Accessibility links

ახლობელი და გულჩათხრობილი ირაკლი ფარჯიანი


ირაკლი ფარჯიანის სახლის კარი მუდმივად ღია იყო. უამრავი ხალხი სტუმრობდა, თვითონ კი ამ დროს გაუჩერებლად ხატავდა. არ გაჩერებულა მაშინაც, როდესაც ავად გახდა და დასვენება „წამლად გამოუწერეს“. 22 მაისს ირაკლი ფარჯიანს 70 წელი შეუსრულდებოდა.

80-იან წლებში ქართულ მხატვრობაში ახალი თაობა მოვიდა: გია ბუღაძე, ლევან ჭოღოშვილი, ირაკლი ფარჯიანი... ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ღაღანიძე ამბობს, რომ ისინი არა მარტო სხვებისგან, ერთმანეთისგანაც განსხვავდებოდნენ, სხვა ჰქონდათ სათქმელიც და თემებიც.

„გაგანია“ საბჭოთა კავშირი იყო და ხმა გავარდა, ფარჯიანმა სახარება გადაწერაო. მეგობარმა მიმიყვანა მასთან. შეიძლებოდა მასთან ასე მისვლა. გაოგნებული დავრჩი. მის ნახატებში დიდი ერუდიცია იგრძნობოდა. ზოგადად ამ თაობის მხატვრებისთვის ეს დამახასიათებელი იყო, ისინი კითხვებზე პასუხებს ეძებდნენ. ირაკლი ფარჯიანი შტაინერით იყო გატაცებული, ესეც იმ თაობის მახასიათებელია“, - ამბობს ნინო ღაღანიძე.

რელიგიური თემები ფარჯიანს მთელი ცხოვრება გაჰყვა. განსაკუთრებით „ხარების“ ხატვა უყვარდა, რთულიც კი არის დაითვალო, სულ რამდენი „ხარება“ აქვს დახატული, ბევრი ნახატი ახლა საზღვარგარეთ, კერძო კოლექციებშია.

თავიდან ყაზბეგის გამზირზე, „ხრუშჩოვკის“ ერთ ოთახში ოთხი მამაკაცი - მამა და სამი ძმა ცხოვრობდნენ. მისი მეუღლე ასმათ ფიცხელაური იხსენებს, რომ მიუხედავად პატარა ფართისა, ოთახი ფარდით ჰქონდათ გაყოფილი. ერთ მხარეს მოსასვენებელი, მეორე მხარეს კი სასტუმრო იყო. აქ ამ პატარა ოთახში უამრავი სტუმარი მოდიოდა. შემდეგ ოთხმა მეგობარმა ერთი სხვენი აიღო, სადაც ირაკლი ფარჯიანმა როგორც საცხოვრებელი, ასევე სახელოსნო გააკეთა. იქაც დღე არ გავიდოდა, სულ მცირე ათი კაცი არ სწვეოდათ.

„მაგრამ ირაკლისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა მუშაობის პროცესს. თვლიდა, რომ ხელოვანი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. მზად უნდა იყოს იდეის დასაფიქსირებლად. ამიტომ ყოველთვის მუშაობდა. მაგრამ მეგობრებთან ურთიერთობაც აუცილებელი იყო, აზრების გაზიარებისთვის. ყველაზე ახლო მეგობარი ამ მხრივ, რომელთანაც შეეძლო საათობით ესაუბრა, იყო ჯარჯი ბალანჩივაძე, კომპოზიტორ ანდრია ბალანჩივაძის ვაჟი“, - ამბობს ასმათ ფიცხელაური.

ირაკლი ფარჯიანის ავტოპორტრეტი
ირაკლი ფარჯიანის ავტოპორტრეტი

ირაკლი ფარჯიანი ტუბერკულოზით დაავადდა. მკურნალობდა, თუმცა არ იცავდა რეჟიმს, რაც მკურნალობასთან ერთად აუცილებელი იყო. არ ისვენებდა, მუდმივად ხატავდა. 1991 წლის 22 დეკემბერს 41 წლის გარდაიცვალა.

„გაჩერებული ირაკლი მე არ მინახავს. რომ მოკვდა, ყველა ამბობდა, რომ მისთვის ძალიან ახლობელი იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გულჩათხრობილობაც ახასიათებდა“, - ამბობს ნინო ღაღანიძე.

ირაკლი ფარჯიანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაარსდა მისი სახელობის ფონდი, რომლის მიზანი მხატვრის საავტორო უფლებების მართვაა. როგორც ირკვევა, უკანასკნელ წლებში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გაყალბების და ამ ასლების გაყიდვის მრავალი შემთხვევაა და ფონდი ამის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს. ასევე 22 მაისს პირველად ჩაეშვება ვებგვერდი IRAKLIPARJIANI.COM, სადაც ონლაინ გამოფენების ნახვა იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG