Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების საერთაშორისო მოდელირებები აჩვენებს, რომ გავრცელების შეფერხების საუკეთესო გზა სოციალური დისტანცირებაა. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია შეამსუბუქის ჯანდაცვის სექტორის დატვირთვა და შედეგად, შესაძლებელი გახადოს უფრო მეტი ადამიანის ეფექტურად მკურნალობა. მაგალითად, ლონდონის იმპერიული კოლეჯის ცნობილი კვლევის მიხედვით, შემდეგ ოთხ ზომას ყველაზე მეტი გავლენა აქვს გავრცელების შეფერხებაზე: მთელი მოსახლეობის სოციალურ დისტანცირებას (ოჯახის გარეთ ფიზიკური კონტაქტების 75 %-ით შემცირებას), ინფიცირებულთა საშინაო იზოლაციას, ინფიცირებულთა ოჯახის წევრების კარანტინს, სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვას. მსგავსი რეკომენდაცია გასცა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ კვლევამ საქართველოსთვისაც . „კურაციოს“ მიერ გაცემულ რეკომენდაციებში, რომელიც, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ „სოციალური დისტანცირების გარეშე ეპიდემიის პიკი სწრაფად მიიღწევა და პიკურ კვირაში ახალი ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობა 5 950 იქნება, რასაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს“.

სწორედ მსგავსი რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობებმა, მათ შორის საქართველოს მთავრობამაც, სოციალური დისტანცირების მკაცრ ზომებს დაუჭირეს მხარი . იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სოციალური დისტანცირების ზომები ჯერჯერობით შედარებით მსუბუქია, მაგალითად, შვედეთში, სოციალური დისტანცირება გავრცელების შეფერხების მთავარ საშუალებად მიიჩნევა.

სოციალური დისტანცირება საშუალებას მოგვცემს „გავაბრტყელოთ პიკი“, მაგრამ რა გველის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობისას ბევრ სირთულეს ვაწყდებით. ზემოთ ნახსენები ლონდონის იმპერიალური კოლეჯის კვლევას თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ „პიკის გაბრტყელება“, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. მაგალითად, ამ ანგარიშის მე-11 გვერდზე ვკითხულობთ:

„მას შემდეგ, რაც მთავრობა (კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ) მიღებულ ზომებს შეარბილებს... ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, რის შედეგადაც ამ წლის ბოლოს ეპიდემიის პიკს მივიღებთ. რაც უფრო წარმატებული იქნება ეპიდემიის ჩაწნეხვის პოლიტიკა, მით უფრო დიდი მასშტაბის აფეთქება მოხდება მომავალში... რადგან ჩაწნეხვის პროცესში ჯოგური იმუნიტეტი უფრო ნაკლებად გამომუშავდება“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ვაქცინაციის გარეშე ვირუსის გავრცელება ბუნებრივად შეფერხდეს, გვჭირდება ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტი“ - მოსახლეობის რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა უნდა გადაიტანოს ვირუსი და გამოუმუშავდეს იმუნიტეტი მის წინააღმდეგ. ეს კი შედარებით ნელა მოხდება სოციალური დისტანცირების პირობებში. სოციალური დისტანცირება კი, თავის მხრივ, აუცილებლად გვჭირდება იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემაზე პიკური მოთხოვნა შევამციროთ. ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაციაა - დაახლოებით ისეთი, როგორიც ზოგიერთ ზღაპარშია, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს, მარჯვნივ წახვალ, თუ მარცხნივ, რადგან მაინც ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აღმოჩნდები.

ამ სიტუაციიდან, ალბათ, ყველაზე კონვენციური, „ბანალური“ გამოსავალი ის არის, რომ ავირჩიოთ „პიკის გაბრტყელების“ პოლიტიკა იქამდე, სანამ ეფექტური მკურნალობის საშუალებები ან ვაქცინა არ გვექნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, ვაქცინას 12-18 თვეში გამოიგონებენ. „დაჩქარებულმა“ ვაქცინებმა კი შესაძლოა გამოიწვიოს იმუნიტეტის შემცირება, გაზრდის ნაცვლად, რაც, ასევე, ყველა გზით უნდა ავიცილოთ თავიდან.

ამ კონვენციური პოლიტიკის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მთელი წელი სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომების შენარჩუნება რეალისტური არ არის იმ ფონზე, როდესაც ეს ზომები უკვე მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს მსოფლიო ეკონომიკას. მთავრობებს, უნდათ თუ არ უნდათ ეს, არსებული მკაცრი პოლიტიკის შერბილება რაღაც პერიოდით მაინც მოუწევთ. სხვა შემთხვევაში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დადგება. მაშ, რაღა უნდა ვქნათ სხვა?

ერთი სავარაუდო გამოსავალი, რომელიც თითქოს შექმნილი მდგომარეობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, ის არის, რომ, პიკის გაბრტყელების ნაცვლად, მივდიოთ „ამერიკული მთების“ (Roller Coaster) პოლიტიკას. ასეთი სცენარი ამერიკელმა მკვლევრებმა ორი კვირის წინ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში შემოგვთავაზეს. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ სოციალური დისტანცირების ზომების შერბილება და შემდეგ ისევ გამკაცრება აუცილებლად მოგვიწევს. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების მრუდი კი არ გაბრტყელდება, არამედ მისი ტრაექტორია ვიზუალურად გასართობ ატრაქციონს - „ამერიკულ მთებს“ - დაემსგავსება. სანამ ჯოგური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, ვაქცინა არ შეიქმნება ან ეფექტური მკურნალობის საშუალებები არ გვექნება, პერიოდულად მოგვიწევს გავიმეოროთ სოციალური დისტანცირების ზომები იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემები არ გადავტვირთოთ. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ან გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ჯანდაცვის სისტემას, რაც, ბუნებრივია, სიკვდილიანობის მაჩვენებელს გაზრდის, ან არნახულ ეკონომიკურ დეპრესიას, რაც - განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში - ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიგვიყვანს.

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ზუსტად რა მოხდება, ვინაიდან ახალი კორონავირუსის ბუნების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით; არც ის ვიცით, თუ თანამედროვე მეცნიერება რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ვირუსთან საბრძოველად. უფრო მეტიც, ისიც კი ბოლომდე უცნობია, თუ როგორ მოხდება ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება - მაგალითად, მოსახლეობის 50 %-ს სჭირდება ამისათვის იმუნიტეტი, 70-%-ს, მეტს თუ ნაკლებს. ისიც უცნობია, თუ რამდენად განიცდის ვირუსი ევოლუციას ან სოციალური დისტანცირების რომელი პოლიტიკა როგორ გავლენას მოახდენს ინფექციის გავრცელებაზე... ერთი სიტყვით, უცნობ მიწაზე - terra incognita-ზე - ვიმყოფებით, სადაც მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. ამ პირობებში, თუკი არაფერი შეიცვალა, იმ პოლიტიკის მიღება, რომელიც ზემოთ აღვწერე, შესაძლოა მთავრობებს ძალაუნებურად, თავისი ნების მიუხედავად, მოუწიოთ. სხვა შემთხვევაში, ან ეპიდემიოლოგიური კატასტროფის სცილას, ან ეკონომიკური კატასტროფის ქარიბდას მსხვერპლი გავხდებით. იმისათვის კი, რომ გადავრჩეთ, ორივე ყველა საშუალებით უნდა ავირიდოთ თავიდან.


სულ სხვანაირად ვაპირებდი ამ ტექსტის დაწერას, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემთვის უცნობ და თავისებურ ადამიანს ვესაუბრე ტელეფონით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საყოველთაო ჭეშმარიტებაში, რომ კრიზისი მრავალ პრობლემათა ერთდროულად თავმოყრას ნიშნავს და არავითარ შემთხვევაში - მხოლოდ ერთი პრობლემის არსებობას.

თვითმადიდებლობიდან კოვზმადიდებლობამდე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:35 0:00
გადმოწერა

კრიზისი პრობლემურ გამოცდათა წინაშე აღმოჩენას გულისხმობს.

გამოცდა ტყუილად არ მიხსენებია, რადგან რაც ამ კაცმა მომიყვა, სწორედ იმ დილემას აღწერს, როცა ადამიანი მაინც და მაინც კრიზისის დროს აღმოჩნდება ხოლმე უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე: ამ შემთხვევაში კი, ეკლესიური ადამიანი, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - მოძღვარს დაუჯეროს და ყბადაღებული (ყბისდამღები) საერთო კოვზით ეზიაროს თუ სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს?

ამ ადამიანის ნაამბობით გავაცნობიერე, რომ მას არა იმდენად რელიგიური წესის დაცვა, რამდენადაც უფრო სამრევლოსა და მოძღვრის მიმართ ერთგულების დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება დაუსახავს შინაგან მიზნად: ის ტაძარში წასულა, ზიარებულა - როგორც თავად თქვა (და ეს ისე უქნია, როგორც წესი და რიგია) და შემდეგ, ობიექტურად დაძაბული და არცთუ მსუბუქად შეშინებული, სრულიად მარტო ჩაკეტილა სახლში - ოჯახის წევრებისგან განცალკევებით, რაკი ამის შესაძლებლობა ჰქონია. და ახლა თურმე მეორე კვირაა ასე ზის.

ამრიგად, მისი აღქმით, მოძღვრისა და მრევლის წინაშეც მოიხადა ვალი (რომლებიც, ცხადად თუ შეფარვით, აუცილებლად შეამოწმებენ ერთმანეთს, ვის უფრო მეტად შეეშინდა ეკლესიის "კარის ამომკეტავი" ვირუსის და ვის უფრო მტკიცე ჰქონია რწმენა) და, ამავდროულად, როგორც შეძლო, კანონიც დაიცვა - მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს თუ სხვებს დაუმტკიცა, რომ არ შეეშინდა...

ცხადია, ამ შემთხვევაში მე არ და ვერც შევეხები ზოგადად რწმენის საკითხებს, რადგან ეს უაღრესად ინტიმური და დელიკატური თემაა, და არც იმ თითქოსდა მარტივ აზრს გავიმეორებ, რომ ახლა - ისევე, როგორც ყოველთვის - ჭეშმარიტი რელიგიურობა სწორედ სხვაზე ზრუნვაა, და არავითარ შემთხვევაში ეგოცენტრულ-ჯიბრიანი გულგრილობა სხვათა მიმართ - როცა "სულის გადარჩენის მიზნით" შესაძლოა საკუთარი თავიც დაღუპო ფიზიკურად და სხვაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი სწორედ ეს უაზრო და, გავბედავ, ვთქვა, ღრმად არაქრისტიანული გამოცდაა, რომლის წინაშეც ეს ადამიანი აღმოჩნდა და ვისაც სინამდვილეში არავინ უფრთხილდება, ვინც განწირულია, რომ მარტომ, ბრმად, შიშით და დაბნეულობით დათრგუნულმა გადადგას სარისკო ნაბიჯი...

საპატრიარქო არათუ არ უფრთხილდება ადამიანს, არამედ პირიქით, სცდის კიდეც მას, რადგან ეკლესიური ადამიანი მისთვის არა რწმენის, არამედ ძალაუფლების გამოცდის ინსტრუმენტია, რადგან აქ რომ რწმენის საკითხი იყოს არსობრივი და არა ძალაუფლება (რაც ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია საქართველოში), ცალკეული სასულიერო პირებისა თუ სხვადასხვა ეკლესიების მსგავსად, აუცილებლად გამოძებნიდა ღირსეულ და სწორედ სულიერ გამოსავალს, რადგან ქრისტიანობა არ არის ფეტიშიზმი, ეს არაა კოვზის, დაკლული ცხვრის და რაიმე საგნის რწმენა, სადაც თურმე ფორმაა გადამწყვეტი და არა შინაარსი, არა იდეა, არამედ დოგმა, და სადაც თურმე მთავარი კოვზმადიდებლობა ყოფილა, რაც ეროვნული "საეკლესიო" თვითმადიდებლობის კიდევ ერთ არაჰუმანურ სიმბოლოდ იქცა ამ დღეებში...

ადამიანს არ უფრთხილდება არც სახელმწიფო, რომელიც არამკაფიოა თავის სიმტკიცეში კანონის დაცვის და აღსრულების კუთხით, რადგან უკვე ათწლეულებია თვალთმაქცურ "ქორწინებაშია" შესული სახელმწიფოსთან მოვაჭრე "სასულიერო ინსტიტუციასთან", რომელიც, ამ სახელმწიფოსივე არ იყოს, არასდროს არის ადამიანის მხარეს და ყოველთვის ადამიანს სწირავს თავისი ძალაუფლებისა თუ ხელისუფლების სასარგებლოდ... ხოლო ეს ტრადიცია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს სათავეს!

"არა გამოსცადო უფალი შენი", ეს სიტყვები ბევრს გაახსენდა სახარებიდან, და ახლა მართლაც ისე ჩანს, თითქოს ღმერთიც კოვზამდე უნდა დავიდეს, რაკი ჩვენს ზოგიერთ საეკლესიო კერპთაყვანისმცემელს არ უყვარს აზროვნება, მაგრამ სინამდვილეში ისინი ისევ და ისევ ადამიანს სცდიან, მეტიც, საცდურად ქცეულან მისთვის, რათა არავის ეგონოს, არავის დაავიწყდეს, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი უფროსი!

და რაც მეტი დაეჭვდება ამ უტყუარ მოცემულობაში, მით უფრო მეტად გაჯიუტდებიან და ჯიბრში ჩაუდგებიან მათი უპასუხისმგებლობით გაოგნებულ ადამიანებს.

ოღონდ შემდეგ, თუკი კანონი არ იქნება დაცული და მართლაც რეალური საშიშროების (პატრიარქის ცნობილი სიტყვებია) გავრცელების ერთ-ერთ კერად იქცევა ეკლესია, ამასაც მრევლის წევრობასა და მოქალაქეობას შორის გაჭედილ საბრალო ადამიანს დააბრალებენ - ჩვენ ხომ არ ვაიძულეთ, თავისი ფეხით მოვიდაო, და ბოლოს, ტრადიციულად, ისევ ღმერთს მოიხმობენ მთავარ პასუხისმგებლად: ესეც არა ჩვენი, არამედ მისი ნება იყოო...

დამნაშავე ხომ ყოველთვის სხვაა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG