Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავისი რაციონალური პოზიციებით არასდროს ანებივრებდა არც საკუთარ მრევლს და არც იმ ქვეყანას, რომელსაც, როგორც უპატრონო საყდარს, ისე ეპატრონება. ოხუნჯობები მღვდელმთავრებისა თუ ინტელექტუალური პრეტენზიების მქონე დეკანოზებისგან თქმულ და ნაქადაგარ აბსურდებზე, რომლებსაც სამედიცინო ტერმინი დელირიუმი, ანუ ბოდვა უფრო მიესადაგება, დიდი ხანია მოდიდან გადავიდა. არც პატრიარქისგან პუტინის ქება, არც ეპისკოპოსებისგან „ერთმორწმუნე“ რუსეთის ხოტბა-დიდება და არამართლმადიდებელი დასავლეთის ძაგება აოცებს ვინმეს, არც საპატრიარქოს ულევი მადა და მორალი, ეკონომიკურად დავრდომილ ქვეყანას საბჭოთა პერიოდის „ვალებს“ რომ ახდევინებს და თან სტალინის ღვთისკაცობაშიც ეჭვი არ ეპარება მრავალ ღვთის მსახურს; არც სასოფლო-სამეურნეო მიწების, საძოვრების, ტყეების, საერო ისტორიული ძეგლების მისაკუთრება, არც ძველი ტაძრების „გარემონტება“-დასახიჩრება; არც საეჭვო ბიზნესები, გაუმჭირვალი ფინანსები და საქმიანობა; არც საპატრიარქოს მოხელეებისა თუ მღვდელმთავრების დეკადენტური ფუფუნება და ავტოფარეხები აკვირვებს ვინმეს და არც ეკლესიის მსახურთა გასული წლის სექსსკანდალები ყოფილა მოულოდნელი და შემაძრწუნებელი: ვისაც ოდესმე სამღვდელოებასთან ახლო შეხება ჰქონია, მისთვის ახალი არაფერია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც წარმოსადგენი იყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პანდემიის მიმართ, რაციონალური თუ არა, ადეკვატური მაინც იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, სასულიერო პირიც ისეთივე დასნეულებადი და მოკვდავია, როგორც ყველა სხვა ადამიანი, როგორ პატივსა და დიდებაშიც არ უნდა იყოს აღზევებული ეს წოდება, - „ღმერთო მაპატიე“ - რომ უნდა დააყოლო, თუ სამღვდელოებაზე რამე კრიტიკული წამოგცდა, თითქოს მღვდელი ადამიანზე მაღლა მდგომი არსება იყოს, რომლის კრიტიკაც ღვთის გმობას ნიშნავდეს. ჰოდა, თუნდაც იმ ფონზე, როცა საუდის არაბეთმა მექა და მედინა ჩაკეტა, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ პირველად ისლამის ისტორიაში მეჩეთების კარი ჩარაზა, რომის პაპი ცარიელ პეტრეს ტაძარში მარტო ატარებდა მესას, მრავალმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მრევლი დაითხოვა, მისივე უსაფრთხოების მიზნით, თვით რუსეთის პატრიარქმაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდა თავის მრავალმილიონიან მრევლს, ყველა ლოგიკითა და განსჯით სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ამჯერად მაინც კეთილგონიერებით იქნებოდა ნაკარნახევი, მხარში ამოუდგებოდა სახელმწიფოს და თავის გავლენას და ავტორიტეტს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მოსახლეობისთვის საგანგებო ზომების დაცვისაკენ მოეწოდებინა, საფრთხის გაცნობიერებაში დახმარებოდა საკუთარ მრევლს. მაგრამ ასე არ მომხდარა: 20 მარტს სინოდმა დაადგინა, რომ, „ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.“ ღვთისმსახურებაც ჩვეულებრივი ფორმითა და განრიგით უნდა გაგრძელდეს, მხოლოდ მრევლმა გაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და დისტანცია დაიცვას.

როდესაც ყველა სამედიცინო ინსტანცია უწყვეტ რეჟიმში გვაფრთხილებს, რომ სოციალური დისტანციის დაცვაა აუცილებელი, როდესაც სახელმწიფო კარანტინულ რეჟიმს აცხადებს, როდესაც უმარტივესზე უმარტივესი გასაგები უნდა იყოს, რომ ვირუსის გადადების უმთავრესი გზა ნერწყვია და სხვისი ნანერწყვალი კოვზის პირში ჩადება თვითინფიცირებას ნიშნავს, საპატრიარქოს განჩინებას ყველანაირი რაციონალური, გონივრული ახსნა ეკარგება. ეს ბავშვურ ჭირვეულობას ჰგავს, რომელსაც საკუთარი ახირების დათმობა არ სურს და სხვებსაც აიძულებს მის ჭკუაზე, უფრო სწორედ, მის უჭკუობაზე იარონ. ამ უგუნურების ფასი კი შეიძლება ძალიან მაღალი აღმოჩნდეს მთელი საქართველოსთვის.

თუკი მაინც რამე ლოგიკით შეიძლება აიხსნას საპატრიარქოს ასეთი გაჯიუტება, ყველაზე ცხადი და შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად დასანახი საპატრიარქოს ჩვეული ძალების ჭიდილი და ზომვაა სახელმწიფოს ავტორიტეტთან. ბოლო ორ ათწლეულში ეკლესიის გავლენა ნებისმიერ საზოგადოებრივ სფეროზე, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ ელიტებზე იმდენად გაიზარდა, იმდენად ღიად ახვევდა და ახვევს სახელმწიფოს თავის ნებას, იმდენად შეეგუა ისეთ მდგომარეობას, რომ კანონები მასზე არ ვრცელდება, რომ მას წარმოდგენაც კი არ შეუძლია რომელიმე საყოველთაო წესს დაემორჩილოს, თვით საგანგებო მდგომარეობასაც კი.

საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციით ნებადართული უკიდურესი სამართლებრივი ზომაა, რომლის მიღმაც აღარაფერია - ყველანაირი სამართლებრივი წესრიგი მთავრდება. ამიტომაც ის მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, უკიდურესი საფრთხის დროს, როგორიცაა ომი, ამბოხი, ბუნებრივი კატასტროფები თუ ეპიდემია, გამოიყენება. სამართლებრივი სფეროსგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობას კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ფილოსოფიური ასპექტიც აქვს: საგანგებო მდგომარეობა, როგორც გამონაკლისი, ნორმიდან ამოვარდნილი მდგომარეობა, ამჟღავნებს საგნებს ისეთი სახით, როგორიც მათი დანახვა ნორმალურ ვითარებაში შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს ეხება სუვერენულობას, ანუ იმას, თუ ვინაა უმაღლესი ძალაუფლების გამომხატველი, ვისი პოლიტიკური ავტორიტეტი დგას ყველაზე მაღლა.

საპატრიარქოს განცხადებიდან მეორე დღესვე, 21 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობით ერთ დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, ეკლესიამ შემდეგ დღესვე აჩვენა საკუთარი ზეკანონიერება, როცა საკვირაო ღვთისმსახურება ჩვეული ფორმით ჩაატარა. იმავე დღეს საპატრიარქოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პირმა - ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა - პირდაპირ განაცხადა, რომ, „პატრული მოვიდა და წავიდა, მისი საქმე არაა აქ, სახელმწიფოს არ გავაკონტროლირებინებ.“

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, უკვე კომენდანტის საათის შემოღების შემდეგ, დაასკვნა, რომ საგანგებო მდგომარეობა ეკლესიაზე არ ვრცელდება. მისი თქმით, შეზღუდვები „საგანგებო მდგომარეობას ეხება და არა ეკლესიას. მე მგონი ეს მკაფიოდაც იყო განმარტებული. თუ ეხება, მობრძანდით, სამნიც ვართ, ოცდაათიც, უფრო მეტიც.“ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, ცნობილმა თავისი პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებებით, დროებით ღვთისმსახურების შეჩერებას ეკლესიის დევნის კვალიფიკაცია მისცა:„წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება), მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და შესაბამისად მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. სდექით მტკიცედ და შეურყევლად.“

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მხოლოდ მცირე რაოდენობის სასულიერო პირი აღმოჩნდა გონიერებისა და სამოქალაქო შეგნების პოზიციაზე და საკარანტინო რეჟიმის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა მრევლს. ეკლესიის ძალაუფლების ცენტრი - საპატრიარქო - ღიად და განცხადებულად უმტკიცებს სახელმწიფოს საკუთარ სუვერენულობას, მის აღმატებულებას სახელმწიფოსა და საერთო ეროვნულ ინტერესებზე. უკანასკნელ წლებში ეკლესიის ნებისმიერი ჭირვეულობა სახელმწიფოს მხრიდან გულუხვი საჩუქრებით მთავრდებოდა. ამჟამინდელი კატასტროფული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ვითარების პირობებში ასეთი რამ სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად მოსალოდნელია. ამას საპატრიარქოც უნდა აცნობიერებდეს. შესაბამისად, ერთადერთი, რაც მას დარჩენია, საკუთარი აღმატებულებისა და ზესახელმწიფოებრიობის დემონსტრაციაღაა.

საქართველოში სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობის მთავარი ნიშანი - სუვერენულობა აქვს დაქვეითებული და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ეკლესიასაც მიუძღვის, რომელიც სახელმწიფოს პარალელურ და არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურადაა ჩამოყალიბებული. საპატრიარქომ მოახერხა ძალაუფლების ყველაზე სტაბილურ ცენტრად ქცეულიყო, როდესაც უკვე 30 წელია, პოლიტიკური ელიტები ძირითადად საკუთარი თავის და სახელმწიფოს დისკრედიტაციით არიან დაკავებული. ამისი შედეგი კი ისაა, რომ მოსახლეობის მოზრდილი ნაწილისათვის სახელმწიფო მოძალადეობასთან, უსამართლობასა და კორუფციასთან იგივდება, რომლისგანაც დაცვას კი არ უნდა ელოდე, არამედ მისგან თავს უნდა იცავდე. ეკლესიამ სწორედ სახელმწიფოსა და პოლიტიკაზე გულაცრუებული და სასოწარკვეთამდე მისული უმრავლესობის მობილიზება და თავისი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანება შეძლო და ისეთ მწყემსად მოევლინა, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან. თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს საკუთარი სუვერენულობის მტკიცება მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობითღა შეეძლო. ეს უზარმაზარი ძალა ეკლესიამ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოპოვებისთვის გამოიყენა.

ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ ეკლესიას საზოგადოებისთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი, - არც სოციალური დოქტრინა, რომელიც სიდუხჭირეში მყოფ მრევლის დიდ ნაწილს, ან თუნდაც უმრავლესობის ყვლეფით გამდიდრებულ უმცირესობას სოციალურ სამართლიანობაზე და მის უაღრესად ქრისტიანულ არსზე დააფიქრებდა; ან საკუთარი ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო საქმიანობით მაგალითს მისცემდა სახელმწიფოს ყველაზე დაუცველთა და საჭიროების მქონეთა დასაცავად; ან მოყვასის სიყვარულითა და მიმტევებლობით იქნებოდა მისაბაძი. ამის სანაცვლოდ, ეკლესია, რომელიც თავადვეა ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელიც და მეწარმეც, იმათ მხარეს აღმოჩნდა, ვინც მევახშეობით, დამსაქმებლის შარავანდედით ყვლეფდა და მდიდრდებოდა და ეკლესიისთვის შენაწირებით ცდილობდა სულის გათეთრებას. ეკლესია თავშესაფარი აღმოჩნდა სხვადასხვაგვარი ობსკურანტიზმისა და სიძულვილის იდეოლოგიის, წამქეზებლობისა და ცილისმწამებლობის; ყველა ფაშისტოიდური გაერთიანება თუ ექსტრემისტული დაჯგუფება მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია.

ეკლესიაში გამეფებული მომხვეჭელობა და ფუფუნებისკენ სწრაფვა, ობსკურანტიზმის და შეუმწყნარებლობის წახალისება, რომელიც ერთობ შორსაა ახალი აღთქმის სარწმუნოებისგან, თეოლოგიური და მორალური სიღატაკის სიმპტომებია, რომელიც მთელი სიმძაფრით პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოს მთელი საღვთისმეტყველო ცოდნა, მთელი სარწმუნოება საზიარებელ კოვზამდე დაიყვანება. ასეთი „რწმენა“, რომელიც არსობრივად პირველყოფილ ფეტიშიზმს, ანუ უსულო საგნებისთვის მაგიური ძალის მინიჭებას უფრო მიესადაგება, ვიდრე ახალი აღთქმის მრწამსს, იმდენად შორსაა გონიერებისგან, იმდენად პრელოგიკურად აზროვნებს, რომ მასში სახარებისეული ლოგოსს, რომელშიც „იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთათვის“ (იოანე, 1, 4), ჩასახვის შანსიც კი არ აქვს. სამაგიეროდ, თითქმის ყოველდღიურად ვისმენთ ხან ერთი მღვდელმთავრისგან, ხან მეორისგან ისეთ განცხადებებს, რომლებიც ჯანსაღი გონებისთვის უცხოა. საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსების ვერსია: „ეს არ არის რაღაცა ბუნებრივი წარმონაქმნი. მე ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი იმიტომ იქნა გაშვებული, რომ ფულის ერთეული გაქრეს ზოგადად დედამიწაზე. ეს ძალიან მალე მოხდება. ჩვენ ამაზე ადრეც ვსაუბრობდით, ეს ჩემი სიტყვები არ არის, წინასწარმეტყველებაა.“ თუმცა ამ თვალსაზრისით ურბნელი მიტროპოლიტი იობი უცვლელი ჩემპიონია: „უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ, ასეა საჭირო. ალბათ, ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლა საჭიროა და ხომ უნდა მოემზადო შესაბამისად. არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვივარდება, თქვენ იცით და როგორ შეიძლება უფალმა დაუშვას, რომ თქვენ რაღაცით დაავადდეთ.“

კეთილგონიერების ნაკლებობის ასეთი ნიმუშები, რომლებიც ზოგჯერ სიცილს იწვევს, ზოგჯერ ბრაზს, არანაირად უმწიკვლო არაა და მასში შეგნებული ბოროტების ტოლფასი უპასუხისმგებლობა იმალება. ეკლესია შეიძლება უკონტროლო ეპიდემიის აფეთქების მთავარი ფაქტორი გახდეს. წარმოსადგენია, რომ საპატრიარქო ამასაც აცნობიერებს და ამ მოსალოდნელი ბრალდების ერთგვარი პრევენციაც იყო29 მარტს, თანამესაყდრე მიტროპოლიტ შიოს საკვირაო ქადაგება, რომელშიც ის არქაულ-მითოლოგიური ლოგიკით „განტევების ვაცის“ ძიებას შეუდგა:

„ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა.“

ეს შუა საუკუნეების წყვდიადი, რაც მიტროპოლიტმა შიომ გააჟღერა, მიზნად ისახავს საკუთარი უპასუხისმგებლო და უგუნური ქმედების და მისი შესაძლო შედეგების გადაფარვას და ყურადღების ისეთ თემაზე გადატანას, რომელიც არც ეპიდემიასთან და არც მის გავრცელებასთან არანაირ მიზეზშედეგობრივ კავშირში არ იმყოფება. ამავე პრინციპით ადანაშაულებდნენ შუა საუკუნეებში „კუდიანებს“ და ებრაელებს ინკვიზიტორები შავი ჭირის გავრცელებაში, ასეთი ლოგიკით უშვებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში ნაცისტები „დაბალი რასის“ წარმომადგენლებს თუ „გადაგვარებულებს“.

პანდემიამ, რომელიც დღევანდელი სამყაროს ცხოვრების წარმმართველია, ის ხარვეზები და პოლიტიკური შეცდომები გამოააშკარავა, რომლებთან გამკლავებაც ძვირად უჯდება საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოსნაირ პატარა და სუსტ ქვეყანას, მოერიოს ვირუსთან ბრძოლის გამოწვევებს, სახელმწიფოს სუვერენიტეტის არა გარედან, არამედ შიგნიდან დაკარგვის სიმპტომია. თუმცა საპატრიარქო ზეკანონიერება მხოლოდ ნაწილია იმ სისტემის, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას აავადებს და დავრდომილს ხდის. სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც უკვე წლებია მცირერიცხოვანი მდიდრების პირადი სერვისის ფუნქციას ასრულებენ, იმისი ავტორიტეტი რეალურად არ გააჩნიათ, რომ საკუთარივე განკარგულებები თანმიმდევრულად აასრულონ და ეკლესიის ქმედება კანონიერ ფარგლებში მოაქციონ. კანონიერი ბერკეტების გამოყენება კი ამ ავტორიტეტის გარეშე ძნელად წარმოსადგენია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დღეს 5 აპრილია.

52 წლის წინ, გუშინდელ დღეს, 4 აპრილს, მემფისში ერთ-ერთმა ფანატიკოსმა თეთრკანიანმა რასისტმა მარტინ ლუთერ კინგი მოკლა. თუმცა მისი ბრძოლა რასიზმის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება.

სამწუხაროდ, საქართველოში კინგის შესახებ ზედაპირული, ფრაგმენტული და არასწორი ცოდნა არსებობს. ხშირად ჩვენს წარმოდგენებში კინგი ლიდერია, რომელმაც გამოაღვიძა და ერთ მუშტად შეკრა შავკანიანი ამერიკელები. კინგს ჩვენ გვასწავლიან, როგორც ლიდერს, რომელმაც შავკანიანები სწორ გზაზე დააყენა. ჩვენი გადმოსახედიდან, კინგი შავკანიანების მხსნელია, რომელიც „საცოდავი და ჩამორჩენილი შავკანიანი ხალხის“ გადამრჩენელი იყო.

რეალობა, მე ვფიქრობ,სრულიად განსხვავებულია. კინგი, რა თქმა უნდა, კარგი ორატორი იყო, მაგრამ მისი გამოსვლებით, ის შავკანიანებს არ აღვიძებდა. პირიქით, მისი ორატორული გამოსვლები თეთრკანიანი რასისტების და რასისტი სისტემის მხილება და გაშიშვლება იყო. რა თქმა უნდა, კინგი კარგი ლიდერი იყო, თუმცა ის სამართლიან და სწორ გზაზე თეთრკანიან რასისტებს აყენებდა და არა ჩაგრულ შავკანიანებს. კინგი ნამდვილად იყო გადამრჩენელი, თუმცა არა შავკანიანების, არამედ რასისტი თეთრკანიანების, რომელთაც მათ მოყვასის სიყვარულს და პატივისცემას ხელახლა ასწავლიდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლოგიკურია, დავსვათ კითხვა, თუ რატომ ვიცნობთ კინგს შავკანიანების მხსნელად და არა რასისტების მამხილებლად?

ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს. პირველი და მარტივი პასუხი ჩვენს საზოგადოებაში არსებული რასიზმია. საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტებად შემოთავაზებული თეთრკანიანთა უპირატესობის გაბატონებული იდეოლოგია, იმდენად არის ჩამჯდარი ჩვენს ცნობიერებაში, რომ შავკანიანი ხალხის ჩაგრულ მდგომარეობას მათვე ვაბრალებთ. რასისტული ეპისტემოლოგიით გაბრუებულნი,ვერც კი ვამჩნევთ მოძალადე, უსამართლო და ველურ სისტემას, რომელიც ყველა ხალხს და მათ კულტურას თეთრკანიანებზე ჩამორჩენილად ხედავს და წარმოაჩენს.

მეორე და უფრო კომპლექსური პასუხი, გარკვეულწილად პირველიდან მომდინარეობს. რასიზმით გაჯერებული საზოგადოება არა მხოლოდ ვერ ამჩნევს ამ რასისტ სისტემას, არამედ გარკვეულ წილად მიილტვის კიდეც ასეთი სისტემის შექმნისკენ, სადაც ყველაფერს დააბრალებდა არადომინანტი ჯგუფების ჩამორჩენილობას. ამისი საუკეთესო მაჩვენებელია, ჩვენს საზოგადოებაში არსებული სიმპტომატური სენტიმენტები, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს სახელმწიფო ენის არცოდნაში, საქართველოში ვერ ინტეგრაციაში და საქართველოს არასაკმარის სიყვარულში ადანაშაულებს. ამ ყველაფერში პასუხისმგებლობის ტვირთი უმცირესობების კისერზეა. მათ სჭირდებათ „კინგი მხსნელი და გადამრჩენელი“. ამ პოზიციიდან, სისტემა და დომინანტი ჯგუფი შესანიშნავად ფარავს საკუთარ ქსენოფობიურ და რასისტულ შეხედულებებს. უფრო მეტიც, ფარავს ინტეგრაციის ლექსიკით და ნარატივით, სისტემა საკუთარ თავს აცხადებს უმცირესობების მხსნელად, რომელიც მათ დაეხმარება დომინანტ ჯგუფთან ინტეგრაციაში, „გათეთრებაში“, გაკეთილშობილებაში. მაშინ როცა ნამდვილი „კინგი მამხილებელი“ რჩება თამაშგარე მდგომარეობაში, ხოლო დომინანტი, ქსენოფობი, რასისტი უმრავლესობა და სისტემა ჩვენი თვალთახედვის არიდან იკარგება, არარსებული „კინგი მხსნელის“ ლოდინში, ვცდილობთ, შევეკედლოთ მხსნელ (სინამდვილეში გამრიყავ) სისტემას და მისგან ველით შველას.

იშვიათად, მაგრამ პერიოდულად ასეთი იდილია ირღვევა და დომინანტი ჯგუფი ვეღარ მალავს საკუთარ სიძულვილს და რასისტულ სულისკვეთებას. მცირე ინციდენტიც კი საკმარისი ხდება საზოგადოებაში არსებული რეალური განცდების გამოსააშკარავებლად. მამხილებლის გარეშე დარჩენილი საზოგადოებები თავად ამხელენ საკუთარ არაჰუმანურ, ველურ და ტრივიალურ ინსტინქტებს.

სამწუხაროდ, სწორედ ეს მოხდა, როცა სოციალური ქსელები საქართველოს აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ რასისტული და ქსენოფობიური პოზიციებით აივსო. კორონავირუსის გავრცელების შიშის საფარქვეშ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოავლინა შიშები მრავალფეროვანი და მულტიკულტურული საქართველოს წინააღმდეგ. აღმოჩნდა, რომ კარგად შეფუთული ნარატივი ინტეგრაციის შესახებ ვერ მუშაობს უმრავლესობის მხილების გარეშე. აღმოჩნდა, რომ „მამხილებელი კინგის“ როლი ყველა საზოგადოებაში აუცილებელია.

შესაბამისად, ჩემთვისაც ნათელი გახდა, თუ რატომ და როგორ ტრანსფორმირდა "მამხილებელი კინგი" "მხსნელ კინგად" ჩვენს საზოგადოებაში. იმედია, საკუთარი თავის მხილების შემდეგ შევძლებთ, დომინანტი ჯგუფის საქართველოს იდეაში ინტეგრაციაზე ფიქრის და საუბრის დაწყებას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG