Accessibility links

logo-print

ტრამპი და საქართველო


დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი „ტრამპ ტაუერის“ პრეზენტაციაზე ბათუმში 2012 წელს

დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი „ტრამპ ტაუერის“ პრეზენტაციაზე ბათუმში 2012 წელს

რა უთქვამს საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად არჩეულ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა? არქივში მოძიებული მასალა საქართველოსთან დაკავშირებული ერთი ამბის შესახებ მოგვითხრობს - 2010 წელს ჯერ როგორ დაიგეგმა ბათუმში 47- სართულიანი „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობა, 2011-ში როგორ მოეწერა ხელი შეთანხმებას Silk Road Group-სა და Trump Organization-ს შორის და, ბოლოს, 2012 წელს როგორ ჩამოვიდა თავად დონალდ ტრამპი ამავე პროექტის პრეზენტაციაზე, მაშინ - უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატის რანგში.

საქართველოში ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის, შესაძლო ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მედიით სულ პირველად 2010 წელს გავრცელდა - მაშინ ითქვა, რომ თბილისსა და ბათუმში „ტრამპ ტაუერი“ აშენდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ უძრავი ქონების ცნობილი ამერიკელი მაგნატის სახელობის 47-სართულიანი შენობის აგება მხოლოდ ბათუმში იგეგმებოდა.

პროექტის ავტორად და მფლობელად Silk Road Group-ი (SRG) დასახელდა - ქართული კონგლომერატი ბიზნესინტერესებით ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში, რომელიც „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იყენებდა 2011 წლის მარტში, ნიუ-იორკში დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანია Trump Organization-თან მიღწეული სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. ამ შეთანხმების თანახმად, „ტრამპ თაუერის“ და, ასევე, ნავსადგომის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.

შეთანხმებას ხელი ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე, დონალდ ტრამპის ოფისში მოეწერა, იქაურ „ტრამპ ტაუერში“. ამ შეხვედრას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ წელიწადში, 2012 წლის აპრილში, დონალდ ტრამპი საქართველოში უკვე პროექტის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა. სააკაშვილმა ტრამპი პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენითაც დააჯილდოვა. სწორედ ამ დღეს შეაქო დონალდ ტრამპმა სააკაშვილი და გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა.

„და სწორედ მაშინ დავიწყე საქართველოს შესახებ კითხვა, თუ რა ხდებოდა აქ, და ვნახე, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა იყო, სწრაფად ვითარდებოდა, თქვენ ძალიან კარგად ართმევდით თავს საქმეებს, ჩამოფრენის დროს ვნახეთ არაერთი დიდი მშენებლობა, რომელიც ახლაც გრძელდება და რაც უკვე დასრულებულია, ეს ძალიან ამაღელვებელია“, - თქვა მაშინ დონალდ ტრამპმა.

22 აპრილს კი, უკვე ბათუმში გამართულ „ტრამპ ტაუერის“ პრეზენტაციაზე, დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ კიდევ ბევრჯერ ჩამოვიდოდა ამ ქვეყანაში:

„საქართველოში მცხოვრები ხალხი, თქვენ, შესაძლოა, ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მთელ მსოფლიოში, ყველა საქართველოზე და საქართველოში მომხდარ სასწაულებზე ლაპარაკობს... და ეს გაკეთებულია პრეზიდენტის მიერ... მინდა მოგილოცოთ - თქვენ გასაოცარ საქმეს აკეთებთ... “

მე ვსტუმრობდი საქართველოს გასულ შაბათ-კვირას. უნდა ნახოთ, როგორ დაუჯერებლად ვითარდება ეს ადგილი. ეს ქვეყანა ადრე რუსეთის სატელიტი იყო, საბჭოთა კავშირის ნაწილი, შემდეგ გამოეყო და უნდა ნახოთ, ახლა რა ხდება. ყველაფერი ვითარდება, მაგრამ განსაკუთრებით ტურიზმი ყვავის...

ტრამპმა მაშინ ისიც თქვა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებული იქნებოდა არქიტექტურული თვალსაზრისითაც.მედიასთან საუბარში კი ამერიკელი მილიარდერი ამბობდა, რომ „ტრამპ ტაუერი“ შესანიშნავი შენობა იქნებოდა და ტოლს არ დაუდებდა მსოფლიოს სხვა ასეთივე შენობებს. ამ შეთანხმებითა და სამომავლო გეგმებით კმაყოფილი ჩანდა „სილქ როუდ ჯგუფიც“, რომლის ხელმძღვანელობა - კერძოდ, გიორგი რამიშვილი - აცხადებდა, რომ მათთვის ამ ინვესტიციაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტრამპის სახელის გამოყენებას.

საქართველოში ვიზიტის დასრულებიდან მალევე, 2012 წლის მაისში, Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა საქართველოზე, ბათუმზე და იქ განსახორციელებელ ბიზნესგეგმებზე. მან თქვა:

„მე ვსტუმრობდი საქართველოს გასულ შაბათ-კვირას. უნდა ნახოთ, როგორ დაუჯერებლად ვითარდება ეს ადგილი. ეს ქვეყანა ადრე რუსეთის სატელიტი იყო, საბჭოთა კავშირის ნაწილი, შემდეგ გამოეყო და უნდა ნახოთ, ახლა რა ხდება. ყველაფერი ვითარდება, მაგრამ განსაკუთრებით ტურიზმი ყვავის. ისინი აშენებენ ქალაქ ბათუმს, რომელიც 4-5 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ადგილად იქცევა. მეც დიდი გეგმები მაქვს ამ ადგილას, იქაურობის განვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს საოცარია“.

„ტრამპ ტაუერთან“ და, ზოგადად, ბათუმთან დაკავშირებული ბიზნესიდეების გარდა, რადიო თავისუფლებამ ვერ მოიძია ტრამპის პოლიტიკური შინაარსის განცხადებები საქართველოს შესახებ. ასეთ განცხადებებს ვერც ქართველი პოლიტოლოგები იხსენებენ.

რაც შეეხება „ტრამპ ტაუერს“, მისი მშენებლობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღარ გაგრძელებულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG