Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი კურტის სკაპაროტი: „უკრაინელები მამაცი ხალხია და ყველაფრით უნდა დავეხმაროთ“


გენერალი კურტის მაიკლ სკაპაროტი, ნატოს მოკავშირეთა ევროპული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი. ბრიუსელი, 2017 წლის იანვარი
გენერალი კურტის მაიკლ სკაპაროტი, ნატოს მოკავშირეთა ევროპული ძალების ყოფილი ხელმძღვანელი. ბრიუსელი, 2017 წლის იანვარი

„პუტინის, როგორც მსოფლიო ლიდერის რეპუტაცია საბოლოოდ დასამარდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აშშ-ის ოთხვარსკვლავიანი გადამდგარი გენერალი, კურტის მაიკლ სკაპაროტი, რომელიც 2019 წლამდე ნატოს მოკავშირეთა ევროპულ ძალებს ხელმძღვანელობდა. ვაჟა თავბერიძემ გენერალ სკაპაროტისთან უკრაინაში რუსეთის საომარი აგრესიის სტრატეგიული და ტაქტიკური დეტალები განიხილა.

რადიო თავისუფლება: არსებული სიტუაციის მიმოხილვით დავიწყოთ. რა მანევრებს უნდა ველოდეთ რუსებისგან და არიან თუ არა ამისთვის მზად უკრაინელები?

გენერალი სკაპაროტი: ამ ეტაპზე რუსეთი ძალების აღდგენითაა დაკავებული - კიევთან განცდილი დანაკარგების შევსებით, ლოგისტიკის გამართვით, და როგორც იქნა, ერთ ადამიანს ჩააბარეს მთელი სამხედრო კამპანია - ეს თავიდანვე უნდა გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, მათი მთავარი სამიზნე აღმოსავლეთი უკრაინა იქნება - ეცდებიან, დონეცკს და ლუგანსკს სრულად დაეპატრონონ. ვერ ვიტყოდი, რომ რუსული არმია ახლა კარგ დღეშია, ამიტომ ძნელია თქმა, თუ რამდენად წარმატებული იქნება მათთვის ომის ეს მეორე ფაზა. ვფიქრობ, რუსები ეცდებიან იზიუმიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გაარღვიონ უკრაინის თავდაცვითი პოზიციები, სამხრეთიდან ქალაქ დონეცკის მიმართულებით და უკრაინელები ალყაში მოაქციონ. ამაში ხელს შეუწყობთ ტერიტორიაც - ძირითადად გაშლილ ვაკეზე იქნებიან, რაც ხელსაყრელია ტანკებით იერიშისთვის უკრაინის სტატიკური თავდაცვის ხაზის წინააღმდეგ.

მისი [პუტინის] მიზანი იყო და რჩება ნატოში განხეთქილების და უთანხმოების შეტანა, ყოველთვის ცდილობს ამას და რაც უფრო ნაკლებ შესაძლებლობას მივცემთ, მით უკეთესი...

რადიო თავისუფლება: პოზიციურ ბრძოლებს უნდა ველოდოთ თუ დიდ, გადამწყვეტ ბრძოლებს? და თუ მეორეს, სად?

გენერალი სკაპაროტი: ვფიქრობ, რუსების ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვნახავთ ნელ, გაჭიანურებულ, ტაქტიკურ ბრძოლებს. თუ ისინი მაინც ეცდებიან მასშტაბური იერიშის წამოწყებას, მაშინ მიზანში ამოიღებენ უკრაინის თავდაცვითი ხაზის ფლანგებს, რათა უკრაინელები ალყაში მოაქციონ. ვფიქრობ, რომ უკრაინელებს მსგავსი სცენარი გათვალისწინებული აქვთ, უბრძოლველად არაფერს დათმობენ და ეს ყველაფერი კვირების განმავლობაში გაგრძელდება, ამიტომ დიდ, გადამწყვეტ ბრძოლას, ვფიქრობ, არ უნდა ველოდოთ.

რადიო თავისუფლება: ვისზე მუშაობს დრო ამ შემთხვევაში?

გენერალი სკაპაროტი: როგორც წესი, უფრო დიდ ქვეყანაზე, უფრო მეტი რესურსებით - მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისთან გვაქვს საქმე. რუსეთმა თავისი სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი ჩააბა ამ სამხედრო კამპანიაში. და ფაქტია, რომ მათ დაკისრებულ ამოცანებს თავი ვერ გაართვეს. შედეგად, რუსეთი იქცა მოწყვლად ქვეყნად სამხედრო თვალსაზრისით, და არც მათ ეკონომიკასა და რესურსებს ადგათ კარგი დღე სანქციების გამო. ამიტომ ამ შემთხვევაში, თუ უკრაინელების მხარდაჭერას და გაძლიერებას განვაგრძობთ, მათ შეუძლიათ, რუსეთის ზეწოლას გაუძლონ. ეს იქნება გამონაკლისი, სადაც გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ძლიერი მხარე არ გამოვა გამარჯვებული.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, თუ რა უპატაკა შოიგუმ პუტინს, ფაქტია, რომ მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა. პუტინმა კი გადაწყვიტა, შტურმის ნაცვლად, ალყის ბრძანება გაეცა. შუა საუკუნეების ტაქტიკას დავუბრუნდით, როდესაც შიმშილით იღებდნენ ქალაქებს?

ვშიშობ, რამდენიმე დღეში რუსეთი მარიუპოლს დაეპატრონება...

გენერალი სკაპაროტი: რუსები ასე იბრძვიან. თუ ბრძოლის ველზე მანევრირებისა და რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე ვერ იგებენ, მაშინ მიზანში იღებენ დასახლებულ პუნქტებს და მათ ასიმეტრიული ცეცხლით ანადგურებენ, რათა სხვებს დანებება აიძულონ. ეს უკვე ვნახეთ სირიაში. ეს ბრძოლის უძველესი მეთოდია - და რუსეთი არ თაკილობს მის გამოყენებას.

რადიო თავისუფლება: აქვს თუ არა შანსი უკრაინას, მარიუპოლს რამენაირად დაეხმაროს?

გენერალი სკაპაროტი: ​რასაც დღეს ვხედავთ, არის ის, რომ ქალაქი მარიუპოლი მიწასთანაა გასწორებული. უკრაინელები, რომლებიც მარიუპოლს იცავენ, მამაცი და შეუპოვარი მებრძოლები არიან, მაგრამ ვშიშობ, რომ რამდენიმე დღეში რუსეთი მარიუპოლს დაეპატრონება. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ ტელევიზია და ჟურნალისტები ჩაიყვანეს იქ.

რადიო თავისუფლება: რამდენად შეცვლის სიტუაციას „სირიის ყასბის“, გენერალი დვორნიკოვის დანიშვნა რუსეთის არმიის ერთპიროვნულ ხელმძღვანელად?

გენერალი სკაპაროტი: ​ეს რუსეთისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებაა - დვორნიკოვი გამოცდილი და რუსულ ჯარში დღეისთვის ყველაზე წარმატებული ფიგურაა, მაგრამ მისი დანიშვნას არა მგონია, გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდეს. ის იბარებს არმიას, რომელმაც თავი ვერ გაართვა თავდაპირველ ამოცანებს, არმიას, რომელმაც თავი მხოლოდ ლოგისტიკისა და კომუნიკაციების პრობლემებით დაგვამახსოვრა და ჯერ ვერ ვხედავთ, როგორ აპირებს, ეს არმია „შეაკეთოს“ და იბრძოლოს.

პუტინმა ბირთვული „ხმლის ჟღარუნი“ უკვე რუტინად აქცია - ეს ერთგვარი შეჯიბრებაა „თვალის დახამხამებაში“ - და ჩვენ პირველები არ უნდა შევკრთეთ...

რადიო თავისუფლება: რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო ტვირთებს. მეტიც, მოითხოვა, რომ ამერიკამ საერთოდ შეწყვიტოს უკრაინის დახმარება. მოდით წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ რუსებმა მართლაც ამოიღეს მიზანში ეს სამხედრო ტვირთი. რა მოხდება შემდეგ?

გენერალი სკაპაროტი: ​არაფერია გასაკვირი იმაში, რომ რუსები ამას ამბობენ, ეს მათი მანერაა - მუქარები და დაშინება. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, თუ ნატოს წევრ ქვეყანას შეუტევენ - მოხდება ის, რომ ნატო ამას უპასუხებს. ვფიქრობ, უნდა ესმოდეთ ეს. მე ამას ვუყურებ, როგორც „დაშინების ტაქტიკას“. არ მგონია, მართლა გადადგან ეს ნაბიჯი, მაგრამ თუ გადადგამენ - ნატო უკან არ დაიხევს.

რადიო თავისუფლება: „დაშინების ტაქტიკას“ რაც შეეხება, რუსეთმა ახლახან გამოსცადა „სარმატის“ ტიპის რაკეტები - ზოგიერთი წყაროს მიხედვით, საქმე გვაქვს „ყველაზე ძლიერ რაკეტებთან მსოფლიოში“. როგორ უნდა წავიკითხოთ რუსების ეს „გზავნილი“?

გენერალი სკაპაროტი: ​პუტინმა ბირთვული „ხმლის ჟღარუნი“ უკვე რუტინად აქცია - ძირითადად იმიტომ, რომ თვითონაც იცის, რომ იმდენი წონა აღარ აქვს, როგორიც 24 თებერვლამდე ჰქონდა, ამით კი თავს იმხნევებს. ვფიქრობ, ეს ერთგვარი შეჯიბრებაა „თვალის დახამხამებაში“ - და ჩვენ პირველები არ უნდა შევკრთეთ.

რადიო თავისუფლება: როგორ შეაფასებდით ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას?

როგორც ნატოს ყოფილ სარდალს, არაერთხელ მქონია მათთან შეხება - უკრაინელები მამაცი ხალხია და რაც სჭირდებათ, ყველაფრით უნდა დავეხმაროთ...

გენერალი სკაპაროტი: ​ვფიქრობ, თავიდან ფეხს ვითრევდით და უფრო სწრაფად უნდა გვემოქმედა - მთლიანად დასავლეთზე მაქვს საუბარი. მაგრამ ეს მალევე შეიცვალა. ასევე, ზედმეტად დიდი დრო დავხარჯეთ იმის განხილვაში, თავდაცვითი შეიარაღება უნდა მიგვეწოდებინა კიევისთვის თუ შემტევი. სამხედრო გადმოსახედიდან, სადაც თავდაცვაა, იქ თავდასხმის ელემენტებიცაა, ასე რომ, ამ საკითხს ამდენი მსჯელობა არ სჭირდებოდა. კარგია, რომ ეს გადავლახეთ. ისიც კარგია, რომ აღარ ვუკირკიტებთ, კონკრეტულად რა სისტემებს ვაწვდით უკრაინას - თუმცა ვფიქრობ, ესეც უფრო ადრე უნდა გვექნა. რუსეთს არ აქვს დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირების და ამ ომის განვრცობის თავი, ასე რომ, უკრაინელებს უნდა მივცეთ, რაც სჭირდებათ, რათა საკუთარი მდგომარეობა გაიუმჯობესონ და საბოლოოდ მათთვის მისაღები პოზიციებით მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ამისთვის საჭიროა, არა მხოლოდ სათანადო შეიარაღება მივაწოდოთ მათ, არამედ მათ გამოყენებაშიც გავწვრთნათ. როგორც ნატოს ყოფილ სარდალს, არაერთხელ მქონია მათთან შეხება - უკრაინელები მამაცი ხალხია და რაც სჭირდებათ, ყველაფრით უნდა დავეხმაროთ.

რადიო თავისუფლება: აკეთებს თუ არა საკმარისს დასავლეთი ევროპა? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში, სწორედ ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება პუტინის რუსეთი...

ზედმეტად დიდი დრო დავხარჯეთ იმის განხილვაში, თავდაცვითი შეიარაღება უნდა მიგვეწოდებინა კიევისთვის თუ შემტევი... რუსეთს არ აქვს დასავლეთთან სამხედრო დაპირისპირების და ამ ომის განვრცობის თავი, ასე რომ, უკრაინელებს უნდა მივცეთ, რაც სჭირდებათ...

გენერალი სკაპაროტი: ​ეს თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მეტ ჩართულობას მივესალმებოდი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით. უნდა გავიაზროთ, რომ წავიდა დრო, როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთ / ჩრდილოეთ-სამხრეთის პრიზმაში განვიხილავდით კონფლიქტებს. უნდა გავიაზროთ, რომ ამ საკითხს უნდა შევხედოთ, როგორც მთლიანად ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს. რუსეთი თავის „სპეციალურ ოპერაციაში“ უკრაინის ფარგლებს არ სცდება, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ გავლენა გლობალურია, ის სცდება უკრაინის საზღვრებს.

რადიო თავისუფლება: თუ სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ერთმილიონიანმა ესტონეთმა მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდა უკრაინას, ვიდრე გერმანიამ ან საფრანგეთმა... რა გზავნილია ეს პუტინისათვის?

გენერალი სკაპაროტი: ​პუტინი სწორედ მსგავს „გამყოფ ზოლებს“ იყენებს ბერკეტებად - მისი მიზანი იყო და რჩება ნატოში განხეთქილების და უთანხმოების შეტანა, ყოველთვის ცდილობს ამას და რაც უფრო ნაკლებ შესაძლებლობას მივცემთ, მით უკეთესი. იმედი მაქვს, რომ მაგალითად გერმანია, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, თანდათან [რუსეთზე] ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს, რათა უფრო დიდი როლი ითამაშოს ამ კონფლიქტის გადაჭრაში ისე, რომ საკუთარი მოსახლეობა არ დააზარალოს.

რადიო თავისუფლება: თუ თქვენი პროგნოზი ახდა - [რუსეთის კონტროლი მარიუპოლზე და სახმელეთო დერეფანი ყირიმთან] პუტინი ალბათ მოახერხებს, ეს გამარჯვებად მიჰყიდოს შიდა აუდიტორიას. მაგრამ „იყიდის“ თუ არა ამას საერთაშორისო აუდიტორია? მიიღებს თუ არა ის პუტინს ოდესმე უკან?

თუ [რუსეთის ქმედებებზე] თვალს დავხუჭავთ მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდობა გვქონდეს, მაშინ მალე ისევ მოგვიწევს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირება...

გენერალი სკაპაროტი: ​იმედი მაქვს, რომ არა. ვფიქრობ, პუტინის, როგორც მსოფლიო ლიდერის რეპუტაცია საბოლოოდ დასამარდა. ვფიქრობ, რუსეთმაც უნდა გაიაზროს, რა ზიანი მიადგა მას, როგორც ერს სხვა ერთა შორის. [24 თებერვლის] წინა სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, არ უნდა დავუბრუნდეთ, მოლაპარაკებების შემდეგაც კი. თუ პუტინი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ის განაგრძობს თავის მცდელობებს, მოიხვეჭოს გავლენის სფეროები და შეარყიოს საერთაშორისო წესრიგი. ის ამას წლებია ცდილობს და არა მგონია, მისმა ენთუზიაზმმა იკლოს, თუ მოლაპარაკებები ისეთი შედეგით დამთავრდება, როგორიც მას ნაწილობრივ მაინც აძლევს ხელს.

რადიო თავისუფლება: უნდა გახდეს თუ არა სანქციები მოლაპარაკებების ნაწილი? თუ - რაც არ უნდა მოხდეს მოლაპარაკებებზე, სანქციებს არ უნდა შევეხოთ?

გენერალი სკაპაროტი: ​თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ენით აუწერელ ზიანს, რაც რუსეთმა უკრაინას მიაყენა, იმ საშინელებებს, რაც რუსეთმა ჩაიდინა. თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდობა გვქონდეს, მჯერა, რომ მალე ისევ მოგვიწევს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირება.

რადიო თავისუფლება: და ალბათ არა მხოლოდ უკრაინაში?

გენერალი სკაპაროტი: ​მართალს ბრძანებთ.

ინტერვიუ მომზადებულია „რადიო თავისუფლებისა“ და ჟურნალ „New Eastern Europe”-ის თანამშრომლობით.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG