Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე


ფოტოარქივი: საოკუპაციო ხაზი. 2 ნოემბერი, 2017 წ.
ფოტოარქივი: საოკუპაციო ხაზი. 2 ნოემბერი, 2017 წ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან საოკუპაციო ძალების  მიერ 20 ნოემბერს გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილის მეუღლემ არ იცის, რა ვიათარებაში მოხდა მისი ქმრის დაკავება.

ცისანა თაზიაშვილი ამბობს, რომ მას ამ დრომდე ცხინვალის დე ფაქტო მილიციიდან არავინ დაჰკავშირებია.

“ცხინვალიდან არავის დაურეკავს. მე ჩვენმა პოლიციამ მითხრა, შენი ქმარი წაიყვანესო. არ ვიცი რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა იქით. სოციალურად დაუცველები ვართ და ისიც კი არ ვიცი, ჯარიმას როგორ გადავიხდი. ვაშლის კრეფაზე დავდივარ და თავს მაგით ვირჩენთ. ჩემი ქმარი ზოგჯერ ტაქსაობდა და პურის ფულს ასე ვშოულობდით”, - აცხადებს ცისანა თაზიაშვილი.

მირიან თაზიაშვილის დაკავების შესახებ 21 ნოემბერს გახდა ცნობილი. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

“უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საოკუპაციო რეჟიმი მირიან თაზიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი დაკავება დაადასტურეს და ბრალად ე.წ. საზღვრის დარღვევას უყენებენ. როგორც ზარდიაანთკარში ამბობენ, მირიან თაზიაშვილს მეუღლესთან დაარეკინეს და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ ღამით სახლში ვერ მივიდოდა. ამის შემდეგ კონტაქტი გაწყდა. ზარდიაანთკარში ვარაუდობენ, რომ დაკავებულის გათავისუფლება მალე ვერ მოხერხდება, რადგან შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მათი აზრით, თაზიაშვილს ჯერ საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ და შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ასე მოხდა ბოლო დროს დაკავებული სხვა მოქალაქეების შემთხვევაშიც. ხვიჩა მღებრიშვილიც და ზაზა გახელაძეც ჯერ ორკვირიან კარანტინში ჰყავდათ მოთავსებული და შემდეგ გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიაანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. ზარდიაანთკარის გასასვლელთან - ოსური სოფლის, ხელჩუას, მიმართულებით - უკვე რუსეთის მესაზღვრეების საგუშაგოა განთავსებული.

2012 წელს ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა, სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. დაზიანებულ სახლში დაბრუნდნენ მირიან და ცისანა თაზიაშვილებიც. მირიანი ტაქსაობდა და ასე არჩენდა ოჯახს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

ზარდიაანთკარის მცხოვრები ელენე ჩარბაძე აცხადებს, რომ სოფელში ცხოვრება საშიშია. მართალია, მეზობელ ოსურ სოფელთან მავთულხლართები და ღობეებია დამონტაჟებული, მაგრამ მინდორში ყველგან არ არის ასეთი ბარიერები, ამიტომ საოკუპაციო ძალებს სოფლის სიღრმეში შესვლა და მოქალაქეების გატაცება თავისუფლად შეუძლიათ.

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 21 ნოემბერს, ზარდიაანთკარში დააკავეს გენადი ბესტაევი, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. 29 ნოემბერს ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გენადი ბესტაევის ნათესავები ამ ბრალდებას გამოგონილად მიიჩნევდნენ. მოგვიანებით ბესტაევი 2 წლით ცხინვალის ციხეში ჩასვეს. გენადი ბესტაევი დაიბადა 1968 წელს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკვე მეხუთედ დააკავეს. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს. და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას გენადი ბესტაევის დასახმარებლად საკმარისი ძალისხმევა არ გამოუჩენია: „პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები, აღნიშნული საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს“.

ოკუპაცია და კაცი, რომელიც ხანძარს ღვინით აქრობდა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:26 0:00

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად: „ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს“.

ზარდიაანთკარის პრობლემები არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებშიც მოხვდა. იქმნება კომისიები სოფლის დასახმარებლად, მაგრამ ომის კვალი 12 წლის შემდეგ სოფელს ისევ ამჩნევია. მოქალაქეები ისევ დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ. ზარდიაანთკარში როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი სახალხო დამცველები არაერთხელ ჩასულან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ომისგან დაზარელებული სოფლის მიმართ, თუმცა ზარდიაანთკარში, 12 წელია, რამდენიმე სახლი ვერ შეაკეთეს და ზარდიაანთკარელები ისევ დაზიანებულ სახლებში ცხოვრობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG