Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წესით კმაყოფილებისგან ხელებს უნდა იფშვნეტდეს ენერგოკრიზისის გამო, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი, როცა ნავთობზე და ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაიზარდა ფასები.

და ევროკავშირი, რომელიც ერთი მხრივ ცდილობს, გააწონასწოროს გასაჭირში აღმოჩენილი საწარმოებისა და შეჭირვებული მოქალაქეების მოთხოვნილებები, თავისი ამბიციური კლიმატური გეგმით, რომელიც ემისიის 55%-ით შემცირებას ისახავს მიზნად შემდეგი ათწლეულის დამდეგამდე, მიმზიდველი სამიზნე უნდა იყოს.

თუმცა კრემლი თავს ვერ აძლევს სიხარულის უფლებას, მაშინ, როცა ქვეყნები ზამთრის მოახლოებასთან ერთად რიგში ჩამდგარან მეტი გაზის სათხოვნელად. რუსეთს ევროპა მხუთავი ილეთით ჰყავს გაკავებული, მაგრამ ზედმეტი თუ მოუვა, შეიძლება თავისი კლიენტები აიძულოს განახლებადი ენერგიის წყაროებს მიაშურონ - ბირთვულ ენერგიასა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზს - ანუ სწორედ იმას, რის თავიდან აცილებაც სურს მას სტრატეგიულად.

ენერგომატარებლების ამჟამინდელი ზრდა - გაზის ფასები წელს 400%-ით, ელექტროენერგიის საბითუმო ფასები კი 200%-ით გაიზარდა - რამდენიმე რამით აიხსნება. გაზის ფასები დიდწილად ციკლურია და გლობალური ბაზრების მიერ დგინდება. მრავალმა მოვლენამ გამოიწვია ამჟამინდელი ნამდვილი ქარიშხალი - ძლიერი პოსტკოვიდური აღორძინება, განსაკუთრებით აზიაში. ესაა უჩვეულოდ ცივი შემოდგომა, მაგრამ ასევე ქარის ენერგიის წარმოებაში ჩავარდნა და ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის ფასების ზრდა.

მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ორ კითხვაზე პასუხის გაცემა: რუსეთი პოლიტიკური მიზნებით მანიპულაციას ეწევა? და ევროპის კავშირმა საკუთარ ფეხში ხომ არ მოირტყა ტყვია თავისი ენერგოპოლიტიკით თუ მისი არარსებობით? ორივე შეკითხვაზე პასუხი დადებითია, გარკვეული გამონაკლისებით.

რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ენერგოგიგანტი „გაზპრომიც“ და მისი ევროპელი კლიენტებიც სწორად აღნიშნავენ, რომ მან შეასრულა თავისი გრძელვადიანი კონტრაქტები. მაგრამ ევროკავშირში ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა ეპასუხა მაღალი მოთხოვნებისთვის, განსაკუთრებით ე.წ. spot market-ზე, რომლის მთავარი მიზანია, ევროკავშირის წევრები, ძირითადად მის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, გაათავისუფლოს რუსეთთან დადებული გრძელვადიანი კონტრაქტებისგან, რომლებსაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ.

ზოგმა ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, რომ დარწმუნებული არიან, „გაზპრომი“ ზღუდავს ნაკადებს მთავარი მარშრუტებით, ბელარუსისა და უკრაინის გავლით, და დამატებით შეკვეთებს არ იღებს ნახევრად ცარიელი მილსადენებისთვის.

ისინი, ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, აცხადებენ, რომ ბრიუსელმა თავისი საკონკურენციო იარაღები უნდა გამოიყენოს უკანასკნელ თვეებში კომპანიების ქცევის გამოსაძიებლად, რათა ბაზარზე გამოირიცხოს ყოველგვარი მანიპულაცია.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, რა თქმა უნდა, ისაა, რომ კრემლი დამატებით ზეწოლას ახორციელებს ორ მარეგულირებელ ორგანოზე ბრიუსელსა და ბერლინში, რათა მათ მოიწონონ ახალაშენებული მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რათა მისი გავლით გაზმა რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს. მაგრამ ზოგი ოფიციალური პირი, რომლებსაც ველაპარაკე, ასევე მიიჩნევს, რომ მოსკოვს სურს, გავლენა მოახდინოს გერმანიაში სამთავრობო კოალიციის შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელშიც, როგორც ჩანს, მწვანეები გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან.

რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება და ახალი მილსადენის ხმარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ამ პარტიის ორი გამორჩეული თვისება იყო. მაგრამ უკანასკნელ მოვლენებმა შესაძლოა ვითარება შეცვალოს.

ასევე ნოემბრის დამდეგს შოტლანდიაში იწყება გაეროს კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი დიდი სამიტი. შესაძლოა, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან არც ისე ხმამაღალი იყოს დეკარბონიზაციისკენ მოწოდებები, რაც ასევე გაახარებდა რუსეთს.

თუმცა ისიც მართალია, რომ ევროკავშირის მრავალი თვალსაზრისით თავად არის საკუთარი თავის ყველაზე უარესი მტერი. ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით, ის არ არის ენერგოდამოუკიდებელი, ის ბუნებრივი აირის 90%-ის იმპორტს ახდენს (რომლის დაახლოებით 40% რუსეთიდანაა). და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ევროკავშირის საერთო წესები მილსადენებისა და ქსელების შესახებ, ასევე ელექტროენერგიის ბაზარი, რომელიც საბითუმო ფასს აბამს ყველაზე ძვირ საწვავზე, რაც საჭიროა ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, მაინც არ არსებობს მთლიანი „ევროკავშირის ენერგოკავშირი“.

წევრი ქვეყნები კვლავაც განსაზღვრავენ ენერგიის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 წევრიდან არცერთი არ არის მსგავსი. სხვა სიტყვებით: საქმე გვაქვს საუკეთესო სცენართან როგორც „დაყავი და იბატონესთვის“, ისე „სხვისთვის გადაბრალებისთვის“.

და ბრალს თითქმის ყოველთვის აკისრებენ ბრიუსელს. როცა მომხმარებლები და საწარმოები კონკრეტულ ქმედებებს ითხოვდნენ, ევროპის კომისიამ ახლახან რეკომენდაციის სახით წარმოადგინა პოლიტიკის ინსტრუმენტები, სადაც აღნიშნულია, რის გაკეთება შეუძლიათ წევრ ქვეყნებს. მოკლევადიანი პერსპექტივით, ეს ზომები შეიცავს: ენერგიაზე გადასახადების შემცირებას; ევროკავშირის მიერ სახელმწიფოს დახმარების წესების შერბილებას, რათა დახმარება გაეწიოს მრეწველობის დასუსტებულ დარგებს; ელექტროენერგიის გადასახადების სრულ გადავადებას და ვაუჩერებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. გრძელვადიანი პერსპექტივით შეიძლება იყოს გაზის შესანახი საერთო საწყობები და გაზის ერთობლივი შესყიდვა.

წევრ ქვეყნებს თითქმის არა აქვთ მეტი ამბიცია. ევროკავშირის ამასწინანდელმა სამიტმა ემოციურად ჩაიარა, ფორმულირებები, რაზეც ლიდერებმა შეძლეს შეთანხმება, ძუნწი და ზოგადი ხასიათის იყო. ტექსტი წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა, გამოიყენონ ევროკომისიის რეკომენდაციები, ევროპის საინვესტიციო ბანკს დაევალა, „შეისწავლოს, როგორ დაჩქარდეს გარდამავალ ენერგეტიკაში ინვესტირება“ და იმედს გამოთქვამს, რომ ბლოკის ენერგეტიკის მინისტრები უფრო კონსტრუქციულები იქნებიან შემდეგ შეხვედრაზე.

ჯერჯერობით ბრიუსელი არ აპირებს უარის თქმას თავის ფლაგმანზე, „მწვანე გარიგებაზე“, რომლის მიზანია, ბლოკი კლიმატურად ნეიტრალური გახადოს 2045 წლისთვის.

თუკი ბრიუსელელ ოპტიმისტებს დავუჯერებთ, მიმდინარე პრობლემები მოკლევადიანი ხასიათისაა, ვინაიდან გაზაფხულისთვის ფასები კვლავ უნდა დაეცეს. წელს ცოტა უფრო გრილი საშობაო ინდაური მათთვის არის სატკივარი, რომელიც უნდა აიტანო, რათა უფრო მწვანე და უფრო თავისუფალი იყო მომავალ დღესასწაულებზე.

საკითხავი ისაა, ევროკავშირის მოქალაქეებიც ასე იფიქრებენ თუ არა, როცა მათ კრიზისი შეაწუხებს. როგორ მიუდგება ყოველივე ამას რუსეთი, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ცხადია, რომ ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ევროპის ენერგეტიკული რუკის ფორმირებაში დღეს, ხვალ და, ასე თუ ისე, ამის შემდეგაც კი.

საბჭოთა იმპერიის უკიდეგანო ტერიტორიაზე 65 წლის წინ განვითარებული მოვლენების შემყურე უცხო დამკვირვებელი შეიძლება საგონებელში ჩავარდნილიყო: 1956 წლის ადრეულ გაზაფხულზე იმპერიის ერთ ბოლოში (საქართველოში) მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა დესტალინიზაციის გამო, რასაც კრემლმა ტანკებით უპასუხა. იმავე წლის გვიან შემოდგომაზე იმავე იმპერიის მეორე ბოლოში (უნგრეთში) მოსახლეობა ამჯერად ქუჩაში გამოვა შეჩერებული დესტალინიზაციისა და ხელახლა დაწყებული რესტალინიზაციის გამო. კრემლის პასუხი ამჟამადაც იგივე იყო - ტანკები.

თუ 1956 წლის მარტში თბილისელი ახალგაზრდები გვირგვინებით რთავდნენ სტალინის ძეგლს და ქალაქში შავ არშია შემოვლებული წითელი დროშებით და ლენინ-სტალინის ფოტოებით დაქროდნენ ქუჩებში, ბუდაპეშტში სტუდენტები იკრიბებოდნენ შანდორ პეტეფის (პოეტი და უნგრელი ერის სულიერი მამა) ძეგლთან და მისი ლექსების ციტირებით შთაგონებულნი მიემართებოდნენ სტალინის ძეგლის დასანგრევად. ორივე ამ კარდინალურად განსხვავებულ მოვლენას კრემლი თბილისსა და ბუდაპეშტში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით უპასუხებს.

1956 წლის საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მკითხველი მეტ-ნაკლებად ჩახედულია. რაც შეეხება უნგრეთის რევოლუციას, ის სავარაუდოდ ნაკლებადაა ცნობილი. არადა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციამ დიდი როლი ითამაშა ევროპის ისტორიაში.

მოსკოვის მიერ ავსტრიის ნეიტრალიტეტის აღიარების შემდეგ (1955 წლის 15 მაისი) და საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გასვლასთან ერთად, უნგრეთის ტერიტორიაც უნდა გათავისუფლებულიყო საბჭოთა ძალებისგან - 1947 წლიდან მოყოლებული, ფორმალურად, უნგრეთში საბჭოთა ძალები ავსტრიის საოკუპაციო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველსაყოფად რჩებოდნენ. თუმცა, ვარშავის პაქტის დაარსებით (1955 წლის 14 მაისი) მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა, ჯარი დაეტოვებინა უნგრეთის ტერიტორიაზე.

მეორეს მხრივ, სტალინის სიკვდილის შემდეგ, უნგრეთში წლინახევრის განმავლობაში ე.წ. დათბობის პერიოდი დადგება. ამ დათბობის პერიოდის განსახიერება იყო იმრე ნადი, რომელიც ლავრენტი ბერიას დახმარებით მოვა ხელისუფლების სათავეში. თუმცა ბერიას დაცემიდან მალე ნადიც დაკარგავს სადავეებს და უნგრეთი ისევ რესტალინიზაციის გზას დაადგება.

1956 წლის ბუდაპეშტში აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდება: ე.წ. „სახალხო დემოკრატიების“ ისტორიაში პირველად, პოლონეთის ხელმძღვანელი ვლადისლავ გომულკა ღიად დაიწყებს სტალინიზმის კრიტიკას. ეს ფაქტი აღაფრთოვანებს უნგრელ სტუდენტებს, რომლებიც 23 ოქტომბერს გადაწყვეტენ, მშვიდობიანი მანიფესტაციით მხარდაჭერა გამოუცხადონ პოლონელებს. მალე პოლონელების მხარდაჭერას მოჰყვება პოლიტიკური ლოზუნგები საბჭოთა ჯარის გაყვანისა და იმრე ნადის ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით. პარალელურად მანიფესტანტების ერთი ჯგუფი იერიშს მიიტანს 6,5-ტონიან და რვამეტრიან სტალინის ქანდაკებაზე, საბჭოთა ოკუპაციის ამ მთავარ სიმბოლოზე, რომელიც ბუდაპეშტის ცენტრში იყო წამოჭიმული. უნგრეთის შეშინებული მთავრობა სსრკ-ს ელჩ იური ანდროპოვს საბჭოთა ჯარების ქუჩაში გამოყვანას მოსთხოვს.

23-დან 24 ოქტომბრის ღამეს პროვინციაში განლაგებული საბჭოთა ჯარები ბუდაპეშტისკენ დაიძვრებიან. ხმები უნგრეთის დედაქალაქისკენ მომავალი ტანკების შესახებ სწრაფად გავრცელდება ბუდაპეშტში. იმავე ღამეს შეიქმნება საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც მთავარი სატრანსპორტო კვანძების მახლობლად განლაგდებიან. 24 ოქტომბერს მოხდება პირველი შეტაკება უნგრელებსა და საბჭოთა ჯარებს შორის. წინააღმდეგობა ისეთი დიდი იქნება, რომ შეტაკების პირველ საათებშივე 20 წითელარმიელი იქნება მოკლული, ხოლო 48 - დაჭრილი. საბჭოთა ჯარი ბრძოლის ამ პირველ საათებში დაკარგავს ასევე ოთხ ტანკსა და ოთხ ჯავშან ტრანსპორტიორს.

ასეთი წინააღმდეგობის ფონზე კრემლი დათმობაზე წასვლას გადაწყვეტს და 29 ოქტომბერს ბუდაპეშტიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს. ამასთან ერთად იმრე ნადი ჩაანაცვლებს მატიაშ რაკოშის - უნგრული რესტალინაზიის სიმბოლოს. 1 ნოემბერს უნგრეთი, ავსტრიის მსგავსად, ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს.

თუმცა ამ დროისათვის მოსკოვი თავიდან გადაწყვეტს ბუდაპეშტის ქუჩებში ტანკების დაბრუნებას. 3 ნოემბერს საბჭოთა დელეგაციასთან მოსალაპარაკებლად მისულ უნგრეთის მთავრობის დელეგაციას კგბ-ს უფროსი ივან სეროვი დააპატიმრებს. ხოლო 4 ნოემბერს მარშალ კონევის მეთაურობით დაიწყება ოპერაცია „გრიგალი“. ორკვირიანი ბრძოლის შედეგად დაიღუპება 2 652 უნგრელი და 640 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე (19 226 უნგრელი და 1 251 საბჭოთა სამხედრო დაიჭრება).

მიუხედავად იმისა, რომ 1956 წლის ოქტომბრის ბოლოს ლონდონი და პარიზი ეგვიპტეს დაესხმებიან თავს, ბუდაპეშტის რევოლუციას მძლავრი ექო ექნება დასავლეთის საზოგადოებაში. 7 ნოემბერს პარიზელი სტუდენტები შევარდებიან საფრანგეთის კომუნისტური პარტიის შტაბბინაში და ცეცხლს წაუკიდებენ მას. შეტაკებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპება და 70 დაშავდება. ფრანგი კომუნისტები სახალხოდ დაიწყებენ პარტბილეთების დახევას. ამის შემყურე იშტვან ბიბო დაწერს, რომ კრემლმა უნგრული რევოლუციის სისხლში ჩახშობით სავარაუდოდ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ევროკომუნიზმს. 65 წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ იშტვან ბიბო არც ისე შორს იყო სიმართლისგან.

დაბოლოს, როგორც ინგლისელები იტყოდნენ, last but not least: თბილისსა და ბუდაპეშტში განვითარებულ მოვლენებამდე ერთი საუკუნით ადრე საფრანგეთის სახელმწიფო გადატრიალების შემყურე კარლ მარქსი დაწერს, ერთი და იგივე მოვლენა ქვეყანას ჯერ ტრაგედიის და შემდეგ ფარსის სახით ევლინებაო. 1956 წელს ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბუდაპეშტში განვითარებული მოვლენების მოწმე რომ გამხდარიყო, ეს გერმანელი ფილოსოფოსი ალბათ დაწერდა, რომ ზოგჯერ პირიქითაც ხდება - მოვლენები ჯერ ფარსის, შემდეგ კი ტრაგედიის სახით ევლინება სამყაროს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG