პარასკევი, 25 აპრილი, 2014 თბილისის დრო 08:59

რუბრიკები / თავისუფლების დღიურები

ქეთი ხუციშვილი - "ღია საზოგადოება საქართველოს" დირექტორი

x
ტექსტის ზომა - +
13 ნოემბერი, კვირა
გვიან გავიღვიძე და გადავწყვიტე, დღეს არსად წავიდე. ნელა, აუჩქარებლად დავალაგე სახლი და ასევე აუჩქარებლად დავიწყე ფიქრი, რა წამეკითხა ჩემს „კინდლში“. ეს ელექტრონული წიგნი ერთი წლის წინ ვიყიდე ამერიკაში და მახსოვს, როგორი განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ ჩემს ახლობლებს. ჩემი და აღფრთოვანდა, რა გადასარევია, ყველა ახლად გამოცემული წიგნი შეგიძლია ერთ წუთში ჩამოტვირთო და, სადაც წახვალ, თან გექნებაო. ჩემმა 11 წლის დისშვილმა კი, რომელიც კომპიუტერულ ხანაში გაიზარდა და ელექტრონული სიახლეები არ უკვირს, გამოგვიცხადა: რას გეტყვით, იცით, წიგნი მე ქაღალდზე მირჩევნია და ისიც მსიამოვნებს, წიგნს რომ ვფურცლავო.

ტონი ჯადტის წიგნი ევროპის ომისშემდგომ ისტორიაზე ძალიან საინტერესო გამოდგა და ბევრი რამ ახლებურად დამანახა. მაგალითად, ის, რომ ომის დამთავრების შემდეგ, დამნაშავე ქვეყნად მხოლოდ გერმანია ჩაითვალა და სხვა ქვეყნები - ვთქვათ, ავსტრია ან უნგრეთი - უფრო მსხვერპლად იქნენ აღიარებული; ის, რომ ევროპამ არჩია, ბევრი რამ დაევიწყებინა და რომ ამის გარეშე, ალბათ, წინ ვეღარ წავიდოდა. ისიც საინტერესოა, როგორ დაგეგმა ამერიკამ ევროპის დახმარების მარშალის გეგმა, როგორ გულუბრყვილოდ ეგონა თავიდან, რომ საბჭოთა კავშირიც მოინდომებდა მასში ჩართვას და ამ დახმარების მეშვეობით ნელ-ნელა რეფორმირების გზას დაადგებოდა. სხვათა შორის, ახლა ვხვდები, რომ დახმარების ყველა იმ საერთაშორისო პროგრამიდან, რომლებიც XX და XXI საუკუნეებში შემუშავდა, 1947 წელს დაწერილი მარშალის გეგმა ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. მან რამდენიმე წელში ფეხზე დააყენა გაღარიბებული და დანგრეული დასავლეთ ევროპის ქვეყნები და მათ ხელი შეუწყო ძლიერ და არააგრესიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში.

თავისუფლების დღიურები - ქეთი ხუციშვილიi
|| 0:00:00
...
 
🔇
X
22.11.2011
თავისუფლების დღიურები - ქეთი ხუციშვილი

14 ნოემბერი, ორშაბათი
დილით ცოტა დამაგვიანდა და თანამშრომლების რიგი დამხვდა: ახალი გრანტების გაფორმება, გადარიცხვების ხელმოწერა, კომისიის ოქმების გადახედვა. საბუთების გარდა, ზოგმა დილიდან ახალი იდეა თუ ინიციატივაც არ დამაკლო: „მგონი, უკვე შეაქვთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და მრგვალი მაგიდა არ დავგეგმოთ?“ „ქეთი, ჩავატაროთ რა, ჩვენი ფონდის იმიჯის კვლევა.“
 
ამასობაში ლანჩის დროც მოვიდა. საინტერესო შეხვედრა მელის – თომას დე ვაალი, ამერიკაში მცხოვრები სამხრეთ კავკასიის ექსპერტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ საქართველოზე წიგნი გამოსცა. მისი აზრით, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარების სამი წარმოსახვითი მოდელია: „ძველი“ საქართველო, ტრადიციებზე დაფუძნებული და ნაკლებად ინტეგრირებული თანამედროვე სამყაროში, „სინგაპურული“ საქართველო, რომელშიც შეზღუდული დემოკრატია და ფართო ეკონომიკური თავისუფლება იქნება და, ბოლოს, „ევროპული“ საქართველო, დემოკრატიულსა და ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული. ეს სამი მოდელი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია და ჯერაც გაურკვეველია, საქართველო რომელ მათგანს აირჩევს. თავის წიგნში თომასი იმ საფრთხეზეც საუბრობს, რომ საქართველო შეიძლება ერთპარტიულ ქვეყნად იქცეს.

თომასისთვის ბევრი კითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ ის უმალ „თვის თემაზე“ გადავიდა და გვკითხა, როგორ გგონიათ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას თუ გეგმავდაო. მომიწია კიდევ ერთხელ გამეორება, რომ, როგორც ჩანს, არ გეგმავდა და უეცრად მიიღო გადაწყვეტილება. ლანჩზე „ჩვენებური ამერიკელი“, მარკ მალენიც იყო, რომელსაც „ლიბერალის“ ვებგვერდზე ორიგინალური ბლოგი მიჰყავს. თემა მასაც ძალიან აინტერესებდა.

ოფისში დაბრუნებულს, ისევ გადაუდებელი საქმეები დამხვდა.

15 ნოემბერი, სამშაბათი
ერთ მცირე გრანტს განსაკუთრებული სიამოვნებით ვაწერ ხელს: რამდენიმე დღის წინ ჩვენთან მოვიდა ახალგაზრდა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა. წერა-კითხვა, როგორც გვითხრა, 13 წლისამ ისწავლა,  მაგრამ ძალიან უნდოდა უმაღლესში ჩაბარება. შარშან მართლაც ჩააბარა გამოცდები, მაგრამ ახლა არც სწავლის ფული აქვს, არც ბინის დაქირავების (საერთოდ, არავინ ჰყავს ამქვეყნად და ვერ იპოვა პროგრამა, რომელიც დაეხმარებოდა). ეს ჩვენთვის ჩვეული გრანტი არაა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რაღაც მოგვეფიქრებინა. მალხაზმა, ჩემმა თანამშრომელმა, აუხსნა, როგორ დაეწერა განაცხადი და მერე მითხრა, ნეტა ჩემი წარმატებული სტუდენტები იგებდნენ ასე მალე, რას ვეუბნები, და ასე ლოგიკურად წერდნენო.

ბავშვთა სახლი უმძიმესი ინსტიტუტია და კარგია, რომ საქართველოში დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც ნელა, მაგრამ მაინც, წინ მიდის. ჩვენი ფონდიც ჩართულია ამ პროცესში და ჩვენი დახმარებით რამდენიმე ორგანიზაცია საოჯახო ტიპის სახლების შექმნისა თუ ოჯახში დაბრუნების პროგრამებზე მუშაობს.

მაგრამ ჯერაც არ არსებობს პროგრამა მათთვის, ვინც ბავშვთა სახლებში ცხოვრობდა და ჯერ კიდევ ცხოვრობს, 18 წლისა კი უნდა წავიდეს. ეს ახალგაზრდები რჩებიან ბინის, ახლობლების, გამოცდილების და განათლების, ფაქტობრივად, ყველაფრის გარეშე. მათზე დროულად უნდა იფიქრონ სახელმწიფომაც და დონორებმაც.

16 ნოემბერი,  ოთხშაბათი
დილიდან ვესწრები რეგიონულ კონფერენციას, რომელსაც ჩვენი ფონდის „სტიპენდიების პროგრამა“ აწყობს. სტუდენტური სტიპენდიების პროგრამას საქართველოში ახორციელებსჩ ვენი „შვილობილი“ ორგანიზაცია - საერთაშორისო განათლების ცენტრი. ცენტრი ატარებს გასაუბრებებსა და ტესტირებას და საშუალოდ 100-120 სტუდენტს უშვებს ევროპის უინივერსიტეტებში ბაკალავრის ან  მაგისტრის ხარისხის მისაღებად. მიხარია,  როცა მათ ანგარიშში ვკითხულობ, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველოში პროცენტულად ყველაზე მეტი სტუდენტი ბრუნდება.

დღევანდელი კონფერენციის თემაა, რამდენად უწყობს ხელს უმაღლესი განათლება ცვლილებებს ჩვენს ქვეყნებში და როგორია მიმართება უნივერსიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. კონფერენციაზე ცოტა ხნით მოვირბინე, რომ ერთ-ერთი დისკუსია წავიყვანო, თუმცა კი, სიამოვნებით დავრჩებოდი მთელი დღე. დისკუსია ინტენსიურად წარიმართა საკითხზე, თუ როგორ მიკრო-საზოგადოებას წარმოადგენს თავად უნივერსიტეტი. აღმოჩნდა, რომ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები თუ პროფესორები დაახლოებით ერთნაირად აფასებენ დღევანდელ სიტუაციას თავიანთ ქვეყნებში და უნივერსიტეტები უფრო კონსერვატულ და დახურულ სივრცედ მიაჩნიათ, ვიდრე თავისუფლებისა და განვითარების ბაზად. 

ოფისში დაბრუნებისას ვფიქრობდი, რომ ჩვენმა ფონდმა, ალბათ, უნდა გააღრმავოს უნივერსიტეტებთან ურთიერთობა, რადგან თუ საუნივერსიტეტო სივრცე თავისუფალი არ იქნა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ცარიელ სიტყვებად დარჩება...

საღამოს კი კონცერტია! საქველმოქმედო კონცერტი, რომელზეც თათუზა ყურაშვილის ბენდი უკრავს, მარიკო ებრალიძე და ვაჟა მანია მღერიან და რომელსაც ერთად ვაწყობთ ჩვენი ფონდი, რუსთაველის თეატრი და ჩვენი პარტნიორი ირაკლი იმნაიშვილის ორგანიზაცია. ირაკლიმ ჩვენთან ერთად წამოიწყო კამპანია „ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე“, რომლის მიზანია, საქართველოში დაინერგოს მკურნალობისა და ტკივილის გაყუჩების თანამედროვე სტანდარტები.

კონცერტის შემოსავალი მოხმარდება დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისს, სადაც მძიმედ დაავადებული პაციენტები ცხოვრობენ. ჩემი თანამშრომლები საშინლად ღელავდნენ ბოლო დღეებში, ძალიან ცდილობდნენ, რომ დარბაზი სრულად დაეტვირთათ: ურეკავდნენ მეგობრებს, ნათესავებს, „გრანტიორებს“, ავრცელებდნენ ინფორმაციას ფეისბუკით, მეილებით. მოკლედ, ყველა დააწიოკეს და თავადაც ბევრი ბილეთი შეიძინეს. საღამო მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა, კონცერტი მაღალი დონის იყო, დარბაზი - სავსე, აუდიტორია – მრავალფეროვანი და დაინტერესებული. თანაც, ადრე ნაყიდი ხავერდის კოსტუმიც გამომადგა (მეგობრები დამცინოდნენ, ამით სცენაზე აპირებ გამოსვლასო? – მომიწია!).

კონცერტის შემდეგ რამდენიმე მეგობართან ერთად ბარში მივდივარ. რა კარგია მეგობრები, ლუდი და სრული რელაქსირება!..

17 ნოემბერი, ხუთშაბათი
ნიუ-იორკიდან ჩვენი რეგიონული დირექტორი მაიკლ ჰოლია ჩამოსული და მასთან ერთად ვხვდები საერთაშორისო და ადგილობრივი  ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მაიკლს ყველაფერი აინტერესებს: რა პრიორიტეტები აქვს ჩვენს ფონდს, რას აკეთებენ ჩვენი გრანტის მიმღებები, რას აფინანსებენ სხვა დონორები, და საერთოდ რა ხდება ქვეყანაში. ერთ-ერთ შეხვედრაზე უცებ ამბობს: "მესმის, რომ ჩვენც ვცდილობთ, თქვენც და ბევრი სხვაც, მაგრამ რატომ ხდება, რომ ყოველი ჩემი ჩამოსვლისას იგივე ძირეული პრობლემებია – ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფალი მედიის ნაკლებობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი?" ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არც მე აღმომაჩნდა და არც ჩვენს თანამოსაუბრეს...

ვამზადებთ მასალას საბჭოს წევრებისთვის გასაგზავნად, ორშაბათს სხდომაა დანიშნული და ბევრი რამეა განსახილველი. საბჭოს  სხდომა ყოველთვის საინტერესოა, აუცილებლად იწყება კამათი პროექტებზე, კომისიების მუშაობაზე, მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე და, რა თქმა უნდა, სიტუაციაზე ქვეყანაში. როცა კამათი „ძალიან ქართული“ ხდება (ყველა ერთად ლაპარაკობს და თავისას ამტკიცებს) გაგა ნიჟარაძე შეგვახსენებს ხოლმე, რომ თავმჯდომარეა და წესრიგისკენ მოგვიხმობს. მე ყოველთვის ცოტა ვღელავ: ვიცი, როცა კომისიების ოქმებს ან პროექტებს ვამტკიცებთ, ბევრ ადამიანს თუ ჯგუფს გავახარებთ და რაღაცის გაკეთების საშუალებას მივცემთ – უფლებების დაცვის, ახალი კანონპროექტის შემუშავების, ახალი  ინიციატივის განხორციელების. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ ბევრად მეტი ადამიანი განაწყენდება - ისინი, ვისი პროექტის დაწუნებაც მოგვიწია. მახსოვს, ერთხელ მეგობრების წრეში ვთქვი, ჩემს პანაშვიდზე ალბათ არავინ მოვა, სიკვდილამდე ყველას თითო პროექტის დაწუნებას მაინც მოვასწრებ-მეთქი. მეგობრებმა მხიარულად მიპასუხეს, ნუ გეშინია, ჩვენ ყველანი აუცილებლად მოვალთო.

18 ნოემბერი, პარასკევი
ვესწრები არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ პრეზენტაციას, რომელიც მიჰყავს ნანა იაშვილს, მის უცვლელსა და ენერგიულ დირექტორს. ევროკავშირის დაფინანსებით, ორგანიზაციამ საქართველოს სამ ქალაქში გახსნა დღის ცენტრები სოციალურად დაუცველი და ქუჩის ბავშვებისთვის, ჩვენი ფონდის დახმარებით კი, მასწავლებლები მსგავსი ცენტრების სანახავად ჩეხეთში ჩაიყვანა. პრეზენტაციის მანძილზე მსმენელები ემოციების მთელი სპექტრის განცდას ვასწრებთ: სასიამოვნოა, რომ ხედავ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულნი არიან, ბავშვებს ნორმალური გარემო შეუქმნან. შემაშფოთებელია ამბები, რომლებიც მათ ბავშვებისგან მოისმინეს, დამთრგუნველია ინფორმაცია, რომ ზოგ ბავშვს რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, იმ ოჯახში უწევს დაბრუნება, სადაც ძალადობის საფრთხე არსებობს.

საღამოს ჩვენთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებაა. ფილმი მათ ზაფხულში გადაიღეს, როცა სპორტული შეჯიბრი მოაწყვეს კუს ტბაზე.

ფილმს მოჰყვება საუბარი, რომელიც ჩემს მოადგილეს, თამუნა ქალდანს მიჰყავს: როგორ დაარწმუნონ ხელისუფლება და საზოგადოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბევრი რამ არ არის ხელმისაწვდომი, რომ მათ უნდა შეეძლოთ ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება და ტრანსპორტით სარგებლობა, რომ მათი დასაქმება ქვეყნისთვის მხოლოდ მოგებიანი იქნება. მათ ჯერ არ იციან, რომ გაიმარჯვეს ჩვენს მიერ ჩატარებულ კონკურსში „ინტერესების ადვოკატირება“... და აქ მე ვარღვევ წესს, რომლის დაცვისკენაც ყველას მოვუწოდებ და ვეუბნები, რომ კომისიამ მათი პროექტი მოიწონა და იმედია, მალე საბჭოც დაამტკიცებს. თამუნა მკაცრად მიყურებს...

19 ნოემბერი, შაბათი
ერთი შეხვედრაც და მერე დასვენება (თუმცა, დღიური მაქვს დასამთავრებელი!)


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
16.12.2011 17:23
სანდრა მართლა ძალიან ბევრს აკეთებს უპატრონო ბავშვებისათვის, ამის არ აღმიშვნა არ შეიძლება

ავტორი: maia საიდან გვწერთ: tbilisi
16.12.2011 17:20
საქმიანი. კეთილი, ჭკვიანი ქალი,

ავტორი: ანონიმი
15.12.2011 20:11
არავითარი სიყალბე არ არის! ბავშვების პროექტი ცალკე შესრულდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცალკე იყო ღონისძიება. საქმე იმაშია, რომ სიკეთის კეთებაში უნდა შევეჯიბროთ და არა ერთმანეთის დადანაშაულებაში. ეს ვისწავლოთ ქართველებმა და საქმეს მივხედოთ - ფონდის ერთ-ერთი თანამშრომელი

ავტორი: თავისუფალი ზუგდიდი საიდან გვწერთ: ზუგდიდი
30.11.2011 19:10
მიუხედავად რეგიონულ მედიასაშუალებებთან შეთანხმებისა, ზუგდიდის საკრებულომ 2012წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილვის თარიღზე ინფორმაცია არ გაავრცელა. პრესრელიზებში 8 ნოემბრის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ იკითხება, არადა, მათივე ინფორმაციით "24ნოემბერს გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის სხდომა. კომისიამ სხდომაზე განიხილა ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი." _წლის უმნიშვნელოვანესი ფინანსური დოკუმენტი! იქნებ თქვენმა ფონდმა შეძლოს დამოუკიდებელი ჯგუფის დაფინანსება ან არსებული მედიასაშუალებების აღჭურვა საკრებულოს სხდომების სატელევიზიო გადაღებებისთვის და ტელეკომპანია "ოდიში"ს ეთერში სრული ჩანაწერის გაშვებისთვის.(თუ მეპატრონე ანუ ქალაქის გამგებელი დათანხმდება საეთერო დროის საფასურის ანაზღაურების შემდეგ). იქნებ ამ შემხვევაში მაინც შეიკავონ თავი 3ანსამბლიანი ქორეოგრაფიული ცენტრისთვის 3წელიწადში 580 700 ლარის გაცემის მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ყოველ დღესასწაულზე, ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანების ზამთარში გასათბობად გათვალისწინებულზე 3-ჯერ მეტი პრემიების ერთ მუჭა ჩინოვნიკებზე დარიცხვისგან.
http://www.zugdidi-sakrebulo.ge/
http://livepress.ge/ge/news/story/odishis-naxevari-milioni
http://livepress.ge/ge/news/CatExpended/news/1136?date=2011-11-08

ავტორი: თავისუფალი ზუგდიდი საიდან გვწერთ: ზუგდიდი
30.11.2011 18:16
მინდა თქვენს ფონდს მადლობა ვუთხრა რეგიონული მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. თქვენ რომ არა, დავრჩებოდით ტელეკომპანია "ოდიში"ს მსგავსი "დამოუკიდებელი" მედიასაშუალებების იმედად. მადლობა tspress.ge-სთვის და livepress.ge-სთვის. მართალია, ლაივპრესი ბოლო დროს ცოტა მოდუნდა, მაგრამ საკრებულოს ვებ გვერდზე სხდომების შესახებ ინფორმაცია დროგამოშვებით მაინც რომ ქვეყნდება, ეს სწორედ მისი დამსახურებაა. დასანანია, რომ "სამეგრელოს ქრონიკა" აღარ გამოდის. იქნებ რამე მოიფიქროთ, რომ სამეგრელოს დაუბრუნდეს ეს საინტერესო გამოცემა და რეგიონული მედია უფრო მდიდარი გახდეს.

ინფორმაციით "24ნოემბერს გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის სხდომა. კომისიამ სხდომაზე განიხილა ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი."
http://www.zugdidi-sakrebulo.ge/

ავტორი: ანონიმი
29.11.2011 03:29
დაგვიფინანსე პროექტი, ქეთი, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე :(

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
24.11.2011 15:24
იმ წიგნში, მეორე მსოფლიო ომზე, არ წერია, როგორ უნდოდა ინგლისს გერმანიის მინიმუმ ხუთ სახელმწიფოდ დანაწევრება და ბოლოს სსრკ- სთან ვაჭრობის შედეგად, მხოლოდ ორად გაყოფას დათანხმდა, იმის გათვალისწინებით, რომ კარგა მსხვილი ნაჭრები ჩამოაჭრეს და სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებს მიაკუთვნეს?!

ავტორი: არ გეტყვით საიდან გვწერთ: ამასაც არ გეტვით
23.11.2011 16:28
სახელს არ ვწერ, ფამილარობაში და ქვე მიზნებში რომ არ ჩამომერთვას. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მიერ მომზადებული არაერთი პროექტი დაგიწუნებიათ და მხოლოდ მცირედი ნაწილი მოგიწონებიათ ფონდში. არ დავმალავ და მართლაც გავბრაზებულვარ რამდენიმე გადაწყვეტილებაზე, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ მივმხვდარვარ, რომ მართალი ბრანდებოდით. მე მგონია, რომ თვქენი დახმრებით ბევრი კარგი საქმის გაკეთება შევძელი

ავტორი: NATIA
22.11.2011 21:23
"ნიუ-იორკიდან ჩვენი რეგიონული დირექტორი მაიკლ ჰოლია ჩამოსული... ერთ-ერთ შეხვედრაზე უცებ ამბობს: "მესმის, რომ ჩვენც ვცდილობთ, თქვენც და ბევრი სხვაც, მაგრამ რატომ ხდება, რომ ყოველი ჩემი ჩამოსვლისას იგივე ძირეული პრობლემებია – ადამიანის უფლებების დარღვევა, თავისუფალი მედიის ნაკლებობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი?" ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არც მე აღმომაჩნდა და არც ჩვენს თანამოსაუბრეს..."
---------------------------------------
- პასუხი არ აღმოგაჩნდათ ? - ვერ გაახსენეთ ო.ჯეი სიმპსონი, ვერ კითხეთ, როგორ შერჩა ხახვივით ცოლის და მისი მეგობრის მკვლელობა !)))
თქვე გულმავიწყო, თქვენა ! ))
__________________________________________________________

"ჩემს მოადგილეს, თამუნა ქალდანს მიჰყავს: როგორ დაარწმუნონ ხელისუფლება და საზოგადოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბევრი რამ არ არის ხელმისაწვდომი, რომ მათ უნდა შეეძლოთ ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება და ტრანსპორტით სარგებლობა,"
------------------------------------------
- ისევ სიყალბე ! ვის გახსოვდათ ეგ ბავშვები ? - პირველად სანდრამ აღმოაჩინა უპატრონო ბავშვთა სახლებში ბავშვების საშინელი მდგომარეობა და მაგ კატეგორიის ბავშვებსაც, პირველად ვარდების რევოლუციის შემდეგ დაურიგდათ გადასაადგილებელი საშუალებები.
თქვენ ყველაფერი სხვანაირად გინდათ წარმოაჩინოთ:)), მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვახსოვს !)))

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების ვებსაიტზე შეიქმნა ახალი რუბრიკა „თავისუფალი სივრცე“, რომელშიც შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული