Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრესიის ანატომია საქართველოში


ამ ბლოგში მინდა ერთ ისეთ ყოფით თემაზე გავაკეთო აქცენტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, ყველას გვაწუხებს, მაგრამ ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი გვერიდება. ეს არის აგრესია ქართულ საზოგადოებაში. ამ აგრესიის მთავარი წყარო ჩვენს ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაში არის უნდობლობა და ეგოიზმი, რაც ერთმანეთის მიმართ გვაქვს. ამავე დროს, მინდა, რომ მკითხველმა სწორად გამიგოს: მე აგრესიის, როგორც ასეთის, წინააღმდეგ კი არ გამოვდივარ, არამედ მის ერთ კონკრეტულ ფორმას ვაპროტესტებ.

აგრესია, გარკვეული თვალსაზრისით, ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ხალხს რომ ხელისუფლების მიმართ აგრესია არ ჰქონდეს და ეს აგრესია სხვადასხვა ფორმით არ გამოხატოს, დაწყებული მიტინგებით და დამთავრებული ქუჩის გადაკეტვით და კიდევ უფრო რადიკალური ქმედებებით, ალბათ მმართველები გაცილებით მეტის უფლებას მისცემდნენ თავს. აგრესია, რომელსაც სწორი ადრესატი ჰყავს, სულაც არ არის აუცილებლად ნეგატიური მოვლენა. პირიქით, ეს სწორედ იმ სახის აგრესიაა, რომელიც თანამედროვე საქართველოს და ზოგადად, თანამედროვე ადამიანს აკლია. 2010 წელს ცნობილმა ფრანგმა სამოქალაქო აქტივისტმა სტეფან ესელმა გამოსცა ესე სახელწოდებით „Indignez-Vous!”, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც „განრისხდით!“ ამას შემდეგ მოჰყვა ცნობილი „ინდიგნადოების“ (indignados) მოძრაობა ესპანეთში და ბევრი ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა. ერთი სიტყვით, ამგვარ პოლიტიკური ხასიათის განრისხებაში ცუდი არაფერია (და არ უნდა დავუჯეროთ იმათ, ვინც გვეუბნება, რომ „კარგი“ პოლიტიკური კულტურა ცხვრებივით მორჩილებას გულისხმობს).

აგრესია, რომელიც მე ამჟამად უფრო მეტად მაწუხებს, იმათკენ კი არ არის მიმართული, ვინც ამას იმსახურებს - პოლიტიკოსების, ოლიგარქებისა და კრიმინალური ბოსებისკენ, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ. უფრო ხშირად, ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები ცდილობენ, რომ აგრესია გამოხატონ თავისზე სუსტის მიმართ და შედეგად ვიღებთ ექსპლუატაციის უსასრულო ჯაჭვს: ძლიერები ჩაგრავენ თავისზე უფრო სუსტებს, სუსტები მათზე უფრო სუსტებს, უფრო სუსტები კიდევ უფრო სუსტებს და ა.შ.

ასეთ საზოგადოებაში ძალა და ძალადობა ითვლება ერთადერთ ლეგიტიმურ არგუმენტად. ამგვარი საზოგადოება მოკლებულია მორალურ განსჯას და სოლიდარობის გრძნობას. დღევანდელი ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, ასეთ საზოგადოებას მეტისმეტად ბევრი მაჩვენებლით ჰგავს.

აგრესია საქართველოში ყოველდღიურ ცხოვრების წესად, გასაგები მიზეზების გამო, 90-იანი წლების დასაწყისიდან იქცა. ეს აგრესია დროთა განმავლობაში ნაკლებად სისხლიანი გახდა, მაგრამ საზოგადოებაში თამაშების წესების განმსაზღვრელად მაინც დარჩა. აგრესიას ვგრძნობთ ყოველ ნაბიჯზე: ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძო ტრანსპორტში (შეხედეთ მანქანების მოძრაობას ქუჩაში), ბარებში და კლუბებში (აქ აგრესია შედარებით უფრო ბუნებრივია ალკოჰოლის მოქმედების გამო, მაგრამ მაინც აგრესიის ის დონე, რაც ქართულ ბარებში და კლუბებშია, შემაშფოთებლად მაღალია), უბნებში და ე.წ. „ბირჟებზე“ („ქურდული მენტალიტეტის“ შესუსტების შედეგად ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც დარჩა), სამსახურებში (ქართველი უფროსების ხელქვეითებთან ურთიერთობა და ურთიერთობის ფორმა ცალკე ნაშრომებს იმსახურებს), საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საშუალო სკოლებიდან დაწყებული უნივერსიტეტებით დამთავრებული), ცოცხალ რიგებში (სადაც ყველა ცდილობს, რომ ყველა საშუალებით სხვას გადაასწროს, სხვას გადაუაროს), მომსახურების სფეროში (როგორც ექცევიან ოფიციანტებს, გამყიდველებს, ტაქსისტებს, მძღოლებს და პირიქით) - საზოგადოებრივი აქტივობის აბსოლუტურად ყველა სფეროში. ეს აგრესია გადადის ფეისბუქზე და სოციალურ ქსელებში და ვიღებთ საზოგადოებას, სადაც ჭრის ყვირილი, მუშტები, გინება და არ ჭრის სიმართლე და საღი აზრი.

ასეთ საზოგადოებაში როცა ცხოვრობ, ბუნებრივია, რომ შენც გიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა შენს ბნელ მხარესთან. ზოგჯერ მეც გამომივლენია აგრესია, ჩემდა უნებურად და შემდეგ შერცხვენილს ბევრი მიფიქრია ამაზე. იმდენად გამჯდარია უკვე ჩვენს კოლექტიურ ცნობიერში აგრესია და სხვების უფლებების და ღირსების შელახვა, რომ გაუცნობიერებლად, ავტომატურად ვაკეთებთ ამას. ზოგჯერ იმდენად ავტომატურად ვაკეთებთ, რომ საერთოდ ვერც ვაანალიზებთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ამას აგრესია შეიძლება დაერქვას. ის, რაც ჩვენ გვახალისებს და ეგოს გვიკმაყოფილებს, სხვებს ამცირებს და მათ ღირსებას ლახავს.

მკითხველების ერთი ნაწილი ალბათ გაიფიქრებს, რა უმიზნოთ მოთქვამსო, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია. აგრესიის შემცირებას სჭირდება საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც პრობლემაზე ლაპარაკს დავიწყებთ.

ზოგ შეთხვევაში, ადამიანებს პრობლემა გააზრებული აქვთ, მაგრამ თავიანთი არგუმენტები აქვთ აგრესიის სასარგებლოდ. ისინი გვეტყოდნენ, რომ საყოველთაო უსამართლობების საზოგადოებაში სხვა რა დაგრჩენია, თუ არა ის, რომ შენც აგრესორი იყო; გვეტყოდნენ, რომ ასეთ საზოგადოებაში „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“, ანუ ერთმანეთის ტყავები უნდა ვგლიჯოთ და მხოლოდ ასე გადავრჩებით სათითაოდ. იქნებ ამაში არის ინდივიდუალური სიმართლის მარცვალი, მაგრამ კოლექტიური გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ამგვარი „სიბრძნე“ აუცილებლად მიგვიყვანს კატასტროფამდე, ან დაგვტოვებს იქ, სადაც უკვე ვართ. დროა, რომ ჩაკეტილი წრიდან გამოსავლის ძებნა დავიწყოთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG