Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა, არ დააკავოთ დემონსტრანტები - საია


გმირთა მოედანი დემონსტრანტებმა დაიკავეს
გმირთა მოედანი დემონსტრანტებმა დაიკავეს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ეხმაურება გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას და აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციამ გმირთა მოედანზე მშვიდობიანი დემონსტრანტები დააკავა გზის სავალი ნაწილის გასუფთავების მიზნით. მოგვიანებით გმირთა მოედანზე წავიდა ათიათასობით ადამიანი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აწყობდნენ დემონსტრაციას.

„Შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, გზის გადაკეტვა და სხვა ფიზიკური საშუალებების გამოყენება რომელიც მიმართულია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებისკენ, შეკრების თავისუფლების ფარგლებში ექცევა“, - აცხადებს საია.

საიას განმარტებით, გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფარგლებს შესაძლოა გასცდეს იმ შემთხვევაში, როდესაც „ადგილი აქვს ნორმალური ცხოვრებისა და სხვების მიერ განხორციელებული კანონიერი ქმედებებისთვის ხელის იმგვარ შეშლას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო ადგილას შეკრების უფლების რეალიზების შედეგად გამოწვეულ შეფერხებას“.

„Მაშინ, როდესაც დემონსტრაციას ძალადობრივი ხასიათი არ აქვს, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მიმღებლობა დემონსტრაციის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიმართ, რაც შეიძლება, მათ შორის, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებაში გამოიხატოს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

საიას განცხადებით, მოედანზე აქციის მონაწილეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია და „პოლიციის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული დაკავებები - არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს“.

„Მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: არ დაარღვიოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების და მანიფესტაციის უფლება; შეწყვიტოს ადმინისტრაციული დაკავებები და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის საშუალება. მოვუწოდებთ პოლიციელებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს“, - აცხადებს შსს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG