Accessibility links

logo-print

ვლადიმერ ჩაჩიბაია გახდა ავღანეთში გაეროს დამხმარე მისიის უფროსი სამხედრო მრჩეველი


ავღანეთში, გაეროს დამხმარე მისიის უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას ამოცანა იქნება გაეროს სპეციალური წარმომადგენლისთვის სამხედრო რჩევების მიცემა, გენერალურ შტაბზე პასუხისმგებლობა და მისიასა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაცია. სამინისტროს ცნობითვე, უფროსი სამხედრო მრჩევლის პოზიციაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიას კონკურენციას უწევდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ქართველი სამხედროები საერთაშორისო ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობენ 1991 წლიდან, მაგრამ ვლადიმერ ჩაჩიბაიას დანიშვნა პირველი პრეცედენტია, როცა ქართველი ოფიცერი მისიაში გაეროს ეგიდით მონაწილეობს. „ეს სიახლეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. გაეროს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად დანიშნული ვლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში უახლოეს ხანში გაემგზავრება.

XS
SM
MD
LG