივნისით ერთი დიდ ნაბიჯი გადაიდა ამგვარი მარცხისკენ!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG