Accessibility links

logo-print logo-print

თაზიაშვილის 33 დღე. გახელაძის კიდევ ორი თვით გაგრძელებული პატიმრობა


ცხინვალი

იმ დღით ზარდიაანთკარში პირველად მოთოვა. სამი ჭიქა არაყი ჰქონდა დალეული. შეჰყურებდა თოვლის ფანტელებს და ბავშვობა ახსენდებოდა - მეგობრებთან ერთად გუნდაობა, ციგაობა, თოვლის პაპის კეთება გაყინული თითებით. თვალი მწვანე ღობეებისკენ გააპარა. რუსები არსად ჩანდნენ. ბავშვობის მეგობრები იმ ღობის იქით ცხოვრობენ. ბევრი აღარ უფიქრია, ნაკვეთისკენ წავიდა, ღობეებს გვერდი აუარა და ბაღების გზით ხელჩუაში გადავიდა. ბავშვობის მეგობრის სახლიდან კვამლი ამოდიოდა. კარი შეაღო, პირველთოვლობა მიულოცა და სუფრაც მალე გაიშალა. ამასობაში რუსმა მესაზღვრემ ახალმოსულ თოვლზე საეჭვო ნაფეხურები შეამჩნია. გერმანულმა ნაგაზმა სუნი აიღო. ზარდიაანთკარელი მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში, მეგობრის სახლში, დააკავეს. ცხინვალში ორთვიანი პატიმრობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მიუსაჯეს, მაგრამ 33 დღეში ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.

„ნასვამი ვიყავი და გადავედი. ბავშვობაში სულ იქით ვიყავი, იქ ვიზრდებოდი და ძმაკაცებიც იქით მყავს. დედაჩემის ნათესავებიც იქით არიან. დედა ოსი მყავს. ძმაკაცთან მივედი და რუსებმა თურმე თოვლზე ნაკვალევი დაინახეს. მერე ძაღლებიც მოიყვანეს და ავჩარკამ მომაგნო ძმაკაცის სახლში. უკვე კარგა ნაქეიფრები ვიყავით. სახლში შემოცვივდნენ და იქვე ამიყვანეს. დისევის (ოკუპირებული სოფელი გუგუტიაანთკარის გვერდით) სამხედრო ბაზაზე გადამიყვანეს. დისევიდან ცხინვალში კაგებეს იზოლატორში ხუთი დღე ვიყავი, მერე ორი დღე - მილიციის საკანში და დანარჩენი დრო - ციხის კამერაში. დედა ოსი მყავს და ოსური ენაც კარგად ვიცი. პირველ სასამართლოზე ორი თვე მომისაჯეს, მერე ერთი თვე იყო გასული და ისევ მოულოდნელად წამიყვანეს და მეორე სასამართლო ჩამიტარეს. მოსამართლეს სუფთა ოსურად ველაპარაკებოდი და უკვირდა. ჰოდა, გამამიშვა. ჯარიმაც არ გადამიხდია. რას ვფიქრობდი ეს ერთი თვე? ვიცი, რომ ცისანა (ცოლი) ინერვიულებდა. ვიცოდი, რომ მალე გამომიშვებდნენ. ზოგი წლობით ზის და ისინი ძლებენ და მეც გავძელი ეს ერთი თვე“.

მირიან თაზიაშვილი
მირიან თაზიაშვილი

მირიან თაზიაშვილმა ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევიც ნახა.

„ზაზასთან ერთ კამერაში ვიყავი, კარგად არის. ფეხი აღარ აწუხებს უკვე. ციხეშიც ისეთი ვითარებაა, რომ პატივს სცემენ. არ არის განსხვავებული დამოკიდებულება. ქართველი და ოსი - ასე არ უდგებიან იქ პატიმრები ამ საკითხს. პირობებიც გამოსწორებულია. ვლაპარაკობდით და სახლი და ბავშვები ძალიან ენატრება. ბავშვები პატარები ჰყავს და სულ მათზე ლაპარაკობდა. თბილი ტანსაცმელიც აქვს, მასთან ვინც იყვნენ და მერე გავიდნენ, იმათ დაუტოვეს. ასე რომ, ტანსაცმლის და სითბოს პრობლემა ზაზას არა აქვს. ეგ არის, რომ დამწყვდეულია და გამოსვლა უნდა ძალიან. ჩემი წამოსვლის მეორე დღეს ელოდებოდა სასამართლოს და დიდი იმედი ჰქონდა, რომ მიუსჯიდნენ და მერე შეწყალებით იქნებ გამოსულიყო, მაგრამ ახლა გავიგე, რომ კიდევ ორი თვით გაუგრძელეს. იქნებ როგორმე ყველა, როგორც შეუძლიათ, დაეხმაროს ამ ბიჭსა. ჩემი თანასოფლელი გენადი ბესტაევიც ვნახე. კარგადაა ისიც. ორი წელი აქვს მისჯილი და სასამართლოს ელოდება კიდევ, შეიძლება ისიც ვადაზე ადრე გაათავისუფლონ“.

66 წლის მირიან თაზიაშვილი ცხინვალის ციხიდან 22 დეკემბერს გაათავისუფლეს. ის ახლა სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლისთანავე იგი ზაზა გახელაძის ცოლს, ირმა ბუთხუზს, ესაუბრა და ზაზას მდგომარეობის შესახებ უამბო. გახელაძეების ოჯახი ცხინვალში სასამართლოს გამართვას ელოდა. სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს გაიმართა და გახელაძეს პატიმრობის ვადა 2 თვით გაუგრძელეს. ამ ცნობამ ოჯახი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ირმა ბუთხუზი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცრემლს ვერ იკავებდა:

„მეექვსე თვეა დაწყებული და კიდევ როდემდე უნდა გადაუვადონ სასამართლო, ვეღარ ვიგებთ. მიზეზს და პასუხს მე არ მეუბნებიან, რატომ აჯანჯლებენ აქამდე. მიუსაჯონ, თუ მისასჯელი აქვს და დაისვენებს ისიც. თუ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ის მაინც გვეცოდინება, რა მიუსაჯეს. სახაზინო ადვოკატი დეკემბრის დასაწყისში მეუბნებოდა, რომ საქმის მასალებს ეცნობოდნენ მხარეები. წინა კვირას მითხრა, რომ გაეცნენ და სასამართლოშია საქმე და, თუ უკვე პროცესის ჩატარებას ელოდებოდნენ, რაღაზე გაუგრძელეს ეს ვადა, არ ვიცი, ვეღარაფერს ვხვდები უკვე. რა უნდა გავაკეთო, აღარ ვიცი“.

ზაზა გახელაძე
ზაზა გახელაძე

გახელაძის საქმეს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების საქმეში აქტიურად არიან ჩართული.

„გახელაძის საკითხი მუდმივად დგას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და არამხოლოდ - ყველა პარტნიორთან. მე გუშინ დავასრულე ელჩებთან ყოველწლიური კონფერენცია და ყველა ელჩს ყველა პარტნიორ ქვეყანაში აქვს მკაფიო დავალება, რომ ეს თემა აიწიოს ყველა უმაღლესი დონის შეხვედრაზე. გახსოვთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც მისჯილი ჰქონდა ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა, მაინც მოხერხდა მისი გათავისუფლება და მე იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლით და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და დარწმუნებული ვარ, გახელაძეც საღ-სალამათი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს ე.წ. წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს.

გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს, - ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG