Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც განსაკუთრებით მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ელიან. ანგარიშში დაწვრილებით იქნება აღწერილი ამ სამი ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები. წლის ბოლოს ევროკავშირის წევრებმა შეიძლება უკვე მიიღონ გადაწყვეტილება, შეეძლებათ თუ არა მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თუმცა, ამისათვის საჭიროა რომ ოცდაშვიდივე წევრმა კონსენსუსს მიაღწიონ, რაც მარტივი საქმე არ არის.

ევროკომისიამ გასულ ზაფხულს, თბილისის, კიევისა და კიშინიოვის განაცხადები საოცარი სისწრაფით განიხილა. პროცესი, რომელსაც, როგორც წესი წელიწადზე ბევრად მეტი ჭირდება, სამ თვეში ჩატარდა. ამის გამო, ევროკომისიამ ივნისში ყურადღება მხოლოდ გაწევრიანების პოლიტიკურ კრიტერიუმებზე გაამახვილა. ამ იანვარს კი გამოქვეყნდება შეფასების მეორე ნაწილი, რომელიც გაცილებით მეტად უღრმავდება ტექნიკურ დეტალებს. აქ მიმოხილული იქნება, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობას ყველა სფეროში - მეცნიერებიდან დაწყებული გარემოს დაცვითა და საგარეო და უშიშროების პოლიტიკით დამთავრებული.

მე ვნახე ამ სამი ქვეყნის შეფასებების პირველი ვერსიები. თითოეული მათგანი 50 გვერდს აღემატება. მათში ბრიუსელი აღწერს, თუ რა აქვთ გასაკეთებელი თბილისს, კიევსა და კიშინიოვს 32 სფეროში, რომლებსაც ევროკავშირი „თავებს“ უწოდებს. თითოეული ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი სკალა: ადრეული ეტაპი; მომზადების გარკვეული დონე; საშუალოდ მომზადებული; მომზადების კარგი დონე; და კარგად განვითარებული.

სწორედ ესენია ევროკავშირის გაფართოების ტექნიკური დეტალები. ყველაზე მეტი საქმე აქ არის გასაკეთებელი მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატის პოლიტიკურად სიმბოლურ სტატუსს იღებს. ბევრი კანდიდატი ქვეყანა სწორედ ამ ეტაპზე „იჭედება“ - მონტენეგრომ და სერბეთმა, მაგალითად, წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თავის „დახურვა“ (ანუ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა) მოახერხეს.

თუ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს სურთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანება, მათ ეს დოკუმენტი კარგად უნდა წაიკითხონ. ამ ეტაპზე ენთუზიაზმი საკმარისი აღარ არის და უამრავი კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი.

სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვასა აქვს გასაწევი - სფეროების უმეტესობა, ევროკომისიის შეფასებით, „ადრეულ ეტაპზეა“, დანარჩენი კი „მომზადების გარკვეულ დონეზე“. ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით მესაუბრა მითხრა, რომ ეს გამოწვეულია მოლდოვის წინა მთავრობების უმოქმედობით.

უკრაინაში, ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საჯარო შესყიდვების კონტროლის გარემო რთული და სუსტია“, ასევე „არ არსებობს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი.“ ევროკომისია იმასაც მოითხოვს, რომ ქვეყანამ შექმნას და მართოს ფლოტის რეესტრი და მეთევზეთა მონაცემების შეგროვების ჩარჩო.

არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის ძლიერ მხარედ დასახელებულია საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა - ამ პუნქტებში ქვეყანამ „მომზადების კარგი დონე“ დაიმსახურა. კიევი „საშუალოდაა მომზადებული“ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა საბაჟო, ენერგეტიკა და მედია.

ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია. ბევრგან, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში მას „საშუალოდ მომზადებულად“ აფასებენ. თუმცა, საქართველო ჩამორჩება სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ვიტალი შარია
ვიტალი შარია

14 დეკემბერს 30 წელი გავიდა ლათის ტრაგედიიდან. ხსოვნის დღეზე აფხაზეთის ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მეთაურობით, ყვავილებით შეამკო გუდაუთაში მდებარე დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. ხსოვნის აქცია გაიმართა ასევე სოხუმის საბრძოლო დიდები მუზეუმში.

ამ ტრაგედიის თაობაზე ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ სტატიას ნეიტრალური სათაური აქვს: „მი-8-ის ავიაკატასტროფა სოფელ ლათის მახლობლად“. შემდეგ კი ნათქვამია: „1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის დროს, 1992 წლის 14 დეკემბერს განადგურდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომელიც აფხაზეთის ალყაშემორტყმული ქალაქ ტყვარჩელიდან ჰუმანიტარულ რეისს ასრულებდა ქალაქ გუდაუთის მიმართულებით. დაიღუპა შვეულმფრენში მყოფი ყველა ადამიანი; სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ცნობით, 81-დან 87-ადამიანი, რომელთა შორის ბევრი იყო ალყაშემორტყმული ქალაქიდან ევაკუირებული ქალი (მათ შორის 8 ფეხმძიმე) და 35 ბავშვი. ამ შემთხვევას ხშირად უწოდებენ ლათის ტრაგედიას. დაღუპულები გუდაუთაში არიან დაკრძალულნი“.

აი, რას წერენ ამ ტრაგედიის შესახებ აფხაზეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი მი-8 ტიპის შვეულმფრენი, რომელშიც დევნილები იმყოფებოდნენ, ჰუმანიტარული მისიის შესასრულებლად 1992 წლის 14 დეკემბერს ტყვარჩელიდან გუდაუთისკენ გაფრინდა. 17:30 საათზე, აფრენიდან 12 წუთში ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე, სათავეში მყოფ წინამავალ შვეულმფრენს საბორტო ნომრით „03“, „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა მოხვდა. რაკეტა გაისროლეს საქართველოს სახელმწიფო ჯარების კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიიდან. შვეულმფრენი გულრიფშის რაიონის სოფელ ლათის ტერიტორიაზე ჩავარდა. დაიღუპა შვეულმფრენში მყოფი ყველა, 87-ვე ადამიანი, მათ შორის 38 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი. შვეულმფრენით მათთან ერთად ასევე მიფრინავდა 12 მებრძოლი, მათ შორის ვლადიმირ ანცუპოვი და ასლან ზანთარია - ცნობილი აფხაზი საველე მეთაურები, რომლებიც სიკვდილის შემდგომ „აფხაზეთის გმირის“ წოდებით დააჯილდოვეს“.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:31 0:00
გადმოწერა

კარგად მახსოვს ის შავი დღე, როდესაც მოვიდა ცნობა შვეულმფრენში ცოცხლად დამწვართა შესახებ, ვესწრებოდი დაღუპულთა ათეულობით კუბოს დაკრძალვასაც გუდაუთის პარკში. პატარა აფხაზეთში ძნელია მოძებნო ადამიანი, რომელსაც იმ შვეულმფრენში არ ჰყავდა ახლობელი, თუ შორეული ნათესავი, ან ახლო, თუ შორეული ნაცნობი. შოკურ მდგომარეობას, რომელშიც აფხაზეთის საზოგადოება აღმოჩნდა, ემატებოდა რისხვა გამოწვეული ქართული მხარის კატეგორიული უარით, ეღიარებინა საკუთარი პასუხისმგებლობა შვეულმფრენის, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების დაღუპვაზე.

ჩვენ ვუყურებდით რუსეთის ტელეარხების გადაცემებს, რომლებიც საინფორმაციო პროგრამებში იმ დღეებში მუდმივად უთმობდნენ ადგილს ამ თემას და განცვიფრებული იყვნენ იმით, თუ როგორ უარყოფდნენ ერთმანეთის მიყოლებით საქართველოს წარმომადგენლები, ჩვენი შეფასებით, ერთი შეხედვით აშკარა ფაქტს. ჯერ ამტკიცებდნენ, რომ შვეულმფრენი გადატვირთვის შედეგად ჩამოვარდაო, შემდეგ, როდესაც რაკეტის ნასამხრევი იპოვეს, კიდევ რაღაცას... ერთადერთი გონივრული განმარტება, რასაც ჩვენ ამ სიჯიუტეს ვუძებნიდით, ის იყო, რომ მსოფლიო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯისათვის რაღაც ძალიან წამგებიანი იყო ამ ფაქტის აღიარება, ამიტომაც გადაწყვიტეს კიდეც შეწინააღმდეგებოდნენ მას, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ... მაგრამ ადრე თუ გვიან, ამის გაკეთება მოუწევთ და მაშინ „მათ“ კიდევ უფრო შერცხვებათო, - ამბობდნენ აფხაზეთის საზოგადოებაში...

და რაოდენი იყო ჩემი განცვიფრება, როდესაც ერთი წლის წინ, ლათის ტრაგედიის მორიგ წლისთავზე რუსი ბლოგერის სტატიის განხილვაზე, რომელშიც რუსი, აფხაზი და ქართველი კომენტატორები მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელების მხრიდან კვლავ გაისმა 30 წლის წინანდელი მოსაზრება: „და ვინ დაამტკიცა აქ, რომ [შვეულმფრენს] ქართველმა სამხედროებმა ესროლეს?“

ამის წაკითხვის შემდეგ რისხვისგან ავდუღდი: „აბა, რა ვუყოთ მაშინ 2010 წლის 14 დეკემბერს „ეხო კავკაზას“ თბილისელი კორესპონდენტის, ნონა სუვარიანის მიერ ირაკლი ცქიტიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს?"

ბევრი არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ შევახსენოთ ჩვენს აუდიტორიას ნონა სუვარიანის ეს ინტერვიუ. 12 წლის წინ იგი ჰყვებოდა, რომ ირაკლი ცქიტიშვილი 1992 წლის 14 დეკემბერს, თავის 23-ე ბრიგადასთან ერთად, აფხაზეთში იმყოფებოდა. ვინაიდან ის თავის ბრიგადაში კავშირის უზრუნველყოფით იყო დაკავებული, მომხდარის შემდეგ, მან პირველმა შეიტყო ქართული მხარის მიერ შვეულმფრენის ჩამოგდების შესახებ.

„საკუთარ თავზე გვქონდა სიბრაზე, რადგან, წარმოიდგინეთ, რომ აგდებ სამხედრო შვეულმფრენს და უცებ აღმოჩნდება, რომ მასში ძალიან ბევრი ქალი და ბავშვია. ეს არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი, ვინც იქ იყო, ან მათი ნათესავების, არამედ ეს არის იმათი ტრაგედიაც, ვინც ამას არ ელოდა“.

როგორც ვხედავთ, აქ პირდაპირ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გასროლაზე ცქიტიშვილია პასუხისმგებელი. „დაკავებული იყო კავშირით“, - ეს ძალიან ზოგადია.

მაგრამ ჩემზე მაშინ უფრო დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ ქართული მხარის წარმომადგენლის მიერ პირველად მოვისმინე აღიარება: „დიახ, ეს ჩვენ ჩამოვაგდეთ“.

მაგრამ მოგვიანებით აუჩქარებლად გავაანალიზე მოცემული ტექსტი და დავასკვენი, რომ ცქიტიშვილი, ალბათ, ვერ გაბედავდა ამ ინტერვიუს მიცემას და მას თანამებრძოლები არ მისცემდნენ მასზე თანხმობას, მას შემდეგი მიზანი რომ არ ჰქონოდა.

ირაკლი ცქიტიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ მაშინ ქართული მხარე შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული მიზნით. შეუგდეს ყალბი ინფორმაცია იმაზე, რომ ეს სამხედრო შვეულმფრენი სამხედრო ოპერაციისათვის, ექსტრემისტი მებრძოლების გადასაყვანად იყო განკუთვნილი.

და ქართული მხარეც, თითქოს, ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული, და არც დაზვერვამ იცოდა, რომ მასში ქალები და ბავშვები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

ირაკლის მიერ გამოთქმული ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო „აფხაზ ექსტრემისტებს“ შორის საქმის გარჩევის შედეგი, და ერთმა მათგანმა „ღია ეთერით გადასცა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ჩვენებმა გადაიტაცეს“.

მეორე ვერსიით აფხაზეთში რუსეთის ჯარების წარმომადგენლებმა „ეს ინფორმაცია უბრალოდ გადასცეს ჩვენს სარდლობას. როგორც ჩანს, სურდათ, ამ ტრაგედიის გამოწვევა. ეს შესაძლოა ყოფილიყო იმათ ინტერესში, ვისაც კიდევ უფრო მეტად სურდა ამ კონფლიქტის გაღვივება. რადგან, როცა ქალებს და ბავშვებს ხოცავ, მეორე მხარის რისხვა უკვე უსაზღვრო ხდება. სამხედრო თვალსაზრისით, ქართულ მხარეს არ სჭირდებოდა ქალებისა და ბავშვების დახოცვა. შვეულმფრენის ამ ჩამოგდებამ კატალიზატორის როლი ითამაშა ამ ომში და კონფლიქტის შეჩერება უკვე ძალიან ძნელი გახდა“.

ახლა ვერ ვხედავ აზრს ჩავეძიო იმის გარკვევას, თუ რამდენად სჯეროდა თავად ცქიტიშვილს თავისივე ნათქვამისა. მაგრამ იბადება რამდენიმე კანონზომიერ კითხვა. რატომ დასჭირდათ ამდენი ხანი ფიქრი თბილისში, ამ ვერსიების წამოყენებამდე და რატომ უარყოფდნენ თავიდან ყველაფერს გადაჭრით? განა, ცინიკურად არ ჟღერს ვერსია, რომ თითქოს თავად აფხაზებმა დახოცეს თავიანთი ქალები და ბავშვები? როგორც იტყვიან, ეს უკვე ცინიზმის მწვერვალია. გარდა ამისა, უკვე 12 წლის წინათაც კი ძალიან ხელსაყრელი იყო ვერსია იმის თაობაზე, რომ „ეს ყველაფერი რუსეთმა მოაწყო“...

ის, რომ ლათის ტრაგედიას არ შეეძლო, არ გაესასტიკებინა აფხაზეთის თავისუფლებისათვის მებრძოლი აფხაზების გულები, ამას აფხაზეთის მხარეზეც ყოველთვის ამბობდნენ. დიახ, ეს იყო „ყველაზე საშინელი დღე“ თანამედროვე აფხაზეთის ისტორიაში... მაგრამ უცნაურია ამის საფუძველზე გაკეთებული დასკვნა, თითოს ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, აფხაზეთის მხარე წავიდოდა რაიმე „კომპრომისზე“ და უარს იტყოდა თავისი დედაქალაქისა და საქართველოს სახელმწიფო ჯარების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სხვა ტერიტორიების გათავისუფლების მცდელობაზე.

არადა, თითქოსდა რა იოლია მოინანიო და თქვა: „დიახ, ეს ჩვენი მხრიდან დაშვებული საშინელი, საზარელი შეცდომა იყო!“ მხოლოდ ეს, სულ ეს! მაგრამ ოფიციალური თბილისის მხრიდან ამ 30 წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი აღიარება არ გვღირსებია!

სრული ტექსტი გამოქვეყნებულია აქ

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

კითხვა, რატომ არცერთმა ხელისუფლებამ არ გამოიძია ლათაში ვერტმფრენის ჩამოგდების საქმე, რადიო თავისუფლებამ, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს დაუსვა.
ლათის ტრაგედია, ეს მართლაც იყო საშინელი ტრაგედია და იგი გამოძიებული უნდა იქნეს ქართული მხარის მიერ და ყველა შეკითხვაზე უნდა იქნეს პასუხი გაცემული, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომელიც 2012-იდან 2016 წლამდე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ჯერ რეინტეგრაციის (2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე), შემდეგ კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში (2014 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე).
პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი
„ორი ვერტმფრენი აფრინდა მაშინ ტყვარჩელიდან გუდაუთის მიმართულებით და აქედან ერთი იქნა ჩამოგდებული. და ამ ერთში დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების გარდა, იყო ასევე 12-მდე „ბოევიკი“, როგორც თავად აფხაზები ამბობენ, მათ შორის ანცუპოვი და კიდევ ორი-სამი ცნობილი ადამიანი. ანუ, ვიღაცამ ტყვარჩელიდან, ეს ინფორმაცია მიაწოდა ვიღაცას, რომელმაც გასცა ამ შვეულმფრენის ჩამოგდების ბრძანება. ქართულ მხარეს პირდაპირ ვერ დავადებ ხელს, სანამ გამოძიება არ ჩატარებულა. ანუ, ვიღაცამ გასცა ამ მგზავრების სია. იმიტომ, რომ ჩამოგდებული იქნა სწორედ ის შვეულმფრენი, რომელშიც „ბოევიკები“ იყვნენ. მეორეში არ იყვნენ „ბოევიკები“. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო შემზარავი ტრაგედია და არავითარი გამართლება და ახსნა მას არ აქვს. მე ჟურნალისტებს ყოველთვის ვთხოვდი, დაესვათ შეკითხვა ამ დღეზე და ვამბობდი, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია. სამწუხაროდ, იგი გამოძიებული არაა. მე ვთვლი, რომ ქართულ მხარეს აქვს იგი გამოსაძიებელი და თუ მართალია, უნდა დაადასტუროს და გამოძიებას ხელი არ უნდა შეუშალოს. და თუ მართალი არაა და ქართული მხარის მიმართ არსებობს კითხვები, ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუ ჩვენ გვინდა შერიგება აფხაზეთთან, ასეთი თემების გარეშე ჩვენ ვერ გადავლახავთ ამ გაუცხოებას. ეს, პირველ რიგში, არის ლათის ტრაგედია. როგორც არ უნდა დავმალოთ ფაქტები, ადრე თუ გვიან, ჩვენ შერიგების კონტექსტში აფხაზებთან მოგვიწევს საუბარი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა ზაქარეიშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG