ორგანიზაცია „რუსები ბათუმში“ 2022 წლის მარტში შეიქმნა. ის ომის საწინააღმდეგო აქციებს ატარებდა და ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებსაც ეხმარებოდა.
გამოცემა „სოტა“ ესპანეთში საცხოვრებლად გადასულ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ანასტასია ბუკოვსკის ესაუბრა. ის ვარაუდობს, რომ რუსეთში ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადება მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს უკავშირდება:
„მივიღე ერთ-ერთი საქმის მასალები და იქიდან ირკვევა, რომ ძალოვნები თვალყურს გვადევნებდნენ - სულ მცირე, 2023 წლიდან“, - აცხადებს აქტივისტი.
ბუკოვსკის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმე სოციალურ ქსელში 2023 წელს გამოქვეყნებული პოსტის გამო, „სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საჯარო მოწოდების“ მუხლით აღძრეს.
ბუკოვსკი აფრთხილებს ყველას, ვისაც ორგანიზაციისთვის თანხა აქვს გადარიცხული ან დახმარება გაუწია, რომ მათთვის რუსეთში ყოფნა უსაფრთხო აღარ არის.
ამასთან, „სოტა“ წერს, რომ ორგანიზაცია „რუსები ბათუმში“ ბოლო თვეებში საპროტესტო აქციების ჩატარებაზე უარს ამბობდა, რადგან „ბათუმის პოლიციის ახალმა ხელმძღვანელობამ ისინი ფაქტობრივად აკრძალა“.
„გარდა ამისა, საქართველოს სპეცსამსახურებმა აკრძალეს ვიდეოშეხვედრის გამართვა ლეგიონის „რუსეთის თავისუფლება“ წარმომადგენელთან“, - წერს გამოცემა.
- რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობა ან მასთან თანამშრომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება.
ფორუმი