Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში კორუფციის ბრალდებით აკავებენ გიუმრის ახალარჩეულ მერს „კომუნისტური პარტიიდან“


ვარდან ღუკასიანის დაკავების ბრძანება სომხეთის ანტიკორუფციულ სააგენტოს აქვს გამოცემული - ის ამ წუთებში მერიის შენობაში იმყოფება.
ვარდან ღუკასიანის დაკავების ბრძანება სომხეთის ანტიკორუფციულ სააგენტოს აქვს გამოცემული - ის ამ წუთებში მერიის შენობაში იმყოფება.

დღეს, 2025 წლის 20 ოქტომბერს, სომხეთის ანტიკორუფციულმა კომისიამ - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც კორუფციის შემთხვევებს იძიებს, - განაცხადა, რომ გამოცემულია ქალაქ გიუმრის მერის, ვარდან ღუკასიანის დაკავების ორდერი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ამ წუთებში სამართალდამცავები მობილიზებული არიან გიუმრის მერიასთან. ადგილზე შეიკრიბნენ „კომუნისტური პარტიის“ მხარდამჭერები, - იმ პარტიისა, რომელსაც ღუკასიანი წარმოადგენს.

ღუკასიანი ღიად უჭერს მხარს ინიციატივას, რომ სომხეთი რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შეუერთდეს, - „სუვერენიტეტის დაცვით“.

ანტიკორუფციული კომისია აღნიშნავს, რომ „მასშტაბური ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიებებისა და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“, დაადგინეს, რომ ვარდან ღუკასიანმა და ქალაქის ადმინისტრაციაში მთავარ არქიტექტორად დასაქმებულმა პირმა წინასწარი შეთანხმებით მოითხოვეს და მიიღეს მოქალაქისგან ქრთამი.

აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ამავე უწყების თანახმად, გამოცემულია, ჯამში, რვა ადამიანის დაკავების ბრძანება.

ამჟამად გიუმრის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება.

სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრიში, - რომლის მოსახლეობაც 120 000 ადამიანია, - ოპოზიციონერი მერი 2025 წლის აპრილში აირჩიეს ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების შედეგად.

  • სომხეთის კანონმდებლობით, ქალაქის მერს საკრებულოს უმრავლესობა ირჩევს. რიგგარეშე არჩევნები 30 მარტს გაიმართა.
  • არჩევნებში პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის მმართველი პარტია, „სამოქალაქო კონტრაქტი“, გავიდა ხმების 36,8 პროცენტით.
  • თუმცა მმართველმა გუნდმა 33-წევრიან საკრებულოში მხოლოდ 14 ადგილის მოპოვება მოახერხა.
  • დანარჩენი 19 ადგილი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს და შეთანხმდნენ ღუკასიანის კანდიდატურაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG