Accessibility links

logo-print

აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში გაცემული 25-26 ათასი აფხაზური პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება


სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, პარტია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ბრიფინგზე ილაპარაკა აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაცემული პასპორტების შესახებ. ხაჯიმბას განცხადებით, ძალადაკარგულად ითვლება ყველა პასპორტი, რომელიც გაიცა გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ადმინისტრაციებთან არსებული კომისიების რეკომენდაციებით, „რადგანაც, უკანონო იყო თავად კომისიები და ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის დადგენილებებში, რომლებიც მიღებულია პასპორტიზაციის საკითხებზე“. „იმის გათვალისწინებით, რომ გალის რაიონის ბევრი მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა, რასაც ადასტურებს მათი ჩვენებები და მასალები, რომლებიც გენპროკურატურის მიერ შერჩევითი შემოწმების შედეგად არის მიღებული, 25-26 ათასი პასპორტის საკითხი უნდა დადგეს ასე: ადამიანების ამ კატეგორიას არ გააჩნია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მანამდე, სანამ არ მოიხსნება პასპორტების უხეში დარღვევებით გაცემასთან დაკავშირებული ყველა საკითხი“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. მანვე განმარტა, რომ ამ დოკუმენტების მქონე პირები გააგრძელებენ აფხაზეთში ცხოვრებას. „ეს ადამიანები ჩვენთან ერთად გააგრძელებენ სახელმწიფოს შენებას, თუმცა, მათი სამართლებრივი სტატუსი უნდა განისაზღვროს ჩვენი კანონებით“. ხაჯიმბას აზრით, ქმედუნარიანად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის პასპორტები, რომლებიც გაიცა „ადგილობრივ ადმინისტრაციებთან უკანონო კომისიების შექმნამდე“. რაულ ხაჯიმბა კატეგორიულად არ ეთანხმება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუას, რომელმაც 11 ივნისს განაცხადა, რომ ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს მხოლოდ იმ 1180 ადამიანის გვარი, ვისაც უკანონოდ გაცემული პასპორტები ჩამოერთვა. ხაჯიმბამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი პარლამენტს შესთავაზებს თავის წინადადებებს პასპორტებისა და გალის რაიონის მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე. „ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება მიიღოს ჩვენი გადაწყვეტილება, სხვა გზა არ ექნება“, - განაცხადა ხაჯიმბამ, რომელიც თვლის, რომ თუ „ვითარებამ მოითხოვა ქვეყნის ხელისუფლებაში ცვლილება, ვითარებამ, შესაძლოა, მოითხოვოს ცვლილებები ცესკოს შემადგენლობაშიც“.
XS
SM
MD
LG