დაკავებები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან - 2020

2020 წელს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს 74 მოქალაქე დააკავეს. აქედან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 61, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 13. საერთო ჯამში, მათ ოკუპირებული რეგიონების იზოლატორებსა და ციხეებში 500-ზე მეტი დღე გაატარეს - მაგალითად, ხვიჩა მღებრიშვილმა 86, მირიან თაზიაშვილმა 33, ხოლო ზაზა გახელაძე, 170-ზე მეტი დღეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება და სასამართლოს გამართვას ელოდება.

20 იანვარი

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებ გენადი ბესტაევს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. 29 ნოემბერს ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გენადი ბესტაევის ნათესავები ამბობდნენ, ეს ბრალდება გამოგონილი იყო. გენადი ბესტაევის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან, და მის ეზოში მავთულხლართებია გავლებული. გასული ორი წლის განმავლობაში გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ოთხჯერ დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ნოემბერში დაკავების შემდეგ, მას ბრალად დასდეს ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულიც - ნარკოტიკის კონტრაბანდა.

22 თებერვალი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, გატაცებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილია, რომელიც სოფლის მიმდებარედ, ტყის მასივის მახლობლად იმყოფებოდა. საოკუპაციო ძალები მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ დაკავების ბრალდებას უყენებენ. ალეკო შიუკაშვილი ერთ დღეში გაათავისუფლეს.

27 თებერვალი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი. მისი ცოლი ამბობს, რომ საკუთარი ეზოდან უყურებდა, როგორ აგროვებდა ელდარ გუნდიშვილი შეშას ეზოს მახლობლად, საიდანაც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.მოგვიანებით გათავისუფლებული გუნდიშვილი ნაცემი იყო.

17 აპრილი

საოკუპაციო ძალებმა მალხაზ კურტაევი 16 აპრილს, ახალგორის სიახლოვეს, მისი ცოლი, თათია ადიკაშვილი კი 17 აპრილს დილით დათა ვანიშვილის სახლში დააკავეს. მალხაზ კურტაევმა თათია ადიკაშვილი ცოლად მოიყვანა და მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა. ცხინვალში ცოლ-ქმარი საკარანტინო ზონაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში, დათა ვანიშვილის სახლში, დაბრუნდნენ. მოგვიანებით ისინი იქიდან მაინც გამოიქცნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და თათია ადიკაშვილის მშობლებთან, ხურვალეთში, დასახლდნენ.

წაიკითხეთ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორია ვრცლად აქ

21 ივნისი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჯუმბერ ფსიტიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი წყარო ატყობინებს, რომ იგი სოფლის განაპირას ოკუპაციის ხაზის მახლობლად ნახირს მწყემსავდა, რა დროსაც ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და მწყემსი ოკუპაციის ხაზის მიღმა გადაიყვანეს. ჩვენი წყაროს ცნობით, მწყემსი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო საოკუპაციო ძალები საძოვრის მახლობლად ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული. ფსიტიძეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდება წაუყენეს და ზემო არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ის ცხინვალის იზოლატორში არ გადაუყვანიათ და კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდემოიოლოგიური მდგომარეობის გამო რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

3 ივლისი

დააკავეს სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი, რომელსაც დე ფაქტო კაგებემ ბრალდებად ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა წაუყენა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ აღიარებით ვიდეოჩვენებაში მღებრიშვილი ამბობდა, რომ ოსურ სოფელში ღამურების ჭუპრების მოსაპოვებლად ჩავიდა და ამერიკელები ამაში 5 000-დან 10 000 დოლარამდე თანხას სთავაზობდნენ, რადგან ღამურების ჭუპრები მათ ლაბორატორიული კვლევებისთვის სჭირდებოდათ. 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული მღებრიშვილი ამბობს, რომ იძულებული იყო ეს ეთქვა.

მღებრიშვილმა რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურად უამბო ცხინვალის ციხეში გატარებული 86 დღისა და იქ მომხდარი ამბების შესახებ.

7 ივლისი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. აფაჯად მაგარამოვამ ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა. ის ოჯახს საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება. აფაჯად მაგარამოვა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე თვე იმყოფებოდა.

11 ივლისი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებასაც უყენებენ. მღებრიშვილის ოჯახი, 6 თვეა, დახმარებას ითხოვს. ის დაახლოებით 170 დღეა ცხინვალის ციხეში იმყოფება და ამ დრომდე მისი სასამართლო პროცესი არ გამართულა. გახელაძის ცოლი და მშობლები, დიდი ხანია, საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკავებულის გასათავისუფლებლად დახმარებას სთხოვენ.

20 ნოემბერი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 66 წლის მირიან თაზიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში დააკავეს. თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დაახლოებით ერთ თვეში გაათავისუფლეს. თაზიაშვილი ოკუპირებულ სოფელში ბავშვობის მეგობრის სანახავად გადავიდა.

მირიან თაზიაშვილმა რადიო თავისუფლებას ცხინვალის ციხეში გატარებული 33 დღის შესახებ უამბო.