Accessibility links

სადამდე მივყავართ სიძულვილს?


გიორგი მარჯანიშვილი, "ჩართულობისა და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი

21 მარტს აღინიშნება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე. „ჩართულობისა და განვითარების ცენტრი“ ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გასულ წელს მოკლული უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის ხსოვნას უძღვნის. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მარჯანიშვილი „დილის საუბრების“ სტუმარია. კვირეულის ფარგლებში ის და მისი თანამოაზრეები შეხვდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და მათთან ერთად იმსჯელებენ რა მოაქვს შედეგად ქსენოფობიას და დისკრიმინაციას.

გიორგი მარჯანიშვილი ამბობს, რომ პოპულისტური ქსენოფობიური განცხადებები ყველა სივრცეში გამოიყენება: პოლიტიკურ ასპარეზზე, მედიაში, სოციალურ ქსელებში. ადამიანები არ უფიქრდებიან შედეგს, რაც სიძულვილის გაღვივებას მოსდევს. უფლებადამცველს კარგად ესმის, რომ სხვადასხვა პირი პოპულისტურ მიდგომებს იყენებს მხარდაჭერის მოსაპოვებლად:

„მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, სადამდე მიგვიყვანს ასეთი საუბრები და მიდგომები? ჩვენს თავს ვებრძვით? ხანდახან ვფიქრობ, რომ, როცა ასეთი გამონათქვამები აქვთ პოლიტიკოსებს, ჩვენ გვებრძვიან და შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით და ამ ბრძოლის ველზე ჩვენ ერთმანეთს ვკლავთ. ასე გამოდის...“.

კითხვაზე - სადამდე მიგვიყვანს ასეთი მიდგომები? - გიორგი მარჯანიშვილს უმძიმესი პასუხი აქვს - მისი მეგობრისა და თანამოაზრის, უფლებამდაცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობა:

„9 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული“.

თუკი გამოძიების საწყის ეტაპზე ვიტალის მეგობრები ბრალის დამძიმებას ითხოვდნენ, როგორც არა მხოლოდ მკვლელობის, არამედ როგორც ადამიანის სიცოცხლის ეთნიკური კუთვნილების ნიშნით მოსპობის გამო, ახლა გიორგი მარჯანიშვილი ლაპარაკობს გაჭიანურებულ ექსპერტიზაზე, რომლის შედეგიც მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობა იყო არა ერთი პირის მიერ, არამედ ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული.

„წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა სამ თვეში იწურება. სასამართლოს პირველი სხდომა იქნება 4 აპრილს. გამოძიებამ პირველი ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ მეორეზე, რომ ეს იყო ჯგუფური ქმედება, არ გვაძლევენ ინფორმაციას. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 6 თვის მანძილზე ვერ გააკეთა ექსპერტიზა. პირველადი ექსპერტიზა არის, რომლის შედეგები საკმაოდ მძიმე იყო. მრავალი ჭრილობა აქვს მიყენებული და მიუთითებს იმაზე, რომ არ არის ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც კი შევიდა ეს საქმე და არის კიდევ ერთი მითითება, რომ საქმე სწორად უნდა წარიმართოს და სიმართლე დადგინდეს. ეჭვი გვეპარება, რომ მომავალ სამ თვეში შეძლებენ ექსპერტიზის დასრულებას. ეს ადამიანები შეიძლება გამოვიდნენ წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის შემდეგ და იარონ ქუჩებში“.

გიორგი მარჯანიშვილი და მისი მეგობრები მნიშვნელოვნად თვლიან საზოგადოების აქტიურობას და მომთხოვნელობას პოლიტიკოსების მიმართ. 4 აპრილს ისინი სასამართლოსთან აქციის გამართვას გეგმავენ:

„დავანახოთ პოლიტიკოსებს, რომ ეს პრობლემა არსებობს და უნდა გადავლახოთ. ჩვენ თუ არ მივცემთ დაკვეთას პოლიტიკოსებს, არაფერი არ შეიცვლება“.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG