Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და რუმინეთი: შავი ზღვის უსაფრთხოება და ეკონომიკური პერსპექტივები


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანი

საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთობები სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე გადადის - ორი ქვეყნის ეს გადაწყვეტილება გახმაურდა 26-27 აპრილს ბუქარესტში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ყურადღების ცენტრშია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ენერგეტიკა, ინვესტიციების წახალისება და ტურიზმი, თუმცა მთავარ განსახილველ თემებს შორის სახელდება ასევე საქართველოს უსაფრთხოება, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია და ერთობლივი ძალისხმევა ამ მიმართულებით.

შეხვედრებზე რუმინეთის სენატის თავმჯდომარე კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და პრემიერ-მინისტრ სორინ გრინდეანუსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, კიდევ ერთხელ დაუდასტურეს რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. განცხადებები გაკეთდა როგორც საჯაროდ, ასევე დახურულ კარს მიღმა. მსჯელობის ერთ-ერთ მთავარ თემას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შემდგომი დესტრუქციული, მიზანმიმართული ქმედებები რომ წარმოადგენდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმაც ილაპარაკა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე:

„ვისაუბრეთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის - ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ხაზი გაესვა 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების უკანონობას, რომელიც წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია... ვისაუბრეთ ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე და, აგრეთვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე“.

სორინ გრინდეანუ
სორინ გრინდეანუ

პრემიერმა კვირიკაშვილმა რუმინეთს „გამორჩეული პარტნიორი ქვეყანა“ უწოდა. ითქვა, რომ ორ ქვეყანას, რომელსაც უკვე 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს და რომ საერთო ინტერესები დიდწილად ევროკავშირსა და ნატოს უკავშირდება. რუმინეთი ამ მიმართულებით საქართველოს აქტიურ, ქმედით მხარდაჭერას ჰპირდება. ამ საკითხების გარდა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ 26 აპრილს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მიმართებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ილაპარაკა:

„დავადასტურეთ რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე და ვემხრობით საქართველოს ამბიციურ დღის წესრიგს. რუმინეთი მზად არის ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით თავისი გამოცდილება გაუზიაროს. ასევე, რუმინეთი გააგრძელებს ნატოსა და მის პარტნიორებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერას და ამ მხრივ აქტიურად იმოქმედებს ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების სახელით, მით უმეტეს, რომ ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. რუმინეთი მიიჩნევს, რომ ამგვარი თანამშრომლობა განამტკიცებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. რუმინეთის თვალთახედვით, საქართველოს კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“.

სორინ გრინდეანუს შავი ზღვის უსაფრთხოების თემის დეტალები აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა, როგორც ცნობილია, რუმინეთს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მიეკუთვნა ნატოს სტრატეგიის ფარგლებში. სწორედ რუმინეთი ჩაუდგება სათავეში მრავალეროვან ბრიგადას, რომელიც ხელს შეუწყობს ნატოს შეკავებისა და თავდაცვის სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონში. თავის მხრივ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ინტერესი ნატოს გეგმების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ამ კონტექსტში საქართველოს როლის თაობაზე:

„ჩვენ განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, როგორც ნატოს ასპირანტმა ქვეყანამ, მხარი დავუჭიროთ და მონაწილეობა მივიღოთ ალიანსის ძალისხმევაში ამ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“.

საუბარი იყო აგრის პროექტის განხორციელებაზე სამომავლოდ, ამ პროექტის მნიშვნელობაზე და ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შავი ზღვით რუმინეთში შემოტანას...
კახა კალაძე

26-27 აპრილს ბუქარესტში არაერთხელ ახსენეს შავი ზღვა, როგორც რუმინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი, და ეს კავშირი, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც გამოყენება ესაჭიროება. ძირითადად სწორედ ამ მიზანს მოემსახურება 26 აპრილს ხელმოწერილი საგანგებო დეკლარაცია, რომელიც, ოფიციალური განცხადებების თანახმად, ასევე ითვალისწინებს ბიზნესწრეების დაახლოებასა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას.

სატრანზიტო პოტენციალის ჭრილში ყურადღება მახვილდება ენერგეტიკის სექტორზე და მათ შორის - 16 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის გაზსადენ „თეთრ ნაკადზე“, რომლის მნიშვნელობაც უკვე დიდი ხანია აღიარა ევროპამ. ბუქარესტში გამართული შეხვედრების ამ ერთ-ერთ მთავარ თემაზე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ილაპარაკა:

„საუბარი იყო აგრის (АGRI-Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) პროექტის განხორციელებაზე სამომავლოდ, ამ პროექტის მნიშვნელობაზე და ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შავი ზღვით რუმინეთში შემოტანას და შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნებმაც ისარგებლონ ამ ბუნებრივი აირით“.

მხარეები მიიჩნევენ, რომ რუმინეთისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ახალ სიღრმეს შესძენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და მისი ძირითადი სეგმენტის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის - შესაძლებლობები. საქართველომ და რუმინეთმა გადაწყვიტეს აღადგინონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომების პრაქტიკა, რომელიც 2002 წლის შემდეგ შეჩერდა. წინასწარი ინფორმაციით, ივნისში იგეგმება მასშტაბური ბიზნესფორუმის გამართვაც. სამომავლო ურთიერთობათა სტრატეგიულ მიმართულებებად დასახელდა ასევე ტურიზმი, რომლის განვითარებასაც, ორი ქვეყნის რწმენით, აუცილებლად შეუწყობს ხელს სავიზო ლიბერალიზაცია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG