Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

2022 წელს ევროკავშირმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს მიანიჭა „ევროპული პერსპექტივა“ - ბრიუსელის აღიარება, რომ ეს ტრიო ერთ დღეს შესაძლოა, კლუბის წევრი გახდეს. მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსიც მიიღეს, საქართველომ კი - პოტენციური კანდიდატისა. ევროკავშირისათვის ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

შარშანდელი პოზიტიური განწყობა შესაძლოა, წელსაც შენარჩუნდეს. ბრიუსელისთვის გაფართოების პროცესი - ისევე, როგორც სხვა ყველაფერიც - პოლიტიკის საკითხია და ამჟამად ევროკავშირის ბევრი წევრი უჭერს მხარს ამ ქვეყნების, განსაკუთრებით კი უკრაინის განაცხადს.

შესაბამისად, გასაკვირი არ იქნება, თუ ევროკომისიის შუალედური შეფასება, რომელიც გაზაფხულზე გაკეთდება, პოზიტიური იყოს და თავად გაფართოების ანგარიშიც, რომელიც შემოდგომაზე გამოქვეყნდება, წამახალისებელი აღმოჩნდეს. სხვა საკითხია, თუ რამდენად საკმარისი შეიძლება იყოს ევროკომისიის რეკომენდაცია კიევისა და კიშინიოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის - კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამის განხილვა ჯერ ნაადრევია. თან, საბოლოოდ, ამ ნაბიჯის გადასადგმელად ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა იქნება საჭირო. რთული საქმეა, მაგრამ ახლა ევროპაში პოლიტიკური ვითარება უსწრაფესად იცვლება და გამორიცხული არაფერია.

აი, რაც გამორიცხული ჩანს, ეს იმ იმედების ასრულებაა, რომლებიც ზოგს აქვს ამ სამ ქვეყანაში - რომ შესაძლებელია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის 5-იდან 10 წლამდე ვადაში მიღწევა. ამის დასამტკიცებლად კი საკმარისია, გადავხედოთ ამ ტრიოსთან დაკავშირებული ევროკომისიის ანგარიშის მეორე ნაწილს, რომელიც ოფიციალურად იანვარში გამოიცემა.

პირველი ნაწილი - პოლიტიკური კრიტერიუმები - ივნისში გამოქვეყნდა და მას თან ახლდა სხვადასხვა რეკომენდაცია. იანვრის ნაწილი კი უფრო ბიუროკრატიული დეტალებია. თავისი არსით ეს არის ერთგვარი „საშინაო დავალება“, რომელიც ამ ქვეყნებმა უნდა შეასრულონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ესაა ის რეალური და რთული სამუშაო, რომლის გაკეთებაც ტრიოს მოუწევს მას შემდეგ, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.

ეს ანგარიში, რომლის პირველ ვარიანტსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, დეტალურად განიხილავს პოლიტიკის 32 სფეროს, რომლებსაც ევროკავშირში „თავებს“ უწოდებენ და აღწერს, თუ რამდენად შეესაბამება ამ მიმართულებებით ქვეყნების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებს. თითოეული სფერო ხუთპუნქტიანი სკალით ფასდება. ესენია: „მზაობის ადრეული ეტაპი“, „მზაობის გარკვეული დონე“, „მზაობის საშუალო დონე“, „მზაობის კარგი დონე“ და „კარგად განვითარებული“.

ანგარიში, როგორც ბრიუსელში სჩვევიათ, ძალიან მშრალია, თუმცა ბევრ მნიშვნელოვან დეტალს შეიცავს. აი, გამომაფხიზლებელი მაგალითი - ამ სამი ქვეყნიდან არც ერთს აქვს „კარგად განვითარებულის“ შეფასება 32-იდან რომელიმე თავში. მეორე ყველაზე კარგი შეფასება - „მზაობის კარგი დონე“ - უკრაინას მხოლოდ ორ თავში აქვს მიღებული (ორივე საგარეო პოლიტიკასთან არის კავშირში), საქართველოსა და მოლდოვას კი - თითო-თითო სფეროში.

უკრაინის თავების უმეტესობა შეფასებულია ქვემოდან მეორე კატეგორიით - „მზაობის გარკვეული დონე“. მოლდოვას საქმე კიდევ უარესად აქვს - 16 სფერო შეფასებულია ყველაზე დაბალი კატეგორიით - „მზაობის ადრეული ეტაპით.“ საქართველოს, რომელსაც წინა ორისგან განსხვავებით კანდიდატის სტატუსი არ გააჩნია, როგორც ჩანს, ყველაზე კარგი შედეგი აქვს. 8 თავია შეფასებული „მზაობის საშუალო დონის“ კატეგორიით.

ეს ვითარება იოლი ასახსნელია. საქართველოს კარგი შედეგები აქვს ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში - თბილისის ყველა მთავრობა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა ეკონომიკა დასავლეთთან დაეკავშირებინა. მოლდოვისა და უკრაინის ვითარება კი წარსულში ხშირად განსხვავდებოდა. საქართველოს კარგი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული აპარატი გააჩნია - მოლდოვას კი ამ მხრივ გაცილებით უარესი ვითარება აქვს.

თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ეს ანგარიშის მხოლოდ მეორე ნაწილია. პირველ ნაწილში, რომელიც სამართალსა და ადამიანის უფლებებს შეეხებოდა, საქართველო მესამე ადგილზეა. ამ საკითხებს კი ბრიუსელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მართალია, თბილისს ევროკავშირთან თავსებადობის კარგი ხარისხი აქვს ბევრ სფეროში, მაგრამ, საერთო ჯამში, ბრიუსელისკენ მიმავალ გრძელ გზაზე ის მაინც მესამე ადგილზეა.

ეს გზა კი მართლაც ძალიან გრძელი იქნება. ამჟამად კიევისა და კიშინიოვის პარლამენტებსა და მთავრობებს უდიდესი პოლიტიკური ნება აქვთ ევროკავშირის სტილის კანონმდებლობის მისაღებად, მაგრამ მოლაპარაკებების ამ თავების გასახსნელად და შემდეგ დასახურად წლების საქმეა გასაკეთებელი. ეს საქმე საჭიროებს უზარმაზარ ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, პოლიტიკურ გამძლეობას და მოქნილობას რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ყოველთვის პოპულარული ვერ იქნება.

ვერც იმის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, რომ ევროკავშირის წევრებს ენთუზიაზმი გაუქრეთ. ამ თავების გასახსნელად და დასახურად თითოეული მათგანის თანხმობაა საჭირო, ქვეყნებს კი ხშირად შიდა აუდიტორია და პოლიტიკური რეიტინგები უფრო ადარდებთ, ვიდრე რეალური ვითარება კანდიდატ ქვეყნებში.

2022 წელი ევროკავშირის გაფართოებისთვის ოქროს წელი იყო. 2023-იც შესაძლოა, ამ მხრივ კარგი აღმოჩნდეს, მაგრამ წინ მიმავალი გზა დაბრკოლებებითაა სავსე და გაფართოების ეს მთელი პროცესიც რაღაც დროს გაჩერდება. ამის დასადასტურებლად საკმარისია, შევხედოთ მონტენეგროსა და სერბეთს, რომლებიც ამ გზას ათი წელია ადგანან. ამ ხნის განმავლობაში მათ მხოლოდ რამდენიმე თავის დახურვა შეძლეს და არაერთხელ დაკარგეს გეზი კლუბისკენ მიმავალ გზაზე.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც განსაკუთრებით მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ელიან. ანგარიშში დაწვრილებით იქნება აღწერილი ამ სამი ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები. წლის ბოლოს ევროკავშირის წევრებმა შეიძლება უკვე მიიღონ გადაწყვეტილება, შეეძლებათ თუ არა მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება და მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თუმცა, ამისათვის საჭიროა რომ ოცდაშვიდივე წევრმა კონსენსუსს მიაღწიონ, რაც მარტივი საქმე არ არის.

ევროკომისიამ გასულ ზაფხულს, თბილისის, კიევისა და კიშინიოვის განაცხადები საოცარი სისწრაფით განიხილა. პროცესი, რომელსაც, როგორც წესი წელიწადზე ბევრად მეტი ჭირდება, სამ თვეში ჩატარდა. ამის გამო, ევროკომისიამ ივნისში ყურადღება მხოლოდ გაწევრიანების პოლიტიკურ კრიტერიუმებზე გაამახვილა. ამ იანვარს კი გამოქვეყნდება შეფასების მეორე ნაწილი, რომელიც გაცილებით მეტად უღრმავდება ტექნიკურ დეტალებს. აქ მიმოხილული იქნება, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული ქვეყანა ევროკავშირის კანონმდებლობას ყველა სფეროში - მეცნიერებიდან დაწყებული გარემოს დაცვითა და საგარეო და უშიშროების პოლიტიკით დამთავრებული.

მე ვნახე ამ სამი ქვეყნის შეფასებების პირველი ვერსიები. თითოეული მათგანი 50 გვერდს აღემატება. მათში ბრიუსელი აღწერს, თუ რა აქვთ გასაკეთებელი თბილისს, კიევსა და კიშინიოვს 32 სფეროში, რომლებსაც ევროკავშირი „თავებს“ უწოდებს. თითოეული ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი სკალა: ადრეული ეტაპი; მომზადების გარკვეული დონე; საშუალოდ მომზადებული; მომზადების კარგი დონე; და კარგად განვითარებული.

სწორედ ესენია ევროკავშირის გაფართოების ტექნიკური დეტალები. ყველაზე მეტი საქმე აქ არის გასაკეთებელი მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატის პოლიტიკურად სიმბოლურ სტატუსს იღებს. ბევრი კანდიდატი ქვეყანა სწორედ ამ ეტაპზე „იჭედება“ - მონტენეგრომ და სერბეთმა, მაგალითად, წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თავის „დახურვა“ (ანუ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა) მოახერხეს.

თუ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს სურთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანება, მათ ეს დოკუმენტი კარგად უნდა წაიკითხონ. ამ ეტაპზე ენთუზიაზმი საკმარისი აღარ არის და უამრავი კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი.

სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვასა აქვს გასაწევი - სფეროების უმეტესობა, ევროკომისიის შეფასებით, „ადრეულ ეტაპზეა“, დანარჩენი კი „მომზადების გარკვეულ დონეზე“. ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით მესაუბრა მითხრა, რომ ეს გამოწვეულია მოლდოვის წინა მთავრობების უმოქმედობით.

უკრაინაში, ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საჯარო შესყიდვების კონტროლის გარემო რთული და სუსტია“, ასევე „არ არსებობს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი.“ ევროკომისია იმასაც მოითხოვს, რომ ქვეყანამ შექმნას და მართოს ფლოტის რეესტრი და მეთევზეთა მონაცემების შეგროვების ჩარჩო.

არ არის გასაკვირი, რომ უკრაინის ძლიერ მხარედ დასახელებულია საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა - ამ პუნქტებში ქვეყანამ „მომზადების კარგი დონე“ დაიმსახურა. კიევი „საშუალოდაა მომზადებული“ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა საბაჟო, ენერგეტიკა და მედია.

ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია. ბევრგან, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროებში მას „საშუალოდ მომზადებულად“ აფასებენ. თუმცა, საქართველო ჩამორჩება სამართლის, ინტელექტუალური საკუთრებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG