Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ფოტიგა გიორგი რურუაზე - "მთელი ჩემი გამოცდილებით, ვხედავ, რომ მის მიმართ ბრალდებები ყალბად გამოიყურება"


„იმედს გამოვთქვამ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდი იქნება მშვიდობიანი, რაც შესაძლებელს გახდის ოპოზიციურ პარტიებსა და მთავრობას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას, შესაძლებელს გახდის თავისუფალი, სამართლიანი და წარმოამდგენლობით არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მსჯელობისას და მოუწოდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას, რომ გააგრძელონ საქართველოს ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

ანა ფოტიგამ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და ამიტომაც აქვს მას ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობის თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გულდასმით აკვირდება ვითარებას საქართველოში:

„უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა კვლავაც ოკუპირებულია და უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არის 2008 წლის შეთანხმების ხელმომწერი მხარის მიერ. ეს შეთანხმება არ შესრულებულა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ბორდერიზაციის მიმდინარეობას“.

ანა ფოტიგამ ახსენა გასული წლის ივნისის მოვლენებიც და ხაზი გაუსვა იმას, რომ ხედავს საქართველოში სუვერენული და დამოუკიდებელი განვითარების ნებას.

ევროპარლამენტარმა თავის გამოსვლაში კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასა და ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუაზე:

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე. ამასთან, მსურს ვახსენო დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიამფლობელი გიორგი რურუა. პოსტსაბჭოთა სივრცესა და საბჭოთა ეპოქაში ოპოზიციაში ყოფნის მთელ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები ყალბად გამოიყურება და ისინი უნდა გაუქმდეს“.

ანა ფოტიგამ შეაქო საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ამ პროცესში ევროკავშირის დახმარების ნაწილიც აღნიშნა.

გამოსვლის დასასრულს მან ახსენა ანაკლიის პორტის პროექტი:

„მსურს აგრეთვე ვახსენო ანაკლიის მიტოვებული პროექტი. COVID-19-ის კრიზისის შემდგომ პერიოდში შეიძლება საქართველოსთვის გამოსავალი იყოს ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის დამოუკიდებელი გზების შემდგომი მხარდაჭერა“.

XS
SM
MD
LG