Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

გასულ კვირას გერმანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - არა მხოლოდ ნება დაერთოთ სხვა ქვეყნებისთვის, რომ გერმანიაში დამზადებული Leopard 2-ები გაეგზავნათ უკრაინისათვის, არამედ თავადაც გაეგზავნათ ეს ტანკები კიევისთვის - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო წარმატებისათვის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს პრესტიჟისთვისაც.

ევროკავშირის ოფიციალური პირები, ვისაც მე ვესაუბრე, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ იმასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გერმანიის განცხადების შემდეგ მალევე აშშ-მაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ M1 Abrams-ის ტანკები გაეგზავნა უკრაინაში.

ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება უმტკიცებს უკრაინასაც და მსოფლიოსაც, რომ დასავლეთი ერთიანია. ალიანსში გაჩენილი ბზარები - დროებით მაინც - ამოქოლილია.

„ლეოპარდების“ გაგზავნის შესახებ განხილვა სერიოზულად დაიწყო 11 იანვარს, როდესაც ლვოვში ერთმანეთს ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინას პოლონეთის „ლეოპარდების“ გადაცემა აღუთქვა. ამას მოჰყვა ვარშავისა და ბერლინის დისკუსია. გერმანია ყოყმანებდა - აცხადებდა, რომ ოფიციალური წერილი არ მიუღიათ და პოლონეთსაც არ შეუკრავს ალიანსი ამ ტანკების მქონე სხვა ქვეყნებთან - ფინეთთან, ესპანეთთან და ნორვეგიასთან. ამას კი პოლონეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა - ხშირად საჯაროც.

ევროკავშირის ყველა ოფიციალური პირი, ვისაც კი ანონიმურობის დაცვის პირობით ველაპარაკე ამბობს - ვარშავამ ძალიან კარგად იცოდა, რომ გერმანია ყოყმანს დაიწყებდაო. პოლონელებმა ასევე იცოდნენ, რომ ზეწოლის შემდეგ ისინი პოზიციას შეიცვლიდნენ. გერმანიის მმართველი კოალიცია ამ საკითხზე გაყოფილია - „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ტანკების გადაცემას ემხრობოდნენ. სკეპტიკურად კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო განწყობილი.

ჩემი წყაროები იმასაც იხსენებენ, რომ გერმანია ფეხს შარშანაც ითრევდა - რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვისა და რუსული მედია კომპანიების სანქცირებასთან დაკავშირებით. შემდეგ კი ამის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. პოლონელებს კი, უკრაინის დახმარებასთან ერთად შიდა-პოლიტიკური მოტივებიც ამოძრავებთ - არჩევნები მოდის და ვარშავაში ბერლინის ლანძღვა პოპულარულია.

თუმცა, გერმანიის დასარწმუნებლად საკმარისი არ იყო ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ზეწოლა და ბრიტანეთის გადაწყვეტილება, თავიანთი Challenger 2 ტანკები გაეგზავნათ უკრაინაში. საბოლოო არგუმენტი აშშ-ის პირობა გახდა, რომ კიევს ისინი თავიანთ ტანკებსაც გაუგზავნიდნენ.

აშშ-ის ოფიციალური პირები მანამდე აცხადებდნენ, რომ „აბრამსების“ უკრაინისათვის გადაცემას აზრი არ ჰქონდა - ამას დიდი ხანი დასჭირდებოდა და თან ეს ტანკები ბევრ საწვავს მოიხმარენ. დიპლომატები, რომლებსაც მე ვესაუბრე აღნიშნავდნენ შოლცის წვლილს ვაშინგტონის დარწმუნებაში.

საბოლოოდ, ტანკებთან დაკავშირებული დისკუსია აჩვენებს, რომ „ევროპის სტრატეგიული ავტონომიის“ იდეა - ფრანგულ პოლიტიკაში პოპულარული ტერმინი - მკვდარია. ახლა აღარავინ ამტკიცებს, რომ ევროპამ სამხედრო საკითხებში გადაწყვეტილებები მარტომ, აშშ-ის დახმარების გარეშე უნდა მიიღოს.

ახლა უკრაინის დასავლეთი მეკავშირეების წინაშე ახალი სადისკუსიო საკითხი დადგება. ამჯერად საქმე ტანკებს კი არა, თვითმფრინავებს შეეხება.

ანასტასია გუბანოვა. გიორგი გვახარია
ანასტასია გუბანოვა. გიორგი გვახარია

ეთერ თუთბერიძის „ბროლი“ - ტრიუმფი და იზოლაცია

წლის დასაწყისში რუსულმა მედიამ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც ჩვენში თითქოს არავინ მიაქცია ყურადღება; რუსული წყვილი სპორტულ ცეკვებში, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი შემოდგომაზე საქართველოს სახელით გამოსვლას აპირებდნენ, თუმცა მოლაპარაკება გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალაო.

დიანა დევისი რუსეთის ნაკრების, შესაძლებელია, ნომერი პირველი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ოლიმპიადის წინ აქამდე ნაკლებად ცნობილი დუეტი დევისი-სმოლკინი ყველასთვის მოულოდნელად მეორე ადგილზე გადის რუსეთის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ ნაკრებში ირიცხება. არადა, სპორტულ ცეკვებში მოქმედებს ე.წ. „რიგის“ დაუწერელი კანონი - ზოგჯერ წლებია საჭირო იმისთვის, რომ ფიგურული სრიალის ამ კატეგორიაში წყვილმა ლიდერის პოზიცია დაიკავოს. თანაც ეს დუეტი არც კარგი ტექნიკით, არც სრიალის სტილით, არც არტისტულობით არ გამოირჩევა. ამიტომ დევისი-სმოლკინის წყვილის წარმატება თავად რუსეთშიც საქილიკო გახდა - საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ გამოუცდელი ახალგაზრდების შეყვანა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებში სმოლკინის მამის, ცნობილი მსახიობის, და განსაკუთრებით დედის, ცნობილი მწვრთნელის, „ჩემპიონი გოგონების“ აღმზრდელის, ეთერ თუთბერიძის დამსახურებაა.

მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - ეთერ თუთბერიძის მოწაფე, და ლამის პუტინის „შვილობილი“, კამილა ვალიევა (გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი სპეციალურად გაფრინდა ჩინეთში კამილას საგულშემატკივროდ) დოპინგსკანდალში გაეხვია. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეარყია თუთბერიძის ავტორიტეტიც. დიანა დევისი და მისი პარტნიორი შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ სავარჯიშოდ (დიანა ამერიკის მოქალაქეა), რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის ფულით ცხოვრობდნენ, თითქოს რუსეთის ჩემპიონატისთვის ემზადებოდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ არ აპირებენ ამერიკის სახელით გამოსვლას. ამასობაში დაიწყო ომი უკრაინაში. ეთერ თუთბერიძემ სოციალური ქსელებიდან წაშალა პუტინთან გადაღებული ფოტო და საერთოდ, შეეცადა მაქსიმალურად გამიჯვნოდა პოლიტიკას. მერე ამერიკაშიც ჩააკითხა შვილს... თუმცა შეერთებული შტატების ფიგურული სრიალის ფედერაციამ რუსული წყვილი ნაკრებში არ ჩარიცხა.

ამ პერიოდში ეთერ თუთბერიძე, რომელიც აქამდე ამბობდა, რომ ქართველად თავს არ გრძნობს (სულ რამდენიმე სიტყვა იცის), რამდენჯერმე საქართველოშიც ჩამოვიდა. არ არის გამორიცხული, მოლაპარაკებებზე ფიგურული ციგურაობის ფედერაციასთან. თუმცა ამ ეტაპზე დიანას გადმოყვანა „ისტორიულ სამშობლოში“ არ გამოვიდა.

ეთერი აგრძელებდა ქართველი მოციგურავეების აღზრდას. მის სკოლაში, რომელსაც „ხრუსტალნი“(„ბროლის“) ჰქვია, ვარჯიშობდნენ მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი სპორტსმენები დაასანქცირა, რაც ახალი დარტყმა აღმოჩნდა რუსეთის ფიგურული სრიალისთვის. ამას დაემატა ასაკობრივი ცენზის დაწესებაც - მოზრდილებისთვის განკუთვნილ საერთაშორისო შეჯიბრებებში ბავშვებს, რომლებიც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებს, რაც მთავარია, ოლიმპიადებს იგებდნენ, გამარჯვებებისთვის გზა მოუჭრეს.

შესაძლებელია, ფიგურული სრიალის ფედერაციაში ჯერ კიდევ შემოდგომაზე, „გრან პრის“ გათამაშებების ეტაპებზე, გაიაზრეს, რომ „ხრუსტალნიში“ ვარჯიში კარგს არაფერს მოუტანდა ჩვენს ნაკრებს. მორის ყვითელაშვილი სავარჯიშოდ იტალიაში გაუშვეს. ჩვენი 2 სპორტული წყვილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი, ლუკა ბერულავა და კარინა საფინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში - გერმანიაში. მაგრამ ცოტა ხანში გაირკვა, რომ რუსეთში აღზრდილი სპორტსმენები ახალ გარემოს და ახალ მწვრთნელებს ვერ შეეუგუენ - მორისი „ხრუსტალნის“ დაუბრუნდა, ლუკა და კარინა - მშობლიურ პერმს და მოსკოვს, მეორე წყვილი კი საერთოდ დაიშალა.

ნიკა ეგაძე - „ქართული სკოლის“ გამარჯვება

ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, ნიკა ეგაძემ, რომელიც ბათუმის საციგურაო სკოლის აღზრდილია, მეშვიდე ადგილი დაიკავა (თავისუფალ პროგრამაში - მეოთხე). საქართველოს ნაკრების ოქრომ ქალთა შეჯიბრების კატეგორიაში, ერთგვარად დაჩრდილა ნიკას წარმატება. არადა, ეს სწორედაც რომ საამაყო გამარჯვებაა ჩვენთვის. თუმცა მისი მწვრთნელი, „რკინის ლედი“ ეთერ თუთბერიძე მას ლიდერებს შორის მოხვედრაში ვერ დაეხმარება.

ნიკას უპირატესობა ხტომებია. ოთხმაგ ნახტომებს დღეს ბევრი ლიდერიც კი ვერ ასრულებს მამაკაცებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, „ხრუსტალნის“ დამსახურებაა. ეთერ თუთბერიძის გოგონებმა სწორედ ნახტომებით დაჯაბნეს კონკურენტები. მაგრამ ნიკას სრიალის ხარისხი ძალიან დაბალი აქვს, ქორეოგრაფია თითქმის ნული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნიკა ეგაძე ძალიან კარგი „მასალაა“, რომელიც სულ სხვა სკოლას, სხვა მწვრთნელს მოითხოვს.

„რუსული სკოლის“ დისკრედიტაციის შემდეგ, ფიგურული სრიალის სისტემაში მომხდარი რეფორმების შემდეგ, უბრალოდ აუცილებელია ამ ნიჭიერი ბიჭისთვის ახალი გარემოს შექმნა. ნიკა ეგაძის ხილვა ლიდერებს შორის, ცოტა დაამშვიდებდა ჩვენს იმ პატრიოტებსაც, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ დღეს ფიგურული სრიალის მოყვარულებს ნასტასია გუბანოვას გამარჯვება გვიხარია.

რატომ გვიხარია?

ანასტასია გუბანოვა არ მიეკუთვნება თუთბერიძის სკოლას. მისი პეტერბურგელი მწვრთნელი, ევგენი რუკავიცინი, საერთოდ არ ემხრობა იმ პრინციპებს, რომლებმაც თავის დროზე რუსულ სკოლას ტრიუმფი მოუტანა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს რუსეთის ფიგურული სრიალის სანქცირებული ფედერაცია (რუსები ვეღარ იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში) ქვეყნის შიგნით აწყობს კონკურსებს... თანაც ხტომებში. ფიგურული სრიალი ემსგავსება ცირკს და აკრობატიკას. ეს გოგონები იზრდებიან, „ფორმები“ უჩნდებათ. ნახტომებს ვეღარ ატრიალებენ და 18-19 წლის ასაკში სპორტიდან მიდიან.

გუბანოვა სულ სხვა სტილია. სწორედ ესაა ფიგურული სრიალი და არა გაწვრთნილი ბავშვების ხელაწეული ტრიალი ჰაერში. ნასტასია არ ებრძვის ყინულს, არ თხრის მის ზედაპირს ციგურებით. დასრიალებს და დაცურავს. მაგრამ თუკი რამე აკლია, აკლია იმიტომ, რომ შემოქმედებითობას, სიახლეს, გაბედულებას მოკლებულ „რუსულ სივრცეში“ ვარჯიშობს (საბჭოთა ტრადიციებით). მას ახლა სჭირდება სხვა ქვეყანაში ჰაერის გამოცვლა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენება.

ასეთი ქვეყანა არ იყო რუსეთი, სადაც გუბანოვა ახლოსაც არ გაიკარეს „ბროლის ბავშვებმა“. ასეთი ქვეყანა არც საქართველოა, სადაც ამდენი წელია არც ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედანი გაკეთდა და ვერც საერთაშორისო დონის მწვრთნელების გუნდი შეიკრა.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ 2 წლის წინ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა ამ გოგონაზე, რომელიც გახდა საქართველოს მოქალაქე და ოლიმპიადაზეც გამოვიდა. აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა გამონახა თანხები მისი მწვრთნელისთვის, ქორეოგრაფისთვის, შეჯიბრებებზე გამგზავრებისთვის.

გუბანოვას გამარჯვება სტიმული შეიძლება გახდეს ქართველი გოგონებისა და ბიჭებისთვის, და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც ნასტიას გამარჯვება მიულოცა. სტიმული ყინულის სასახლის მშენებლობისთვის, ნიჭიერი ბავშვების სავარჯიშოდ გაგზავნისთვის არა მარტო შედარებით „იაფ რუსეთში“ (რომელიც მოწყვეტილია საერთაშორისო სამყაროს ომის შემდეგ), არამედ სხვაგან - ესტონეთში, იტალიაში, გერმანიაში, კანადაში, შეერთებულ შტატებში.

ვფიქრობ, დასრულდა დრო, როცა ბალეტი „რუსულ ხელოვნებად“ ითვლებოდა და ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი საბალეტო სპექტაკლების ამოღებას მოითხოვდა ოპერის თეატრის რეპერტუარიდან, როცა ქართველობას მხოლოდ ეთნიკური ნიშნით ვზომავდით... რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო, როცა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქის გამარჯვება გვახარებს... და, რა დასამალია, შეიძლება ისიც გვიხაროდეს, რომ ნიჭიერი გოგონა რუსეთის სახელით არ გამოდის („საქართველომ წაგვართვა ნასტია“ - წერენ რუსულ ფორუმებში) და თავისი გამარჯვების შემდეგ ინტერვიუს ცუდი ინგლისურით, მაგრამ არა რუსულად იძლევა.

პატარა ქვეყანა ვართ და გვიხარია, როცა ჩვენს დროშას ვხედავთ ევროპის მთავარ შეჯიბრებაზე. ვერავინ აგვიკრძალავს ამ სიხარულს.

რა გვაშინებს?

ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვარჯიში დაიწყო წყვილმა სპორტულ ცეკვებში, ელისონ რიდმა და საულიუს ამბრუველიჩუსმა (ერთი კვირის წინ გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მათ მეოთხე ადგილი დაიკავეს). ელისონ რიდი ამერიკელი სპორტსმენია, რომელიც ვერ ახერხებდა ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას და ლიეტუვის სახელით დაიწყო გამოსვლა.

შეიძლება ითქვას, რომ ვეტერანია, რომლისთვისაც 2022 წლის ოლიმპიადა უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ჩინეთში რომ გამგზავრებულიყო, მას ერთი რამ სჭირდებოდა - ლიეტუვის მოქალაქე უნდა გამხდარიყო. ელისონმა ვერ მოასწრო ენის სწავლა და ვერ ჩააბარა გამოცდა ენაში. მას მოქალაქეობაზე უარი უთხრეს. გულშემატკივრებმა პეტიციითაც კი მიმართეს ლიუეტუვის პრეზიდენტს, მაგრამ ამაოდ. თანაც ეს მაშინ, როცა ლიეტუვას თავისი სპორტსმენები საერთოდ არ ჰყავდა ფიგურული სრიალის ამ სახეობაში.

მაგრამ სხვა შემთხვევაც გვაქვს. ფინეთში ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე ეკატერინა კურაკოვას - ყოფილ რუს მოციგურავეს, რომელიც აქ პოლონეთის სახელით გამოდიოდა. კურაკოვა, ახლა უკვე ჩვენი გუბანოვას მსგავსად, ვერ იმარჯვებდა რუსეთში, მის სტილს არ ცნობდნენ და „მეტისმეტად დაბალს“ ეძახდნენ, დასცინოდნენ. ეკატერინა გაემგზავრა პოლონეთში. ისწავლა ენა. თავი „პოლონელად“ გამოაცხადა და ახლა უკვე არაფერი აკავშირებს თავის ყოფილ სამშობლოსთან, გარდა მშობლებისა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

ნასტია გუბანოვა 2 წელია საქართველოს მოქალაქეა. როგორც ამბობს, „უყვარს ქართული კულტურა, არქიტექტურა, ქართული კერძები“... მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ „მადლობა“ იცის და არ ვარ დარწმუნებული, რომ თავის პირველ სამშობლოს ოკუპანტ ქვეყნად აღიარებს.

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, რომლებმაც გუბანოვას გამარჯვება მიულოცეს, არა მგონია, ფიგურული სრიალის ისეთი მოყვარულები (და მცოდნეები) იყვნენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება სწორედ სპორტის ამ სახეობის გამარჯვებად მიაჩნდეთ ჩვენს ქვეყანაში. თუკი ეს მოლოცვა „რუსულ-ქართული ძმობის“ გამოხატვის გზავნილია, თუკი ნასტია პოლიტიკურ თამაშებში გამოიყენეს, თუკი არ გვაღირსეს ყინულის დიდი მოედანი, პირობას ვდებ, მომავალში ნასტიას ისევე „მოვაჯადოებ“, როგორც მის კონკურენტებს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველად ფიგურული სრიალის ისტორიაში (მოზრდილთა შორის შეჯიბრებაში) საქართველოს ჰიმნი ისმოდა.

გუბანოვამ საქართველოს 3 კვოტა მოუტანა ევროპის მომავალ ჩემპიონატზე. ცხადია, ეს სტიმულია ქართველი გოგონებისთვის. მაგრამ ერთ სერიოზულ საშიშროებასაც ქმნის. ვინ შეავსებს ამ ადგილებს? სანქცირებული რუსი სპორტსმენები ხომ არა, მინიმუმ მომავალ სეზონშიც რომ აეკრძალათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა? „ბროლის გოგოები“? ამის დაშვება არ შეიძლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG