Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ


დიმიტრის ავრამოპულოსი და გიორგი კვირიკაშვილი
დიმიტრის ავრამოპულოსი და გიორგი კვირიკაშვილი

27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ მიიღო მორიგი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ. განცხადება ამის თაობაზე ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე არის გამოქვეყნებული.​ რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზა აღარ დასჭირდებათ.

კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00
გადმოწერა

დღესვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოს შორის. მხარეებმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას დღეს ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და განაცხადა, რომ მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან:

„ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის, ევროპის ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა“.

როგორც დიმიტრის ავრამოპულოსმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება და თანხმობა უკვე მიღებულია და ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს. მან განაცხადა ასევე, რომ დარწმუნებულია საქართველო შეინარჩუნებს პროგრესის დონეს და დაკისრებული მოვალეობების შესრულებას კვლავ წარმატებით გააგრძელებს. დიმიტრის ავრამოპულოსი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყნისთვის მთელ რიგ რეფორმებს მოიტანს:

ჩემთვის დიდი პატივია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რომ ვიმყოფები თქვენს გვერდით, რომ ერთად, ერთობლივად აღვნიშნოთ და ვიზეიმოთ ეს ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ევროკავშირი და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

უვიზო მიმოსვლა ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებზეც, ყველაზე, ვისაც აქვს ბიომეტრიული პასპორტი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს:

„ასეთი ხელშესახები შესაძლებლობა, როგორიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაა, იქნება ძალიან მიმზიდველი ჩვენი მოსახლეობისთვის გამყოფი ხაზების იქითა მხარეს, მით უმეტეს, რომ დღეს ისინი მავთულხლართებით არიან იზოლირებულნი დანარჩენი საქართველოსგან და, შესაბამისად, დანარჩენი მსოფლიოსგან“.

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს 90 დღის განმავლობაში შეეძლება დარჩენა. ამასთან, ეს ვიზა მას საზღვარგარეთ მუშაობის უფლებას არ აძლევს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის პირობები.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG