Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი, რომელიც დაეცა


პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ლარის გაუფასურების მეორე ტალღა წამოვიდა. 22 იანვარს ის სამი პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 23 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარად იქნება შესაძლებელი. რა მიზეზებს უკავშირებენ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ეკონომიკის ექსპერტები და როგორ აისახება პროცესი რიგით მოქალაქეებზე?

33 წლის ეკამ იპოთეკური სესხი დოლარში სახლის საყიდად სამი წლის წინ აიღო. ოჯახმა ყურადღებით გამოითვალა იმ თანხის ოდენობა, რომლის გადახდაც მათ მომდევნო 15 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მოუწევდათ. ამის შესაბამისად დაგეგმეს ოჯახის ბიუჯეტიც, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე მათ ბიუჯეტში ლარის კურსის ვარდნამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა. ეკამ მორიგი, ამჯერად უკვე გაზრდილი, თანხა ბანკში ორი დღის წინ გადაიხადა.

„დღესდღეობით ჩემი ყოველთვიური გადასახადი 150 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ეს თანხა მოაკლდა ჩვენს ბიუჯეტს. მაგალითად, გაგვიჭირდა საბავშვო ბაღის გადასახადის გადახდა. ამან იმოქმედა სხვა ხარჯებზეც, რომელიც გაწერილი გვაქვს ყოველთვიურად. აქამდე ასე თუ ისე სტაბილურად იყო კურსი და ვიცოდით ყოველთვიურად რას ვიხდიდით. ახლა კი არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ თვეში თუ 1150 ლარი გადავიხადე, იმ თვეში რამდენს გადავიხდი, არ ვიცი. თუკი ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები, რადგან ბინა მაქვს ჩადებული და თუკი ბანკის გადასახადს ვერ გადავიხდი, შეიძლება ბინაც კი დავკარგო“, - ამბობს ეკა.

2014 წლის მიწურულს დაწყებული ლარის კურსის გაუფასურების პირველი ტალღის გადავლის შემდეგ მეორე ტალღამ არ დაახანა. ახალი წლის დადგომისთანავე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საინფორმაციო დაფაზე დოლარის ღირებულების მაჩვენებელი ერთ ლარსა და 90 თეთრს ნელ-ნელა გადასცდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვარს დადგენილი კურსის თანახმად, ერთი დოლარის შეძენა ერთ ლარად და 95 თეთრად არის შესაძლებელი. უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ დოლარის შესაძენად ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში - იქ დოლარის ფასი 1,96 ლარიდან 1,98 ლარამდე მერყეობს. კიდევ უფრო შორს მიდის დოლარის ფასი ზოგიერთ კომერციულ ბანკში. მაგალითად, ბანკი „რესპუბლიკა“ დოლარის შესაძენად 1,99 ლარს ადგენს.

არაერთი ცდის მიუხედავად, ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელი ორგანოდან ლარის გაუფასურების მეორე ტალღის აგორებასთან დაკავშირებით კომენტარის მოძიება ვერ მოხერხდა, თუმცა, თუკი საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რამდენიმე დღის წინანდელ კომენტარს გავიხსენებთ, ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მთავრობა სხვადასხვა ნაბიჯს დგამს:

„რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. მაგალითად, შემიძლია ვთქვა ის, რომ ექსპორტის წახალისების სპეციალური პროგრამა კეთდება. ამის გარდა, ვიზების რეგულაციების მაქსიმალური შემსუბუქება, რომ ტურიზმის მიმართულებით გავაკეთოთ წახალისება, რომ გავაიოლოთ ადამიანების შემოსვლა საქართველოში, ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია... ანუ მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ რისკების განეიტრალების მექანიზმებზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე“.

ბესო ნამჩავაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი, ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე ლაპარაკობს. ერთ-ერთ მიზეზად ის საგარეო ფაქტორს ასახელებს. მისი თქმით, უკანასკნელ თვეებში გაუარესდა სავაჭრო ბალანსი - გაიზარდა იმპორტი, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შემცირდა. გარდა ამისა, შემცირებულია ფულადი გზავნილები. ეს ფაქტორები ერთხელ უკვე გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი. ამჯერად ბესო ნამჩავაძე ლარის გაუფასურების მეორე ტალღის წარმოქმნაზე ამახვილებს ყურადღებას.

„აქ უკვე ცალსახად შემოვიდა დამატებითი ფაქტორი - ჭარბი ლარის მასა მიმოქცევაში, რაც, თავის მხრივ, განაპირობა ფინანსთა სამინისტროსგან ბევრი ფულის ხარჯვამ დეკემბრის ბოლო დღეებში. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი დეკემბერში იყო 265 მილიონი ლარი, რაც ძალიან დიდი თანხაა საქართველოს ეკონომიკისთვის, მით უმეტეს, ერთ თვეში. შესაბამისად, გაუარესებულ ფაქტორს დაემატა გაზრდილი ლარის მასა“, ამბობს ბესო მანჩავიძე.

მას მიაჩნია, რომ ლარის კურსის სტაბილურობის გარანტია ეკონომიკური ზრდა, რასაც, მისი თქმით, დღესდღეობით საქართველო ვერ უზრუნველყოფს. ბესო მანჩავიძე ამბობს, რომ შემცირებულია ეკონომიკის პოტენციალი. სიტუაციის გამოსწორების ერთ-ერთ გზად მას ბიზნესის წახალისება ესახება. ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, პირველ რიგში, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაა საჭირო.

ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, „კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი მიხეილ დუნდუა, ლარის გაუფასურებას საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედებებს უკავშირებს. მისი თქმით, ბანკმა ორი წლის განმავლობაში, 2013-14 წლებში, 235 მილიონი დოლარი ამოიღო. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში ეს არის დოლარის ამოღების უპრეცედენტო ნიშნული, რამაც, ბუნებრივია, ქვეყანაში დოლარის დეფიციტი შექმნა:

„ეკონომიკას ლარიც სჭირდება და დოლარიც და ლარი-დოლარის ბალანსი მკვეთრად დაირღვა ამ მოქმედების შედეგად. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორებიც: საგარეო სიტუაცია, საერთაშორისო ვითარება, დოლარის გამყარების მსოფლიო ტენდენცია... მაგრამ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, ის თანხა, 235 მილიონი დოლარი, უკან რომ დააბრუნოს ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება ძალიან სწრაფად“.

როგორც ის ამბობს, ჯერჯერობით ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად არ ასახულა ფასების ზრდაზე, თუმცა რიგ პროდუქტებზე მაინც შეინიშნება ფასების მატება. იმის შესახებ, რომ ვალუტის გაუფასურებამ ამ ეტაპზე დიდად ვერ მოახდინა გავლენა ინფლაციაზე, რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლების დილის ეთერში ილაპარაკა ეკონომიკის ექსპერტმა ნინო ევგენიძემ. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მან მსოფლიოში ძირითად პროდუქტებზე - ნავთობსა და მარცვლეულზე - ფასების კლება დაასახელა, რამაც ხელი შეუწყო ფასების საერთო დონის სტაბილურობის შენარჩუნებას საქართველოში.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული ქუჩის გამოკითხვიდან გამოიკვეთა, რიგითი მოსახლეობის ბიუჯეტზე მაინც აისახა ზოგიერთ პროდუქტზე მომატებული ფასები:

- ფასები იზრდება, პენსიით ნაკლები პროდუქტი მომდის;
- ჩემმა ოჯახმა ნამდვილად იგრძნო ლარის გაუფასურება. აღებულმა კრედიტმა ჩვენი ბიუჯეტი ძალიან დააზარალა. საქართველოში თითქმის ოჯახი არ არის, რომელსაც ამ სახის ურთიერთობა არ ჰქონდეს ბანკთან;
- გაჭირვებულ ხალხზე ლარის ვარდნა ცუდად აისახა;
- რა თქმა უნდა, გაძვირდა ყველაფერი. საწყენია ეს ყველაფერი და რას და როგორ მოევლება, არ ვიცი.

XS
SM
MD
LG