Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამანადგურებელთა კოალიცია“ და მშვიდობის ფონდი უკრაინისთვის


F-16 სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში, Starokostyantyniv-ის სამხედრო ავიაბაზაზე, შეერთებულ შტატებთან და ნატოს სხვა ქვეყნებთან საჰაერო ძალების წვრთნების, Clear Sky 2018-ის დროს. 2018 წლის 12 ოქტომბერი
F-16 სამხედრო თვითმფრინავები უკრაინაში, Starokostyantyniv-ის სამხედრო ავიაბაზაზე, შეერთებულ შტატებთან და ნატოს სხვა ქვეყნებთან საჰაერო ძალების წვრთნების, Clear Sky 2018-ის დროს. 2018 წლის 12 ოქტომბერი

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდი „გამანადგურებელთა კოალიციას“ შექმნიან უკრაინისათვის F-16 ტიპის თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავების შესაძენად, რომლებიც კიევს სახმელეთო კონტრშეტევის საავიაციო მხარდაჭერისთვის სჭირდება.

საერთაშორისო კოალიციის შექმნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ევროპული ტურნეს დასრულებისას ჯერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადეს, შემდეგ კი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ეს ამბავი მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმაც აცნობა.

"გუშინ დიდ ბრიტანეთში ჩვენ შევთანხმდით პრემიერ-მინისტრ რიშისთან [სუნაკთან], რომ ვიმუშავებთ გამანადგურებელთა კოალიციაზე - ვარჯიშებზე, თვითმფრინავებზე, შედეგებზე. გუშინ მას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, დღეს კი ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ. კარგი დასაწყისია კოალიციისთვის", -თქვა 16 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკული წარმოების F-16-ების უკრაინის არმიისთვის გადაცემას ვაშინგტონის ნებართვა სჭირდება. აქამდე თეთრმა სახლმა ოფიციალურად უარი თქვა კიევის ამ ტიპის იარაღით უზრუნველყოფაზე და ამის მიზეზად დასახელდა პილოტების მომზადებასა და თვითმფრინავების მოვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების წინაშე მათი შედარებითი დაუცველობა. მაგრამ უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც კონგრესი და თეთრი სახლი ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეძლებენ.

იარაღი კონტრშეტევისთვის - ზელენსკის ევროპული ტურნეს მიზანი

სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტრშეტევისათვის აუცილებელი სხვა შეიარაღების შესახებ შეთანხმება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპული ტურნესი, რომლის განმავლობაშიც უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას ეწვია ზელენსკი ვატიკანში შეხვდა რომის პაპსაც და „მშვიდობის უკრაინულ ფორმულასთან“ შეერთება შესთავაზა.

იმისთვის, რომ ზელენსკის მიერ „მშვიდობის ფორმულა“ რეალობად იქცეს, საჭიროა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც თავის მხრივ შეუძლებელია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფნის პირობებში.

ვოლოდიმირ ზელენსკის 14-16 მაისის ევროპული ტურნე ომის დაწყების შემდეგ მისი პირველი ევროპული ტურნეს დღის წესრიგის ერთგვარი გაგრძელება იყო. თებერვლის დასაწყისში ლონდონსა და პარიზში ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ზელენსკი შეეცადა დაერწმუნებინა დასავლეთის სამყაროს წამყვანი ქვეყნების ლიდერები, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება უკრაინისათვის მეტი ტანკის, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემებისა და ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ.

მაშინდელმა ვიზიტმა შედეგი გამოიღო. უკრაინაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით უკრაინის შეიარაღებული ძალების აუცილებელი საბრძოლო ტექნიკით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სიტუაცია ფაქტობრივად 100%-იან მზადყოფნას უახლოვდება.

„თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და აღიჭურვა 9 ახალი მექანიზებული ბრიგადა, უკრაინას გადმოეცა ასობით ტანკი, ჯავშანტექნიკა, არტილერია, საარტილერიო სისტემები, სხვა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალები. ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად არიან მომზადებული და რჩება მხოლოდ შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიზუსტის მქონე საშუალებების გადმოცემა. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების „STORM SHADOW“-ისა და წყდება საკითხი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ HIMARS-ებისთვის 150 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ჭურვების გადმოცემის შესახებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო ექსპერტი, მიხაილო სამუსი.

სამხედრო თვითმფრინავების გადმოსაცემად, ევროპული ქვეყნების ლიდერებს „განმანადგურებლთა კოალიციის“ შექმნა უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა.

15 მაისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს წინადადებას "გამანადგურებელთა კოალიციის" შექმნის შესახებ.

დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, მაგრამ თავად ვერ გადასცემს გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რადგან არ იყენებს იმ F-16-ებს, რომლებსაც უკრაინა ითხოვს. იმავე დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანას „პირდაპირ ახლა“ შეუძლია უკრაინისათვის გამანადგურებელი თვითმფრინავების მფრინავების მომზადება.

ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა განიხილავდა უკრაინისთვის F-16-ის მიწოდების საკითხს დანიასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, შეერთებულ შტატებსა და ევროპის „ზოგიერთ მხარესთან“.

„საავიაციო კოალიციის თუ გამანადგურებელთა კოალიციის შექმნის მიზანია, უზრუნველყოს უკრაინის არმია საკმარისი რაოდენობის გამანადგურებელი თვითმფრინავებით, მათ შორის f-16-ებით. ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი მხრივ, რუსულ ავიაციას არ ჰქონდეს საჰაერო უპირატესობა უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე მხრივ, მიაღწიოს იმას, რომ უკრაინის ავიაციამ მიაღწიოს უპირატესობას საკუთარ საჰაერო სივრცეში“, -უთხრა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ალექსანდრ მერეჟკომ, ვერხოვნა რადის საგარეო პოლიტიკისა და პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარტში CNN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო უწყებაში ცდილობდნენ შეეფასებინათ, თუ რამდენ ხანს გასტანს F-16-ის მართვის მიზნით უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესი. უკრაინაში დარწმუნებული არიან, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის საკითხი კონგრესში გადამწყვეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები უკვე იხრება ამ გადაწყვეტილებისკენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვიე ვაშინგტონს, კონგრესსა და სენატს. ჩვენ სწორედ ამ საკითხით ვიყავით დაკავებული. და მე ვხედავ, რომ კონგრესში განწყობა იხრება იქით, რომ აუცილებელია გამანადგურებელ F-16-ების მოწოდება. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ საკმაოდ ცნობილი კონგრესმენები, სენატორები. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროის საკითხია“, - აცხადებს ალექსანდრ მერეჟკო.

ბრიტანეთის სამხედრო დახმარება

სანამ აშშ ემზადება F-16-ების საკითხის გადაწყვეტისთვის, დიდი ბრიტანეთი მზად უკრაინელი მფრინავების მომზადებას იწყებს.

„დიდ ბრიტანეთში ჩვენ გავხსნით ახალ საზაფხულო სკოლას, სადაც უკრაინელი მფრინავები აუცილებელ მომზადებას გაივლიან სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების სამართავად, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უკეთ დაიცვან თავიანთი მოქალაქეები რუსეთის აგრესიისგან“, - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაში.

თავის დროზე უკრაინის არმიისთვის ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო დანადგარ NLAW-ს გადაცემამ დიდი როლი ითამაშა იმ რუსული კოლონის განადგურებაში, რომელიც ომის პირველ დღეებში ჩრდილოეთის მხრიდან უტევდა კიევს.

როდესაც აშშ და სხვა ნატოელი მოკავშირეები ვერაფრით წყვეტდნენ უკრაინისათვის თანამედროვე ტანკების მიწოდებას, ლონდონმა კიევს „ჩელენჯერები“ მიაწოდა.

ანალოგიური ვითარება განმეორდა უფრო შორი მოქმედების ფრთოსან რაკეტებთან დაკავშირებით. უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული ბრიტანეთის Storm Shadow-ები უკვე ანადგურებენ მოწინააღმდეგის სამიზნეებს 250 კილომეტრ მანძილზე.

სავსებით შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა მიბაძოს ბრიტანეთის მაგალითს და მისცეს კიევს კიდევ უფრო დიდ მანძილზე მოქმედი ATACMS-ები.

"დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ცაში", - დაწერა ვოლადიმირ ზელენსკიმ თავის ტელეგრამში.

გაერთიანებული სამეფო, რომელმაც გასულ წელს უკვე გამოყო 2.3 მილიარდი ფუნტი უკრაინისთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის, მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, რომელმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინას შეიარაღებისთვის 30 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო.

ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდონ. საუბარია ძირითადად ნატოს სტანდარტების 155-მმ-იანი საარტილერიო დანადგარების საბრძოლო მასალაზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები კიევს სამხედრო დახმარებას უწევენ, რაც მილიონობით ევროს შეადგენს. დახმარების სისტემა ისეა შექმნილი, რომ უკრაინისათვის გაგზავნილი დახმარების ნაწილი იარაღის დონორებს შემდეგ ევროპის მშვიდობის ფონდიდან უნაზღაურდებათ.

მრავალმილიარდიანი დახმარების ფონდი

მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით „მშვიდობის შენარჩუნების, კონფლიქტების თავიდან არიდებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“ შეიქმნა

რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბურ შეჭრამდე ფონდი თანხებს ძირითადად აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპის საბჭომ ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობა მისცა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გაღებული დახმარება მშვიდობის ფონდში აკუმულირებული თანხის ხარჯზე აენაზღაურებინა. მიჩნეულია, რომ ევროკავშირში სამხედრო დახმარების კომპენსაციის ასეთი მექანიზმი პირველად მოქმედებს.

ფონდის ბიუჯეტი 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდისთვის 8 მილიარდ ევროზე ოდნავ ნაკლებს შეადგენდა. 2021 წლიდან მოყოლებული ევროკავშირმა უკრაინის დასახმარებლად ფონდიდან 4,5 მილიარდ ევროზე ცოტა მეტი თანხა გამოყო. ამ თანხების ლომის წილი რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმწოდებელი ქვეყნების კომპენსაციაზე დაიხარჯა.

ამჟამად ფონდში რჩება 2.3 მილიარდი ევრო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ 2027 წლამდე ბიუჯეტი გაიზარდოს, როგორც ეს უკვე გაკეთდა 2023 წლის მარტში: მაშინ ფონდის ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიარდი ევროთი გაიზარდა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ფონდში ყოველწლიურად შეაქვთ თავიანთი წვლილი, მათივე ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ნიდერლანდი, რომლებსაც ევროკავშირში ყველაზე დიდი მთლიანი ეროვნული შემოსავალი აქვთ, ფონდს ყველაზე დიდ თანხებს სწირავენ.

მშვიდობის ფონდის მეშვეობით უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის ქვეყნების კომპენსაციის მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: ქვეყანა კომპენსაციის გაანგარიშების ორი ვარიანტიდან ერთ-ერთს ირჩევს:

თუ შემოწირული სამხედრო ტექნიკა ამჟამად წარმოებაშია, მაშინ მისი ღირებულება მისი ფასის მიხედვით ანაზღაურდება;

თუ აღჭურვილობა აღარ იწარმოება, მაგრამ ის აუცილებელია ქვეყნის ძირითადი სამხედრო შესაძლებლობის აღსადგენად, მაშინ ქვეყნებს შეუძლიათ მოითხოვონ არა შემოწირულების სახით გადაცემული ტექნიკის, არამედ მის ნაცვლად შეძენილი ახალი აღჭურვილობის ღირებულების კომპენსაცია.

მაგალითად, თუ ქვეყანა უკრაინას გადასცემს საბჭოთა „სტრელას“ საჰაერო თავდაცვის სისტემას (რომელიც აღარ იწარმოება), მას შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია მის შესაცვლელად შეძენილი თანამედროვე „სტინგერის“ საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. „სტინგერი“, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე უკრაინისთვის შენაწირი ძველი საბჭოთა ტექნიკა.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ქვეყნების კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობით მიიღება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG