Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
Elections

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ჩატარებული არჩევნების მიხედვით


საქართველოს დამოუკიდებლობა და საპარლამენტო არჩევნები თითქმის ტოლები არიან. 30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, არჩეულმა პირველმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისტორიული მნიშვნელობის იყო ყველა მომდევნო, საერთო ჯამში, ცხრა მოწვევის პარლამენტის არჩევნები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, დიდწილად, საპარლამენტო არჩევნების ისტორიაცაა.

ვის, როგორ და რა ვითარებაში ვირჩევდით 1990 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე, ნახეთ 9 არჩევნების ილუსტრირებული ისტორია აქ.

31 ოქტომბრის არჩევნების ეპიზოდი დაემატება ….

1990 წელი

პირველი: საყოველთაო, შეუზღუდავი, დემოკრატიული

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად შეწყდა დემოკრატიული არჩევნების ისტორია. ამის შემდეგ, მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის მიწურულს, 1990 წლის 28 ოქტომბერს, მიეცა ამომრჩეველს საშუალება კომუნისტურის გარდა სხვა პარტიებისთვის მიეცა ხმა. საქართველო ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო. არჩევნებსაც, შესაბამისად, ერქვა „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები“. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეს არჩევანი 14 პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს შორის უნდა გაეკეთებინა.

1990 წლისთვის შეუქცევადი გახდა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი. ერთმანეთის მიყოლებით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიის რესპუბლიკებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.

1990 წლის 25 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც, როგორც წინა 70 წლის განმავლობაში ხდებოდა ხოლმე, მხოლოდ ერთი პარტია - კომუნისტური - იყრიდა კენჭს.

1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დარბევის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლების ავტორიტეტის დაცემამ და ხალხის მხარდაჭერით გაძლიერებულმა ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა საქართველოს მთავრობა აიძულა გეგმები შეეცვალა:1990 წლის 20 მარტს კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველმა მდივანმა გივი გუმბარიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბრისთვის გადაიტანეს.

ეროვნული მოძრაობისთვის მხოლოდ თარიღის შეცვლა საკმარისი არ იყო. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით. ზვიად ძიძიგურმა და წმინდა ილია მართლის საზოგადოების სხვა წევრებმა სამტრედიაში რამდენიმე დღით გადაკეტეს რკინიგზა მოთხოვნით: „დამტკიცდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონი!“

არასაბჭოთა საარჩევნო კანონი

საბჭოთა ხელისუფლებას აქაც უკან დახევა მოუწია და დადგენილებაში ჩაწერა:
„საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით“.

დამტკიცებული საარჩევნო სისტემით საქართველო 5 წლით ირჩევდა უზენაეს საბჭოს 250 დეპუტატს: 125-ს პროპორციული, 125-ს კი მაჟორიტარული სისტემით.

„1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ამ არჩევნებს ბოიკოტი, მაგრამ, როდესაც „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს არჩევნების ახალი კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული - და არა საბჭოური - არჩევნები“ , - თქვა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 7 დეკემბერს ამერიკელ ჟურნალისტ ედმუნდ სტივენსისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა.

"მრგვალი მაგიდის" საარჩევნო პლაკატი

28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 14-მა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა გამოთქვა. მათ შორის იყო რუსთაველის საზოგადოება.

„არჩევნების და არადანის გამო“

„საქართველოში პირველად უნდა გაიმართოს მრავალპარტიული არჩევნები! ვისი გამარჯვებაა არჩევნებში სასურველი - რუსთაველის საზოგადოების? სახალხო ფრონტის? მრგვალი მაგიდის? მწვანეების? ფედერალური პარტიის? დასის? არც ერთის! მრავალპარტიულ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ! ეს გამარჯვება ნიშნავს უზენაესი საბჭოს გარდაქმნას ჭეშმარიტ პარლამენტად და საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის რეალურ არგუმენტს.

ვინ არის საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში - რუსთაველის საზოგადოება? სახალხო ფრონტი? მრგვალი მაგიდა? მწვანეები? დასი? არც ერთი! საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში არის კომუნისტური პარტია, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზნეობრივ, ეროვნულ კრახამდე.

ვინ მისცემს ხმას კომუნისტურ პარტიას? ალბათ, 400-ათასიანი ნომენკლატურა, სეპარატისტები, სუკის მუშაკები, ეკონომიკური მაფიის წევრები... ამიტომ არჩევნებში კომუნისტური პარტიის დასამარცხებლად აუცილებელია მთელი ეროვნული მოძრაობის გაერთიანება, სრული კონსოლიდაცია. არჩევნების დღეს ერთმანეთის პირისპირ უნდა დარჩეს ორად ორი ბლოკი - კომუნისტური პარტია და ეროვნული მოძრაობა“.

გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, 30 აგვისტო.

ქათმისა და კვერცხის შესახებ: ჯერ თავისუფლება, მერე დამოუკიდებლობა?

ეროვნული მოძრაობა ვერ გაერთიანდა ვერც არჩევნებამდე და ვერც არჩევნების შემდეგ.

1990 წლის მარტში იმართება კონფერენცია, სადაც ეროვნულ მოძრაობაში ჩართული პარტიები საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ცდილობენ. პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა:

  1. საბჭოთა კანონებით არჩევნების ჩატარება;
  2. არჩევნების მოგება;
  3. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლა.

სხვებს არჩევნების გზით პოლიტიკური განვითარება შეუძლებლად მიაჩნდათ და მოითხოვდნენ:

  1. საქართველოს კოლონიად გამოცხადებას
  2. საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან.

„ჯერ — თავისუფლება, შემდეგ — დამოუკიდებლობა“, - ასეთი იყო მათი ლოზუნგი.

პარტიების პირველმა ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მეორე ნაწილმა კი ეროვნული კონგრესი აირჩია.

ორი არჩევნები

პირველი - ეროვნული კონგრესი

საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევნები 1990 წლის 30 სექტემბერს, 1 და 14 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 მლნ 505 ათასმა ადამიანმა. პარტიების მიერ მიღებული ხმები და მანდატები ასე განაწილდა:

  1. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ბლოკი - 32,5% (65 მანდატი);
  2. საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული საქართველო“ – 18,3% (37 მანდატი);
  3. საარჩევნო ბლოკი „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია - ეროვნული კავშირი“ – 35,5% (71 მანდატი);
  4. საქართველოს სახალხო პარტია - 4,36% (9 მანდატი);
  5. კომპარტიის დემოკრატიული ფრაქცია - 5,51% (11 მანდატი);
  6. საქართველოს მოქალაქეთა ლიგა - 3,71% (7 მანდატი).

საქართველოს ეროვნული კონგრესის პირველი სხდომა 1990 წლის 26 ოქტომბერს მოსწავლეთა სასახლის ისტორიულ შენობაში გაიმართა. სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი წერეთელი. სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ჭანტურია, ვაჟა მთავრიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, გოგი სიხარულიძე, ნოე გელაშვილი, ირაკლი წერეთელი, ლაშა თაბუკაშვილი, გურამ გოგბაიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი და სხვ.

ირაკლი წერეთელი - ეროვნული დამოუკიდებლობის პარტის თავმჯდომარე, ეროვნული კონგრესის წევრი. გაზეთი "დროება"

„ეროვნულმა კონგერსმა უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველო არის ოკუპირებული, ანექსირებული, აგრესიის ქვეშ მყოფი კოლონიური ქვეყანა და ამ განცხადების საფუძველზე უნდა იბრძოლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ოფიციალურ დონეზე საქართველოს დეოკუპაციის, დეკოლონიზაციისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხის დასმისა და დადებითად გადაწყვეტისათვის“ , - ითქვა ეროვნული კონგრესის პირველ სხდომაზე.

კამათი ბოიკოტზე

კონგრესის სხდომაზე იკამათეს 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის გამო, რომელიც კონგრესის წევრებს ირინა სარიშვილმა გააცნო. პროექტის მიხედვით, „არჩევნების ბოიკოტი არ ცხადდებოდა მთელი ეროვნული კონგრესის სახელით“. რეზოლუციას მხარი კონგრესის 98 წევრმა დაუჭირა (45 - წინააღმდეგი, 32 - თავი შეიკავა).

“კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს” არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 2 %-საც არ მიუღია მონაწილეობა“, - „მათ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები რაიონებისა და უბნების მიხედვით, ისინი არ შეუმოწმებიათ საზღვარგარეთელ ექსპერტებს. ასე რომ, თვითმარქვია ეროვნული კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და, მით უმეტეს, არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“. ზვიად გამსახურდია

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა". 1990 წ. 7 დეკემბერი

უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის, ზვიად გამსახურდიას გარშემო 1990 წლის მაისში ერთ ბლოკად „ მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ - შვიდი პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა:

  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი
  • სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
  • სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
  • საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი
  • საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი
  • საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია

უზენაესი საბჭო - არჩევნების დღე

„ვინც ლაპარაკობს, ხომ ტყუის; ვინც დუმს, ის უფრო ტყუის“.

„საქართველო ჯერ კიდევ დაძაბულ, მოუწესრიგებელ და ქაოსური ურთიერთობის მორევში ტრიალებს, მის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია მრავალპარტიული არჩევნების დღე - 28 ოქტომბერი“. - მწერალი ირინე ტალიაშვილი .

არჩევნების დღემ და შედეგების დაჯამების პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიარა: პირველ მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში 4 %-იანი საარჩევნო ბარიერი მხოლოდ საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ და „კომუნისტურმა პარტიამ“ გადალახეს. ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტებზე თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო:

  • „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო’’ – 53,99% , 81 მანდატი
  • საქართველოს კომუნისტური პარტია - 29,58%, 44 მანდატი

მაჟორიტარული სისტემით მანდატები 5 პარტიას ეროგო:

  • „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ – 43
  • საქართველოს კომუნისტური პარტია – 17
  • საქართველოს სახალხო ფრონტი – 11
  • „დემოკრატიული საქართველო“ – 2
  • რუსთაველის საზოგადოება – 1

“ეს იყო არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი, ერისა და ქვეყნის აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელი მოვლენა… დაე, იყოს 28 ოქტომბერი კიდევ ერთი დიდი საბუთი იმისა, რომ ბრძენია ქართველი ერი, ბრძენია გულით, და ესაა მთავარი სიბრძნე, რადგან, ჭკუა კი არა, გულია ნამდვილად ბრძენი. ის გაიმარჯვებს და ერსაც გაამარჯვებინებს, ის შეძლებს სამშობლოს გათავისუფლებას“
გურამ პრეტრიაშვილი

ზვიად გამსახურდია

„გაგვახარა ჩვენი ერის ასეთმა გამოღვიძებამ, ასეთმა პოლიტიკურმა სიმწიფემ და დარაზმულობამ, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი მიმართავდნენ ყოვლად უღირს ხერხებს, უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ კანონს: ყოველნაირად ცდილობდნენ ხელოვნური ზემოქმედება მოეხდინათ არჩევნებზე, აშინებდნენ არაქართულ მოსახლეობას „მრგვალი მაგიდით“ და ამას სჩადიოდნენ არა მარტო კომუნისტები, არამედ სხვა ბლოკების წარმომადგენლებიც. ავრცელებდნენ ხმებს, რომ „მრგვალი მაგიდა“ გაასახლებდა მათ საქართველოდან, მოუწყობდა გენოციდს და ა.შ.“
ზვიად გამსახურდია, წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე, „მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი

„ზღაპარივით გვეჩვენება, რომ გვყავს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ყოფნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებითია და ამას რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი“.
ნოდარ ნათაძე, სახალხო ფრონტი

ცნობა არჩევნებში "მრგვალი მაგიდის" გამარჯვების შესახებ

„28 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ქართველ ერს პირველად მიეცა საშუალება თავისუფლად გამოეხატა დამოკიდებულება იმ რეჟიმისადმი, რომელიც გამეფებული იყო საქართველოში უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში და მან სავსებით ცალსახად გააკეთა თავისი არჩევანი... მინდა მივულოცო გამარჯვებულს ის ნდობა და ტვირთი, რომელიც მან მიიღო საქართველოს მოსახლეობისგან. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა - ვინც პარლამენტში შევიდა და ვინც დარჩა პარლამენტს გარეთ. ყველამ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი“.
ზურაბ ჟვანია, მწვანეთა პარტიის სპიკერი, ბლოკი „თავისუფლება“

ვინც პარლამენტს გარეთ დარჩა

პირველი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 13 ნოემბერს, პრესაში გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისა და ეროვნული კონგრესის წევრის, გიორგი ჭანტურიას, წერილი ეროვნული კონგრესისა და უზენაესი საბჭოს დამოკიდებულების შესახებ. ჭანტურია ამბობდა, რომ კონგრესი თვითმიზნურად არ დაუპირისპირდებოდა უზენაეს საბჭოს და რომ დაპირისპირება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  1. უზენაესი საბჭო დააპირებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას;
  2. მოახდენდა „დამოუკიდებლობის“ დეკლარირებას (რათა კრემლის საპასუხო ნაბიჯებით გამართლებულიყო საკუთარი წარუმატებლობა);
  3. განახორციელებდა ტერორს, რეპრესიებს, დაუპირისპირდებოდა ეროვნულ კონგრესს, მთელ ეროვნულ მოძრაობას;
  4. არ იბრძოლებდა დეოკუპაციისათვის; განახორციელებდა ანტიდემოკრატიულ კურსს;
  5. დაუპირისპირდებოდა საქართველოს, ქართველი ერის ინტერესებს.

უზენესი საბჭოს პირველი სხდომა

14 ნოემბერი. 10.00 საათი. საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მუშაობას შეუდგა პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესია.

რეპორტაჟი უზენაესი საბჭოს პირველი სხდომიდან

15 ნოემბერს გამოსული გაზეთები წერდნენ:
„70 წლის განმავლობაში პირველად ერის ბედის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ ერის მიერვე არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანები. უმაღლესი საკრებულო დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც საქართველოს უზენაეს საბჭოს გადასცა „ბიბლია“ და იერუსალიმიდან ჩამოტანილი და უფლის საფლავზე ნაკურთხი ამაღლების ხატი. ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ბატონი ზვიად გამსახურდია“.

“საქართველო აღარ არის კოლონია”

„ჩვენდამი ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, რომ თითქოს ჩვენ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვენი თავი - კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ, რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიური სტატუსის ქვეყანა, სადაც ჩატარებულიყოს თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც კოლონიად დარჩენილიყოს... საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჯერჯერობით. ეროვნული ხელისუფლება კი იმის გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგეს დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია, უზენაესი საბჭოს პირველის სხდომა

ზვიად გამსახურდია და "მრგვალი მაგიდის" სხვა წევრები უზენაეს საბჭოში

თანახმა ხართ თუ არა? რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის გამოცხადება და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტმა მოამზადა და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, რომელმაც გააუქმა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე.

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90 %-მა, სარეფერენდუმო კითხვას კი დადებითად უპასუხა 99 %-მა.

31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გაფორმდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ერთპიროვნული გამარჯვებით.

პირველი მოწვევის პარლამენტის დასასრული - სამოქალაქო ომი

პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან არასრულ ერთ წელიწადში უკიდურესად გაღრმავდა დაპირისპირება ეროვნულ კონგრესსა და “მრგვალ მაგიდას” შორის. მმართველი ბლოკი „მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო” დატოვა პარტიების ერთმა ნაწილმა; დაპირისპირების კულმინაციად იქცა ე.წ. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის თბილისის ომი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობით დასრულდა: ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც ქვეყნიდან გააძევა პრეზიდენტი გამსახურდია, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დაითხოვა უზენაესი საბჭო.

ზვიად ძიძიგური, 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ჰყვება, თუ რა უძღოდა წინ პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას პოსტსაბჭოთა საქართველოში.

1992 წელი

ყველაზე მრავალპარტიული

II მოწვევის პარლამენტი

1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის „თბილისის ომისა“ და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ (ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი, "მხედრიონის" ლიდერი ჯაბა იოსელიანი), ქვეყნიდან გააძევა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება და დაითხოვა უზენაესი საბჭო.

ჯაბა იოსელიანი

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, სამოქალაქო დაპირისპირებისა და აფხაზეთში მიმდინარე ომის ფონზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში არსებულმა თითქმის ყველა პარტიამ - 36-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთაგან 2 %-იანი ბარიერი 24-მა გადალახა.

1990 წლის გაზაფხულზე სამხედრო საბჭომ სამშობლოში მოიწვია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.

6 მარტს, მოსკოვიდან გამოფრენის წინ, შევარდნაძემ განაცხადა, რომ თავის პირად არჩევანს ყოველთვის უქვემდებარებდა „სამსახურებრივ და მოქალაქეობრივ მოვალეობას, სიტუაციის გაგებას და, რაც მთავარია, ხალხის ნება-სურვილს“.

თბილისში დაბრუნებულმა შევარდნაძემ პირველივე დღეს სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ილაპარაკა: „არჩევნების შემდეგ უფრო ადვილი იქნება რესპუბლიკაში დემოკრატიული სტრუქტურების დამკვიდრება, რომლებიც ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრების მხრიდან დახმარების გარანტად გადაიქცევა“.

არჩევნებისათვის მზადება დაიწყო იმ დროისთვის მოქმედმა თითქმის ყველა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, გარდა დევნილი პრეზიდენტის პოლიტიკური ძალისა.

საქართველოში არჩევნებისათვის მზადება ჯერ კიდევ დაუსრულებელი სამოქალაქო ომისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაიწყო.


აი, რამდენიმე ფრაგმენტი იმდროინდელი ქართული პრესიდან:

  • „ეროვნული გვარდიისა და „მხედრიონის“ შენაერთები ამჟამად ხობში, ზუგდიდიდან 15-20 კილომეტრზე არიან. იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მოლაპარაკება ზუგდიდში განლაგებულ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებთან მშვიდობიანად დასრულდება და შეთანხმებას მივაღწევთ“.

  • „ქალაქ ფოთში შეიარაღებული შეტაკების დროს დაიღუპნენ მოხალისე ბესარიონ ბურკიაშვილი, „მხედრიონის“ წევრები დავით გადრანი და ზვიად ბეგიაშვილი“.

  • „საქართველოს პროკურატურა ბრალს სდებს! საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია პასუხისგებაშია მიცემული. მას სისხლის სამართლის დანაშაულებათა ჩადენაში ედება ბრალი“.

  • „თბილისში ვითარება სულ უფრო სტაბილური ხდება, თუმცა კვლავ იმართება ყოფილი პრეზიდენტის მცირერიცხოვან მხარდამჭერთა მიტინგები... ირღვევა საგანგებო წესებით გათვალისწინებული საპასპორტო რეჟიმი. ამ ნიშნით დაკავებულია 50-მდე კაცი, მათ შორის 20 ე.წ. „კარვის ქალი“.

  • „დღის 2 საათზე გმირთა მოედნის მახლობლად რკინიგზის ვაგზლის მხრიდან მოხდა შეტაკება ყოფილი პრეზიდენტისა მომხრეებსა და სამხედრო კომენდატურის წარმომადგენლებს შორის. ...კომენდატურის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ თავი დაეცვათ და დაეწყოთ საპასუხო სროლა. დაჭრილია 30 და მოკლულია 2 კაცი“ - ეს ინფორმაცია 2 თებერვლის მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შესახებ ამ სახით თბილისის სამხედრო კომენდანტმა, გელა ლანჩავამ გაავრცელა.

სამი ბიულეტენი - ინსტრუქცია ამომრჩევლებისთვის

"ყველანი არჩევნებზე"

11 ოქტომბრის საარჩევნო სისტემა იყო შერეული და რთული; მაჟორიტარებისთვის ერთმანდატიან რაიონებში (85 ადგილი) და პარტიული სიებისთვის (150 ადგილი) ხმის მისაცემად ამომრჩეველს ორი ბიულეტენი უნდა შეევსო; მესამე ბიულეტენით ამომრჩეველი ედუარდ შევარდნაძის პარლამენტის თავმჯდომარეობას აძლევდა ხმას.

“ერთ ბიულეტენში შეტანილია დეპუტატობის ადგილობრივ კანდიდატთა გვარები, რომელთაგან ამომრჩეველი შემოხაზავს მისთვის სასურველი პიროვნების გვარს; მეორე ბიულეტენში შეტანილია მხოლოდ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად რეგისტრირებული პიროვნების, ედუარდ შევარდნაძის, გვარი, რომელსაც ამომრჩეველი შემოხაზავს იმ შემთხვევაში, თუ ხმას აძლევს, თუ არა - გადახაზავს (თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია ხმის მიმცემთა მთელი რაოდენობის მესამედი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი თვითონ აირჩევს თავის ხელმძღვანელს); მესამე ბიულეტენში შეტანილია პარტიებისა და ბლოკების ჩამონათვალი წინ ცარიელი უჯრედებით. ამომრჩეველი ამ უჯრედში ციფრ „1“-იანს უწერს იმ პარტიას, რომელსაც სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ციფრ „2“-იანს უწერს იმ პარტიას, რომელსაც უპირატესობას აძლევს სხვა ყველასთან შედარებით, გარდა „1“-იანით აღნიშნულისა. ანალოგიური ლოგიკით ამომრჩეველი კიდევ ერთ პარტიას უწერს ციფრ „3“-იანს. კვოტების დადგენა და ხმების დათვლა ხდება მრავალმანდატიანი ოლქების დონეზე, დარჩენილი ხმები პრეფენციის წესით ნაწილდება საერთო ეროვნულ დონეზე“.
ლადო სანიკიძე, ცესკოს იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილე, 1992 წლის 29 სექტემბრის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“

არჩევანი ქაოსში - გზაგასაყარზე

11 ოქტომბრის კენჭისყრამდე სულ არსებობდა არჩევნების ჩაშლის საფრთხე.

„დღეს რეაქციული ძალები პარლამენტის არჩევნების ჩაშლით გვემუქრებიან, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. უნდა გადავარჩინოთ დემოკრატია და თავისუფლება!“
ედუარდ შევარდნაძე, 1992 წლის 9 ოქტომბერი, მეცნიერებათა აკადემიაში წარმოთქმული სიტყვიდან

არჩევნები არ ჩაიშალა

11 ოქტომბერს საარჩევნო უბნები გაიხსნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ცხინვალის, ჯავის, ტყვარჩელის და გუდაუთის რაიონებისა. არჩევნები გადაიტანეს ზუგდიდის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონებში, სადაც სახელმწიფო საბჭო და დროებითი მთავრობა ვერ უმკლავდებოდა პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულ რაზმებს.

1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა პარტიამ და 5-მა საარჩევნო ბლოკმა, ბარიერი გადალახა 24-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა. პირდაპირი წესით პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე,

„მართალი გითხრათ, მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, თუ ასეთი მხარდაჭერა იქნებოდა, მაგრამ ხალხის სიბრძნე მაინც მწამდა. ამიტომ, თუმცა აქეთ-იქიდან მთხოვდნენ გადაგვედო არჩევნები, მაინც დაბეჯითებით მოვითხოვდით მის ჩატარებას. ჩემი ვარაუდი და პროგნოზი აქაც გამართლდა და ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან მსოფლიო პრაქტიკაში, ალბათ, ვერ მონახავ ისეთ ქვეყანას, რომელსაც ასეთი ქაოსის პირობებში, როგორიც ჩვენში იყო, ამდაგვარი არჩევანი გაეკეთებინოს... ჩვენ დავადექით დემოკრატიის გზას. ეს უდიდესი რისკი იყო შფოთიანი ქვეყნის პირობებში, რადგან მეორე გზა მხოლოდ ავტორიტარულ რეჟიმთან მიდის“.
ედუარდ შევარდნაძე, 11 ოქტომბრის სატელევიზიო გამოსვლიდან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმი. "საქართველოს რესპუბლიკა"

36 პოლიტიკური სუბიექტიდან 2-პროცენტიანი ბარიერი გადალახა 24-მა პარტიამ:

ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, მონაწილეობა მიიღო 2 575 197-მა ამომრჩეველმა. 1992 წელს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 3 471 866 იყო.

“დემოკრატიას დაცვა სჭირდება”

„ძლიერი პარლამენტი არ გამორიცხავს ძლიერ ხელისუფლებას. დემოკრატიას დაცვა სჭირდება“.
ედუარდ შევარდნაძე, 26 ოქტომბერი, რადიოინტერვიუ

II მოწვევის პარლამენტის შეკრება გაჭიანურდა. ხელისუფლების შესახებ კანონის მისაღებად ედუარდ შევარდნაძე ინტენსიურ კონსულტაციებს მართავდა როგორც პარლამენტში შესულ პარტიებთან, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებთან.

„ძალთა განლაგება ისეთი გამოვიდა, როგორიც საერთოდ საქართველოშია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ პარლამენტი ისეთია, როგორიც ჩვენი ქვეყანა ამწუთში... ამ ეტაპზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კანონიერების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეითავსოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებიც“.
ირინა სარიშვილი, სახელმწიფო საბჭოს ანალიზისა და პროგნოზირების განყოფილების გამგე

28 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა პირველი სხდომის თავმჯდომარის ვინაობა: კომისიაში მიიწვიეს 20 უხუცესი დეპუტატი, რომლებმაც დაასახელეს ორი კანდიდატურა: თენგიზ ბუაჩიძე და ნიკო ჭავჭავაძე.

გადაწყდა სხდომა წაეყვანა ასაკით უფროსს, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორს, ნიკო ჭავჭავაძეს.

ნიკო ჭავჭავაძე

II მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

1992 წლის 4 ნოემბრის 10 საათზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სხდომათა დარბაზში, ე. წ. იმელის (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის) შენობაში, გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის, „დიდების“, ჰანგები. შემდეგ შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთში წინა დღეს დაღუპული პარლამენტარის, ნუგზარ მიხანაშვილისა, და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

„პატივცემულო დეპუტატებო! მინდა ამ მომართვას დავუმატო, პატივცემულო დემოკრატებო, რადგან იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი და ჩვენი სახელმწიფო დემოკრატიის გზით ივლიან “.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

„არჩევნები, რომელზეც ჩვენ ბევრს ვლაპარაკობდით და გარკვეულ იმედებს ვამყარებდით, გაიმართა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პარლამენტთან გვაქვს საქმე და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში წარმოდგენილია მთელი პოლიტიკური სპექტრი, მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი პარტია, ბლოკი, დამოუკიდებელი, ყველა რაიონის წარმომადგენელი. არჩევნებში არავინ არ დამარცხებულა. გაიმარჯვა ჩვენმა ხალხმა, საღმა აზრმა, დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვამ“.
ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის სპიკერად აირჩიეს ვახტანგ გოგუაძე, სპიკერის მოადგილეებად - რუსუდან ბერიძე და ვახტანგ რჩეულიშვილი.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა იხსნის თავის უფლებამოსილებას და სრული შემადგენლობით აცხადებს გადადგომას. პარლამენტმა ცნობად მიიღო ეს განცხადება და დაავალა მთავრობას, განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება ახალი მთავრობის შექმნამდე.

გადაწყვეტილებები

II მოწვევის პარლამენტი სამი წლით იყო არჩეული. ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე, გაჩნდნენ დევნილები, საქართველო გახდა დსთ-ს წევრი, რამაც დიდი დაპირისპირება გამოიწვია როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში.

საქართველო დსთ-ში შევიდა

საეჭვო ვითარებაში დაიღუპა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია,მოკლეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურია, გაგრძელდა ეკონომიკური ვარდნა და დამძიმდა კრიმინოგენული ვითარება.

1993 წლის შემოდგომაზე შევარდნაძემ დააფუძნა “მოქალაქეთა კავშირი“- თავისი ძალაუფლების საყრდენი ძალა.

1995 წლის 29 აგვისტოს შევარდნაძე გადაურჩა ტერაქტს.

ტერაქტამდე რამდენიმე დღით და უფლებამოსილების შეწყვეტამდე ორი თვით ადრე, 1995 წლის 24 აგვისტოს, II მოწვევის პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც არსებითად შეცვალა როგორც ხელისუფლების სტრუქტურა, ასევე პარლამენტის არჩევის წესი და პირობები.

1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული წესების შესაბამისად ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე, 1992-1995 წლებში საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრი ჰყვება, თუ როგორ აირჩიეს საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და რა გამოწვევები იდგა მაშინ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

1995 წელი

„ჟვანიას პარლამენტი“

III მოწვევის პარლამენტი

1995 წლის 5 ნოემბერს საქართველო ერთდროულად ირჩევდა პრეზიდენტს და პარლამენტს.

II მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, საარჩევნო ბარიერი გაიზარდა 2 %-დან 5 %-მდე, ხოლო პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 235 დეპუტატით, რომელთაგან 150 აირჩეოდა პროპორციული, ხოლო 85 - მაჟორიტარული წესით. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა პარტიამ.

“სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია, კეთილდღეობა“

5 ნოემბრის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, 1995 წლის 29 აგვისტოს, მაშინდელი პარლამენტის (იმელის) შენობის ეზოში ტერორისტული თავდასხმა მოხდა ედუარდ შევარდნაძეზე. მომხდარზე პასუხისგებაში მიეცნენ "მხედრიონის" ლიდერები, უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანი თემურ ხაჩიშვილი და უშიშროების მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ ჩამოყალიბებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. თვითონ გიორგაძე, რომელმაც რუსეთს შეაფარა თავი, დღემდე ძებნილია.

იგორ გიორგაძე და ზურაბ ჟვანია

თემურ ხაჩიშვილი

წინასაარჩევნო პერიოდს „დაემთხვა“ კრიმინალთან („საძმოებთან“) ბრძოლის მორიგი ტალღა და შევარდნაძის ყოფილი თანამებრძოლების, თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის, დაპატიმრებები.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შემოიღეს ეროვნული ვალუტა ლარი, დაიწყო ჰიპერინფლაციისა და ეკონომიკის ვარდნის ტემპის შემცირება. საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ დევიზი იყო:

„სახელმწიფოებრიობა, დემოკრატია, კეთილდღეობა“.

„სამი წლის წინ ჩვენ ლეგიტიმური ხელისუფლება არც გვქონდა. გვქონდა სახელმწიფო საბჭო, მაგრამ სახელმწიფო არ გვქონდა. დღეს სახელმწიფო, ასე თუ ისე, გვაქვს. მართალია, ის სრულყოფას მოითხოვს, მაგრამ ლეგიტიმური ხელისუფლება და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო ფაქტობრივად არსებობს. სამი წლის წინ ჩვენ გვქონდა მხოლოდ კანონი ხელისუფლების შესახებ, დღეს გვაქვს დემოკრატიული კონსტიტუცია. დღეს ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო სრულყოფილი ახალი საარჩევნო კანონი“.
ედუარდ შევარდნაძე, 1995 წლის 2 ნოემბერი, ფილარმონიაში გამართული პარტიული შეკრებიდან

„სად გადის ფრონტის ხაზი საქართველოში?!“ - მოქკავშირის ზეობის დასაწყისი

1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს ეკრძალებოდა რომელიმე პარტიის წევრობა, თუმცა, ამ ფორმალური შეზღუდვის მიუხედავად, შევარდნაძისთვის მნიშვნელოვანი იყო ორივე - საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის შექმნის აუცილებლობაში ის ჯერ კიდევ 1993 წელს, მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს, დარწმუნდა.

ედუარდ შევარდნაძე "მოქალაქეთა კავშირის" ყრილობაზე

„ალბათ, ამ დღეებში გამოვალ მოთხოვნით, რომ შეიქმნას საპარლამენტო უმრავლესობა: ვისაც გნებავთ, დადექით ჩემ მხარეს პარლამენტში და ერთად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სწრაფად გადავლახოთ ეს უბედურება, რომელიც ახლა, როგორც დამანგრეველი ტალღა, ზვირთი, ისე მოდის ჩვენი ქვეყნის წასალეკავად”.
ედუარდ შევარდნაძე, 1993 წლის 30 აგვისტო

”მაფია თუ სახელმწიფო - აქ გადის ფრონტის მთავარი ხაზი საქართველოში. აფხაზეთი, ცხინვალი, ურთიერთობები რუსეთთან, ძალადობა თბილისში - ამ პრობლემებს თხემით ტერფამდე კორუმპირებული და გახრწნილი საზოგადოება ვერასოდეს გადაწყვეტს... ბრძოლა დაწყებულია და მწამს, რომ ამ ბრძოლაში „მწვანეები“ მარტონი არ ვიქნებით“.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერის, ზურაბ ჟვანიას ღია წერილიდან “სად გადის ფრონტის ხაზი საქართველოში?!”. 1993 წლის 7 სექტემბერი

1993 წლის 22 ნოემბერს „თბილისის მოქალაქეები“ და „ერთობა და კეთილდღეობა“ - “მწვანეთა პარტია” აფუძნებენ „მოქალაქეთა კავშირს“. თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ედუარდ შევარდნაძე, გენერალურ მდივნად - ზურაბ ჟვანია.

„მე არ გპირდებით იმას, რის შესრულებაც არ შემიძლია. სატრანზიტო დერეფანი დაეხმარება საქართველოს, რათა მეორე შვეიცარიად, თბილისი კი მის დედაქალაქად იქცეს”.
ედუარდ შევარდნაძე

წარსულისგან გათავისუფლება

1995 წლის 5 ნოემბრის არჩევნების წინ შევარდნაძე თითქმის სრულად გათავისუფლდა ყოფილი თანამებრძოლებისგან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო საბჭოს წევრი თენგიზ კიტოვანი ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებულია.

15 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ, აპატიმრებენ “მხედრიონის” დამფუძნებელს, ჯერ სამხედრო და შემდეგ სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთ ლიდერს და მესამე მოწვევის პარლამენტის წევრს. ხმები მისი დაჭერის შესახებ არჩევნებამდე გავრცელდა. იოსელიანი არჩევნებში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

ჯაბა იოსელიანი

„პროკურატურამ არჩევნების წინა დღეს გამოაცხადა, თითქოს დაჭერილი ვარ და რომ არ ვიყო, სულ ერთია, მაინც დამიჭერენ. ასეთ პირობებში რომელი ამომრჩეველი ამოგირჩევს? „მხედრიონი“ ვერც ერთ ტოტალიტარულ რეჟიმს ვერ მოერგო და ვერ მოერგება. ეს სახალხო არმიაა, სადაც, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, უკანასკნელი მორფინისტიც იყო და აკადემიკოსიც. ქათმის როლში გამოგვიყვანეს, ღორს, ძროხას და ინდაურს რომ წააკლავენ. თუ დამიჭირეს, „ზნაჩიტ“ ბნელა. ჯერ ბინდია“.
ჯაბა იოსელიანი, “ალია საქართველოდან”

ჯაბა იოსელიანის, დეპუტატობის კანდიდატის, დაპატიმრება დადგენილებით გააპროტესტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ, რომელმაც იოსელიანის გათავისუფლება მოითხოვა. საპასუხოდ გენერალური პროკურატურის პრესცენტრმა გამოაქვეყნა ჯაბა იოსელიანისთვის წაყენებული ბრალდებების ვრცელი ნუსხა (ნარკოტიკების, დიდძალი საბრძოლო იარაღისა და ასაფეთქებელი მასალის შენახვა, ასევე „ბრალეული კავშირი 29 აგვისტოსა და სხვა ტერორისტულ აქტებთან“) და განაცხადა, რომ გენერალური პროკურატურა სწავლობს აღკვეთის ღონისძიების კანონიერებას.

ცესკოს განცხადებები ჯაბა იოსელიანი დაკავებაზე

ბოიკოტის მცდელობა

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „კოლხურ კოშკში“ დააკავეს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ვიცე-სპიკერი, პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეხუთე წლისთავს აღნიშნავდნენ. თენგიზ კიკაჩეიშვილის თქმით, 5 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა ზნეობრივი პრინციპების ღალატი იყო.

„მოახლოებული არჩევნებისათვის შევარდნაძე ცდილობს როგორმე გაიმართლოს თავი და სხვას გადააბრალოს იმ კატასტროფული მდგომარეობის შექმნა, რომელშიც ჩააგდო საქართველო მისი ხუნტის მმართველობამ. ამისათვის იგი ეძიებს განტევების ვაცს ხან კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა შორის, ხან თავისსავე კრიმინალურ გარემოში, რომლის მეშვეობითაც მოიპოვა და განიმტკიცა ძალაუფლება. ქართველი ხალხი არ უნდა მოტყუვდეს. 1995 წლის 5 ნოემბრისათვის დანიშნული არჩევნებით არსებული რეჟიმი ცდილობს საბოლოოდ დაიკანონოს ძალაუფლება, რათა კვლავ განაგრძოს საქართველოსთვის დამღუპველი პოლიტიკა“.
საქართველოს ჰელსინკის კავშირი”, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები,
„თავისუფალი საქართველო“, N 20

„თავისუფალი საქართველო“, N20

არჩევნების დღე

5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში 53-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა.

ახალი საარჩევნო კანონით ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი 5 %-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა.

  1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 23.7% (90 მანდატი)
  2. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია 7.9% (31 მანდატი)
  3. აღორძინების კავშირი 6.8% (25 მანდატი)

მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში დეპუტატის მანდატები მოიპოვეს:

  1. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი - 29
  2. დამოუკიდებელი კანდიდატი - 29
  3. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი - 18
  4. აღორძინების კავშირი - 6
  5. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია - 3

ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნები ცხინვალისა და ჯავის რაიონებში გაურკვეველი ვადით გადაიდო. არჩევნები არ ჩატარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ასლან აბაშიძე

„აღორძინების კავშირის“ მიერ 5 %-იანი ბარიერის გადალახვით პარტიის ლიდერმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ასლან აბაშიძემ აჩვენა, რომ არ აკმაყოფილებდა რეგიონალური პოლიტიკოსის სტატუსი.

„არც ერთი ჩვენი საქმიანი ნაბიჯი თუ წამოწყება, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ის, რეგიონული ჩარჩოებით არ იფარგლება. იგი, როგორც წესი, მთლიანად საქართველოზეა გათვლილი. ამიტომაც, ვაღორძინებთ რა აჭარას, ვაღორძინებთ სრულიად საქართველოს“.
ასლან აბაშიძე.

არჩევნების შემდეგ

III მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, დილის 10.00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე ივანე კიღურაძემ გახსნა.

დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ამოქმედდა 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს ახალი კონსტიტუცია. „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წარდგინებით, დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია.

ზურაბ ჟვანია აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე

„პარლამენტის მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, კანონშემოქმედება უნდა იყოს“. ზურაბ ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე, 25 ნოემბერი, 1995 წელი.

კანონშემოქმედებისთვის III მოწვევის პარლამენტში შეიქმნა 9 ფრაქცია და 14 კომიტეტი. შეიქმნა ასევე საპარლამენტო უმრავლესობა (თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძე), რომელშიც გაერთიანდნენ ფრაქციები: „მოქალაქეთა კავშირი“, „იმედი“ და „მამული“.

III მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე გაიმართა 5 ნოემბერს არჩეული პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ინაუგურაცია.

„მე დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას... უახლოეს 5-10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი აყვავებული ქვეყანა გახდება“. ედუარდ შევარდნაძე, 26 ნოემბერი

გადაწყვეტილებები

  • სიკვდილით დასჯის გაუქმება
  • ორგანული კანონის მიღება სახალხო დამცველის შესახებ;
  • საქართველო ხდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი;
  • 1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა ისტორიული სიტყვა, რომელიც შემდეგი ფრაზით დაასრულა:

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“

საერთო ჯამში, III მოწვევის პარლამენტმა მიიღო 650 კანონი, მათ შორის ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის 7 %-იანი საარჩევნო ბარიერი დააწესა.

III მოწვევის პარლამენტმა ბოლო სხდომაზე დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ბორის კაკუბავას.

მამუკა გიორგაძე, 1995-1999 წლებში საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის წევრი ჰყვება, თუ რით იყო განსაკუთრებული 1995 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. მისი შეფასებით, ეს იყო ბოლო მრავალპოლუსიანი არჩევნები, სადაც ამომრჩევლის გულის მოგების შანსი რამდენიმე პარტიას ჰქონდა.

1999 წელი

დიდი და პატარა „ბაბუს“ არჩევნები

IV მოწვევის პარლამენტი

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი სახელისუფლებო პარტია - პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ და აჭარის ლიდერის, ასლან აბაშიძის, ბლოკი „აღორძინება“. დაპირისპირება გასცდა პარტიებისა და პოლიტიკოსების დებატების ფარგლებს.

III მოწვევის პარლამენტის წევრ ირაკლი შენგელაიას თქმით, ერთმანეთს დაუპირისპირდა არა მხოლოდ ორი სახელისუფლებო პარტია, არამედ ცენტრი და რეგიონი.

1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში „მოქკავშირსა“ და „აღორძინებასთან“ ერთად მონაწილეობა მიიღო 45-მა პარტიამ და ბლოკმა.

7 %-იანი ბარიერი, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით შემოიღეს, მხოლოდ 3-მა სუბიექტმა გადალახა.


1995 წლიდან საქართველოს ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო: შეჩერდა მშპ-ს ვარდნა, 1996-1997 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი 10,6 %-ით გაიზარდა, რაც განაპირობა შედარებით სტაბილურმა პოლიტიკურმა ვითარებამ, ომის დასრულებამ და 1995 წლის სექტემბერში განხორციელებულმა მონეტარულმა რეფორმამ (კუპონი შეცვალა ლარმა). ასევე შემცირდა ინფლაცია (1997 წ - 7.2 % ), გაიზარდა ექსპორტი (57 %) და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (250 მლნ $), თუმცა კვლავინდებურად მაღალი იყო კორუფციის, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. საბიუჯეტო ორგანიზაციები თვეობით ვერ გასცემდნენ ხელფასებსა და პენსიებს. თბილისსა და რეგიონებს გრაფიკით მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

„სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ !“

მმართველი პარტიის მთავარი საარჩევნო დევიზი

კეთილდღეობაში იგულისხმებოდა:

  • 24 საათიანი ელექტო ენერგია მთელი საქართველოს მასშტაბით
  • საყოველთაო უფასო საშუალო განათლება
  • უფასო სამედიცინო მომსახურება 14 წლამდე მოზარდებისათვის და 65 წლის ასაკს ზევით მოქალაქეებისათვის
  • უფასო ჯანდაცვა 500 ათასი სოციალურად დაუცველისათვის
  • ქალაქების გაზიფიკაცია
  • ცენტრალური დაქვემდებარების გზებისა და ხიდების აღდგენა
  • ადგილობრივი გზების შეკეთება
  • საშუალო ხელფასის გაზრდა 200-230 ლარამდე

მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო პლაკატი

„საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ საპირწონედ ასლან აბაშიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა, თავისი პარტიის - „აღორძინების კავშირის“ - გარშემო შექმნა მძლავრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, რომელშიც გაერთიანდნენ „აღორძინების კავშირი“, ვახტანგ რჩეულიშვილის „სოციალისტური პარტია, აკაკი ასათიანის „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და ვახტანგ ბოჭორიშვილის „21-ე საუკუნე“.

ასლან აბაშიძის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდნენ ასევე პოეტი მუხრან მაჭავარიანი და საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი - ედუარდ შევარდნაძის ძველი ოპონენტი.

საარჩევნო ბლოკი "საქართველოს აღორძინება"

„შევარდნაძის ე.წ. დემოკრატიამ ქვეყანა დააქცია და გაანადგურა. დიახ, შევარდნაძე დემოკრატია, ოღონდ ცრუ... „მოქალაქეთა კავშირის“ პარტიული ათეული არ შეცვლილა. ვინც ძველად იყნენ, იგივენი არიან ახლაც. მათ პროფესიონალიზმში კი მთელი საქართველო დარწმუნდა. ისინი ქვეყნის ნგრევასა და საკუთარი ჯიბის გასქელებაში არიან პროფესიონალები. მათ არჩევნები გააყალბეს 1995 წელს, მაგრამ ახლა ასლანის ავტორიტეტის გაყალბებას ვერ მოახერხებენ“.
ჯუმბერ პატიაშვილი.

„მოქალაქეთა კავშირსა“ და ბლოკ „საქართველოს აღორძინებას“, ორ სახელისუფლებო პარტიას, ჰქონდა ყველაზე მეტი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. ორივე პარტია პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასად აღიქვამდა არჩევნებში დამარცხებას. პოლიტიკური დაპირისპირება ხშირად ფიზიკურ ორთაბრძოლაში გადადიოდა. ქობულეთში ჩასულ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრებს კვერცხები და აგურები ესროლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კვერცხები დაუშინეს „აღორძინების“ წევრებს ბორჯომში.

პოლიტიკის ექსპერტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ხელისუფლებაში მოსული „აღორძინება“ ბევრად უარესი იქნებოდა „მოქალაქეთა კავშირზე“.

ცენტრი VS რეგიონი

არჩევნები რეგიონისა და ცენტრის მკვეთრი დაპირისპირების ფონზე წარიმართა, დაპირისპირება დიდწილად საქართველოს კონსტიტუციით იყო განპირობებული. ასლან აბაშიძე არ დაემორჩილა თბილისის გადაწყვეტილებას და თანამდებობაზე დატოვა აჭარის საბაჟო სამსახურის უფროსი გოგი შევარდნაძე. საქართველოს მთავრობა ირწმუნებოდა, რომ გოგი შევარდნაძის ხელში მკვეთრად გაიზარდა კონტრაბანდის მასშტაბები და ცენტრალურმა ბიუჯეტმა საბაჟო შემოსავლების 40 % დაკარგა.

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 1 757 პატიმარი, მათ შორის რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რემი ვაშაკიძე, სპეცრაზმის ყოფილი უფროსი ნიკა კვეზერელი და ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე. ასანიძე აჭარის ხელისუფლებამ პატიმრობიდან არ გაათავისუფლა.

"მოქალაქეთა კავშირის" საარჩევნო პლაკატი

„არც ერთ ქვეყანაში ამნისტია და შეწყალება არჩევნებს წინ არ უსწრებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ქმედება არის პოლიტიკური მანევრი და არა იმ ადამიანებისადმი ჰუმანური განწყობით ნაკარნახევი ნაბიჯი“.
გიორგი თარგამაძე, ასლან აბაშიძის პრესმდივანი

სამთავრობო პრესა ღიად წერდა „ბათუმური ალიანსის“ ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ პოზიციებზე და „აღორძინების“ არჩევნებში შესაძლო გამარჯვებას განიხილავდა საპარლამენტო გადატრიალებად.

„მიუხედავათ იმისა, რომ „მოქალაქეთა კავშირს“ გაყალბების თითქმის ყველა ბერკეტი უპყრია ხელთ, მაინც გვგონია, რომ შევძლებთ ტოტალური გაყალბების თავიდან აცილებას“.
მუხრან მაჭავარიანი, პოეტი, 1999 წელს კენჭს იყრიდა „აღორძინების“ საარჩევნო სიით.

„აღორძინების“ ლიდერები დარწმუნებული იყვნენ, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებოდა. პოლიცია ხელს უშლიდა „აღორძინების“ მხარდამჭერებს თბილისში ჩამოეყვანათ სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სააგიტაციო ავტობუსები, რომლებითაც შესაძლებელი იყო რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ქალაქის პარალიზება.

რუსეთის ფაქტორი

„დადგა დრო, რომ რუსეთის იმპერიულ ძალებს ქართულ მიწა-წყალზე აღარ ჰქონდეთ არანაირი დასაყრდენი არც სოხუმში, არც ბათუმში და არც თბილისში. შეიძლება ვიღაცას სურს, რომ კვლავაც დაყოს ჩვენი საზოგადოება რამდენიმე ნაწილად, მაგრამ ქართველი ხალხი ამ ანკესს აღარ წამოეგება...“
მიხეილ მაჭავარიანი, “მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივანი

„მოქალაქეთა კავშირი“ “აღორძინებას” დესტრუქციასა და რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა. არჩევნების პერიოდს დაემთხვა საქართველოდან ჩეჩნეთისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე რუსეთის ბრალდებები, ფსოუზე სასაზღვრო რეჟიმის მოხსნის მცდელობა, საქართველოსათვის ბუნებრივი აირის შეწყვეტა.

„შევარდნაძე, 30 წელია, ატყუებს ხალხს... არ შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების დანიშნული არჩევნების ჩატარება“.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია

1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა უზენაესი საბჭოს წევრებმა და პრეზიდენტ გამსახურდიას ქვრივმა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ. გამსახურდიას მომხრეები შიმშილობის აქციებს მართავდნენ როგორც „კოლხურ კოშკში“, ასევე ქუთაისში, ზუგდიდში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მოითხოვდნენ ედუარდ შევარდნაძის უკანონო ხელისუფლების გადადგომას.

მანანა არჩვაძე-გამსახურდია

ოქტომბრის სიურპრიზი

“დანაშაული, რომელიც საქართველოში უნდა მომხდარიყო პირველად“, „საქართველოს რესპუბლიკა“, 29 ოქტომბერი

29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს შსს-მ, გენპროკურატურამ და უშიშროების სამსახურმა გაავრცელეს განცხადება, რომ „აღკვეთილია „საქართველოს აღორძინების“ მიერ დაგეგმილი უმძიმესი დანაშაული“. .

31 ოქტომბერს „სოციალისტური პარტიის“ ოფისის კომპიუტერიდან ჰაკერს ცესკოს კომპიუტერულ სისტემაში უნდა შეეღწია და „საქართველოს აღორძინების“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გაეზარდა იმ პარტიების ხარჯზე, რომლებიც მიიღებდნენ ხმათა 2 %-ზე ნაკლებს, - ეწერა განცხადებაში.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის, ორდე ბებიას, თქმით, დანაშაულის შემსრულებელ ჰაკერს 15 ათას დოლარს ჰპირდებოდნენ.

„საქართველოს აღორძინებამ“ ყველა ბრალდება უარყო. აჭარის მეთაურის წარმომადგენელმა თბილისში, ჰამლეტ ჭიპაშვილმა, შექმნილი ვითარება შეადარა აფხაზეთში ომის დაწყების წინა პერიოდს.

არჩევნების დღე

„არჩევნების შედეგად მიღებული მანდატი გაძლევთ სრულიად განსაკუთრებულ შესაძლებლობას განაგრძოთ თქვენი საქმიანობა, რომლის უმთავრესი მიზანია საქართველოს ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და აყვავებული ცხოვრების შექმნა... მხარს ვუჭერ თქვენს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს კორუფციასთან ბრძოლას... აშშ, როგორც ყოველთვის, იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული. თქვენ კვლავ დაამტკიცეთ, რომ რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო ბრძანდებით!“
ბილ კლინტონი, აშშ-ის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეს

ბილ კლინტონის მილოცვა. "საქართველოს რესპუბლიკა"

ცესკოს გადაწყვეტილებით, არჩევნებს მეთვალყურის სტატუსით 5 საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროკავშირის, ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს, NDI-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

კომისიამ საარჩევნო ბიულეტენში პირველი ოთხი საარჩევნო სუბიექტის ნომრები განსაზღვრა უკანასკნელი არჩევნების შედეგების მიხედვით: პირველი ნომერი ერგო „მოქალაქეთა კავშირს“, მეორე - „აღორძინების კავშირს“, მესამე - „ლეიბორისტულ პარტიას“, მეოთხე - ბლოკს „ეროვნულ-დემოკრატი - მესამე გზა“.

„საქართველოს აღორძინებამ“ მინიჭებული ნომერი აქტიურად გამოიყენა თავის საარჩევნო დევიზებში ქვეტექსტით: N 2 საარჩევნო ბლოკი უკეთესია N 1-ზე:

2 ლარი სჯობია ერთს
2 პური სჯობია ერთს
2 ბალი სჯობია ერთს
2 შვილი სჯობია ერთს
2 ძმა სჯობია ერთს და ა.შ.

1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 7 %-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:

  1. „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ ( 42%)
  2. ბლოკი „საქართველოს აღორძინება’’ (25%)
  3. ბლოკმა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’ (7.1%).

მაჟორიტატური სისტემით მოპოვებული მანდატები ასე განაწილდა:

  1. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი - 44
  2. დემოკრატიული აღორძინების კავშირი - 8
  3. მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 1
  4. ლეიბორისტული პარტია - 2
  5. დამოუკიდებელი დეპუტატები - 17

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 1999 წლის აპრილში დააფუძნა „1998 წლის საუკეთესო ბიზნესმენმა“ გოგი თოფაძემ, რომელიც ღიად გამოდიოდა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ადგილობრივი ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას მოითხოვდა.

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - საარჩევნო პლაკატი

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პარლამენტში 40-50 კაცს გავიყვანდით და ორ დაპირისპირებულ პარტიას შორის დამაბალანსებელი ძალა ვიქნებოდით, მაგრამ არც ერთს არ ვუნდივართ“, - გოგი თოფაძე, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

პარლამენტში ვერ შევიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის ინიციატივითაც გაიზარდა საარჩევნო ბარიერი 5 %-დან 7 %-მდე.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ 7 %-იანი ბარიერის გამო დავრჩით გარეთ, მაშინ მან არითმეტიკა არ იცის. 7 %-მდე ჯერ 5 %-ია გადასალახი. ჩვენ ავიღეთ 90 ათასი ხმა, რაც 5 %-ზე ნაკლებია. წარუმატებლობის მიზეზი გაყალბება კი არა, ცუდად წარმართული საარჩევნო კამპანიაა. „მოქალაქეთა კავშირმა“ შექმნა მტრის ხატი „აღორძინებისგან“, რომელიც, თავის მხრივ, ერთადერთ ალტერნატივად წარმოჩნდა. ვისაც მმართველი პარტია არ უნდოდა, ხმა მისცა „აღორძინებას“. ჩვენი ხმების დიდი ნაწილი წაიღო „მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ“. ასევე დაგვაზარალა ჭორებმა, რომ თითქოს შეკრული ვიყავით მოქალაქეთა კავშირთან“.
ირინა სარიშვილი

ბარიერი ვერ გადალახა ვერც „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

„ისევ მდიდრების ხელში დარჩა ძალაუფლება, მაფიოზური კლანები ისევ გააგრძელებენ სახელმწიფოს გლეჯას. ასეთი შეურაცხყოფილი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, ჩემი თავის დანახვაც კი არ მინდა. ხალხმა, ვინც „მოქალაქეთა კავშირი“ შემოხაზა, იმ ხელით პირჯვარი როგორ უნდა გადაიწეროს?“-შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

საკანონმდებლო ორგანოს გარეთ დარჩა კიდევ ერთი ყოფილი საპარლამენტო პარტია -„სახალხო პარტია”.

„ ხელისუფლებას გააჩნდა ყველანაირი ბერკეტი, ფინანსურიდან დაწყებული აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებებით დამთავრებული. ამ არჩევნებში იმუშავა ჯუნგლების კანონმა: ვინც ძლიერია, მართალიც ის არის”.
გიორგი კობახიძე, „სახალხო პარტიის“ ლიდერი

არჩევნების შემდეგ

საქართველოს IV მოწვევის პარლამენტი 20 ნოემბერს, 10.00 საათზე, შეიკრიბა. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა გახსნილად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პარლამენტის შენობის წინ აღიმართა ეროვნული დროშა. სხდომას უძღვებოდა უხუცესი დეპუტატი იოსებ ხარატიშვილი. დეპუტატებმა მოისმინეს ცესკოს თავმჯდომარის, ჯუმბერ ლომინაძის, ანგარიში. პარლამენტმა ცნო 233 დეპუტატის უფლებამოსილება. ვრცელი სიტყვა წარმოთქვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომლის შემდეგ გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები. დეპუტატებმა 162 ხმით 29 ხმის წინააღმდეგ ზურაბ ჟვანია აირჩიეს.

ზურაბ ჟვანია აირჩიეს IV მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე

„უნდა გამოვიყენოთ ისტორიული შესაძლებლობანი იმ პრობლემათა გადასაწყვეტად, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ღრმად მწამს, რომ იმ ტრადიციებით, რომლებიც წინა წლებში ჩამოყალიბდა, ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ უფრო ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ”.
ზურაბ ჟვანია

გადაწყვეტილებები

IV მოწვევის საქართველოს პარლამენტმა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღო 2004 წლის 6 თებერვალს, როცა „ვარდების რევოლუციის“ გამო უფლებამოსილებაგახანგრძლივებულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

"ქვეყანა დიქტატურისკენ მიდის", "საქართველომ ფრანგული მოდელი კი არა, რაღაც საშუალო მიიღო რუსულსა და თურქმენულს შორის", - ასე შეაფასა არასამთავრობო სექტორმა პარლამენტის მიერ დაჩქარებული ტემპით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება.

„1995 წლის კონსტიტუცია თუ "შევარდნაძის თარგზე" გამოიჭრა, 2004 წლის თებერვალში რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კონსტიტუციას უკვე რევოლუციის სამი ლიდერი ირგებდა“ „ბიზნესი და მენეჯმენტი“,2004 წელი

ამ ცვლილებების შემდეგ დაიკავა ზურაბ ჟვანიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რასაც 1995 წლის კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა.

ხათუნა გოგორიშვილი, 1995-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი იხსენებს, თუ რა პროცესები მიდიოდა ქვეყნის მმართველი გაერთიანების, „მოქალაქეთა კავშირის“, შიგნით და რა ვითარებაში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.

2003 - 2004

ორი მოწვევის პარლამენტი ერთ ვადაში

V - VI მოწვევის პარლამენტი

2003 წლის 2 ნოემბრის V მოწვევის პარლამენტის არჩევნებზე ოპოზიციური ფლანგი შეივსო მმართველი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ რიგებიდან გასული პოლიტიკური ლიდერების მიერ დაფუძნებული პარტიებითა და ბლოკებით.

არჩევნებში, რომელშიც 18 სუბიექტი მონაწილეობდა, ოპოზიციას დაუპირისპირდა ორივე მმართველი პარტია - „აღორძინება“ და „მოქალაქეთა კავშირი“, რომლებმაც, ცესკოს მიერ გამოცხადებული მონაცემებით, პირველი-მეორე ადგილები გაიყვეს. არჩევნების შედეგების გაყალბების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციით“, პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომითა და არჩევნების (პროპორციული ნაწილის) შედეგების გაუქმებით დასრულდა.

VI მოწვევის პარლამენტის (ხელახალი) არჩევნები 2004 წლის 28 მარტს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 17-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა.

ორი მმართველი პარტია მმართველი პარტიის ყოფილი წევრების წინააღმდეგ

„საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა“ ვერ შეასრულა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაცემული მთავარი დაპირება: „სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ”. საქართველოს ხელისუფლებამ ვერც სიღარიბე დაძლია და ვერც სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. მეტიც, საქართველოს რუკაზე გაჩნდა დესტაბილიზაციის ახალი კერა, პანკისის ხეობა, რომელსაც თავს აფარებდნენ ტერორისტები, ადამიანთა გამტაცებლები, ძებნილები, იარაღითა და ნარკოტიკებით მოვაჭრეები.

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული კორუფციის, შს მინისტრთან დაპირისპირებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო, 2001 წლის ოქტომბერში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ზურაბ ჟვანია. მან მალევე, 2002 წლის ივლისში, დააფუძნა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში პარტიამ მონაწილეობა მიიღო „ბურჯანაძე-დემოკრატების“ სახელით.

ზურაბ ჟვანია

2001 წელს „მოქალაქეთა კავშირს“ ასევე გამოეყვნენ დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე, რომლებმაც დააფუძნეს მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

2001 წელსვე „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კორუფციაში დასდო ბრალი და დაუპირისპირდა მთავრობის რამდენიმე წევრსა და თბილისის პოლიციის მაშინდელ უფროსს, სოსო ალავიძეს. იმის გამო, რომ ვერ მიიღო პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდაჭერა ამ დაპირისპირებაში, მიხეილ სააკაშვილმა დატოვა თანამდებობა და დააფუძნა პარტია „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს პარტია შეუერთდა 1999 წლიდან არსებულ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ამავე სახელწოდების ბლოკით, რომელშიც ასევე შედიოდნენ რესპუბლიკური და კონსერვატული პარტიები, გავიდა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

საარჩევნო ბლოკი შექმნა მმართველმა პარტიამ, „საქართველოს მოქალაქეთა კავშირმაც“. „ახალი საქართველოსათვის“ - ასეთი სახელწოდებით დარეგისტრირდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ბლოკი, რომელიც, მმართველი პარტიის გარდა, ასევე აერთიანებდა „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“, „სოციალისტურ პარტიას“ და სხვა წვრილ პარტიებს.

ედუარდ შევარდნაძე და ლევან მამალაძე - საარჩევნო ბლოკის, "ახალი საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერი

ასლან აბაშიძის „საქართველოს აღორძინების კავშირმა" არჩევნებისთვის შექმნილ ბლოკში მიიწვია "ქრისტიან-დემოკრატიული ალიანსი" და "21-ე საუკუნე".

ცალკე საარჩევნო ბლოკი შექმნა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელმაც ბლოკი “ერთობა” პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან ერთად დააფუძნა.

ბუშის წერილი, ამერიკის სტრატეგიული ინტერესი და წინასწარ გამოცხადებული გაყალბების ქრონიკა

„მართალია, ერთი არჩევნების შედეგად საქართველოს ყველა პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ მშვიდობიან, სამართლიან არჩევნებს შეუძლია ქვეყანა დემოკრატიული პოლიტიკური ცხოვრებისკენ მიმავალ სწორ გზაზე დააყენოს“.
ჯორჯ ბუში უმცროსი, აშშ-ის პრეზიდენტი

არჩევნების წინ საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, წერილი მიიღო აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშისგან. ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ის ვალდებულებები შეახსენა, რომელიც მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერთან 5 ივლისს გამართული შეხვედრის დროს იკისრეს. ჯორჯ ბუშმა პარტიების ლიდერებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ძალადობისგან.

„საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებაში ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებულად არის დაინტერესებული, რადგან რეგიონი ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში შედის”.
ჯონ მაკკეინი, ამერიკელი სენატორი.

არჩევნებამდე სამი კვირით ადრე თბილისში საარჩევნო ვითარების გასაცნობად იმყოფებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე სტროუბ ტელბოტი და სენატორი ჯონ მაკკეინი.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების არასამართლიანად ჩატარებისა და გაყალბების რისკებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ეჭვის საფუძველს იძლეოდა დიდი უზუსტობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

„შსს-ს დათვლით, 2002 წლიდან დღემდე ამომრჩევლის რაოდენობა 500 ათასით გაზრდილა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1985 წელს (18 წლის წინ) საქართველოში 800 ათასი ადამიანი დაბადებულა ანუ ისეთი დემოგრაფიული აფეთქება ყოფილა, რომ ლამის ყველა ოჯახში ტყუპი იბადებოდა. ხელისუფლება ჩიხშია მოქცეული, გამოსავალს ვერ პოულობს. არადა, არსებობს გამოსავალი: ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოს ასეთი ხელისუფლება არ სჭირდება”.
ზურაბ ჟვანია

„პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დასაყრდენად კორუმპირებულობითა და არადემოკრატიულობით გამორჩეული ხალხი აქცია. მათ ერთადერთი ღირსება - პრეზიდენტ შევარდნაძისადმი მორჩილება აღმოაჩნდათ. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე სერიოზული ოპოზიციური ძალა გაჩნდა როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე, რამაც განაპირობა ის, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელისუფლება ურეიტინგო და არაპოპულარულ ძალად გამოიყურება, რომელსაც მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბებისა და ძალადობის იმედი აქვს”. დავით გამყრელიძე, „ახალი-მემარჯვენეები“

საქართველოში ამომრჩევლის მარკირება პირველად გამოიყენეს 2003 წლის 2 ნოემბერის არჩევნებში

2 ნოემბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვიდა უცხოელი მეთვალყურეების რეკორდული რაოდენობა. გაყალბების გამოსარიცხად ასევე პირველად გამოიყენეს მარკირება და ეგზიტ-პოლისა და პარალელური დათვლის მეთოდები.

„რომც მოვინდომოთ, გაყალბება ძალიან გაგვიჭირდება. მარკირების სითხის შემადგენლობა არჩევნებამდე არ გამჟღავნდება... მეც და ყველა პარტიამაც რომ მოვინდომოთ, იმდენი საწინააღმდეგო მექანიზმია ჩადებული, გაყალბება ძალიან გაგვიჭირდება... მარკირება გამორიცხავს კარუსელის გამოყენებას, ხმის მიცემის წესი კი - ბიულეტენების ბღუჯა-ბღუჯა ჩაყრას, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ“.
ნანა დევდარიანი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

სახელისუფლებო ბლოკში შემავალი „სოციალისტური პარტიის“ ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო გამოსვლების საფრთხე და რომ ოპოზიცია ქუჩაში იმ მოტივით გამოვა, თითქოს ხელისუფლება მას გამარჯვებას ართმევს.

„თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით!“ - არჩევნები დაძაბულობის ფონზე

2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების დროს, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული კორუფციის გამო, თვეობით არ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები. ენერგოსისტემაში არსებული დეფიციტის გამო, რეგიონებსა და თბილისს გრაფიკით მიეწოდებოდა ელექტროენერგია. თითქმის ყოველდღე ხდებოდა მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა და ქურდობა, რაც კარგად ჩანს იმ დროის საგაზეთო ქრონიკებში:

3 ოქტომბერს ქალაქ ფოთში დამოუკიდებელი გაზეთის ფოთის რედაქციის ოფისი გაძარცვეს. წაიღეს ტექნიკა;

9 ოქტომბერს, 13.00 საათზე, შსს საფელდეგერო სამმართველოს საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი კალისტრატე მექვაბიძე აიყვანეს ლისის ტბაზე, დააყაჩაღეს და წაართვეს ავტომანქანა;

12 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე, ცესკოს მდივანს, გიორგი მიქანაძეს, საკუთარ სახლთან სამი უცნობი პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა;

30 ოქტომბერს ეუთოს ლონდონელი დამკვირვებელი ემილი ერვინი გაძარცვეს. თავდამსხმელებმა წაიღეს ხელჩანთა, ფული და ფოტოაპარატი;

ბათუმში მოკლეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პროკურორი ჯემალ ვერულიძე - მას ქალაქის ცენტრში ესროლეს;

ჯვრის მონასტრის გზაზე, რუსული საჯარისო ნაწილის ბუნკერში, უშიშროების სამინისტრომ მიაგნო იარაღის (ავტომატები, ხელყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, ნაღმები, ტროტილი, ნაღმტყორცნები) სამალავს. სამინისტრომ განაცხადა, რომ აღკვეთეს სერიოზული დესტაბილიზაცია. მინისტრ ვალერი ხაბურძანიას თქმით, იგეგმებოდა თავდასხმა პრეზიდენტ შევარდნაძეზე;

მიხეილ სააკაშვილი

26 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარსადგენად ბოლნისში ჩასულ მიხეილ სააკაშვილსა და მისი პარტიის წევრებს რაიონის შესასვლელთან ხელისუფლების მხარდამჭერები დახვდნენ და ქვები დაუშინეს. ორმხრივი შეტაკების დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა. ქვებისა და ხელკეტების გარდა, დაპირისპირებისას გამოყენენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი.

შს სამინისტროს რაზმები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ წევრებს. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის ფოთში სტუმრობისას, სპეცრაზმმა დაარბია „კმარას“ აქივისტების საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით!“

"კმარას" ერთ-ერთი პლაკატი

„კმარა", რომელიც იყენებდა სერბული ორგანიზაცია "ოტპორის" გამოცდილებას და სიმბოლიკას, ხმაურიანი საპროტესტო აქციებითა და პიკეტირებით დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

არჩევნების დღე - „დღეს დამთავრდა შევარდნაძის ეპოქა”

არჩევნების დღეს, 2 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანმა არაერთი პრობლემის, საარჩევნო უბნების დარბევის, ურნების დამტვრევისა და ცემის ფაქტების მიუხედავად, მაინც კმაყოფილება გამოხატა.

ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვის ვადები გადაწია თბილისში 21 საათამდე, ქუთაისში - 24 საათამდე, რამაც გაურკვევლობა და ქაოსი გამოიწვია. ზოგიერთი უბანი, რომელიც 20.00 საათზე დახურეს, მოგვიანებით გახსნეს. ქუთაისში უბნების ნაწილი 17.00 საათისთვისაც კი არ იყო გახსნილი, ბევრგან ჩაიშალა ხმის მიცემის პროცესი, ბევრმა ამომრჩეველმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა, სიაში ვერ იპოვა თავი.

ნანა დევდარიანი, ცესკოს თავმჯდომარე

„აღორძინებამ“ აჭარის ტერიტორიაზე ხმების 90 % მიიღო, რამაც რადიკალურად შეცვალა არჩევნების შედეგები. აბაშიძის ბლოკი პირველ ადგილზე აღმოჩნდა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა ასლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და „აღორძინების“ ლიდერი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

ქვემო ქართლის მხარეში სახელისუფლებო ბლოკმა „ახალი საქართველოსათვის“ 133 ათასი ხმა მიიღო, საშუალოდ ამომრჩეველთა ხმების 80 % მხარის თითოეულ რაიონში.

კობა დავითაშვილი

„ასეთ არჩევნებში გამარჯვებას პატიოსან არჩევნებში დამარცხება მირჩევნია“
კობა დავითაშვილი, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

„ასეთ განუკითხაობას, რაც ქუთაისში ვნახე, არ მოველოდი“.
ნინო ბურჯანაძე, „ბურჯანაძე-დემოკრატები“

„არჩევნებს ვაფასებ როგორც არაორგანიზებულს, რომელიც თავისთავად იწვევს არაობიქეტურობას და გაყალბებას. რაც შეეხება ეგზიტ-პოლებს, ყალბი იყო და დაფინანსებული ჟვანია-სააკაშვილის მიერ“.
ცოტნე ბაკურია, „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“

„დღეს დამთავრდა შევარდნაძის ეპოქა, ეს არის ეროვნული დღე. დღეს პირველად მოხდა, რომ შევარდნაძემ პარლამენტში თავისი უმრავლესობა ვერ გაიყვანა“.
შალვა ნათელაშვილი. ლეიბორსიტული პარტია

„ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ იმდენი ხმა აიღოს, რამდენიც ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ის ბარიერს გადალახავს, მაგრამ ნუ ეგონება ხელისუფლებას, რომ 25 %-ს დაიწერს და ეს შერჩება. მილოშევიჩის ბედი გაუხდება სანატრელი, იმიტომ რომ ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებს“.
ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია

„ოპოზიციაში აბსურდამდეა მისული სიტუაცია. სააკაშვილი ყოველდღე აცხადებს, თუ პირველ ადგილზე არ გავედი, რევოლუციას დავიწყებო. იმავეს იძახიან ბურჯანაძე-დემოკრატები, პირველები ვართო. ლეიბორისტებსაც პირველობა უნდათ. კარგი იქნება, თუ ეს პარტიები დასხდებიან და ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ არის მათ შორის პირველი“.
ირაკლი ბათიაშვილი, „ახალი საქართველოსათვის“

განსხვავებული რეაქციები - ”ეს აღარ უნდა განმეორდეს. შოკირებული ვიყავით”

საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, არჩევნების კომენტირებისას განაცხადა, რომ 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია და ის პირველია უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომელიც ყველაზე გამჭვირვალედ ჩატარდა.

„ეს აღარ უნდა განმეორდეს. შოკირებული ვიყავით იმით, რაც 2 ნოემბერს თბილისის საარჩევნო უბნებში ვნახეთ: ხალხს, რომელიც შაბათამდე დარწმუნებული იყო, რომ სიაში ირიცხებოდა, კვირას ხმის მიცემის უფლება წაერთვა, სიაში არარსებობის გამო. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: ქართველ ხალხს აქვს უფლება, გაცილებით უფრო კარგი არჩევნები ჰქონდეს”.
ტომას კოქსი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი

„სამწუხაროდ, ეს არჩევნები დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობის გასაძლიერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა”.
ბრიუს ჯორჯი, ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო კოორდინატორი

რევოლუცია იწყება

„შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა. ჩვენ დავიცავთ ხმებს, ჩვენ არაფრის გვეშინია... თუ შევარდნაძე არ გადადგამს გონივრულ ნაბიჯს, თუ შევარდნაძე ახლა მაინც არ განიმსჭვალა პასუხისმგებლობით, ის მოიმკის იმას, რასაც იმსახურებს ხალხისგან“.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ბურჯანაძე-დემოკრატები”, 4 ნოემბერი.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა არჩევნების წინასწარი შედეგები, 2 ნოემბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები გააპროტესტეს „ნაცონალურმა მოძრაობამ“ და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ფილარმონიიდან მერიამდე, შემდეგ მივიდნენ ცესკოს შენობასთან, სადაც არჩევნები ჩაშლილად გამოაცხადეს. პარლამენტის შენობის წინ დაიწყო მრავალდღიანი საპროტესტო აქცია.

გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა

„თუ საქართველოს ხელისუფლებამ და სახელმწიფო სტრუქტურებმა პრინციპულობა არ გამოიჩინეს, ქვეყანაში უმართავი ქაოსი შეიქმნება. სამართალდამცავებმა სასწრაფოდ უნდა აღკვეთონ ეს აქცია”.
ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ბლოკი „ახალი საქართველოსათვის”

7 ნოემბერს ზუგდიდში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიარაღებული ხალხი დაახვედრა. ნიღბიანები სტიქიურად ისროდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა მიმართულებით. დაიჭრა ორი ადამიანი.

„დღეს უკე ნათლად იკვეთება, რომ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული პროცესები სცილდება პოლიტიკის ფარგლებს და თანდათან იძენს სამოქალაქო დაპირისპირების საშიშ სახეს. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოს მოსახლეობას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხალხის ურთიერთდაპირისპირება“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 7 ნოემბერი

„არჩევნებში 1,5 მლნ-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს რიცხვი ხელისუფლების გულმოდგინე მცდელობის შემდეგ 2 მლნ-მდე გაიზარდა. აჭარიდან ყალბი ხმები ჩამოვიდა. არ გვინდა ამომრჩეველი გავაწბილოთ და პარლამენტის დანიშვნის სამარცხვინო პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”.
მიხეილ მაჭავარიანი, „ბურჯანაძე-დემოკრატიები

„ხმების პარალელურ დათვლას ყველა საარჩევნო ოლქში უბნების 20 %-ზე ვაწარმოებდით. 1800 ოქმი შევადგინეთ. ჩვენი მონაცემებით, მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლები ასე განაწილდა:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 26,26 %,
ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ – 18.92%,
„ლეიბორისტული პარტია“ - 17,36%,
„ბურჯანაძე დემოკრატები“ - 10,15%,
“დემოკრატიული აღორძინების კავშირი”- 8,13%
„ახალი მემარჯვენეები“ - 7,98%
თამარ ჟვანია, „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოება“

აღმოჩნდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები რადიკალურად განსხვავდებოდა ხმების პარალელური დათვლით მიღებული შედეგებისგან.

ცესკო:

  1. ბლოკი „ახალი საქართველოსათვის’’ - 21.32%
  2. დემოკრატიული აღორძინების კავშირი - 18.84%
  3. ბლოკი „სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა’’ - 18.08%
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 12.04%
  5. ბლოკი „ბურჯანაძე–დემოკრატები’’ - 8.79%
  6. ბლოკი „ახალი მემარჯვენეები (ახლები)’’ - 7.35%

გაყალბების მასშტაბი ერთიორად გაიზარდა აჭარის ხმების შეჯამების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირმა“ აჭარაში ხმათა 95 %, ანუ 284 ათასი ხმიდან 270 ათასი მიიღო.

„რეალურად ჩვენ მხარი დაგვიჭირა ამომრჩეველთა 26-მა პროცენტმა , მთავრობას - 18-მა პროცენტმა. ეს არჩევნები ჩვენთვის სასურველი შედეგებით დასრულდა, მაგრამ შევარდნაძეს არ უნდა დამარცხება აღიაროს. დღეს პრეზიდენტმა უტიფრად იცრუა, როცა განაცხადა, რომ ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ იმარჯვებს. არ შეიძლება პრეზიდენტი იქცეოდეს როგორც იაფფასიანი შულერი“.
მიხეილ სააკაშვილი, ენმ

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ხდებოდა ოქმების მასობრივი გადაკეთება და, შესაბამისად, ცესკოშიც გაყალბებული ოქმები იგზავნებოდა.

აქცია პარლამენტის წინ - “ხელისუფლებამ უნდა აღიაროს”

ოპოზიციის ნაწილმა არ მიიღო არჩევნების შედეგები და მხარდამჭერები პარლამენტის წინ შეკრიბა.

მიხეილ სააკაშვილი სიტყვით მიმართავს საპროტესტო აქციის მონაწილეებს

„ხელისუფლების პროვოკაციული მოქმედების გამო ჩაიშალა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები, მაგრამ მოვითხოვთ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლება ამაზე არ წავა, ვითარება ძალიან გამწვავდება“.
ნინო ბურჯანაძე საპროტესტო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას

„ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ კი არ გააყალბა, არამედ არ ჩაატარა არჩევნები. ბოდიში მოუხადოს ხალხს. არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ჩვენი ნება სამართლიანად აირეკლოს მის შედეგებზე. ასე არ შეიძლება, ჩვენ არჩევანს ვაკეთებდეთ და ის არავის აინტერესებდეს”
დავით მაღრაძე, პოეტი, საპროტესტო მოძრაობის მონაწილე

თბილისისკენ დაიძრენ არჩევნების გაყალბებით უკმაყოფილო ადამიანები საქართველოს რეგიონებიდან. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბევრმა შეძლო თბილისში ჩასვლა. აქციის მონაწილეთა საპროტესტო მუხტი ვერც წვიმიანმა დღეებმა გაანელა.

„ხალხი წვიმაში დგას და არ იშლება. ვფიქრობ, საარჩევნო სიებში შეტანილი გარდაცვლილები დაგვქვითინებენ ახლა ზეციური საქართველოდან, ისინიც უერთდებიან ჩვენს პროტესტს. ჩვენი აქ დგომა პრინციპის საქმეა”.
მაია ნადირაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

9 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე მივიდა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და მათგან შეიტყო საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა: „არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდეს, დაისაჯონ გამყალბებლები და თავიდან დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები“.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერები კანცელარიაში მიიწვია. მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია კრწანისის რეზიდენციაში შეხვდნენ შევარდნაძეს.

„პრეზიდენტმა დროის გასაყვანად მიგვიყვანა. მას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ქართველი ხალხი აბუჩად აიგდოს. მას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველოში ასლან აბაშიძის, მამალაძის, რჩეულიშვილის პრორუსული რეჟიმი დააკანონოს. ამიტომ მოვუწოდებ სრულიად საქართველოს, რომ გააგრძელოს საპროტესტო აქციები ამ რეჟიმის წინააღმდეგ“.
მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან პრეზიდენტ შევარდნაძეს

„ახალმა მემარჯვენეებმა“ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში არ გავლენ და არ შეუერთდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-დემოკრატების“ საპროტესტო მანიფესტაციებს.

ქუჩაში გასვლაზე უარი თქვეს „მრეწველებმა“ და „ლეიბორისტებმა“. შალვა ნათელაშვილმა „ქუჩის აქციონერებს“ ეროვნულობისგან დაცლილი და სისხლმოწყურებული ძალები უწოდა და გამოთქვა ეჭვი, რომ აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებასთან იყვნენ შეკრული.

„ვერ ეღირსებით იმას, რომ ცოცხალი ნათელაშვილი თქვენ გვერდით დადგეს. თქვენ მხოლოდ ჩემს გვამს მიიღებთ!“
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტია

14 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტსა და კანცელარიას სიმბოლური „ცოცხალი ჯაჭვი“ შემოავლეს და მოითხოვეს შევარდნაძის გადადგომა.

მიხეილ სააკაშვილი

„დღეს წყდება თითოეული ჩვენგანის ბედი... თუ გინდათ გადავრჩეთ წყვდიადს და შვილებს მომავალი მივცეთ, ყველა უნდა დავდგეთ რუსთაველზე და ვაჩვენოთ შევარდნაძეს ჩვენი ძალა... მხოლოდ ჩვენი გამარჯვების გამოცხადება არ კმარა. უნდა აღიარონ, რომ მოხდა გაყალბება. გამყალბებლები უნდა დაისაჯონ. დანარჩენს თავად ხალხი გადაწყვეტს. პირადად მე შევარდნაძის წინააღმდეგ აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას. ჩემთვის პირველი ადგილი კი არა, მთავარი ისაა, რომ კრიმინალიზებული რეჟიმი აღარ იყოს საქართველოში”.
მიხეილ სააკაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„არც მუქარისა და არც ციხეში ჩასმის არ მეშინია... გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამის დამტკიცება კანონიერი გზით შეიძლება და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ”.
ნანა დევდარიანი, ცესკოს თავმჯდომარე

ცესკომ არჩევნების შედეგები 20 ნოემბერს გამოაცხადა, რასაც ზეიმით შეხვდნენ პარლამენტის შენობასთან ე.წ. კონტრაქციაზე შეკრებილი „აღორძინებისა“ და სახელისუფლებო ბლოკის, „ახალი საქართველოს“, წარმომადგენლები.

„ჩვენ სკამები კი არ გვამოძრავებს, არამედ ის, რომ საქართველო არავინ დაშალოს და დააქუცმაცოს”.
ლევან მამალაძე, „ახალი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ვარდების რევოლუცია

„სხდომათა დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და შემოვიდა... „ვარდების რევოლუცია“, - გაზეთი “24 საათი”, 23 ნოემბერი.

პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, V მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს, 16.00 საათზე დაინიშნა. სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ახალი მემარჯვენეებიდან“. 22 ნოემბერს პარლამენტში არც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

შეიქმნა კვორუმის პრობლემა. 16.50 საათზე სხდომა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, თუმცა სულ მალე პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა „ახალი მემარჯვენეების“ 6-კაციანი დელეგაცია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ახალი მემარჯვენეების ლიდერს, დავით გამყრელიძეს, და განაცხადა, რომ კვორუმი „საკმარისზე მეტი“ იყო.

ედუარდ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და ვრცელი სიტყვის კითხვას შეუდგა, მაგრამ, როგორც 23 ნოემბერს გამოსული გაზეთი „24 საათი“ წერდა, ამ დროს „სხდომათა დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და შემოვიდა... „ვარდების რევოლუცია“

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილსა და „სახალხო ლაშქართან“ ერთად, შიშველი ხელებით აიღეს პარლამენტის შენობა... შევარდნაძე, თითქოს მის ირგვლივ არაფერი ხდებაო, აგრძელებდა დაწერილი სიტყვის კითხვას. ბოლოს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ხელი სტაცეს და პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს. დარბაზიდან გაიქცნენ სახელისუფლებო ბლოკისა და „აღორძინების“ წევრებიც. 18.00 საათისათვის პარლამენტის შენობა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის ხელში იყო.

რამდენიმე საათით ადრე...

საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი 15.00 საათისათვის, მიხეილ საკაშვილის მოწოდებით, სახელმწიფო კანცელარიისკენ დაიძრა, გაარღვია პოლიციისა და შინაგანი ჯარის კორდონი და პრეზიდენტის კანცელარიასთან მივიდა. მოვლენების შემდგომ განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ პოლიციამ ჯეროვანი წინააღმდეგობა არ გასწია. ოპოზიციის ლიდერებმა იჩქარეს და „სახალხო ლაშქარი“, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე, დაძრეს კანცელარიიდან პარლამენტისკენ, რომლის დაკავებას არასრული ერთი საათი დასჭირდა.

ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა მოითხოვა.

23 ნოემბერი, 20:45

პარლამენტის წინ შეკრებილი ათობით ათასი ადამიანი კრწანისის რეზიდენციისკენ წასვლას და პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა.

„მივცეთ დრო, ღირსეული გადაწვეტილება მიიღოს“, - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს.

19.35 საათზე ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა დატოვეს პარლამენტის შენობა და კრწანისის რეზიდენციისკენ გაემართნენ.

2003 წლის 23 ნოემბერს, 20 საათსა და 45 წუთზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა.

„ახლა მე ვხედავ, რომ ის, რაც ხდება, უსისხლოდ არ ჩაივლის. იძულებული გავხდები გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს ამ პირობებში. ეს სისხლისღვრამდე მიმიყვანს. ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლა, ამ ვითარებაში, ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, რათა ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდეს”.
ედუარდ შევარდნაძე

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანია

არჩევნები დასრულდა, გაუმარჯოს არჩევნებს!

23 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები - საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი და ბათილად ცნო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის პროპორციული ნაწილი, ხოლო მაჟორიტარული ძალაში დატოვა.

“ის, რაც ქვეყანაში ხდება, უკანონო და არალეგიტიმურია, თუმცა დღევანდელი სამეული, რომელიც ხელისუფლებაშია, ცდილობს მომხდარი და შემდგომი მოვლენები კანონიერ ჩარჩოში მოაქციოს. ეს გადატრიალება ღალატის გამო მოხდა... შევარდნაძეს რომ გუნდი ჰქონოდა, ასეთი რამ არ მოხდებოდა. შექმნა რაღაც ეკლექტიკური გაერთიანება, სადაც მინისტრები ერთმანეთს ვერ იტანდნენ”.
ლევან მამალაძე, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ცესკოს თავმჯდომარე

ცესკოს ახალმა ხელმძღვანელობამ განიხილა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი. კანონის შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემთხვევაში ცესკო ახალ არჩევნებს ორი თვის ვადაში ატარებს. ცესკომ საპარლამენტო არჩევნების ვადად 25 იანვარი განსაზღვრა, თუმცა იმავე დღეს ცესკომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არჩევნების გადადების თხოვნით მიმართა. ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ვარაუდით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე უნდა დანიშნულიყო.

ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, განცხადა, რომ 25 იანვარს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

საბოლოოდ გადაწყდა, VI მოწვევის პარლამენტის (ხელახალი) არჩევნები 2004 წლის 28 მარტს გამართულიყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ ერთიანობა კიდევ უფრო განამტკიცეს და 28 მარტის არჩევნებზე ერთი ბლოკით („ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“) წარდგნენ ამომრჩევლის წინაშე.

დაიშალა ორივე სახელისუფლებო ბლოკი: „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ და „ახალი საქართველოსთვის“.

საარჩევნო ბლოკში („მემარჯვენე ოპოზიცია“) გაერთიანდნენ „ახალი მემარჯვენეები“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქარველოს“.

გაერთიანდნენ ასევე „ეროვნულ-დემოკრატები“ და „ტრადიციონალისტთა კავშირი“.

არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა ლეიბორისტულმა პარტიამ.

2003 წლის 2 ნოემბრისგან განსხვავებით, 2004 წლის 28 მარტის არჩევნებმა ძალადობის გარეშე ჩაიარა. 7 %-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა სუბიექტმა გადალახა:

  1. „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ - 66.24%
  2. „მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები“ - 7.56%

ცესკოს ახალი თავმჯდომარის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, 28 მარტის არჩევნებში აჭარაში 145 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, მაშინ როცა 2 ნოემბერს მათი რიცხვი 269 ათასი იყო.

„ეს განსხვავება ნათლად აჩვენებს, როგორი გაყალბებით იმართებოდა აქამდე აჭარაში არჩევნები.“
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ცესკოს თავმჯდომარე.

„28 მარტის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციის საძმო სასაფლოა“, - დაწერეს გაზეთებმა არჩევნების დასრულების შემდეგ.

28 მარტის არჩევნების შემდეგ აშკარა გახდა, რომ ასლან აბაშიძის ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩა.

„ჩვენ ვიქნებით ის პარტია, რომელიც შეძლებს გააკონტროლოს მმართველი პარტია”.
დავით გამყრელიძე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი

ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელმაც ვერ გადალახა 7 %-იანი ბარიერი, გამოაცხადა, რომ იწყებს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, რის მიზეზადაც შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბება და ხელისუფლების მხრიდან ლეიბორისტების პარლამენტის მიღმა დატოვება დაასახელა.

გადაწყვეტილებები

VI მოწვევის პარლამენტმა პირველივე წელს საქართველოს კონსტიტუციის 30-მდე მუხლში შეიტანა ცვლილებები. კონსტიტუციის ტექსტს დაემატა ახალი, მეოთხე, თავი -„საქართველოს მთავრობა“, რომლის მიხედვითაც შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საქართველოს ორგანულ კანონში სახელმწიფო დროშის შესახებ. დროშასთან ერთად შეიცვალა საქართველოს ეროვნული გერბი და ჰიმნი. ცვლილებები ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.

კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.

2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა. გადაწვეტილების მიღებისას საქართველოს პარლამენტი დაეყრდნო 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც კითხვაზე - „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“, 84 %-მა დადებითად უპასუხა.

2006 წლის 27 დეკემბერს მიღებულმა კონსტიტუციურმა კანონებმა კიდევ უფრო გააძლიერა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ცვლილებები შეეხო პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის, უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას და პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში.

2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონით გადაწყდა, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი. ამავე კანონით საარჩევნო ბარიერი შემცირდა 7 %-დან 5 %-მდე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, 2003 წელს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ჰყვება, თუ რა როლი ითამაშა მისმა ორგანიზაციამ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების ბათილად ცნობაში.

2008

ოპოზიციის ბოიკოტი

VII მოწვევის პარლამენტი

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა „გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელიც 9 პარტიის კოალიციას წარმოადგენდა. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ რესპუბლიკური პარტია, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა ჟურნალისტებმა დააფუძნეს. სულ VII მოწვევის პარლამენტის არჩევნებში 12 პარტია და ბლოკი დარეგისტრირდა.



ნოემბრიდან ნოემბრამდე

2008 წელს საპარლამენტო არჩევნები, კონსტიტუციაში 2006 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების თანახმად, შემოდგომაზე უნდა გამართულიყო. ოპოზიცია მოითხოვდა არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, ანუ იმ დროს, როცა იწურებოდა წინა მოწვევის, 2004 წლის 28 მარტს არჩეული პარლამენტის 4-წლიანი ვადა.

კონსტიტუციაში შეტანილი ამ და სხვა ცვლილებების გამო, ოპოზიცია მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ სააკაშვილს ავტორიტარიზმსა და ძალაუფლების მიტაცებაში ადანაშაულებდა. ხელისუფლების იმიჯი სერიოზულად იყო შელახული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმით, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის მოხელეები და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე ფიგურირებდნენ.

გაერთიანებული ოპოზიციის სარჩევნო პლაკატი

ოპოზიციციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის გადადგომასა და 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ.

2007 წლის ოქტომბერში ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც მხარს უჭერდა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მილიარდერი და ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ბადრი პატარკაციშვილი, გაერთიანება და საკოორდინაციო ორგანოს, „საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს“, ჩამოყალიბება შეძლეს. სწორედ „ეროვნულმა საბჭომ“ გადაწყვიტა არჩევნების გაზაფხულზე დანიშვნისა და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 2 ნოემბერს (2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წლისთავზე) პარლამენტის შენობის წინ „გადამწყვეტი მიტინგი“ გაემართა.

კახა კუკავა

”2 ნოემბრის აქციის წინ ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც შეგვაძლებინებს სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებას პრაქტიკულად 2 ნოემბერსვე”, - კახა კუკავა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

2 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის წინ დარჩა. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დარჩენილი აქციის მონაწილეები ხუთი დღის შემდეგ, 2007 წლის 7 ნოემბერს, დაშალა, რისთვისაც გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. დაშავდა ასობით ადამიანი.

7 ნოემბერსვე სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“ და მაუწყებლობა გათიშა ისე, რომ არანაირი საბუთი არ წარუდგენია. გათიშეს ტელეკომპანია „კავკასიაც“. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს გამოაცხადა, რომ გადადგებოდა და დანიშნავდა როგორც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე პლებისციტს, რომლის საშუალებითაც გადაწყდებოდა როდის გაიმართებოდა საპარლამენტო არჩევნები: გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე.

ბადრი პატარკაციშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს გამოაცხადა, რომ გადადგებოდა და დანიშნავდა როგორც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე პლებისციტს, რომლიც საშუალებითაც გადაწყდებოდა როდის გაიმართებოდა საპარლამენტო არჩევნები: გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე.

16 ნოემბერს გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა.

5 იანვარს გამართულ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა, პლებისციტში მონაწილეთა 71 %-მა კი მხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გამართვას.

საარჩევნო კამპანია - საქმე ლაპარაკის ნაცვლად

მმართველი პარტიის საარჩევნო დევიზები 2008 წლის არჩევნებში:

„საქართველო სიღარიბის გარეშე“
„ძლიერი სოფელი - ძლიერი საქართველო“
„დასაქმება! დასაქმება! დასაქმება!“
”ქუთაისი - საქართველოს მეორე დედაქალაქი!”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო პროგრამის სათაური იყო “საქმე ლაპარაკის ნაცვლად”.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წარმოადგინეს ქუთაისის განახლების 100-დღიანი პროგრამა: ”ქუთაისი - საქართველოს მეორე დედაქალაქი”. 17 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. გადაწყდა რესპუბლიკური დანიშნულების რამდენიმე უწყების, მათ შორის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, საგზაო დეპარტამენტისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო უწყების ქუთაისში გადატანა.

მიხეილ სააკაშვილი. საარჩევნო პლაკატი

საარჩევნო სიის რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე მოულოდნელი იყო მმართველი პარტიის სიის პირველი ნომრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის, დემარში.

„ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული კონსულტაციების მიუხედავად, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული კონსენსუსი „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. მივიღე გადაწყვეტილება, არ ვიყარო კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“.
ნინო ბურჯანაძე

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებები - “ჩვენ მოვდივართ”

”არჩევნების წინ კიდევ ერთხელ უნდათ მოატყუონ მოსახლეობა. არ უშველით არაფერი, რაც არ უნდა ატყუონ ამომრჩეველი ასფალტების დაგებით, მთავრობის გასვლითი სხდომებით არაფერი გამოუვათ” - ზვიად ძიძიგური, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 18 მაისი, საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან.

"ეროვნულ საბჭოში" გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების პლაკატი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არჩევნებამდე იცოდა, თუ რას გააკეთებდა ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში:

”ბრალად წავუყენებთ ვარდების რევოლუციიდან დღემდე ჩადენილ დანაშაულებს...”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

შალვა ნათელაშვილი. საარჩევნო პლაკატი

"პარლამენტში შესვლის შემდეგ, უპირველესად, იურიდიულ პროცედურას დავიწყებთ, რომელიც ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება და რომელიც საქართველოში ოფიციალურ რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას ითვალისწინებს."
გიორგი თარგამაძე, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობის“ ლიდერი, ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილი დირექტორი.

გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ჭანტურია. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევენო პლაკატი

ოპოზიციურმა პარტიებმა „გაერთიანებული“ დაირქვეს, მაგრამ სრულად ვერ გაერთიანდნენ. დაყოფამ და პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირებამ უკიდურესად გაართულა ოპოზიციის სტრატეგიული ამოცანა, მოეპოვებინა საპარლამენტო უმრავლესობა. ოპოზიციის კანდიდატებმა ერთმანეთი განსაკუთრებით მაჟორიტარულ ოლქებში დააზიანეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კამპანია მთლიანად დადებით მუხტზე ააგო. გამოიყენა ასევე ადმინისტრაციული რესურსი ადგილობრივი ხელისუფლებების სახით. ხელისუფლება აკონტროლებდა თითქმის ყველა გავლენიან ტელევიზიას. პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“, „მზე“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე.

ოპოზიციის მტკიცებით, წინასაარჩევნო კამპანიისას ხელისუფლება ძალადობდა, აშინებდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, აშანტაჟებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამ საქმეში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს იყენებდა.

ზვიად ძიძიგური. საარჩევნო პლაკატი

ოპოზიცია 21 მაისის არჩევნებიდან ორ შედეგს ელოდა:

  1. ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდებოდა და საქართველო გათავისუფლდებოდა „სააკაშვილის რეჟიმისგან“. შესაბამისი იყო ოპოზიციის საარჩევნო დევიზიც: „საქართველოს განმათავისუფლებელი მოძრაობა: ჩვენ მოვდივართ!“;
  2. ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებდა, რასაც მოჰყვებოდა მღელვარება და ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა.

”ოპოზიცია კი არ გეგმავს აქციას, აქციაზე ხალხი გამოჰყავს ხელისუფლებას, ხელისუფლების ქმედებებს”, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას. დაახლოებით, იგივე აზრი გაიმეორა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ: „გაყალბდება არჩევნები? ადეკვატურ პასუხს მიიღებენ! არ გაყალბდება? საპარლამენტო არჩევნებს მოვიგებთ!”

ლევან გაჩეჩილაძე. საარჩევნო პლაკატი

არჩევნების დღე

2008 წლის 21 მაისის დილის 8 საათზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო 86 ოლქის 3 558 უბანზე. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არაერთ საარჩევნო ოლქში, მათ შორის თბილისშიც, აღიკვეთა ე.წ. კარუსელის მცდელობა.

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით გამყრელიძემ, განაცხადა, რომ არჩევნების დღეს წალენჯიხაში პოლიტიკური მოტივით მოკლეს ოპოზიციის აქტივისტი, გერონტი კაცია: „ეს არის პირველი მსხვერპლი ამ არჩევნებისა და ეს არის ამ ხელისუფლების სინდისზე“.

დავით გამყრელიძე

დავით გამყრელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო ხელისუფლებამ.

როგორც ყველა წინა არჩევნებში, ბევრი უხეში დარღვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლის მხარეში, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ თამარ ქაროსანიძის თქმით, რამდენიმე ამომრჩეველი ერთად შედიოდა ხმის მისაცემ კაბინაში.

„ასეთ დარღვევას კომისიის წევრები არ აღკვეთდნენ ხოლმე და, პირიქით, როცა მიუთითებდნენ დამკვირვებლები, კომისიის წევრები უფრო აგრესიულები ხდებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა კომისიის წევრები მიჰყვებოდნენ ამომრჩევლებს ხმის მისაცემ კაბინაში და აძლევდნენ მითითებებს, რომელი პარტია და მაჟორიტარი კანდიდატი შემოეხაზათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტი დარღვევა იყო, ვიდრე მოველოდით".
თამარ ქაროსანიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”

“უკეთესი, ვიდრე წინა”

“მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები, იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, “გაუმჯობესებაა”. ახლა მოველით შედეგებს და მოველით, ასევე, ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობასთან თანამშრომლობას”.
ტომ კეისი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

„ჩვენ გვსურს სტაბილური საქართველო და მისი განვითარების მოსურნენი ვართ. როგორც ჩანს, ეს არჩევნები უკეთესი იყო, ვიდრე წინა. ეს კი გვამხნევებს”.
დიმიტრი რუპელი, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის, საგარეო საქმეთა მინისტრი

”სიძულვილი, ნდობის დეფიციტი ქმნის ისეთ პოლიტიკურ ატმოსფეროს, როცა შეუძლებელია დიალოგი და, საბოლოოდ, ხედავ, რომ არ გაქვს სრულყოფილი საარჩევნო გარემო. დემოკრატიულ საზოგადოებებში არჩევნები ყოველთვის მძიმე ბრძოლაა, მაგრამ არა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე“.
მატეაშ იორში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი

პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცეს:

”პრეზიდენტები საქართველოს ვულოცავთ დემოკრატიულობის გამოცდის ჩაბარებას, რაც თავისუფალ და კონკურენტუნარიან საპარლამენტო არჩევნებში გამოიხატა".

”მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არჩევანს“.
მიხეილ სააკაშილი, პრეზიდენტი

ოპოზიციამ ბოიკოტის გამოცხადების შესახებ დაიწყო საუბარი.

,,გიორგი თარგამაძის გარდა, პარლამენტს ყველა ოპოზიციური ძალა, ბარიერგადალახულიც და ბარიერგადაულახავიც, ბოიკოტს უცხადებს. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, ცოტა ხანში შედეგიდან გამოჩნდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მეტი გზა არ აქვთ”.
გაზეთი „24 საათი“

ოპოზიცია ბოიკოტის სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როცა ცესკომ არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა და გაირკვა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა:

  1. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გამარჯვებული საქართველო’’ - 59.18%
  2. გაერთიანებული ოპოზიცია - 17.73%
  3. გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები - 8.66%
  4. შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლიბორისტული პარტია - 7.44%

მაჟორიტარული წესით გაიმარჯვა სამმა პარტიამ:

  1. ნაციონალური მოძრაობა - 71 მანდატი
  2. გაერთიანებული ოპოზიცია - 2 მანდატი
  3. რესპუბლიკური პარტია - 2 მანდატი

19 დაჭრილი მანდატი

21 მაისს არჩეული პარლამენტის ოპოზიციური სპექტრი, გარდა „ქრისტიან-დემოკრატებისა“, არჩევნების შედეგების გაყალბების მოტივით, მთლიანად გაემიჯნა საკანონმდებლო ორგანოს და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ბოიკოტი იყო პოლიტიკური აქცია, რაც ქმნიდა პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობას, პოლიტიკური კრიზისის საფუძველი კი არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობა და, შესაბამისად, ოპოზიციის მიერ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება იყო.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე

ოპოზიციამ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს.

ოპოზიციის მტკიცებით, ძალადობის ფაქტებმა განსაკუთრებით 26 მაისის საპროტესტო გამოსვლის შემდეგ მოიმატა. „ახალი მემარჯვენეების“ მიერ გავრცელებული ცნობით, ნაცემი იყო რამდენიმე აქტივისტი გორსა და ხაშურში, ხოლო სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორსა და გაერთიანებული ოპოზიციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გიორგი თავდგირიძეს, დიღმის ხიდთან დახვდნენ და სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს: მოსტეხეს ფეხი და ქვედა ყბის ძვალი.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 21 მაისის, ანუ არჩევნების, შემდეგ სასტიკად სცემეს, სულ ცოტა, 12 ადამიანს.

”ეს არ ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანების დასაშინებლად, ვისაც სცემენ. ეს ხდება მთელი საზოგადოების დასაშინებლად და, ალბათ, სრულიად შეგნებულად იმ პერიოდში, როცა ოპოზიცია ემზადება გარკვეული აქტიურობისათვის. პრაქტიკულად სახელმწიფო ატარებს ტერორს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, სახელმწიფო ატარებს ტერორს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ”, - სოზარ სუბარი, სახალხო დამცველი.

დავით გამყრელიძემ გაამჟღავნა ოპოზიციის გეგმა, მოახდინოს პარლამენტის ბლოკირება, არ შეუშვას არჩეული დეპუტატები შენობაში და ჩაშალოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 10 ივნისისთვის დაინიშნა.

თუმცა პარლამენტის შენობის პიკეტირების გეგმა, რომლითაც გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია აპირებდნენ მოქმედებას, მარტივი მიზეზით ჩაიშალა: ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 10 ივნისს გეგმავდა, რადგან სწორედ 10 ივნისს ელოდა ახლად არჩეული პარლამენტის შეკრებას, მაგრამ მოულოდნელად პარლამენტი 7 ივნისს, დილით, შეიკრიბა.

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა უარი თქვა დეპუტატობაზე და 2008 წლის 7 ივნისს, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, მანდატები დაჭრა. პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე განადგურდა ლეიბორისტული პარტიის მიერ მოპოვებული 6 და გაერთიანებული ოპოზიციის 13 მანდატი.

”ეს არის ჩემი მანდატი, ჯიბეში მიდევს მაკრატელი, პლასტიკაა, მაკრატლით უნდა დავჭრა. მე მინდა მთელი მსოფლიოს თვალწინ ეს მანდატი დავკუწო”.
ლევან გაჩეჩილაძე, გაერთიანებული ოპოზიცი

ეკა ბესელია

„მე უარს ვამბობ დეპუტატის მანდატზე და ეს არის ჩემი პასუხი იმ ძალადობის, იმ გაყალბების და უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში წესად იქცა“.
ეკა ბესელია, გაერთიანებული ოპოზიცია

გაერთიანებული ოპოზიცია ვერც ბოიკოტში აღმოჩნდა ერთიანი: ოპოზიციის ლიდერთაგან დეპუტატობაზე უარი არ თქვეს გია თორთლაძემ, გია ცაგარეიშვილმა, პაატა დავითაიამ და ჯონდი ბაღათურიამ.

პირველი სხდომა

საქართველოს VII მოწვევის პარლამენტი 2008 წლის 7 ივნისს დილის 10.00 საათზე შეიკრიბა. პირველ სხდომას დაესწრო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. ტრადიციისამებრ, შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომლის დასრულების შემდეგ არჩეულ დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

”შემდეგი წლები გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი მანდატი, ახალი ენერგია რეფორმებისთვის, იმიტომ რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მათი შუა გზაზე მიტოვება არ შეიძლება. საქართველოს მომავალი არის შემდგომ რეფორმებში, ხალხისთვის სასიცოცხლო ცვლილებებში”, - მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, 116 ხმით 4-ის წინააღმდეგ,VII მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, აირჩია.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების ნაწილმა აირჩია პარლამენტის წევრის მანდატზე უარის თქმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგების (ყოფილი კოლეგების უკვე, უფრო სწორად) ნაწილმა აირჩია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფის გზა... მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის“.
დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე

გიორგი თარგამაძე

”ლომის ხახაში იმიტომ არ მქონდა თავი შეყოფილი, რომ სადღაც მოუსავლეთში მივბრძანდეთ და აქ ფსევდოოპოზიციამ, ბურჯანაძის თამადობით, დაიკავოს ჩვენი ადგილი. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია ოპოზიციამ თავისი მიზანი შეასრულოს“.
გიორგი თარგამაძე, რომლიც ექვსკაციანი გუნდით პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ 20 ივნისს შევიდა

ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, პარლამენტი ქუთაისში და ლაზიკა შავი ზღვის პირას

VII მოწვევის პარლამენტში შეიქმნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, რომლის დასკვნის მიხედვითაც, საქართველო იძულებული იყო ეწარმოებინა თავდაცვითი ომი საკუთარ ტერიტორიაზე. საპარლამენტო კომისიამ სამართლებრივი შეფასება მისცა 2008 წლის აგვისტოს ომს.

დავით ბაქრაძე. პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად განისაზღვრა ქალაქი ქუთაისი.

VII მოწვევის პარლამენტის მიერ 2010 წლის 15 ოქტომბერს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა - საქართველო გახდა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები: იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას. გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს, რომელიც გახდა მთავრობის მეთაური. სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი: მთავრობას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე.

2012 წლის 22 მაისს მიღებული კონსტიტუციური კანონით, საქართველოს მოქალაქის პარლამენტის წევრად არჩევის ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა.

2012 წელს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციით განსაზღვრა შავი ზღვის პირას მშენებარე ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილება.

ჯონდი ბაღათურია, 2008-2012 წლებში საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი იხსენებს, თუ როგორ იბრძოდა გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის და როგორ მოხდა, რომ ზოგმა ოპოზიციონერმა მანდატებზე უარი თქვა, ზოგმა კი - პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა.

2012

როცა შუა გაიკრიფა

VIII მოწვევის პარლამენტი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა, თუმცა 1 ოქტომბრამდეც ნათელი იყო, რომ ძირითადი არჩევანი არა 16, არამედ 2 პოლიტიკურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ - შორის გაკეთდებოდა.



მილიარდერი ივანიშვილი

„გადავწყვიტე დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში პირადად გავუწიო კოორდინაცია პოლიტიკურ პროცესებს და ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება”.
ბიძინა ივანიშვილი, 7 ოქტომბერი, ამონარიდი საპროგრამო წერილიდან

VII მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო უმრავლესობას ფლობდა. მიხეილ სააკაშვილისა და მმართველი პარტიის პოზიციები ვერც 2008 წლის აგვისტოს ომმა შეარყია და ვერც ე.წ. „საკნების ქალაქის“ აქციამ, რომლის დროსაც ოპოზიციას სამი თვის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი რუსთაველის გამზირი.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისთვის სასურველი შედეგებით დაასრულა 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუმცა ოპოზიციამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ არჩევნები ხელისუფლებამ უხეშად გააყალბა, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

კოორდინირებული მოქმედებისათვის პარტიების ერთმა ნაწილმა პოლიტიკური კოალიცია - ”თავისუფალი არჩევანი”, ე. წ. „ოპოზიციური ექვსიანი” (”თავისუფალი დემოკრატები”, ”ეროვნული ფორუმი”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია”, ”საქართველოს გზა“) - შექმნა. “ოპოზიციური ექვსიანი” სამ თვეში დაიშალა. ყველა ეს პარტია მალევე გაერთიანდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილ პარტიათა კოალიციაში, რომლის ცენტრში 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ იდგა.

ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნების" ლიდერები

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ბალანსი. ყველაფერი კი დაიწყო 2011 წლის 5 ოქტომბერს, როცა მილიარდერმა საინფორმაციო სააგენტოების დახმარებით გაავრცელა მოკლე ცნობა, რომ ის აპირებდა საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

7 ოქტომბერს პრესაში გამოქვეყნდა ივანიშვილის ვრცელი საპროგრამო წერილი, რომლითაც ყველაზე მდიდარმა ქართველმა საზოგადოებას უთხრა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც “ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და საკონსტიტუციო ცვლილებებმა ნათლად გამოავლინა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, ხელისუფლების სათავეში დარჩეს”.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა ოპოზიცია, რომელიც 2008 წლიდან - საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის მომენტიდან - პერმანენტულად მართავდა საპროტესტო აქციებს და მოითხოვდა როგორც პრეზიდენტის გადადგომას, ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

მოქალაქე ივანიშვილი - ხელისუფლების რეაქცია

2012 წლის 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ივანიშვილს არც პარტიის შექმნის და არც სხვა პარტიების დაფინანსების უფლება არ ექნებოდა, რადგან ერთიც და მეორეც, საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ.

17 ნოემბერს ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით, მანამდე უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, რადგანაც, მისივე სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეობა და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა სურდა.

”ევროპული კონვენციით, პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე, ამიტომ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ მოქალაქეობა, რადგან დავიბადე და ვცხოვრობ საქართველოში”.
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა მხოლოდ 2013 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

საარჩევნო გარემო

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდა 50 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 62 ათასი და 66 საერთაშორისო ორგანიზაციის 16 ათასი დამკვირვებელი.

2012 წლის 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სახელმწიფომ ოპოზიციის 40-ზე მეტი აქტივისტი დააკავა ადმინისტრაციული წესით, რასაც, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, თითქმის არც ერთ შემთხვევაში არ ახლდა სათანადო მტკიცებულებები. ხშირი იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში.

თეა წულუკიანი. "ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატი

2012 წლის 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი, ჯამში, 148,6 მილიონი ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” სახსრები უკანონოდ შესწირა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს, გადასცა თანხა „გლობალ ტვ”–ს მიერ მოსახლეობისათვის სატელიტური ანტენების დასამონტაჟებლად. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოთვლით, ანტენების საბაზრო ღირებულება 12,6 მლნ ლარს შეადგენდა

მეორე შემთხვევაში კომპანიებმა შპს „ელიტა ბურჯმა” და „ბურჯმა” „ქართულ ოცნებას“ სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, მაშინ როდესაც მომსახურების საბაზრო ღირებულება 2,2 მლნ ლარი იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ კომპანიების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა.

სახელმწიფომ ასევე დააყადაღა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა” და ტელეკომპანია „მაესტროსათვის” გადაცემული სატელიტური თეფშები.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური დადგენილებით საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღებები შეზღუდა, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატების, დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებული იყო მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ფუნქციას შორის ზღვრის არარსებობით.

მეტი სარგებელი ხალხს VS ოცნებების ასრულება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამი ძირითადი პრიორიტეტით სცადა ამომრჩევლის მიმხრობა: დასაქმება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. დაპირების ძირითადი გზავნილი პარტიამ საარჩევნო სახელშიც ასახა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“.

"ხელშეკრულებას ხალხთან" ხელს აწერენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი

მმართველი პარტია ამომრჩეველს ჰპირდებოდა უმუშევრობის დაძლევას, რისთვისაც შექმნიდა დასაქმების სახელმწიფო სამინისტროს. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისათვის, პარტია ამბობდა, რომ დააზღვევდა ყველა მოქალაქეს და რომ 4 წლის განმავლობაში ყველა ოჯახს გაუნაღდებდა 1000-ლარიან ვაუჩერს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატი

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ კი ამომრჩეველს ყველა ოცნების ასრულებას დაჰპირდა. „ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ - ასეთი იყო კოალიციის მთავარი დევიზი, რაც გულისხმობდა იმას, რომ :

  • თითოეული ადამიანი მოძებნიდა სამუშაო ადგილს ;
  • თითოეულ ადამიანს გაუჩნდებოდა დამატებითი შემოსავლები;
  • შემცირდებოდა მოსახლეობის მასობრივი გასვლა საზღვარგარეთ;
  • შემცირდებოდა სოციალური სიდუხჭირის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვი;
  • გაუმჯობესდებოდა დემოგრაფიული მაჩვენებლები;
  • მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ტარიფები, მათ შორის განახევრდებოდა კომუნილური გადასახადები;
  • ყველა სოფელი მიიღებდა ფულად დახმარებას... დასახელდა კონკრეტული თანხები;

დაპირებები გასცეს სხვა პარტიებმაც

„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ - ამ დევიზით აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას „ახალი მემარჯვენეები“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„შვილებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება“ – ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა. „დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო“ - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ 2010 წლის არჩევნებზე გაცემული ეს დაპირება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ძალაში დარჩა.

გიორგი თარგამაძე საარჩევნო პლაკატზე

„მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“ - ასეთი იყო „ლეიბორისტული პარტიის“ დევიზი. „მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ! ღმერთი არს ჩვენთან! ვიწყებთ!“ - ამბობდა ნათელაშვილი ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში.

სექტემბრის სიურპრიზი - ციხის კადრები

18 სექტემბერს, თორმეტი დღით ადრე არჩევნებამდე, ტელეკომპანიებმა “რუსთავი ორმა” და „მაესტრომ“ გაავრცელეს ე.წ. „ციხის კადრები“, რომელშიც აღბეჭდილი იყო საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტები. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგი თანამშრომლის მიერ პატიმრებისადმი დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.

„მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე ( 2012 წლის მაისში დაითხოვეს სამსახურიდან) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე“.
შს სამინისტროს განცხადება

ვლადიმერ ბედუკაძე

ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დამნაშავეების ჯგუფი ციხეებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე ცდილობდა სისტემის დისკრედიტაციას.

„სამწუხაროდ, ჩვენს სისტემაში დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც კორუფციული, დანაშაულებრივი გარიგების ხარჯზე ხელყოფენ პატიმრების უფლებებს... გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა“.
ხათუნა კალმახელიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი

„ყველამ ნახეთ, ნახეთ და მოისმინეთ, რა ხდება საქართველოს ციხეებში. თავზარდამცემია კადრები. როგორ აწამებენ, აუპატიურებენ უსუსურ პატიმრებს - ბიჭებს და კაცებს! გესმით თქვენ, ეს რა ნიშნავს?! ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის ღირსება! ეს არის მთელი ერის შეურაცხყოფა! როგორ არ გავიხსენო ვაჟას სიტყვები „ბახტრიონიდან“ – „მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“ - ამათ უნდათ მთელი საქართველო ასეთად რომ აქციონ! ამის შემდეგ კიდევ მოუძებნიან მომხრეები გამართლებას სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას?!“
ბიძინა ივანიშვილი, 22 სექტემბერი ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას

რაფალიანცის საქმე

30 სექტემბერს, არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებელი ოთახიდან გაქრა. სოფელი დიდხანს ეძებდა ბავშვს. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ქვევრში, იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ეფარა. ბავშვის დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო, მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა: "ნაციონალების" მხარდამჭერები შვილების მოკვლით მემუქრებოდნენო. "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა. „ბარბარე რაფალიანცის საქმე“ დღემდე გაუხსნელია

არჩევნების დღე - შუა გაიკრიფა

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2011 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ეშინია შუალედური პოზიციის, რადგან, „ვითომ შუაში მდგომნი, სინამდვილეში, ორპირი ხალხია“.

„შუა უნდა გაიკრიფოს, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ხალხს უნდა მივცეთ მკაფიო არჩევანის საშუალება. მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს - დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს“.
ბიძინა ივანიშვილი

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე „შუა გაიკრიფა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, 16 პოლიტიკური სუბიექტიდან (14 პარტია, 2 ბლოკი) 5 %-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა გადალახა:

  1. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - 54,85%
  2. „ნაციოანლური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ - 40,43%

მაჟორიტარული:

  1. „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ - 41 მანდატი
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ – 32 მანდატი

„გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა! მინდა მივულოცო მას ეს გამარჯვება! ...იმდენად დიდია სხვაობა მონაცემებში, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო უარი ეთქვა წაგებაზე. ხელისუფლება ახერხებს სახის შენარჩუნებას და ძალიან კარგი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა“.
ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ

“საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების დაჯამების შემდეგ აშკარაა, რომ ამ არჩევნებში უპირატესობა მოიპოვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა... ამავე დროს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის ოპოზიციაში“.
მიხეილ სააკაშვილი

არჩევნების შემედეგ - კოჰაბიტაციის დასაწყისი

ხელისუფლების გადაბარების დასაწყებად 9 ოქტომბერს, 12.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მოქმედი ხელისუფლების სამუშაო ჯგუფს წარმოადგენდნენ: დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა. კოალიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: დავით უსუფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია.

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. გაზეთი "ახალი თაობა"

„ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს ვცემთ პატივს, ქართველი ხალხი არის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე, როგორც არასოდეს მომხდარა საქართველოს ისტორიაში“.
მიხეილ სააკაშვილი, 9 ოქტომბერი, 2012 წელი, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ

„ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ჩვენი კულტურა. ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა შევქმენით პრეცედენტი დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა, ისტორიაში ღირსეულად მოიხსენიება; ისიც, რომ მოვახერხეთ და მთელი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით“.
ბიძინა ივანიშვილი, 9 ოქტომბერი, 2012 წელი, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ

პირველი სხდომა

მე-7 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 13 ოქტომბერს, 10.00 საათზე, გაიხსნა. არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარედ, 88 ხმით, დავით უსუფაშვილი აირჩიეს.

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე

„პარლამენტის მუშაობის დაწყებას დიდი პრობლემებით შევხვდით. ის, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ცივილიზებული ფორმით მიდის ურთიერთობა პოლიტიკოსებს შორის, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იყო 1 ოქტომბრამდე. 1 ოქტომბრამდე საქართველოში მიმდინარეობდა სრულმასშტაბიანი ძალადობა ოპოზიციაზე, თავისუფალ აზრზე, თავისუფალ მედიაზე, ამომრჩეველზე და ა.შ. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ საარჩევნო მანიპულაციებს და პოლიტიკურ დევნას.... ასევე უნდა დასრულდეს ეპოქა, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება აქვს და დამარცხებული რჩება ბედის ანაბარა“.
დავით უსუფაშვილი

პარლამენტის პირველივე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობაში გაწევრიანებაზე უარი თქვა ხუთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა: გოგი ლიპარტელიანმა (ლენტეხი), გოდერძი ბუკიამ (ხობი), კახა ოქრიაშვილმა ( დმანისი), ენზელ მკოიანმა (ნინოწმინდა), სერგო ხაბულიანმა (ცაგერი). „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატების გადასვლა „ქართულ ოცნებაში“ მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა

დავით ბაქრაძე

2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

გადაწყვეტილებები

2012 წლის 28 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, 3 000 პატიმარი კანონის გამოქვეყნებისთანავე გათავისუფლდა, ხოლო 3 500 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა. 200-მდე პირი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, 25-ს კი პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა

VIII მოწვევის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შრომის კოდექსში. ეს იყო ყველაზე მასშტაბური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს შრომის კოდექსში მისი მიღების დღიდან შესულა. რადიკალურად შეიცვალა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი გარემო, რომელიც ისევ პრობლემატური, თუმცა უფრო დაბალანსებული გახდა.

საქართველოს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, დროებით (2014 წლის 31 დეკემბრამდე) აკრძალა უცხოელებზე მიწის რეგისტრაცია. ახალი ჩანაწერით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ და ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ უცხოელები, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები.

VIII მოწვევის პარლამენტმა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, ჯერ ნაწილობრივ, ხოლო 2019 წლიდან სრულად დააბრუნა პარლამენტი თბილისში, ძველ მისამართზე. 2014 წლიდან საკომიტეტო განხილვები თბილისში, ხოლო პლენარული სხდომები ქუთაისში იმართებოდა.

VIII მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციიდან ამოიღო ჩანაწერი ქალაქ ლაზიკის სტატუსისა და უფლებამოსილების შესახებ.

დავით უსუფაშვილი, 2012- 2016 წლებში საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იხსენებს, თუ რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგადაც მმართველ პარტიას ძალაუფლების გადაბარება მოუხდა.

2016

ახდენილი ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

IX მოწვევის პარლამენტი

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბევრი ელოდა, რომ ყოფილი მმართველი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, დაიშლებოდა და ვერ მიაღწევდა მომდევნო, 2016 წლის 8 ოქტომბრის, საპარლამენტო არჩევნებამდე. „ნაციონალური მოძრაობა“, ლიდერთა ნაწილის დაპატიმრებისა და დევნის მიუხედავად, არ დაიშალა. სამაგიეროდ, მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“, რიგები დატოვეს რესპუბლიკურმა პარტიამ, ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“, „ეროვნულმა ფორუმმა“ და „მრეწველებმა“. სულ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 24-მა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა.



ოცნების 4 წელი VS “სისხლიანი 9 წელი”

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე;
დააპატიმრეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი;
ძებნა გამოცხადდა ყოფილი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელზე.

"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერი

სამართლებრივი დევნის გარდა, ასევე ხშირი იყო ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები როგორც პარტიის ცალკეული წევრების, ასევე მხარდამჭერების მიმართ, თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუძლო პოლიტიკურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ ზეწოლას და არ დაიშალა. პარტიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი ოპოზიციური პარტიის არაფორმალური სტატუსით მიიღო მონაწილეობა.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, სულ ცოტა, 2 წლით ადრე გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო გეგმებიც, რომლის მიხედვითაც, აღარ არსებობდა მსხვილი, მრავალპარტიული კოალიციის არანაირი საჭიროება. სხვადასხვა დროს და განსხვავებული მიზეზით, კოალიცია დატოვეს ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ (ე.წ. „კაბელების საქმის“ შემდეგ), გუბაზ სანიკიძისა და კახა შარტავას „ეროვნულმა ფორუმმა“ და „საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავდა და რესპუბლიკელი იყო VIII მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეც.

“ქართული ოცნების“ 2016 წლის პროგრამის ეკონომიკური ნაწილიდან აღსანიშნავია:

  • თავისუფალი ბიზნესგარემო
  • 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა
  • გადასახადების შემცირება.
  • მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით „ქართული ოცნება“ ერთგულია ფისკალური დისციპლინის, უმუშევრობის შემცირების, საგარეო ვალის გონივრული მართვის, ფასების სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკის პრინციპების

"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

  • საშემოსავლო გადასახადის 20 %-დან 10 %-მდე შემცირება
  • გაუნაწილებელი მოგების 15 %-დან 10 %-მდე შემცირება
  • აქციზის გადასახადების შემცირება
  • მიკრობიზნესისა და ქონების გადასახადების შეღავათების გაფართოება
  • საფოსტო გზავნილებით შემოსული საქონლის დღგ-ით დასაბეგრი ღირებულების 300 ლარიდან 1 500 ლარამდე აწევა
  • ახალი 45 000 და შემდგომში წლიურად დამატებითი 30 000 სამუშაო ადგილის შექმნა
  • პენსიის 50 ლარით გაზრდა
  • საარსებო შემწეობის აღდგენა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის

„პატრიოტთა ალიანსი“:

  • ფიქსირებული გადასახადი წვრილი და საშუალო მეწარმისთვის სახელმწიფო დახმარებამეანაბრეებს და ზარალის ანაზღაურებაიპოთეკარებს
  • ბიუჯეტის 4 %–ით სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც 8000–მდე ოჯახს დაეხმარება ბიზნესიდეის რეალიზებაში
  • 8-წლიანი უპროცენტო სახელმწიფო სესხები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კონტროლი ხალხის მიერ
  • პენსია სულ მცირე 240 ლარი ბიუჯეტის 2 % 4 000 სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად
  • მამაკაცების საპენსიო ასაკი 60, ქალების – 55
  • ხელმოკლე ოჯახების სახელმწიფო უზრუნველყოფა სამოსით და საკვებით

დავით თარხან-მოურავი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი

„პატრიოტთა ალიანსი“ კი მმართველ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტააციის გამო აკრიტიკებდა და ამომრჩეველს ჰპირდებოდა, არჩევნების მოგების შემთვევაში გაასამართლებდა როგორ „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს“ და , ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“
„ქართული ოცნება“ კი აპირებდა “სამართლიანობის აღდგენის პროცესის”, ბოლომდე მიყვანას..

საარჩევნო გარემო - ბრძოლა ფარული ჩანაწერებით

8 ოქტომბრის არჩევნებმა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების, შანტაჟის, ოპონენტებზე თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევების ფონზე ჩაიარა.

4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ააფეთქეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის, მანქანა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

გივი თარგამაძის ავტომობლი ტერაქტის შემდეგ

წინასაარჩევნო პერიოდში ცემის 26 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

საარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების რამდენიმე უკანონოდ მოპოვებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. ჩანაწერებს შორის იყო კერძო საუბრები ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შორის, ასევე, მიხეილ სააკაშვილსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაწერა/გავრცელებაში მონაწილეობა უარყო, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

2016 წლის 11 მარტს გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიოჩანაწერი. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად, შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობას, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც გასაჯაროვდებოდა. მუქარის პარალელურად ფარულად ჩაწერილი კადრები YouTube-ზე გამოქვეყნდა.

არჩევნები - „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა

მარნეულის ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მობილიზება, დაარბიეს შენობა, სადაც საუბნო კომისია იყო განთავსებული. გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო ყუთის გატაცებასთან დაკავშირებით.

ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე შეიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაამტვრია საარჩევნო ყუთები და დაარბია უბანი.

ერთ-ერთ საარეჩევნო უბანში...

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთაგან, ცესკოს ინფორმაციით, 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა მხოლოდ სამმა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 48,68%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -27,1%
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია - 5,01%.

„ქართულმა ოცნებამ“ 23 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. საერთო ჯამში კი, პარტიების მიერ მიღებული მანდატები ასე განაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ - 115 მანდატი
  • ნაციონალური მოძრაობა - 27 მანდატი
  • პატრიოტთა ალიანსი - 6 მანდატი
  • „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ - 1 (სიმონ ნოზაძე - N43 საარჩევნო ოლქი)
  • უპარტიო - 1 (სალომე ზურაბიშვილი - N1 (საარჩევნო ოლქი)

115 მანდატის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

5 %-იან ბარიერს მიუახლოვდნენ, მაგრამ ვერ გადალახეს:

  • ირაკლი-ალასანია - თავისუფალი დემოკრატები - 4,63%
  • პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის - 3,34%
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა - 3,53%
  • ლეიბორისტული პარტია - 3,14%

არჩევნების შემდეგ - რას ამბობდნენ პოლიტიკოსები და პატრიარქი

„მინდა, მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა“.
ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი

„მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას აქტიურად იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. .. ქართული ოცნების მხარდაჭერით, თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი

„მეორე ტური ჩატარდა ტოტალური გაყალბებით. უცხოელი დამკვირვებლების არყოფნის პირობებში ივანიშვილმა ფული აღარ დახარჯა „კარუსელების“ დატრიალებაზეც კი და უმეტეს ადგილას, უბრალოდ, დახატა ციფრები. ასეთი თავხედური და მასშტაბური გაყალბება შევარდნაძეს არც დასიზმრებია“.
მიხეილ სააკაშვილი

მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოსაზრებები გაიყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე ტურშიც მიიღო მონაწილეობა და პარლამენტშიც შევიდა.

„ეს არ არის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა პარლამენტში არშესვლა. იმ ადამიანებმა, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც აიღო, ამიტომ ჩვენ ვნახავთ შედეგებს და გამოჩნდება, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი“.
ნუგზარ წიკლაური, „ნაციონალური მოძრაობა“

„კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ, მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში... ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისათვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს“.
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას განცხადება, გაზეთი "ახალი თაობა"

პირველი სხდომა

IX მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართა. კონსტიტუციის თანახმად, დეპუტატებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.

„როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, რომ დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. შეგახსენებთ მარტივ ჭეშმარიტებას - ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც”.
გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტში გამოსვლისას

IX მოწვევის პარლამენტმა პირველივე სხდომაზე, 118 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე პრესა წერდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევდნენ

„პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება”.
გიორგი კობახიძე, პარალმენტის ახალი თავმჯდომარე.


სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი

IX მოწვევის პარლამენტში შეიქმნა 5 ფრაქცია:

  • „ქართული ოცნება“ - 110 დეპუტატი, თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
  • „ქართული ოცნება მრეწველები“ - 6 დეპუტატი, თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 20 დეპუტატი, თავმჯდომარე ნიკა მელია
  • „ნაციოანულრი მოძრაობა - საქართველოს წინსვლისათვის“ - 6 დეპუტატი, თავმჯდომარე ელენე ხოშტარია
  • „საქართველოს პატრიოტები“- 6 დეპუტატი, თავმჯდომარე გიორგი ლომია

გადაწყვეტილებები - ერთი პარლამენტი, ორი თავმჯდომარე

IX მოწვევის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანო, ქუთაისში 6 წლიანი მუშაობის შემდეგ, თბილისში დააბრუნა.

დეპუტატებმა შეცვალეს პარლამენტის არჩევის წესი: კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, გაუქმდა 5 %-იანი საარჩევნო ბარიერი, 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული წესით, 30 - მაჟორიტარულით.

გადაწყვეტილება პარლამენტმა 20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტის ხილვის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ზეწოლითა და დიპლომატიური კორპუსის ჩარევით მიიღო.

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში

IX მოწვევის პარლამენტმა, 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ დაწყებული გამოძიების საფუძველზე, დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა ოპოზიციონერ ნიკა მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

შეიცვალა თავმჯდომარე - 20 ივნისის შემდეგ გადადგა ირაკლი კობახიძე, რომელიც მმართველმა პარტიამ არჩილ თალაკვაძით ჩაანაცვლა.

IX მოწვევის პარლამენტმა სავალდებულო გახადა გენდერული კვოტირება: პარტიები ვალდებული არიან საარჩევნო სიის ყოველი მეოთხე წევრი განსხვავებული სქესის იყოს.

2018 წელს ცვლილება შევიდა პარლამენტის რეგლამენტში. ამ ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით, შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს, შინაარსი კი - კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

გედევან ფოფხაძე, 2016 - 2020 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი ჰყვება შიდა განხეთქილების შესახებ, რომელმაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობა შეცვალა და კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

პროექტის ავტორები ჯიმშერ რეხვიაშვილი ნიკო ნერგაძე

ფოტო შაჰ აივაზოვი ჯემალ კასრაძე ელეფთერ ლაფაჩი

კამერა შიო ხიდაშელი ილია სამურგანიდი ნუგზარ ფანქველაშვილი

მონტაჟი დათო ქორიძე

ილუსტრატორი ანა ჯიბლაძე

ვებ-დეველოპერი სოფიკო ფხიკიძე

პროექტში გამოყენებულია ფოტოები ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციიდან
XS
SM
MD
LG