Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რომ არა გასული კვირის ბოლოს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმა მინსკში, შეიძლება ითქვას, ევროკავშირს წელს ძლიერი ფორმით ეტყობოდა „ბელარუსით დაღლა“.

კავშირის აღმოსავლელი მეზობლის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგას ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიცია, ბრიუსელში აღარ იქცევს დიდ ყურადღებას - ის დაჩრდილა კორონავირუსის პანდემიამ, რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებამ და, სულ ახლახან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტმა. ასე იყო, სანამ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი ევროკავშირში რეგისტრირებულ თვითმფრინავს, რომელიც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის ასრულებდა რეისს, აიძულებდა მინსკში დამჯდარიყო, რათა ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრების შესაძლებლობა მისცემოდა.

ბელარუსი უცებ დაბრუნდა ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის. კავშირის ლიდერები ყოველ ღონეს ხმარობენ, ადეკვატური პასუხი გასცენ ამას 24 მაისის შეხვედრაზე. და მათი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ბრიუსელის რეაქცია უფრო მეტი იქნება, ვიდრე შეშფოთებისა და დაგმობის განცხადებები.

ევროკავშირის დეკლარაციაში, რომელსაც კავშირის 27-ვე წევრი აწერს ხელს, - რაც საკმაოდ იშვიათი მიღწევაა დღესდღეობით, ვინაიდან უკანასკნელ ხანებში განსაკუთრებით ბუდაპეშტის წყალობით დაიბლოკა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული უმეტესი საკითხი, - აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი იმსჯელებს ამ მოქმედების შედეგებზე, მათ შორის პასუხისმგებელთა წინააღმდეგ ზომების მიღებაზე.“ სხვა მხრივ ძალზე თავშეკავებულმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კვირას საღამოს ტვიტერში დაწერა, რომ „ბელარუსის აღმაშფოთებელი და უკანონო საქციელს შედეგები მოჰყვება“. მან დასძინა, რომ „Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

რა ზომებს შეიძლება მოველოდეთ ბრიუსელისგან? თითქმის უეჭველია, ეს იქნება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიმართ მოწოდება, ჩატარდეს გამოძიება. ასევე განიხილავენ ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia-სთვის ევროკავშირის აეროპორტებში დაჯდომის აკრძალვას და ევროკავშირის ავიაკომპანიებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვას.

არის იმის ნიშნები, რომ ეს ზომები შეიძლება შედარებით სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ, ცხადია, მათ ყველაზე დიდი ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნები, კოორდინირებულად იმოქმედებენ.

არის ასევე წინადადებები, შეწყდეს ბელარუსიდან ევროკავშირში ტრანზიტი, მათ შორის სახმელეთო ტრანზიტი, თუმცა ჯერ არ არის ცხადი, დათანხმდებიან თუ არა ამას ეკონომიკური შედეგების გამო ისეთი მეზობელი სახელმწიფოები, როგორიცაა პოლონეთი.

ცხადია, ჩნდება კითხვა, დაბლოკავენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხებს, რომელთა მიღების უფლებაც აქვს მინსკს კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად.

გარდა ამისა, არის ტრადიციული სანქციებიც როგორც იურიდიული, ისე კერძო პირების მიმართ, ასევე შესაძლო ეკონომიკური სანქციები. დემონსტრანტების დარბევის შემდეგ, რაც გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა აგვისტოში, ევროკავშირმა 2020 წლის შემოდგომაზე სამ რაუნდად გაუყინა აქტივები და ვიზები შეუჩერა საერთო ჯამში 88 პირს და 7 იურიდიულ პირს, მათ შორის თავად ალიაქსანდრ ლუკაშენკასაც.

სანქციების მეოთხე პაკეტზე წლის დამდეგიდან მუშაობენ და ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 21 ივნისის შეხვედრამდე ან მის შემდეგ გამოქვეყნდება. მაგრამ ამ პაკეტზე მუშაობა საკმაოდ კარგად ნათელყოფს ბრიუსელში ზემოხსენებულ „ბელარუსით დაღლას“.

მასზე მუშაობა თებერვალში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საქმე ძალიან ნელა წარიმართა. ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი, საგარეო მოქმედების სამსახური (EEAS) ფეხს ითრევს სანქციათა პაკეტის ინიცირებაში და აცხადებს, რომ ჩვეულებრივ ამას წევრი ქვეყნები აკეთებენ.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, ლიეტუვა, დიდი ხანია აცხადებენ, რომ ასეთი ინიციატივებით მხოლოდ ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები არ უნდა გამოდიოდნენ და რომ სხვებმაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. საბოლოოდ რამდენიმე კვირის წინ ცხრა ქვეყანამ წარმოადგინა სიები, რომლებიც შეიცავდა 70-მდე პირსა და ორგანიზაციას - ძირითადად ბელარუსის სასამართლო სექტორიდან. მაგრამ ისევ და ისევ - ძირითადად აღმოსავლელები აქტიურობდნენ. და, როგორც იტყობინებიან, ისევ და ისევ სია შემოკლდა, ვინაიდან ბრიუსელის შესაბამისმა ჯგუფებმა დაიწყეს მისი ანალიზი ლუკაშენკასთან ახლოს მდგომ ბიზნესმენებთან ერთად და ამოიღეს კონფიდენციალური ორგანიზაციები, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყანასთან. სიაში დიდი ალბათობით დარჩებიან ის ადამიანები, რომლებსაც სავარაუდოდ არ მოეპოვებათ ევროკავშირში საბანკო ანგარიშები და არც საბერძნეთის კუნძულებზე ან კოტ დ’აზურში იმოგზაურებდნენ. ასეთი მიდგომა სანქციების სამივე წინა რაუნდში შეინიშნებოდა.

ამიტომ შეიძლება გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლუკაშენკამ გაბედა იმის გაკეთება, რაც გააკეთა 23 მაისს. შარშანდელი მოპარული არჩევნებიდან მოყოლებული ის აგრძელებს ოპოზიციის შევიწროებას, რასაც ევროკავშირის მხრიდან არასაკმარისად მოჰყვება ნამდვილი მოქმედებები, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. როგორც ჩანს, მან კმაყოფილებით შენიშნა, რომ ბელარუსის თემას სერიოზულად არ განიხილავდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არცერთ წლევანდელ შეხვედრაზე და ის არც ევროკავშირის დღევანდელ შეხვედრაზე იქნებოდა წარმოდგენილი, რომ არა Ryanair-ის ინციდენტი.

ცხადია, ჩვენც „პივაზე ლაპარაკი“ გვირჩევნია, ყოფით კონფლიქტზე საუბარი... უფრო ზუსტად, არც ჩვენ გვინდა ეთნიკურ კონფლიქტისა და სიძულვილის ხსენება, როცა დმანისის კადრებს ვუყურებთ ისევე, როგორც არ გვინდა თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და რელიგიური შეუწყნარებლობა დავარქვათ მუსლიმური სალოცავების გამო მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებებს გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში... არ გვინდა ისევე, როგორც არ უნდა ტკივილებით გატანჯულ ავადმყოფს ექიმთან მისვლა, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება და მძიმე დიაგნოზის მოსმენა, არადა ჩვენი სახელმწიფო ავად არის და ამის არ/ვერ შემჩნევა, დანაშაული თუ არა, იმგვარი ირაციონალური საქციელი იქნება, რომელიც შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ქვეყანას.

დიახ, ჩვენ „პივაზე ლაპარაკი“ გვირჩევნია, რადგან გვეშინია თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს, რომლის მსგავსი 90-იან წლებში, დიდი ტკივილებითა და დანაკარგებით, გავიარეთ და, რომელიც ლამის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა.

დიახ, გვეშინია, თვალს ვერ ვუსწორებთ სინამდვილეს და ამიტომ გადავწყვიტეთ ერთგვარი ევფემიზმის სახით ნეიტრალური სიტყვა „ქაოსი“ დავარქვათ იმ აგრესიასა და სიძულვილს, რომელიც დმანისში ამოიფრქვა, უფრო ადრე ბუკნარში, მოხეში და ჩვენი სამშობლოს სხვა ნაკლებად გახმაურებულ გეოგრაფიულ წერტილებში.

თუ გავიხსენებთ, თავისი მასშტაბითა და უკონტროლო ძალადობით, ასეთივე „ქაოსი“ იყო 2013 წლის 17 მაისის დარბევა თბილისში, 2017 წლის 11-12 მარტის ე.წ. ერთღამიანი კრიზისი ბათუმში, 2019 წლის 21 წლის აპრილის „ქვებით ომი“ პანკისის ხეობაში ... - ყველა ეს ამბავი შემზარავია თავისი გამაოგნებელი მოულოდნელობითა და ძალადობის ესკალაციის თავბრუდამხვევი სიჩქარით, რაც, ბუნებრივია, გვაფიქრებინებს, რომ ვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საზოგადობის მხედველობისა თუ ყურადღების მიღმა იძაბებოდა და ცხელდებოდა. „შეუმჩნევლად და უხმაუროდ“ იმის გამო, რომ, ვისაც სათანადო პასუხისმგებლობა აკისრია, ვინც ვალდებულია შეამჩნიოს ამგვარი დესტრუქციული მუხტის ზრდა, ან არაფერს აკეთებდა ან სულ სხვა საქმით იყო დაკავებული, რაც, ცხადია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიწვევდა „ქაოსს“, „ქაოსი“ კი, სხვა არაფერია თუ არა, სიკვდილის სინონიმი, ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტების სიკვდილისა...

ფიზიკოსებიც გვეტყვიან, რომ ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემა დროთა განმავლობაში მიისწრაფვის ქაოსისაკენ ანუ დასასრულისკენ. დიახ, ეს სიცოცხლეს, წესრიგს სჭირდება უწყვეტი ზრუნვა, ენერგიის მიწოდება და ხარჯვა, სხვა შემთხვევაში გარდაუვალი ქაოსი - სიკვდილი დაისადგურებს...

დმანისში მომხდარი დაპირისპირება, რომელშიც ასობით გავეშებული ადამიანი (კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი) მონაწილეობდა, მართლა თავზარდამცემი იყო თავისი ინტენსივობითა და მოულოდნელობით, მაგრამ ამ მოულოდნელობასაც აქვს თავისი ახსნა. ეს მოულოდნელობა ძალიან ჰგავს იმავე ფიზიკის კანონების არმცოდნე იმ ადამიანის „სიბრმავეს“, რომელიც აკვირდება ამა თუ იმ მოვლენას ან ექსპერიმენტს, მაგრამ ვერ აუხსნია, რა და რატომ ხდება. მაგალითად, თუ ავიღებთ ქვას და დავიწყებთ მის გაცხელებას, პირველ ხანებში ამ ქვის ტემპერატურაც გაიზრდება, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ტემპერატურის ზრდა შეწყდება.

„კი, მაგრამ რაში იხარჯება ენერგია, რომელიც გადაეცემა ქვას?“ - იკითხავს ჩვენსავით გაოცებული დილეტანტი მაშინ, როცა ფიზიკოსმა იცის, რომ ეს ენერგია ხმარდება სხეულს - ქვის სტრუქტურის ნგრევას, შესაბამისად, არაფიზიკოსისაგან განსხვავებით, მას არ გაუკვირდება, როცა ქვა „მოულოდნელად“ ნამსხვრევების გროვად გადაიქცევა...

რაღაც მსგავსი ხდება ჩვენს საზოგადოებაშიც. ფიზიკური ცვლილებების დაწყებამდე, ვერაფერს ვერ ვხვდებით და ვერ ვამჩნევთ, ჩვენ მხოლოდ „სტრუქტურის რღვევაზე“ ვრეაგირებთ, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ან მასშტაბია გრანდიოზული ან როცა გვეხსნება ჭრილობები 90-იანი წლების ეთნოკონფლიქტების სახით. არადა, შედარებით ნაკლები მასშტაბის „რღვევები“ ლამის ყოველდღიურ ამბად გვექცა, რადგან ისეთი სისტემა ავაშენეთ, სადაც უმრავლესობა უიმედოდ ჩაგრავს ყველა სახის უმცირესობას, მდიდარი - ღარიბს, ძლიერი - სუსტს, ხელისუფლება - ოპოზიციას, პატრონიანი - უპატრონოს, კაცი - ქალს და ა.შ. - ყოველივე ეს კი აგროვებს იმ ენერგიას, რომელსაც მხოლოდ ჩვენნაირი „ბრმები“ ვერ ხედავენ და, რომელიც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაარღვევს ჩვენი სახელმწიფოს სხეულის სტრუქტურას ზემოთ ნახსენებ ქვასავით.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია არ დაგროვდეს! ეს ენერგია არც დაგროვდება სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მართლა ირჩევენ თვითმმართველობებს, სადაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ტარდება, სადაც მართლმსაჯულება დამოუკიდებელია, ხელისუფლება კი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული; სადაც პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს სახელმწიფო ინსტიტუტები მართავენ და არა არაუფლებამოსილი პირები; სადაც ყველა მოქალაქე ფორმალურად კი არა, მართლა თანასწორია, როგორც ეს კონსტიტუციაში გვიწერია და, სადაც სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი ქმედებაა საქართველოს ტერიტორიების დაყოფა „არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონებად“ და დანარჩენ საქართველოდ.

ვიდრე ასე არ იქნება, ყოველთვის დაგროვდება ენერგია, რომელიც აუცილებლად მოხმარდება სახელმწიფოს ნგრევას და, რომელსაც, ერთ საშინელ დღეს, ვერც ადგილობრივი ავტორიტეტები შეაჩერებენ და ვერც ამა თუ იმ კონფესიის წარმომადგენლები. პივაზეც, ცხადია, ვერ ვილაპარაკებთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG